ქალი თუ მამაკაცი
ტოპლინებთან სადაზღვევო კომპანიის წყალობით მოვხვდი. სწორედ მათ დამიქირავეს სიტუაციაში გასარკვევად. ტოპლინების ოჯახი წინა დღეს გაძარცვეს და როგორც აცხადებდნენ, ასი ათასის ღირებულების სამკაული წაიღეს. სამკაული დაზღვეული იყო და სადაზღვევო კომპანიას კერძო დეტექტივის დაქირავება დასჭირდა, რომ ტყუილის მსხვერპლი არ გამხდარიყო.
ოჯახის უფროსი, ფრენკი ფეხშეხვეული ლოგინში დამხვდა. საძინებელში ასევე იყვნენ: მისი ცოლი, ქალიშვილი – ფილისი და მოახლე.
– ვიცი, რომ უკვე პოლიციას ყველაფერი მოუყევით, მაგრამ მე ეს ყველაფერი უშუალოდ თქვენგან უნდა მოვისმინო, – ვაცნობე მათ.
– მაშ ასე, – დაიწყო ოჯახის უფროსმა, – გუშინ საღამოს წვეულებაზე მივდიოდით. ბანკის სეიფიდან ჩემი ცოლისა და ქალიშვილის ძვირფასეულობა გამოვიტანე. უკვე სმოკინგიც ჩაცმული მქონდა და ქალებს ვაჩქარებდი, როდესაც კარზე ზარი დარეკეს. მოახლემ კარი გააღო თუ არა, მძარცველმა იარაღი დაუმიზნა და ასე შემოვიდა სახლში. იარაღიანი მძარცველი რომ დავინახე, ისე შევშინდი, ხელიდან პორტსიგარი გამივარდა. მისი დაჭერა ვცადე, კარგი სიგარა ასე იოლად საშოვნელი არაა. მძარცველს, ალბათ, ეგონა, იარაღს ეძებსო და ფეხში მესროლა. გასროლის ხმაზე ცოლი და ფილისი შემოცვივდნენ და ბანდიტმა მათ, მუქარის ძალით, მთელი ძვირფასეულობა წაართვა. შემდეგ მათ ჩემი მეორე ოთახში გაყვანა უბრძანა და ყველა ტანსაცმლის შესანახ პატარა ოთახში ჩაგვკეტა. წარმოიდგინეთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში სიტყვაც კი არ დაუძრავს, ბრძანებებს მხოლოდ რევოლვერითა და თავისუფალი მარცხენა ხელით იძლეოდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში, კორპუსის მეთვალყურემ, მაკბირნიმ პოლიციაც მოიყვანა და გაგვათავისუფლეს.
– ის მაკბირნი აქ როგორ გაჩნდა, თან პოლიციასთან ერთად?
– მან სროლის ხმა გაიგონა და ზემოთ გამოიქცა. სწორედ ამ დროს ბანდიტი ჩვენი ბინიდან გამორბოდა. დაინახა და მეშვიდე სართულზე, მის ეველეტის ბინაში დაიმალა. ქალი რევოლვერის მუქარით გააჩუმა, ვიდრე გასაქცევად დრო არ იხელთა. სანამ გაიქცეოდა, მოასწრო და ქალი გათიშა. სულ ეს არის, მაკბირნიმ პოლიციაში მაშინვე დარეკა, როგორც კი ბანდიტი დაინახა, თუმცა ისინი, როგორც ყოველთვის, გვიან მოვიდნენ.
– როგორ გამოიყურებოდა ბანდიტი?
– დაბალი, გაწრიპული, დაახლოებით 25 წლის იქნებოდა. ქერა იყო. ქუდი თვალებამდე ჰქონდა ჩამოფხატული. ორი-სამი დღის გაუპარსავი წვერით იყო. მუქი ლურჯი პლაშჩი ეცვა. ძალიან იაფფასიანი და დაჭმუჭნილი.
რამდენიმე წუთში უკვე მე-7 სართულზე ვიყავი და 702-ე ოთახის კარზე ვაკაკუნებდი. კარი ოციოდე წლის გოგომ გამიღო. ცხვირზე პლასტირი ჰქონდა დაკრული. გუშინდელი ამბავი დიდი ენთუზიაზმით მიამბო:
– ცხრა სრულდებოდა, როდესაც ზარის ხმა გავიგე. როგორც კი კარი გავაღე, პისტოლეტი პირდაპირ მკერდზე მომაბჯინა და ოთახში შემაგდო. თავიდან სახანძრო კიბეს ეძებდა. ვერ იპოვა და საშინლად გაბრაზდა, თითქოს ეს ჩემი ბრალი ყოფილიყო. ცხვირში მგლიჯა და წავიქეცი. როდესაც გონზე მოვედი, უკვე წასული იყო. გარეთ რომ გამოვედი პოლიციელებს გადავაწყდი. ისინიც მას ეძებდნენ. რადგან არ დამინახავს ჩემი სახლიდან როგორ გავიდა, ჩათვალეს, რომ ისევ იქ იმალებოდა. მთელი ბინა გადააქოთეს, მაგრამ ვერ იპოვეს.
პირველ სართულზე სამორიგეოში ჩავედი, მეთვალყურე მაკბირნი და მისი ცოლი ვინახულე.
– მეოთხე სართულზე ვიყავი, – დაიწყო მაკბირნიმ, როდესაც სროლის ხმა გავიგონე. ტოპლინების კართან მაშინ აღმოვჩნდი, ის რომ იქიდან გამორბოდა. მაშინვე იარაღი დამიმიზნა. ისეთი სულელი არ ვარ, იარაღიან კაცს ჭიდაობა დავუწყო... მხოლოდ თვალი გავაყოლე, ზევით როგორ აირბინა. გაკიდებას რა აზრი ჰქონდა, ისევ იარაღს გამოიყენებდა. ვიცოდი, ზედა სართულიდან, მხოლოდ სახანძრო კიბით თუ გაიქცეოდა. ამიტომ, ლიფტიორ ამბროუზს დავავალე, სახლისთვის უკნიდან მოევლო და პოლიციის მოსვლამდე, სახანძრო კიბეებისთვის თვალი ედევნებინა. მე ლიფტს და მთავარ კიბეს დავუდარაჯდი. რამდენიმე წუთში პოლიციაც მოვიდა. პოლიციასთან ერთად, ამ სახლში არსებული ყველა ბინა გადავაქოთეთ, მაგრამ ის თითქოს აორთქლდა.
– შესაძლებელია, ამ სახლში მცხოვრებთაგან რომელიმე ყოფილიყო? – ვკითხე მე.
– გამორიცხულია, ვიცნობდი.
სწორედ ამ დროს, სადარბაზოს კარი გაიღო და ორი მამაკაცი შემოვიდა. ერთი ვიცანი – ბილ ჰერენი, პოლიციელი, რომელიც ლომბარდებზე გახლდათ სპეციალიზებული. მეორე კი მოდურად ჩაცმული ყმაწვილი კაცი იყო.
– ეს ყმაწვილი, – მითხრა ჰერენმა მას შემდეგ, რაც ერთმანეთს მივესალმეთ, – ახლახან ცდილობდა, ერთ-ერთ ახლომდებარე ლომბარდში ბეჭედი ჩაებარებინა. ძალიან ჰგავს იმ ბეჭედს, რომელიც ტოპლინებს მოპარეს. ამოსაცნობად მოვიყვანე, შემდეგ კი განყოფილებაში წავიყვან.
დაკავებული ტოპლინებთან ავიყვანეთ. ფილისი მას გაღიმებული შეეგება. დაკავებული ერთ-ერთი მეზობლის ბიჭი აღმოჩნდა – ფილისის მეგობარი. ბეჭედი, რომელიც მას ჩამოართვეს, სწორედ ის იყო, სახლიდან რომ დაიკარგა.
– მე აგიხსნით ყველაფერს, – თქვა ფილისმა, – ბეჭედი დერეფანში, ჩვენს კართან ვიპოვე. ეტყობა, ბანდიტმა მაშინ დაკარგა, როცა გარბოდა. რადგან ბეჭედი დაზღვეული იყო და ჩვენ არაფერს ვკარგავდით, მისი გაყიდვა გადავწყვიტე, ჯიბის ფული რომ მქონოდა. ეს საქმე კი ჯეკს დავავალე. საიდან უნდა მცოდნოდა, ასეთი სულელი თუ აღმოჩნდებოდა და ამ ბეჭდით ლომბარდში დღესვე გავარდებოდა.
– ჰა, ჰა, ჰა, – გაიცინა ბილ ჰერენმა, – მაშინვე დავიჯერეთ, – შემდეგ მის ტოპლინს მიუბრუნდა, – თუ ტანსაცმელს და გაუპარსავ სახეს გავითვალისწინებთ, შეიძლებოდა, ეს ყმაწვილი ყოფილიყო ბანდიტი?
– არა. მას საერთოდ არ ჰგავს.
იგივე გაიმეორეს ტოპლინმა და მოახლემაც. ბლანშ ეველეტიც ჩამოიყვანეს და ვერც იმან ამოიცნო. რადგან ყველამ ერთად მოიყარა თავი, გადავწყვიტე სათქმელი მეთქვა:
– ვიღაც ცდილობს, თვალი ამიხვიოს, დავიწყე ჩემი გამოსვლა, – თქვენი ჩვენებები თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ისე ჩანს, რომ ბანდიტი თქვენს საქმეებში კარგად ერკვეოდა. არ მჯერა, თითქოს შემთხვევით მოხდა, რომ ის მაინცდამაინც იმ დღეს დაგესხათ თავს, როცა ძვირფასეულობა სახლში მოიტანეთ. გაგძარცვათ და პირდაპირ მის ეველეტის ბინისკენ გავარდა. შეიძლება, ქვევით უნდოდა გაქცევა და როდესაც მაკბირნის შეეჩეხა, ზევით წავიდა, თუმცა შეიძლება, არც წავიდა. მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: ის მის ეველეტის ბინაში შევარდა და იქ სახანძრო კიბის ძებნა დაიწყო. მაგარია, არა? ტიპმა იცის, სად და როდის შეიძლება, ვინმეს სახლში ძვირფასეულობა იყოს და არ იცის, სახლის რომელ მხარესაა სახანძრო კიბე?! ის სიტყვასაც კი არ სძრავს და ბრძანებებს ჟესტებით გასცემს. მის ეველეტს კი მოულოდნელად, დაბალი ბასით ელაპარაკება. მაგარია, არა?! მის ეველეტის ბინიდან კი ის ორთქლდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა გასასვლელი კონტროლდება. განა, უცნაური არაა?! პატარა ტანის კაცი იყოო. მის ეველეტს პატარა ტანის ქალს ვერ დაარქმევ, მაგრამ მისგან პატარა კაცი კი გამოვიდოდა. ვინმე ეჭვიანს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ მის ეველეტი სწორედ ის ბანდიტია.
ყველამ ეჭვით შემომხედა. ჰერენმა მის ეველეტი თვალით გაზომა. ქალი კი ისე მიყურებდა, სიამოვნებით მომკლავდა.
– ასეთი რამის გაკეთება მას მართლაც შეეძლო, – თქვა ჰერენმა, – თუ ხმას არ ამოიღებდა. თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სახლში სულ ორი თვეა, ცხოვრობს.
– სისულელეა, – გააპროტესტა ფილის ტოპლინმა, – გგონიათ, რომ ჩვენ კაცსა და ქალს ერთმანეთისგან ვერ გავარჩევდით? იმ ტიპს სახეზე ორი-სამი დღის წვერი ჰქონდა. ორი-სამი დღის წვერი, მიწებებული წვერ-ულვაში კი არა! ამას ვერ გააყალბებ.
– ფილისი მართალია, – მხარი დაუჭირა მამამ, – ის კაცი იყო და არა კაცად გადაცმული ქალი.
სხვებმაც ეს აზრი გაიზიარეს, მაგრამ მე იმ კაცების რიცხვს არ მივეკუთვნები, იოლად რომ დააბნევ. მე მის ბლანშ ეველეტისკენ მივბრუნდი და ვკითხე: არაფერს დაამატებთ? აღმოჩნდა, რომ დასამატებელი ბევრი ჰქონდა. ის სიტყვები, რაც მისი პირიდან ჩემი მისამართით ამოდიოდა, იქამდეც მქონდა გაგონილი, მაგრამ ასეთი კომბინაციით, პირველად მოვისმინე. სანამდეც შემეძლო ვითმინე, ბოლოს კი ხმა მუშტით გავაკმედინე.
– წყნარად, წყნარად! – წამოიძახა ბილ ჰერენმა და ხელში მწვდა.
– ნუ ნერვიულობ, – დავამშვიდე მე, – მალე დარწმუნდები, რომ მის ბლანში სინამდვილეში ტომი, დიკი, ან ჰარია. მოკლედ, მისმინეთ: რომ არა ორი-სამი დღის წვერი, ხომ შეიძლებოდა, მის ბლანში ის ბანდიტი ყოფილიყო? ჰოდა, რატომ არ შეიძლება, ბანდიტი იყოს მის ბლანშად გადაცმული? პარიკი და ძლიერი დეპილატორი, რითაც სახეს დაიმუშვებდა და სულ ესაა. ქალისთვის ძნელია, კაცის განსახიერება, მაგრამ ბევრი კაცია, რომელიც ქალს წარმატებით ემსგავსება. რატომ არ შეეძლო ჩვენს მეგობარს ბინა ექირავებინა და ეს ყველაფერი ბლანშ ეველეტის სახელით მოეკვარახჭინებინა. ორი დღე დაჯდებოდა სახლში, რომ წვერი ამოსვლოდა და შემდეგ ამ კომედიას გაითამაშებდა. მერე ზევით ავიდოდა, წვერს გაიპარსავდა, ქალად გადაიცვამდა და მორჩა. ცხვირი კიდევ, ან შემთხვევით გაიტეხა, ან სპეციალურად.
ჩემი ვარაუდები ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს აღმოჩნდა. ამ ტიპს სინამდვილეში ფრედი ერქვა. ფრედერიკ ეიჯ-ნიუ დადი. მისი სახლიდან ძვირფასეულობის ამოსაღებად სანტექნიკოსების გამოძახება დაგვჭირდა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ