როგორ „უსადკავებენ“ დილაუთენია სახლთან სალომე დავითიშვილს თაყვანისმცემლები და რაში სჯობნიდა ის პროექტ „ფორმაში“ მონაწილე მამაკაცებს
მსახიობმა და მოცეკვავემ, სალომე დავითიშვილმა, ქართველ მაყურებელს თავი კომედიურ სერიალ „შუა ქალაქში” განსახიერებული ნანიკოს როლით დაამახსოვრა. ამჯერად კი სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, საკუთარი ძალები იმედის რეალითი შოუ „ფორმაში” მოსინჯა. ამბობს, რომ რთული დავალებების მიუხედავად ძალიან მოეწონა პროექტი.
– სალომე, მსახიობიც ხარ, „ფორმაშიც“ მიიღე მონაწილეობა, ცეკვავ, დილის აერობიკას გვთავაზობ ეთერში. როგორ ასწრებ ამდენ რამეს, რთული არ არის?
– ჩემთვის არ არის რთული. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ. შეიძლება სხვას, ვინც უფრო გვიან დაიწყო ასეთი დატვირთვით ცხოვრება და მუშაობა, გაუჭირდეს, მაგრამ მე ბავშვობიდან უამრავ რამეზე დავდიოდი – ფორტეპიანოზე, ქართულ ცეკვებზე, დავამთავრე ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ვსწავლობდი ენებს – ვიცი ინგლისური, რუსული. მამის მხრიდან სლავური სისხლიც მირევია… ძალიან მინდა, ვიცოდე იტალიური – ვგიჟდები, ჩემი უსაყვარლესი ენაა. წელს ვგეგმავ ზაფხულში იტალიაში წასვლას, მინდა ვნახო. მაინტერესებს იტალიური ხელოვნება. მინდა, რომ უფრო ხშირად ვიმოგზაურო, მაგრამ რეჟიმიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ.
– კარიერის გაგრძელებას ხომ არ აპირებ იქ?
– კარიერის რა გითხრა, ტურისტული ვიზით მინდა, წავიდე და დავათვალიერო. ნამყოფი ვარ უკრაინაში, რუსეთში, საბერძნეთში, თურქეთში... ძალიან მინდა ევროპაში წასვლა, ბევრ ადგილას არ ვარ ნამყოფი.
ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, მეგობრების ნახვასაც ვერ ვახერხებ. მირეკავენ, გამოდი, გნახავ, გავერთოთო და ვერსად მივდივარ. მეჩხუბებიან, მაგრამ რა ვქნა, სულ ასე ვარ. 14 წლიდან ვმუშაობ, მინდოდა, მყარად ვმდგარიყავი ფეხზე და საკუთარი ფული მქონოდა. კონცერტები მქონდა, კლუბში დავიწყე მუშაობა, ვმუშაობდი „კრისტალში”, მქონდა გადაღებები, ცალკე თეატრში ვიყავი დაკავებული. ჩემი მშობლები წინააღმდეგობას არ მიწევდნენ ამ საკითხში. ხედავდნენ, რომ მიზანდასახული ვიყავი…
– მკაცრი მშობლები გყავს?
– კი, მამა განსაკუთრებით – ტრადიციული ქართული შეხედულებები ჰქონდა. შარშან გარდაიცვალა, სამწუხაროდ. ბევრ რამეში მზღუდავდნენ, მაგალითად, დღემდე არ შემიძლია, ღამე მეგობართან დარჩენა. არასდროს მრთავდნენ ამის ნებას. თუ გადაღებები არ მქონდა ან რეპეტიცია, გამორიცხული იყო, გვიანობამდე ღამე გარეთ ყოფნის უფლება მოეცათ. თითქოს, ბევრს არ აქვს დღეს ამის პრობლემა, მაგრამ ჩემთან ასე იყო. ჩემი მეგობრები კი რჩებოდნენ ჩემთან, მე მათთან კი ვერა.
– შეღებვას არ გიშლიდა მამა?
– იცი რა? მე თუ გადაღება ან კონცერტი არ მაქვს, ძალიან გადაპრანჭული და შეღებილი არასდროს ვარ. მაკიაჟს არასდროს ვიკეთებდი, არც გამომწვევად ჩამიცვამს. მთავარია, თავი კომფორტულად ვიგრძნო იმაში, რაც მაცვია. აუცილებელი არაა, ეს სპორტული ტანსაცმელი იყოს, შეიძლება, კლასიკურიც. მთავარია, კარგად მოვირგო.
– სამსახიობო ფაკულტეტზე რატომ ჩააბარე?
– რა ვიცი, მეც მინდოდა და დედაჩემსაც. დედა „სუხიშვილებში“ ცეკვავდა და რა ოცნებაც თვითონ ვერ აისრულა, უნდოდა, მე განმეხორციელებინა. ბავშვობიდან მამზადებდა, რომ მსახიობი, მოცეკვავე ვყოფილიყავი. სხვათა შორის, ბავშვობაში არ მეზარებოდა მეცადინეობა და რეპეტიციებზე სიარული, ახლა უფრო გავზარმაცდი. უფრო სწორად, ამდენი ფიზიკური დატვირთვით ჩემი სხეული იმდენად გადაიღალა, ძალა და ენერგია აღარ მაქვს. დასვენებისა და მოდუნების დრო საერთოდ არ მაქვს. ახლა უფრო ვცდილობ, წავიდე მთაში, ზღვაზე. რა ვქნა, დრო არ მაქვს. წელიწადში ერთხელ მაქვს დასვენების დრო და ისიც იცი, რამდენია მაქსიმალური? – 3 დღე! ზღვიდან დასვენებული ჩამოვედი და წავედი მაშინვე ჯარში (იცინის).
– მამა სიგარეტზე არ გეჩხუბებოდა?
– კი, როგორ არა, საშინელი ჭიდაობა გვქონდა ამის გამო. დიდხანს ვუმალავდი. დიდი რიდი და პატივისცემა მქონდა მამაჩემის. კი ბრაზობდა ძალიან, მაგრამ მერე შეეჩვია. ხომ იცი, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.
– „შუა ქალაქის“ გადასაღებ მოედანზე რა ხდებოდა? არ გეპრანჭებოდნენ ბიჭები?
– არა, პრანჭვის მომენტი არ იყო. ერთ კვირაში შევეჩვიეთ ერთმანეთს. იმდენად უშუალო და კარგი ხალხია, ოჯახის წევრივით მიმიღეს. წინასწარ დღეში ორჯერ რეპეტიციებს გავდიოდით და უკვე კარგად ვიყავით მომზადებულები. თუმცა, იმპროვიზაციებს ოთარი და სხვები ხშირად ურთავდნენ. სხვათა შორის, პირველ ჩაწერაზე არ მინერვიულია, არც მეორეზე და მესამეზე რა მომივიდა, არ ვიცი – უცებ დავიძაბე. ისე, სხვა მხრივ, პრობლემა არ მქონია. დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის იმ სერიალის გადაღებები და გული დამწყდა, რომ წამოვედით. სხვათა შორის, სცენარისტებმა ზუსტად დაიჭირეს ჩემი ხასიათი. ვგავარ ჩემს გმირს – საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანი ვარ. იშვიათად ვბრაზდები, მაგრამ ცუდი გაბრაზება ვიცი. ახლობელზე უფრო ვბრაზდები და უფრო მწყინს, ვიდრე უცხო ადამიანისგან. ტყუილს ვერ ვიტან საშინლად!
– თვითონ კარგი იუმორის გრძნობა გაქვს?
– რა ვიცი, პერიოდები მაქვს ხოლმე, გააჩნია (იცინის). სხვისი იუმორი კარგად მესმის. თუ ჩემზე ხუმრობენ, კიდევ უფრო მომწონს და ვიცინი ხოლმე.
– ეკრანზე შენს თავს რომ ხედავდი, ნერვიულობდი?
– არ ვუყურებდი. ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ვნერვიულობ, ჩემები უყურებდნენ ხოლმე და შენიშვნებს მაძლევდნენ, მე მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. თუ რამე კარგად ვერ გავაკეთე, ვნერვიულობ და მთელ დღეს გამყვება ნერვიულობა, ხასიათი მიფუჭდება, ღამე არ მძინავს.
– დეტექტივებშიც გადაგიღეს, როგორც ვიცი.
– კი, მკვლელობის მოწმე განვასახიერე, რომელზეც მთელი საგამოძიებო კვანძის გახსნა იყო დამოკიდებული. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ როლში შესვლა – ფსიქოლოგიური გარდასახვა. კარგი და მაღალი დონის სერიალია. მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, სულ ველოდებოდი შემდეგი სერიის სცენარს, რა მოხდებოდა. საინტერესო იყო დიმიტრი ტატიშვილთან, ზაზა იაქაშვილთან მუშაობა. თუმცა, სამწუხაროდ, ეკრანზე ვერ ვუყურე, ფიზიკურად არ მქონდა დრო. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ორივე სერიალი, მაგრამ მრავალფეროვნება მიყვარს, ტრაგიკომედიაში მინდა ვითამაშო.
– საკმაოდ კარგი და უცხო გარეგნობა გაქვს, სლავური ტიპის ვიზუალი საქართველოში ძალიან ფასობდა ყოველთვის. თაყვანისმცემლები თავს არ გაბეზრებენ ხოლმე?
– კი, ყოფილა ორიგინალური „გამოსვლებიც”, მაგრამ, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი არ მოგწონს, არ მისცემ კონტაქტის საშუალებას, არ უპასუხებ მის ზარს, ელემენტარულად, მოახლოების საშუალებას და იმედს არ მისცემ. არ მესმის, გოგოები რომ ამბობენ, არ მეშვებაო. ესე იგი, არ უნდათ, მოიშორონ. უხეში არავისთან ვარ, თუმცა არც ზედმეტის უფლებას ვაძლევ ვინმეს. პირადი ცხოვრებისთვის დრო არც მრჩება, სულ ამას მეკითხებიან, არავინ გყავსო? მართლა არავინ მყავს. რომ მოგეწონოს ვინმე და ნახო, ელემენტარულად, დრო ხომ უნდა გქონდეს ამისთვის? სკანდალური რომანი ვინმე ცნობილთან არ მქონია (იცინის).
– არც ჭორი გავრცელებულა, რომ ვინმე „ფეისთან” დადიხარ?
– კი, იყო, თუმცა არ ვიტყვი, ვისზე თქვეს, არ მივიჩნევ საჭიროდ.
– თაყვანისმცემლები არ გაკითხავენ სტუდიაში?
– კი, მოდიან სტუდიასთანაც, მაგრამ ძირითადად დილაუთენია მხვდებიან სახლთან, როდის გავდივარ დილით, იციან და ხან ყვავილები მოაქვთ, ხან რა და ხან რა. ერთმა პატარა კატა მაჩუქა, მაგრამ სახლში მონსტრი ძაღლი მყავს, გაბდღვნიდა. უკან გავატანე, არ დავიტოვე. სერენადები არ უმღერიათ. მე სახლში არ ვარ და დედაჩემს თუ უმღერებენ, არ ვიცი (იცინის). ისედაც არ ვარ ადვილი – საკმაოდ მძიმე და ცვალებადი ხასიათი მაქვს.
– „ფორმაში” როგორ მოხვდი?
– როგორ და „იმედიდან” დამირეკეს, გიორგი არველაძემ დამიძახა, მითხრა, დალაპარაკება გვინდა რაღაცაზეო. ფიზიკურად მომზადებული ვიყავი, საკმაოდ სპორტული ვარ. ბავშვობაში ტანვარჯიშზე დავდიოდი. ახლა კლდეზე ცოცვამ გამიტაცა სერიოზულად, მაგარი ექსტრემია. მივხვდი, რომ ჩემია! „ფორმაში” გვქონდა დავალება და მას მერე მომეწონა. კი, რთულია და საშიში, მაგრამ იმხელა ადრენალინია და შედეგი იმდენად მაგარი, ნამდვილად ღირს. ისე კარგად გამომდიოდა, მეტსახელად „კატაც” კი შემარქვეს, მერე (იცინის) შემოკლებით „ფასის“ მეძახდნენ. „ფორმაში” საკმაოდ პოპულარული რეალითია, ბევრი ხალხი უყურებს. პირველი ორი დღე ცოტა ყველას გაგვიჭირდა, თავისი სპეციფიკა აქვს და შეჩვევა სჭირდებოდა. ყველაზე რთული და სანერვიულო იყო სროლის მომენტი – ნამდვილი ტყვიები პირველად ვისროლე. იცი, ეს რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ აცნობიერებ გასროლილ ტყვიას რა შეიძლება, მოჰყვეს? პირველად ვისროლე, მანამდე იარაღიც არ მჭერია ხელში. ბევრი რამ მასწავლა ამ პროექტმა, ფიზიკურადაც და ადამიანებთან მიმართებაშიც. ძალიან სასიამოვნო იყო, გული დამწყდა, რომ დამთავრდა.
– შეიძლება ჯარისკაცობაზეც გეფიქრა?
– რატომაც არა? (იცინის) კი! ჩემები მომკლავენ, თორემ ჯარშიც წავიდოდი და ომშიც, დიდი სიამოვნებით. იმ ადამიანების პატრიოტიზმი და შემართება საოცრად გადამდებია.
– მანამდე იცნობდი ვინმეს პროექტის მონაწილეებიდან?
– ალანას არა, იქ გავიცანი და ისე დავმეგობრდით, ლამის ყოველდღე ერთად ვართ. გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. როლიკო იყო ჩემი თანაკურსელი, მედეა კუჭუხიძის სტუდენტები ვიყავით. მეტ-ნაკლებად, ვიცნობდი ლევან ჩიჩუას. გოგონებს არ მოგვსვლია კონფლიქტი, მაგრამ ბაზიდან პოლიგონზე რომ გადავედით, იქ ბიჭებს შორის წავიდა მეტოქეობა პირველობისთვის – ჩხუბობდნენ ხოლმე. ზოგ შემთხვევაში, გოგოები ვჯობნიდით კიდეც ბიჭებს, მაგალითად, სიმაღლიდან დაშვებაში. მამაკაცებს უფრო ჰქონდათ სიმაღლის შიში, ვიდრე ჩვენ.
– როლიკო კახურად არ ჩხუბობდა ხოლმე?
– (იცინის). არა, ძირითადად ჩხუბობდა იმაზე, დილით რომ ადრე აღვიძებდნენ. დილით ადგომა ეზარებოდა საშინლად და სულ ბუზღუნებდა.
– ექსტრემი გიტაცებს, ვიცი.
– მინდა, ვიყიდო „ბაიკი“ და იმით ვიარო. ადრე ავტორალიშიც ვიღებდი მონაწილეობას, ნიკა ლომიძეს მიჰყავდა ხოლმე. პირველი ადგილი ავიღე ქალებში. საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ, მამაკაცების რისხვას არ ვიმსახურებ ხოლმე. ქალაქში ნელა დავდივარ, „საგონკაო“ ტრასაზე ბევრად ჩქარა.