„ნასას“ ტელესკოპებმა „საურონის თვალს“ ფოტო გადაუღეს
ამერიკელმა სწავლულებმა კოსმოსში უზარმაზარი „თვალი“ აღმოაჩინეს, რომელიც „საურონის თვალის“ სახელითაა ცნობილი. გამოსახულება „ნასას“ სამი ტელესკოპიდან მიიღეს, რომლებიც სპექტრის სხვადასხვა დიაპაზონს იყენებდნენ – რენტგენულს (ჩანდრას ობსერვატორია), ოპტიკურსა (იაკუბუს კაპტეინის ტელესკოპი კანარის კუნძულებზე) და რადიო (ტელესკოპების მასივი ჩილეში).
ფოტოგრაფიაზე გამოსახულია გალაქტიკა NGC4151-ის ცენტრალური ოლქი, რომელიც სპირალურს მიეკუთვნება და დედამიწიდან 43 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა. ის ერთ-ერთი უახლოესი გალაქტიკაა, რომელიც აქტიურად მზარდ შავ ხვრელებს შეიცავს. კერძოდ, ასეთი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრშია, სწავლულთა აზრით, თეთრ თვალს ჰგავს. მის ირგვლივ წითელი მასა ნეიტრალური წყალბადია, ხოლო ყვითელი – იონიზებული წყალბადი.
ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია შავი ხვრელების ურთიერთქმედება გარემომცველ გაზთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზემასიური შავი ხვრელების ზრდაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი უცნაური ფორმის ობიექტის ფოტოსურათი პირველი არ არის. კოსმოსის მკვლევრები იქ ხშირად პოულობენ რაღაც ნიშნებსა და სიმბოლოებს. ასე მაგალითად, გასული წლის აგვისტოში ამერიკელმა სპეციალისტებმა, რომლებიც ორბიტალური ტელესკოპებით – „ჰალითა“ და „ჩანდრათი“ მუშაობდნენ, გამოაქვეყნეს კოსმოსური „ძახილის ნიშნის“ სურათი, რომელიც ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა; ასევე, პლანეტარული ნისლეულის ბრწყინვალე „სამკაული“. უფრო ადრე კი კოსმოსურმა ინფრაწითელმა ტელესკოპმა „რეჰშელმა“ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მკვრივი გაზის რგოლი აღმოაჩინა, რომელიც ფორმით უსასრულობის მათემატიკურ სიმბოლოს მოგვაგონებს.