მთვარეზე იშვიათი ლითონების ძებნა დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატები ახალი კოსმოსური პროგრამის რეალიზაციას შეუდგა. საქმე ეხება ცნობების შეგროვებას მთვარეზე სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობის შესახებ. ამისთვის მთვარისკენ ორი ზონდი მიემართება.
იშვიათი სასარგებლო წიაღისეულის ძებნაა თანამგზავრების: Grail-A-სა და Grail-B-ს ამოცანა. თანამგზავრები იმუშავებენ სინქრონულად. სწავლულთა აზრით, დიდია ალბათობა, მთვარის მთის ქანები უამრავ მინერალს შეიცავდეს, მათ შორის, იმ იშვიათ მინერალებსაც, რომლებიც საჭიროა თანამედროვე მრეწველობისთვის. ამერიკული ზონდები შეეცდებიან, მთვარეზე იმ იშვიათი ლითონების არსებობა დაადგინონ, რომლებიც კომპიუტერულ და სატელეკომუნიკაციო სფეროში გამოიყენება. ასეთი საბადოების აღმოჩენის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება მათი ათვისების საკითხი.
დღეისთვის დედამიწაზე არსებული, ეგრეთ წოდებული, იშვიათი ლითონების ბაზრის 95 პროცენტს ჩინეთი აკონტროლებს. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მისი ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
კოსმოსური აპარატები 2011 წლის 10 სექტემბერს გაუშვეს წამტანი-რაკეტა „დელტა 2-ის“ საშუალებით. ზონდები დედამიწის თანამგზავრისკენ პირდაპირ არ გაუშვია ისინი. ჯერ კოსმოსში იმ წერტილამდე მივლენ, რომელიც დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ანუ, სადაც მიღწეულია ბალანსი დედამიწისა და მზის გრავიტაციულ ველებს შორის და მხოლოდ იქიდან დაიწყებენ მოძრაობას მთვარისკენ. ზონდები მთვარეს სამხრეთ ნახევარსფეროს მხრიდან მიუახლოვდებიან და მთვარის ირგვლივ ორი თვის განმავლობაში იფრენენ. ისინი შეადგენენ გრავიტაციულ რუკებს და შეისწავლიან მის გეოლოგიურ სტრუქტურას. კერძოდ, მოიაზრება მთვარის ბირთვის შესწავლა. ცნობათა შეგროვება 2012 წლის მარტში დაიწყება.
სწავლულები იმედოვნებენ, რომ ზონდების დახმარებით შესაძლებელი იქნება მთვარის გრავიტაციის რუკების სიზუსტის ათასჯერ გაზრდა. მათი აზრით, ეს ხელს შეუწყობს დედამიწის თანამგზავრზე მომავალი პილოტირებული აპარატების გადასხმას.