თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-1(575)
მარიკამ ზურგიდან ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო და შემობრუნდა:
– ქალბატონო ია, არ ვიცოდი, სახლში თუ იყავით.
– ახლა მოვედი. ნიკა სახლში არ არის?
– დათოსთან ერთად წავიდა, შეკრება აქვთ.
– ძალიან კარგი, – თქვა ქალმა და მარიკას უნებლიეთ შეაჟრჟოლა. იყო დედამთილის ხმაში რაღაც ისეთი, რამაც მიახვედრა, რომ საუბარი უსიამოვნო იქნებოდა.
– გისმენთ, ქალბატონო ია, – მარიკამ გადაწყვიტა, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია, – ჩემთან საუბარი გინდათ?
– ჰო.
– ალბათ, იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ მოხდა. მზად ვარ, თქვენს ყველა შეკითხვას ვუპასუხო.
ქალმა გაიღიმა:
– დავსხდეთ. ასე ცოტა უხერხულია საუბარი. მე და შენ ერთი ოჯახის წევრები ვართ, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.
– „ჩვენ” – არა, ქალბატონო ია... – ღიმილი არ დაუგვიანა მარიკამაც, – მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ოღონდ ამას გულწრფელად ვამბობ.
– კარგია. გულწრფელობას ვგულისხმობ. მეც გულწრფელი ვიქნები. ნიკა ჩემთვის ყველაფერია, შენ ხომ გესმის ჩემი? მე მივეკუთვნები იმ ქალების რიცხვს, რომლებსაც არ მოსწონთ, როცა იცოდებენ. მე შენთან საუბარი იმიტომ არ მინდა, რომ თავი შეგაცოდო – ამას არასოდეს გავაკეთებ. მაგრამ, ჩემს შვილს დავპირდი და ეს პასუხისმგებლობას მაკისრებს.
– გისმენთ... – მარიკამ ოდნავ მოჭუტა თვალები.
– ნიკას შენ უყვარხარ. ძალიან უყვარხარ.
– ვიცი. მეც მიყვარს... – ნელა წარმოთქვა გოგომ.
– ძალიან მინდა, ამის მჯეროდეს, – ქალმა რძალს თვალებში შეხედა, – ნიკა ძალიან კარგი ბიჭია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია. მას აქვს უნარი, მიუხედავად ყველაფრისა, სჯეროდეს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვივით არის. იმიტომაც მეშინოდა იმ დღის დადგომის, როცა მოვიდოდა და მეტყოდა, შემიყვარდაო.
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ მე ნიკას შესაფერისი, მისი სიყვარულის ღირსი არ ვარ?
– არა, მაგას არ ვამბობ.
მარიკამ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.
– მაგრამ გულისხმობთ. მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ასე არ არის? რადგან ვთქვით, რომ გულახდილები ვიქნებოდით, იმიტომ გეუბნებით.
– ჭკვიანი ხარ. ერთი მხრივ, ეს ცუდი არ არის, თუმცა, არსებობს მედლის მეორე მხარე – რამდენად იქნება სასარგებლო ეს ნიკასთვის.
– თქვენ, ალბათ, უჭკუო თოჯინა გერჩივნათ თქვენი შვილისთვის – გაცილებით მორჩილი და ადვილად სამართავი.
ქალმა თავი გააქნია.
– მე არასოდეს გავაკეთებ არჩევანს ჩემი შვილის მაგივრად. ეს საუბარიც ჩვენ შორის მარტო იმიტომ შედგა, რომ ნიკას დავპირდი...
– ეგ უკვე მითხარით.
– მე ძალიან მინდა, ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვიყოთ.
– შესაშური გულწრფელობაა. არ თქვით მეგობრები ვიყოთო... მტრები არ ვიყოთო.
– გერჩივნა, მეთქვა ის, რაც რეალობასთან ახლოსაც ვერ მოვა?
– არა, არა, მეგობრები, ალბათ, ვერასდროს ვიქნებით.
– ალბათ, თუმცა, თქვენ მიზეზები არ გითქვამთ.
– ვფიქრობ, არ არის ამისი აუცილებლობა. მე ჩემი სათქმელი გითხარი. ნიკას ძალიან უყვარხარ და თუ ჩემი თხოვნა შენთვის რამეს ნიშნავს, გთხოვ, გული არ ატკინო.
– ესე იგი, იმის გჯერათ, რომ მიყვარს.
ქალმა თავი დაუქნია:
– სხვა შემთხვევაში, უკან არ მობრუნდებოდი.
– მართლა? იმაშიც ხომ არ იყავით დარწმუნებული, რომ აუცილებლად მოვბრუნდებოდი.
– თითქმის. თუმცა, მაინც ვინერვიულე.
მარიკამ გაიცინა.
– ინერვიულეთ? ნიკას გამო?
– რა თქმა უნდა. ხომ გითხარი, რომ ნიკა ჩემთვის ყველაფერია და, რადგან მისი ბედნიერება შენი მის გვერდით ყოფნის პირდაპირპროპორციულია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ არსად გაგიშვა, – ბოლო სიტყვები ქალმა ნელა, საკმაოდ უხალისოდ და ხმადაბლა წარმოთქვა. მარიკამ გაოცება ვერ დამალა:
– არც კი ვიცი, რა გითხრათ.
– არაფერი. არაფერი არ უნდა მითხრა. რადგან დაბრუნდი, ამით ყველაფერი თქვი, ყოველ შემთხვევაში, ის, რისი გაგებაც მე მინდოდა. მამაშენიც გავიცანი. ძალიან კარგი ადამიანია, საინტერესო და კეთილშობილი. ამასაც გულახდილობის გამო გეუბნები. ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა.
– ეს უკვე აღარ მესმის. რისი გაკეთება მიგაჩნიათ საჭიროდ? ფორმალობა აუცილებლობა არ არის, თავს ნუ დაივალდებულებთ.
– ჰო, რა თქმა უნდა. თქვენ ამის გარეშეც კარგად გრძნობთ თავს.
ქალმა სიგარეტის კოლოფი აათამაშა.
– ქალბატონო ია, თქვენ რაღაცის კითხვა გინდათ. არ არის პრობლემა, მკითხეთ.
ქალმა ცოტა ხანს იყოყმანა.
– არა. არაფერს გკითხავ. იმედს ვიტოვებ, რომ შევცდი. დავტოვოთ ისე, როგორც არის.
– თუ იმას ფიქრობთ, რომ მერე ნიკას მოვუყვები, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ამას არ გავაკეთებ. მეც მინდა, ნიკა ბედნიერი იყოს.
– ყოველ შემთხვევაში, ამაში კარგად ვთანხმდებით, – ქალმა საფერფლე აიღო და ადგა. მარიკამ მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება და მისმა შეკითხვამ ია აიძულა, კართან მისული შემობრუნებულიყო.
– ქალბატონო ია, კიდევ ერთი გულახდილი შეკითხვა და პასუხსაც გულახდილს ველოდები: ნიკას შესახებ ყველაფერი იცით?
– ამას რატომ მეკითხები? რა თქმა უნდა, ვიცი. ამაში ეჭვი რატომ შეიტანე, რამე ისეთი მოხდა, რაც მე გამომეპარა?
– არა, უბრალოდ, რაღაც მაინტერესებდა მის შესახებ.
ქალმა ყურადღებით შეხედა რძალს.
– მკითხე, რადგან ნიკას კარგად ყოფნა ორივე ჩვენგანის ინტერესებშია, მასზე ყველაფერი უნდა იცოდე.
მარიკამ ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა.
***
პაპავა ოთახში ბოლთას სცემდა და ნივთებს ინტერესით აკვირდებოდა. ვახო ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე, ერთბაშად გააპროტესტა.
– აქ რატომ ვართ, რატომ განყოფილებაში არ დაიბარეთ?
– იმიტომ, ლელაძე, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლო. სამმართველოში რომ დამებარებინა, ისეთ შედეგს ვერ მივიღებდი, როგორსაც მათთან სახლში მოსვლით მივიღებთ. საკუთარ, შეჩვეულ გარემოში ადამიანები თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ და მეტად იხსნებიან. არ მინდოდა, ჩვენი საუბარი დაკითხვას დამსგავსებოდა.
– აბა, მე რიღასთვის ვარ აქ?
– იმისთვის, რომ რაღაც შეიგრძნო, ბოლოს და ბოლოს, – ამოიოხრა თემომ და თითქმის მაშინვე ანიშნა, ხმა აღარ ამოიღოო, რადგან სწორედ იმ მომენტში ოთახში ქალი შემოვიდა, რომელსაც გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა.
– ჩემი შვილი არაფერში დამნაშავე არ არის. გთხოვთ, თავი დაანებოთ. თუ საჭირო გახდება, მისი უფლებების დასაცავად ადვოკატებსაც ავიყვან.
– დამშვიდდით, ქალბატონო. არავინ აპირებს თქვენი ქალიშვილის უფლებების შელახვას. აქ მაგისთვის არ მოვსულვართ.
– აბა, რისთვის მოხვედით? ბავშვმა ისედაც უზარმაზარი სტრესი გადაიტანა. მერე კიდევ, ის მკვლელობა... არ მინდა, ამდენი ნერვიულობით რამე დაემართოს. იმ არამზადას, ეტყობა, ღმერთმა გადაუხადა სამაგიერო.
– იცით, სად იყო თქვენი შვილი მკვლელობის დღეს? – ჰკითხა პაპავამ მღელვარებისგან გაწითლებულ ქალს.
– დიახ, უკვე ვიცი. მითხრა, არ დაუმალავს – იმ ბართან, სადაც მკვლელობა მოხდა. მერე, რა, ეს არაფერს ნიშნავს.
– რაღაცას მაინც ნიშნავს... – გაღიმება სცადა პაპავამ, მაგრამ ქალი ამან ოდნავაც ვერ დაამშვიდა.
– მოვრჩეთ ამ ლაპარაკს და მიბრძანდით ჩემი სახლიდან! – თქვა აგრესიული, გამომწვევი ტონით.
– დამშვიდდით, ქალბატონო. ხომ გითხარით, იმიტომ არ მოვსულვართ, რომ თქვენს შვილს ბრალდებები წავუყენოთ. ამის გაკეთება რომ მდომოდა, იქ დაგიბარებდით და მერე დავაკავებდი კიდეც.
– ჰო, რა თქმა უნდა, – მხარი აუბა პაპავას ვახომაც. თითქოს ამით თემოს დაანახვა, მივხვდი ყველაფერსო.
ქალმა ავად შეათვალიერა ორივე, მერე ნელ-ნელა გახსნა შეკრული წარბი:
– გისმენთ, დაბრძანდით.
– აი, ეს უკვე სხვა ლაპარაკია. სად არის ახლა თქვენი ქალიშვილი? ოღონდ, სიმართლე უნდა მითხრათ.
– სად უნდა იყოს, სახლშია.
– ესე იგი, რატომ იყო, მკვლელობის ღამეს ბართან? თუ საერთოდ, ბარშიც არ შევიდა.
– არა, არა, არ შესულა. ყველაფერი მიამბო... მითხრა, რომ უკან მიჰყვებოდა და შურისძიებასაც კი ფიქრობდა, მაგრამ, ბოლო წუთს ვეღარ გაუბედავს და გამოქცეულა. ჩემი შვილი მკვლელი არ არის. ის სულ ბავშვია.
– გეთანხმებით, მაგრამ მკვლელის მიმართ აგრესია და განზრახვა ჰქონდა. ამას ხომ არ უარყოფთ?
– მერე რა, რომ ჰქონდა აგრესია. დაგავიწყდათ, მან ჩემს შვილს რა გაუკეთა? ბუნებრივია, რომ აგრესიაც ჰქონდა და განზრახვაც მისი მოკვლის გასჩენოდა. მეც მქონდა ასეთი განზრახვა, დასამალი რა მაქვს!
– გულახდილი საუბარი გამოგვდის და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მექნება შეკითხვაც.
– რა გამოგვდის, არ ვიცი, მაგრამ, მკითხეთ. გააჩნია, რას შემეკითხებით. ჩემი შვილი ფსიქოლოგთანაც კი გახდა წასაყვანი, სხვა პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვა. საშინელება დამმართეს, თქვენ კი წესით, ჩვენნაირებს უნდა იცავდეთ და არა იმ სადისტის მკვლელს ეძებდეთ.
– მკვლელის მოძებნაც აუცილებელია. თუმცა, ქალბატონო, თქვენ თუ ესწრებოდით თქვენი შვილის საუბრებს ექიმთან?
– რომელ ექიმთან?
– ექიმ ია ლომაძესთან.
– დიახ, – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ დაუდასტურა ქალმა, – ეს რა შუაშია?
– ჯერ მე მიპასუხეთ, კარგი? ესე იგი, ესწრებოდით.
– ხომ გითხარით, ვესწრებოდი-მეთქი.
– ყველას?
– ბევრჯერ არ მივსულვართ. ალბათ, ორ-სამჯერ.
– რაზე ელაპარაკებოდა?
ქალი გაღიზიანდა:
– თავად ექიმს რატომ არ შეეკითხებით?
– იმიტომ, რომ ექიმისა და პაციენტის საუბრები კონფიდენციალურია.
– ანუ, უარით გამოგისტუმრათ?
– არა, ჯერ თქვენთან მოვედი და, იმას, თუ რას მიპასუხებთ, თქვენი შვილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ცდილობდა თუ არა ქალბატონი ია პაციენტში, ანუ თქვენს ქალიშვილში აგრესიის გაღვიძებას?
ქალმა ეჭვით მოჭუტა თვალები.
– ახლავე უნდა გიპასუხოთ?
– დიახ. რა თქმა უნდა.
– თქვენ გაინტერესებთ, ჩემმა შვილმა ექიმთან საუბრების შემდეგ ხომ არ მიიღო გადაწყვეტილება, ანგარიში გაესწორებინა მოქალაქესთან?
– თითქმის მიმიხვდით, – თავი დაუქნია თემომ.
ქალი ჩაფიქრდა. თავდახრილი რაღაცას წონიდა, აანალიზებდა.
– ჩემს პასუხზე ჩემი შვილის მომავალია დამოკიდებული? ასე მითხარით?
– ქალბატონო, შეკითხვაზე მიპასუხეთ: იმ საუბრებში, თქვენი თანდასწრებით რომ მიმდინარეობდა, იყო თუ არა რამე აგრესიის, შურისძიების სურვილის გამომწვევი?
– არა! – მკაფიოდ გაისმა სიჩუმეში. ქალმა თავი ასწია და ოთახის ღია კარში ჩამდგარ შვილს გაუბრაზდა:
– ლენკა, რატომ შემოხვედი?
– ყველაფერი მესმოდა... ბატონო გამომძიებელო, ის, რომ მე იმ მოქალაქის მოკვლის სურვილი გამიჩნდა, მხოლოდ ჩემი ბრალია. არავის უთქვამს, შური იძიეო. ეს მე, მე თვითონ... მაგრამ, მართლა არ მომიკლავს, გეფიცებით!.. – გოგონამ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა.
– ძალიან გთხოვთ, მიბრძანდით ჩვენი სახლიდან. თუ ლენკა დამნაშავეა, დააკავეთ. ადვოკატს ავიყვანთ.
– ხომ გითხარით, არავინ აპირებს თქვენი შვილის დაკავებას, ყოველ შემთხვევაში – ჯერ...
ქალმა ხელი ჩაიქნია, შვილს მივარდა, მოეხვია და მეორე ოთახში გაიყვანა ფერებ-ფერებით. უკან გამობრუნებულმა კარი გამოხურა და ზურგით მიეყრდნო.
– ერთი კითხვაც, ქალბატონო, და წავალთ.
– ასე მგონია, საერთოდ აღარასოდეს წახვალთ, – ამოიოხრა ქალმა.
– ფოტო მინდა გაჩვენოთ, – თემო ქალს მიუახლოვდა, – შეხედეთ ამ ადამიანს, გეცნობათ?
ქალმა გულგრილად დახედა. მხოლოდ თვალი შეავლო და გვერდზე გაიხედა:
– არ მაინტერესებს.
– მე მაინტერესებს. კარგად შეხედეთ.
– ასე არ შემიძლია თქმა. შეიძლება, სადმე მინახავს.
– ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ქალბატონო, დააკვირდით. მაგალითად, თქვენს ქალიშვილთან ერთად. მისი მეგობარი ხომ არ არის?
– არა, არ მინახავს, – ყოყმანით გამოართვა ფოტოსურათი ქალმა და დააშტერდა.
– დარწმუნებული ხართ?
– დიახ. თუმცა, მოიცადეთ. მგონი, ექიმი ლომიძის კაბინეტთან მოვკარი თვალი. შედიოდა, თუ გამოდიოდა? არა, ექთანს ელაპარაკებოდა. კი, კი, ასეა, ის არის.
– დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ.
– მიდიხართ?
– დიახ.
– და, მორჩა, აღარ შეგვაწუხებთ?
– ჯერჯერობით, არა. მერე, ვნახოთ.
– ღმერთო, ესე იგი, თქვენგან ვერასოდეს გავთავისუფლდებით? ვერაფრით მოგიშორებთ თავიდან? ან, ეგ ბიჭი ვინ იყო?
– დამშვიდდით, ქალბატონო, ყველაფერი კარგად იქნება.
– აქ აღარავინ მოხვიდეთ, გეხვეწებით. მოვკიდებ ხელს ჩემს შვილს და საერთოდ გადავიკარგებით აქედან. ჩვენ დაგვიშავეს და ისევ ჩვენ უნდა ვნახოთ პასუხი?
– დამშვიდდით-მეთქი, ქალბატონო.
გარეთ რომ გამოვიდნენ, ვახომ შუბლი ხელისგულით მოიწმინდა.
– უჰ, ისტერიკაღა გვაკლდა! კარგი ვქენით, რომ გამოვასწარით.
– ეჰ, ლელაძე, ლელაძე. რა გიყო მე შენ. წამოდი, წამოდი, საავადმყოფოშიც გავიაროთ.
– ექიმმა რომ გითხრათ, როგორც კი გონს მოვა, მაშინვე დაგირეკავთო და არ დაურეკავს, მაინც უნდა მივიდეთ?
– ჰო, უნდა მივიდეთ, – ამოიოხრა პაპავამ, – შენ, შეიძლება, გეზარება, მაგრამ, არსებობს გარდაუვალი აუცილებლობაც. თუმცა, ეს გაცილებით რთული აღსაქმელი იქნება შენთვის და სხვა დროისთვის გადავდოთ.
– შეიძლება, კიდევ რაღაც გკითხოთ?
– მკითხე ლელაძე, მკითხე. უკვე ერთი ფასი აქვს, მკითხავ, თუ არ მკითხავ.
– იმ ქალს ვისი ფოტო აჩვენეთ, მკვლელის?
– ვაიმე, ოღონდ ახლა გაჩუმდი და, გპირდები, რომ შენც განახვებ. რამე გაიგე იმ ოფიციანტის და ბარმენის შესახებ?
– ვერაფერი. ხმას არავინ იღებს. აღარ უნდოდათ აქ მუშაობა და წავიდნენო.
– დაახლოებით ვხვდები, ვისი ხელი შეიძლება ერიოს ამაში, მაგრამ, ვერაფერს დავამტკიცებ. არადა, დევისაც ეჭვი აქვს, რომ, შესაძლოა ქალია მკვლელი.
– ესე იგი, იმ გოგოს მაინც დავაპატიმრებთ? მეცოდება, არ ჰგავს მკვლელს.
– ლელაძე, წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავე. მე არ მითქვამს, რომ ის არის მკვლელი.
– ის თუ არა, მაშ, აბა, ვინ არის? – დაღლილი ხმით ჩაიბურტყუნა ვახომ.
– მეც სწორედ ეგ მაინტერესებს, ლელაძე და, ქენი სიკეთე, თუ ვერ მეხმარები, ხელს მაინც ნუ შემიშლი.
***
დათომ მხარზე დაჰკრა მეგობარს ხელი:
– ცხვირი ნუ ჩამოგიშვია, ყველაფერი კარგად იქნება, ახალდაქორწინებულები ხშირად ჩხუბობენ, – დაარიგა ჭკუა ბრძენი კაცივით.
– რა თქმა უნდა, შენ ეგ ჭეშმარიტება ცხოვრებაზე დაკვირვებით შეისწავლე. თანაც, საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით, – წყენით მიუგო ნიკამ, – მე აქ ჩემს გულისტკივილს გიზიარებ, შენ კი იცინი.
– სულაც არ ვიცინი. პირიქით, ვცდილობ, დაგეხმარო.
– გმადლობ, ძალიან დამეხმარე. სხვათა შორის, შენი ნახვა უნდა. შენთანაც მარიკამ დამარეკვინა.
– რატომ?
– რა ვიცი, უთხარი, რომ მისი ნახვა მინდაო.
– მერე, შენც, ვერ დარეკე?! რას გამორბოდი? მე თვითონ მივიდოდი. რატომ უნდა მარიკას ჩემი ნახვა? – თვალები ცნობისმოყვარედ აუციმციმდა დათოს.
– მეც სწორედ ეგ მინდოდა, გამეგო, – შეუბღვირა ნიკამ.
– შენ რა, გააფრინე? ეჭვიანობ? – გაშტერდა დათო, – ჩემზე? სულ აურიე, ტო?
– არა, არ ვეჭვიანობ, რას სულელობ, მაგრამ, მაინტერესებს, რისთვის დასჭირდი, თანაც, ჩემთან ჩხუბის შემდეგ.
– ყველაფერს სიტყვასიტყვით მოგახსენებთ.
– ირონიის გარეშე. ძალიან ვნერვიულობ. შენ არ იცი, რა გადავიტანე, როგორი მძიმე ღამე მქონდა. როცა წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა, აღარ დაბრუნებულიყო...
– მართლა წავიდა, ტო? ასე როგორ გააბრაზე?
– მე არ გამიბრაზებია. ისევ მაგისი სამსახურის გამო მოხდა – ვიღაცამ ჩვენ თვალწინ თავი მოიკლა და... მოკლედ, მე დამაბრალა.
დათო შეხტა:
– რაო? თავი მოიკლა? თქვენ თვალწინ. ბიჭო, ამას სერიოზულად ამბობ? აუ, რატომ იქ არ ვიყავი?!
– არაფერი საინტერესო არ იყო, დამიჯერე. იმ ტიპს მარიკა ადრეც იცნობდა – ბავშვობაში ერთად თამაშობდნენ თუ რაღაც ამდაგვარი. მოკლედ, იქიდან რომ წამოვედით. თან, მანამდე იმან საყვარელიც მოკლა – საფერფლე ჩაარტყა თავში.
დათო საბოლოოდ გამოშტერდა.
– გადამრევ, ტო... და ამ ყველაფერს ასე მშვიდად მიყვები? მოკლაო, თავი მოიკლაო... ცოლ-ქმარს მაგარი ცხოვრება გაქვთ.
– ჰო, არაჩვეულებრივი, – ამოიოხრა ნიკამ, – აბა, ერთი მე მკითხე? შენ ხარ ამ ყველაფერში დამნაშავეო.
– ეს მარიკამ გითხრა?
– დიახ. ჰოდა, სახლიდანაც გაიქცა. კიდევ კარგი, რომ დაბრუნდა.
– მოიცა, ტო, შენ რა შუაში ხარ? ვერაფერი გავიგე, ვინ ვინ მოკლა, თავი ვინ მოიკლა... რას ყვები?
– რა ვერ გაიგე? იმ ტიპმა, მარიკას ძველმა ნაცნობმა, ჯერ თავისი საყვარელი მოკლა, მერე, როცა მიხვდა, რა გააკეთა, ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა, მაგრამ, ის ტიპი არ მომკვდარა, მგონი, გადარჩა.
– ახლა სულ დამაბნიე. ჯერ ერთი, საყვარელი „ტიპი” როგორ იქნება და, მეორე – თუ მოკვდა, ცოცხალი როგორ გადარჩა?
– ახლა ნუ მომაყოლებ, არ ვარ მაგის გუნებაზე. წამოხვალ თუ რას იზამ?
– რა ვიცი, აბა, თუ შენ გინდა, წამოვალ... ისე, მაგრად დავიღალე ამ ნაჩხუბარი ცოლ-ქმრების შერიგებით, თან, არც არაფერი გამომდის.
– ვის არიგებდი?
– ჩემს დას და სიძეს... შენი ცოლის უფროსს, რა... პატარა ბავშვებივით არიან. თან, ხომ ვხედავ, რომ უყვართ ერთმანეთი.
– ეი, შენ, სიყვარულის ექსპერტო, მარიკას ისეთი არაფერი უთხრა, სულ არ გადამირიო.
– გაგიჟდი? რა უნდა ვუთხრა?
– რა ვიცი, ხომ გითხარი, წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის დასჭირდი-მეთქი.
– ჰოდა, ჯერ შევხვდე, რა...
– ყველაფერს მეტყვი, იცოდე... – გააფრთხილა ნიკამ.
– რა თქმა უნდა, – დაამშვიდა დათომ და მეგობრულად გაუღიმა.
***
დევიმ კაბინეტის კარი შეაღო:
– უკვე მოხვედი? მაგარი ხარ რა, ყველაფერს ასწრებ. რატომ არ დამირეკე?
– ეს წუთია, შემოვედი. საავადმყოფოშიც გავიარე.
– მერე? – დევი მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.
– ჯერ კიდევ არ მოსულა გონს.
– რა გინდა, მისგან რომ შეიტყო, როგორ გგონია, რას გეტყვის?
თემომ სიგარეტს მოუკიდა და მხრები აიჩეჩა:
– ჯერ არ ვიცი. ვახომ მითხრა, ბარიდან ოფიციანტი და ბარმენი წასულან. ეჭვი მაქვს, მათ წასვლას მკვლელობასთან აქვს კავშირი.
– ვითომ? ანუ, რაღაც ისეთი იცოდნენ, რისთვისაც სამსახურიდან დაითხოვეს? მაგრამ, რა უნდა სცოდნოდათ, მკვლელის ვინაობა? არა მგონია.
– ეგ არც მე მგონია, მაგრამ, სამსახურიდან დათხოვნა გაფრთხილებას ჰგავს. ელჩის ქალიშვილი მეორე მკვლელობაში გამოჩნდა უკვე.
– ეგეც სულ მარიკას ქმარივით არის: იქ ჩნდება, სადაც სიკვდილია, – გაეცინა დევის.
თემო შეიჭმუხნა:
– შენ ხუმრობ, მაგრამ, მე სულაც არა ვარ გართობის გუნებაზე.
– ვინ გითხრა, რომ ვერთობი? შენთვის რაღაც მაქვს, – დევიმ ჯიბიდან კასეტა ამოიღო და პაპავას წინ დაუდო.
– რა არის?
– ერთგან შევიარე. პირდაპირ გეტყვი: წყნეთის ტრაგიკულ შემთხვევას ეხება. ეზოს ჭიშკართან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერია და, კიდევ, სახლთან მისასვლელ მთავარ გზაზე დამონტაჟებულის... ნიკას მანქანა იქაც დააფიქსირა კამერამ.
– შეუძლებელია! – თემო ტელეფონის ყურმილს დასწვდა, – საპატრულოსთან დამაკავშირე!
– რად გინდა, ჩემი არ გჯერა?
– ესე იგი, მანქანა იქ ნამდვილად იყო, – პაპავამ ყურმილი დაკიდა.
– ეჭვს გარეშეა, – თავი დაუქნია დევიმ.
– მაგ ბიჭზე მეთვალყურეობა ხომ დავაწესეთ? რაღაც ძალიან აიხლართა ყველაფერი. დედამისზეც ბევრი რაღაც გაურკვეველია.
– დედამისს, შესაძლოა, საყვარელი ჰყავდეს. ამას როგორ შეამოწმებ, თანამშრომლებს ჩამოუვლი და გამოკითხავ?
– არა, ეგ არაფერს მომცემს, სამსახურში ისეთი რეპუტაცია აქვს. კითხვაზე პასუხი სხვაგან უნდა ვეძებოთ. მე მარიკაზეც ვნერვიულობ. საშიში არ არის მისი იმ ოჯახში ყოფნა?
დევიმ ხელები გაშალა:
– რატომ უნდა იყოს საშიში? მარიკა ჭკვიანი გოგოა და თავს დაიცავს. მით უმეტეს, რომ არც არაფერი ემუქრება.
– მაგას ნუ იტყვი. დღეს იმ გოგოს დედამ ფოტოზე ნიკა ამოიცნო.
– რას ნიშნავს, ამოიცნო?
– ექიმთან კონსულტაციაზე როცა იყვნენ, ნიკაც იქ ყოფილა. მედდას ელაპარაკებოდაო.
– შეიძლება, დედამისთან იყო მისული, რა არის ამაში არაბუნებრივი?
– ერთი შეხედვით, არაფერი, მაგრამ... – თემომ ნამწვებით სავსე საფერფლეს დახედა, – ბევრს ვეწევი... მოკლედ, ასეთი რაღაც გვაქვს – ელჩის ქალიშვილი ფიგურირებს ორ მკვლელობაში.
– აქედან ერთი უკვე გახსნილია და დამნაშავეც სასჯელს იხდის, – ჩაურთო დევიმ.
– შეგეძლო, არც გეთქვა. ნათია დეისაძე მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ ცნო.
– და, შენ არაფერ შუაში ხარ...
– მოიცადე, თემიდან ნუ გადამახვევინებ. მოკლედ, ბერაძე მოკლეს, როცა ელჩის ქალიშვილთან მის დაქორწინებამდე ერთი კვირა რჩებოდა. საცოლემ საქმრო ცოტა ხანს იგლოვა და მერე საყვარელი გაიჩინა.
– ვის გულისხმობ?
– მოიცა, ნუ მაწყვეტინებ. ცოტა უცნაურად კი შეიძლება, მოგეჩვენოს, საყვარლად პედერასტი რომ აირჩია, მაგრამ, გემოვნებაზე არ დავობენ.
– სამაგიეროდ, კაცებზე დავობენ და შეიწირა კიდეც ამ დავამ ის უბედური ზეა – გაეცინა დევის.
– შენ იცინი, მაგრამ, არ დაგავიწყდეს, რომ მკვლელობის ღამეს სამივე ერთად იყო ბარში. მერე იმ ორმა პედერასტმა იჩხუბა, რაც საბოლოოდ ერთის თვითმკვლელობით და მეორის თითქმის სიკვდილით დასრულდა.
– ანუ, გამოდის. ელჩის ქალიშვილი ორში კი არა, სამ მკვლელობაში ფიგურირებს.
– გამოცანაც სწორედ მაგაშია. – რაც შეეხება, ნიკას, ის ორი შემთხვევის შემსწრე თუ მოწმეა.
– მოწმეს ვერ ვიტყოდი. თანაც წყნეთის ამბავში, უფრო მისი მანქანაა ეჭვმიტანილი, ვიდრე თვითონ. ნიკას სერიოზული ალიბი აქვს: ვერაფრით ვერ მოახერხებდა, ერთდროულად აუზზეც ყოფილიყო ვარჯიშზე და წყნეთშიც.
– ეგ მართალია, მაგრამ, იქნებ, საქმე დროებშია?
– ანუ, შეიძლება?
– ჰო, შეიძლება. ჩვენ ვარჯიშის დროს არ გვეუბნებიან ზუსტად. ეს კიდევ უნდა გადავამოწმოთ. ნიკას კი ერთ ნაბიჯზეც არ მოაშორონ თვალი. ახვლედიანი როდის გამოდის?
– არ ვიცი, ჩემთვის არ დაუბარებია.
– ყოველ შემთხვევაში, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. უნდა დავალაგო ეს ყველაფერი, უნდა გავმიჯნო ერთმანეთისგან, სად ელჩის შვილია მთავარი მოქმედი გმირი და სად – ნიკა.
– ჰმ, ამ დროს, შეიძლება ყველა დამთხვევა შემთხვევითობა იყოს.
– მე არ მჯერა ასეთი შემთხვევითობის, – თქვა თემომ და სიგარეტის ახალ კოლოფს ცელოფანი შემოხსნა.
***
დათომ ყავა მოსვა და თვალები სიამოვნებისგან მოჭუტა.
– მაგარი ყავის მოხარშვა გცოდნია, მარიშ, საღოლ. დედაჩემსა და ჩემს დას ვერ ვასწავლე, რა. ისე, თქვე უსინდისოებო, აქამდე არ უნდა დაგეპატიჟეთ? ან, ყავაზე უნდა გადამატაროთ? ქორწილი არ იქნება? მეჯვარე უნდა ვიყო, ტო!
მარიკამ ქმარს შეხედა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დათოსთან მარტო უნდა დაეტოვებინა, პირისპირ, თუმცა, ნიკამ მაინც აითრია ფეხი.
– მარიკა, დღეს შენ სამსახურში არ მიდიხარ, ხომ? – ჰკითხა ცოლს.
– დილით ხომ გითხარი, არა-მეთქი. სხვა საქმე მაქვს. დედაშენმა მითხრა, საღამოს მეცლება და თქვენებთან წავიდეთო. მამაჩემს უნდა დავურეკო და გავაფრთხილო. ისე, შენ თუ გააკეთებ ამას, ძალიან კარგი იქნება. თან, მამაჩემსაც ესიამოვნება. კაბინეტში გადი და დაურეკე. დათოც წავიყვანოთ.
– ჰო, აბა რა, უნდა წამიყვანოთ, თორემ ძალიან მოვიწყინე მარტომ. ვფიქრობდი, ძმაკაცი დავკარგე-მეთქი.
მარიკამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ქმარს.
– ნიკა, რაღას ელოდები, დაურეკავ? – ჰკითხა მოუთმენლად.
– კი, აუცილებლად.
ნიკა რომ გავიდა, მარიკა დათოს მოუბრუნდა:
– იცოდე, რასაც გკითხავ, ჩვენ შორის უნდა დარჩეს. მომცემ ამის პირობას?
დათო შეიჭმუხნა.
– მარიკა, ნიკა ჩემი უახლოესი მეგობარია და მასზე ძვირფასი მარტო ჩემი დაა. ვერაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც მისი საწინააღმდეგო ან საზიანო იქნება.
– პირიქით, თუ გინდა, რომ ნიკა კარგად იყოს, უნდა დამეხმარო.
დათომ ხელები გაშალა:
– თქვენს ჩხუბში არ ჩავერევი. დამიჯერე, ეგ თვითონ უნდა მოაგვაროთ, სხვების დაუხმარებლად.
– მაგას არავინ გთხოვს. ნიკას შესახებ მაინტერესებს რაღაც. შენ ხომ მას ბავშვობიდან იცნობ?
– ჰო, ბავშვობიდან, საბავშვო ბაღშიც კი ერთად დავდიოდით.
– მამამისის შესახებ რა იცი? ვინ იყო? ნიკას ახსოვს? როდის გარდაიცვალა? ხომ არ იცი, რა დაემართა?
– მოიცა, მოიცა, ნუ მომაყარე ავტომატის ჯერივით. რა უნდა ვიცოდე? იყო კაცი და მოკვდა. მკვდარზე ხომ არ დავიწყებდი ლაპარაკს? ის ვიცი, რომ საფლავზე ადის ხშირად.
– ანუ, მამამისის საფლავი არსებობს?
დათომ წაუსტვინა:
– რას ნიშნავს – არსებობს? მკვდარი თუა, საფლავი როგორ არ ექნება?
– შენ გინახავს?
– რა? მკვდარი, თუ საფლავი? – გადაიხარხარა დათომ.
– მომისმინე, შენი ძმაკაცი ყოველთვის ასეთი იყო? – ყურადღება არ მიაქცია, მის სიცილს მარიკამ.
– ასეთი? რანაირი, შეყვარებული? თუ ის გაინტერესებს, შენამდე ჰყავდა თუ არა შეყვარებული, თამამად გპასუხობ: არა! სულ ეს იყო? ეს გაინტერესებდა? შენ რა გითხარი, მე კი გული გამისკდა.
– არა, ეგ არ მაინტერესებს. დათო, ნიკას საქციელში რამე არანორმალური ხომ არ შეგინიშნავს?
დათომ გაოცებით შეხედა მარიკას, საფეთქელთან საჩვენებელი თითი მიიდო და ნელა დაატრიალა.
– გოგო, რაებს მეკითხები. – საფლავი თუ გინახავსო... ნორმალური თუაო... რა გინდა, ტო?..
გაგრძელება შემდეგ ნომერში