როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ცხადიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცხადა.
ამავე ძირისაა გვარები: ცხადაია, ცხადაძე, ცხადაშვილი.
1781 წელს, სოფელ მარაბდაში მოიხსენიებიან გოსტაბაშვილების ყმები – გლახა და ბეცია ცხადიაშვილები.
საქართველოში 333 ცხადიაშვილი ცხოვრობს: მარნეულში – 107, თბილისში – 80, ჭიათურაში – 52. არიან სხვაგანაც.
ჯაშიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაშა.
სოფელ მუხათში გვხვდება აგრეთვე, ქალის მეტსახელი ჯაშია.
1698-1712 წლების ვენახის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ელიკა ჯაშიაშვილი.
1873 წლის კამერალური აღწერით, მოიხსენიებიან ენაგეთის ახალშენში მცხოვრები ჯაშიაშვილები.
საქართველოში 1 339 ჯაშიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 436, თბილისში – 362, თეთრი წყაროში – 267. არიან სხვაგანაც.
შარუმაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შარუმა.
გიგოლა და ციციკა შარუმაშვილები 1886 წელს დუშეთის მაზრის სოფელ წყურვალეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
საქართველოში 139 შარუმაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 72, გარდაბანში – 30, თეთრი წყაროში – 9. არიან სხვაგანაც.
ალიხანაშვილი
გვარი ისტორიულ წყაროებში გვხვდება ფორმით ალიხანასშვილი და ალიხანაშვილი. ის ქართული აზნაურული გვარ-სახელია. გვარის ფუძეა ალი და ხან-ი. ალი თურქულში პოპულარული სახელი იყო.
ისევე, როგორც ბევრი სხვა უცხოური სახელი, ალიხანაც გავრცელდა ქართველებში და შემდგომში ალიხანაშვილების გვარის ფუძედ იქცა.
ქვემო ქართლის 1721 წლის აღწერით, ერთ-ერთი ალიხანა, რომლის გვარიც უცნობია, ყოფილა ყაიყულში სოფელ სააკას მოურავი. იქვე მოიხსენიება ალიხანას სოფელი. შემდგომში ალიხანაშვილების გვარიც, ბევრი სხვა ქართული გვარის მსგავსად, რუსული ოვით გააფორმეს და ალიხანოვები სომხურ ეთნოსს მიაკუთვნეს.
ალიხანაშვილები, როგორც ვაჭრები, მოხვდნენ რუსულ საბუთებში, სადაც ალიხანოვებად ჩაწერეს.
ალიხანაშვილთა და იაგულაშვილთა გვარის ნაწილი ქვემო ქართლის მებატონეები იყვნენ.
ზალია და ბეჟან ალიხანაშვილები, 1721 წლის აღწერით, მებატონეები იყვნენ. ცხოვრობდნენ და ყმები ჰყავდათ სომხეთში.
„ალიხანასშვილები – გორში მცხოვრებნი, ქსნის ერისთავების მკვიდრი ვაჭრები. გიორგი მეფემ მათი წყალობა განუახლა დავით ქსნის ერისთავს.”
საქართველოში 409 ალიხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 128, თეთრი წყაროში – 62, მცხეთაში – 53. არიან სხვაგანაც.
ძულიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძულია.
1873 წლის აღწერით, ბორბალოში მოიხსენიებიან – მათე და გიორგი ძულიაშვილები.
ძულია ნურუაშვილი მოიხსენიება გოდერძი ყოინიძის მიერ მურმან გურგანიშვილისადმი მიცემულ გადაწყვეტილების წიგნში.
საქართველოში 695 ძულიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 199, თბილისში – 142, თელავში – 56. არიან სხვაგანაც.
ვარდიაშვილი-ვართანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვარდანა.
1823 წელს მარტყოფის მღვდელი ქართველია და სახელებიც და გვარებიც ქართულადაა ჩაწერილი. მოგვიანებით კი ვარდანაშვილის ნაცვლად ვართანაშვილი გვხვდება, რაც რუსულის გავლენით მოხდა.
1881 წელს ვარდისუბანში მოიხსენიება ვინმე ვარდანაშვილი.
საქართველოში 545 ვარდანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 311, გორში – 45. არიან სხვაგანაც.
მალიშავა
გვარის ფუძეა მეტსახელი მალიშა.
მალიშავას გვარის მეორე ვარიანტია მალიჩავა. მსგავსი შემთხვევა ბევრია ქართულ გვართა წარმოქმნის ისტორიაში. მალიჩავები ცხოვრობენ ალერტკასში, დიდ ნეძში, სენაკში. ტოპონიმებია: სამალიჩო – უბანი ყულიწყალსა და ოკულეს შუა.
ოლორიდან გამოქცეულა სამი ძმა მალიჩავა. ერთი ნეძში შეჩერებულა, მეორე – ხეციაში, მესამის ამბავი კი უცნობია. ცნობილია, რომ მალიჩავების „ჯინჯი ხატი” ილორი იყო და ამიტომაც, ამ გვარიდან ილორის ეკლესიის მნათეებს ირჩევენ.
საქართველოში 235 მალიშავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 122, თბილისში – 31, ხობში – 13. არიან სხვაგანაც.
გლახაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი, რომელიც ცრურწმენის საფუძველზეა შერქმეული. ქარელში გვხვდება შემდეგი სახელები: გლახა, გახა, გლახუა, გლახუკა;
გლახა ბადურაშვილი მოიხსენიება თეიმურაზ მეორის განჩინების წიგნში, 1753 წლის ნუსხაში.
1823 წელს, სოფელ ერტისში, აღწერის მიხედვით, გედევანიშვილების გლეხებად მოიხსენიებიან – გიორგი და დავით გლახაშვილები.
ახლად დაარსებულ სოფელ გოხნარში, 1873 წლის აღწერით, მოიხსენიება ღვთისავარ გლახაშვილი და მისი ოჯახი. ისინი 1872 წელს დუშეთის მაზრის სოფელ სეფედან გადასულან.
ამავე ძირისაა გვარი გლახუნაშვილი.
საქართველოში 69 გლახაშვილი ცხოვრობს: გორში – 41, თელავში – 12, ახმეტაში – 9. არიან სხვაგანაც.
მიქელაძე
მიქელაძე ეპონიმური გვარ-სახელია. მისი ფუძეა საკუთარი სახელი მიქაელი. მისგან არაერთი გვარია წარმოქმნილი. „ტბეთის სულთა მატიანეში,” რომლის შედგენას ახლანდელი ხელვაჩაურის რაიონის, მაჭახელას ხეობაში მეთერთმეტე საუკუნიდან შესდგომიან, ამ გვარის ხუთ სახესხვაობას ვხვდებით, კერძოდ: მიქელისძე, მიქელაური, მიქლატაულერი, მიქაშვილი, მიქელაისძე.
მიქელაძეთა გვარის შესახებ ბევრი ინფორმაცია არსებობს, თუმცა, მაინც დასადგენია მათი პირვანდელი საცხოვრებელი. აჭარაში მიიჩნევენ, რომ მიქელაძეები აჭარაში ოდითგანვე ცხოვრობდნენ.
გადმოცემის მიხედვით, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშიდან აჭარაში გადახვეწილი აბესალომ მიქელაძის თორმეტი თაობა ცხოვრობს. აბესალომს კაცი მოუკლავს, გვარად დადეშქელიანი და ხიხანს შეჰხიზვნია, თავი გამოუჩენია და მისთვის ცხენოსანთა რაზმის მეთაურობა მიუნდვიათ. შემდეგ, გავლენიანი ღორჯომელი ირემაძის ქალიშვილზე დაქორწინებულა და რვა შვილი ჰყოლია. ნენიიდან თანდათან გადასულან ისინი ჩანჩხალოში, დანასპარაულში, ქედის რაიონში, ორცვაში, დულოგანში, ხინოში, გურიაში, ბორჯომსა და თურქეთში.
მიქელაძეებს ვახუშტი ბაგრატიონი ქვემო იმერეთში წარმოჩინებულ და შეძლებულ თავადებად მოიხსენიებს.
მიქელაძეთა პირველი წარმომადგენელი, მანგასარ მიქელაძე, 1326 წლის ისტორიულ საბუთში მოიხსენიება. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით კი მიქელაძეები იმერლები არიან და მერე გადასახლებულან სხვადასხვა კუთხეში.
საქართველოში 9 454 მიქელაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 276, ქობულეთში – 1 191, ხელვაჩაურში – 1 152. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით