სტალინი მომავალ ცოლის დას სახიფათო დავალებებს ასრულებინებდა
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა, აბაკუმოვმა დავალება მიიღო, მას სტალინის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გადინების მიზეზების შესწავლა და შესაბამისი არხების, წყაროების მოპოვება ევალებოდა. ამ დავალების შესრულებისთვის, სპეციალური უფლებამოსილებები მოითხოვა და თანხმობაც მიიღო. უშიშროებამ მალევე დაიწყო ბელადის ყველა ნათესავის საბინაო და სატელეფონო მოსმენები, მათ კავშირებსა და კონტაქტებზე ასობით ჩეკისტი მუშაობდა. მსგავსი ღონისძიებები ადრეც ტარდებოდა, მაგრამ პერიოდული ხასიათი ჰქონდა. ახლა კი მეთვალყურეობა სისტემატური გახდა და „კანდიდატთა” რიცხვიც გაიზარდა. პირველ კანდიდატთა სიაში ანა და ევგენია ალილუევებიც აღმოჩნდნენ, ანამ 1946 წელს გამოსცა თავისი წიგნი „მოგონებები”, რომელიც 1917 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. მასში მთავარი თემა სტალინი იყო, რომელსაც ახასიათებს, როგორც პროფესიონალ რევოლუციონერს. მას ანას მამა – სტალინის სიმამრი, სერგეი ალილუევი ყოველთვის მხარში ედგა და მეგობრობდა ლენინსა და სტალინთან. ბოლშევიკებისთვის მათი სახლი კონსპირაციული ბინა იყო, ისინი 1903 წლიდან მათი ხშირი სტუმრები იყვნენ და სტალინი პირადად იცნობდა სერგეის ყველა შვილს (პავლეს, ფიოდორს, ანასა და ნადეჟდას), 1917 წლის ზაფხულიდან კი, პეტერბურგის ამ ბინაში, სტალინი ოფიციალურად ცხოვრობდა, ლენინი კი იმალებოდა. ანა მაშინ სტუდენტიც იყო და ბოლშევიკური პარტიის წევრიც, ხშირად პარტიული კურიერის როლსაც ასრულებდა. მას ბევრჯერ გაურისკავს და სახიფათო დავალებებიც შეუსრულებია, რადგან ბოლშევიკები კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებულები. მათ ოჯახში დაიწყო რომანი სტალინსა და ნადეჟდას შორის, რომელიც მაშინ 16 წლის იყო და გიმნაზიაში სწავლობდა. წიგნში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანი დეტალი დამახინჯებულადაა აღწერილი: ის, თუ საიდან და როგორ ფინანსდებოდნენ ლეგალური თუ იატაკქვეშეთში მცხოვრები რევოლუციონერები, როგორ იკვებებოდნენ. ისიც კი წერია, სტალინი ლენინს წვერს რომ პარსავდა. არადა, ძველი ბოლშევიკების მოგონებებიდან ჩანს, რომ შვეიცარიიდან, მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ ჩამოსულ ლენინს, წარმოდგენა არ ჰქონდა რევოლუციურ პეტერბურგში ცხოვრებაზე და სტალინი მას გრიმს უკეთებდა, რომ პოლიციას ხელში არ ჩავარდნოდა. შეუძლებელია, ამ და სხვა მსგავს ინფორმაციას, ბელადის გაღიზიანება არ გამოეწვია. მით უფრო, რომ ყველაფერი ელვის სისწრაფით ხვდებოდა მსოფლიო პრესის მოწინავე გვერდებზე. აღნიშნულს უშიშროების მოსმენების შედეგებიც დაემატა, საიდანაც ჩანდა, რომ როგორც ოჯახის წევრები, ისე იქ მყოფი სტუმრები, საბჭოთა ხელმძღვანელობისა და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. იგივე ხდებოდა ევგენია ალილუევას სახლშიც. ნოვგოროდელი მღვდლის ქალიშვილს პარტიული წარსული არ ჰქონია. პავლე ალილუევი სამოქალაქო ომის პერიოდში არხანგელსკის გუბერნიაში, ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსის წინააღმდეგ მებრძოლი პოლკის კომისარი გახლდათ. ბრძოლების დამთავრების შემდეგ, პოლკი ნოვგოროდში გადაიყვანეს. იქ მან ადგილობრივი მღვდლის, 21 წლის ლამაზი გარეგნობის ქალიშვილი – ევგენია ზემლიანიცინა გაიცნო და მასზე დაქორწინდა. ის თამამად ყვებოდა, მეუღლესთან ერთად, გერმანიაში მათი ცხოვრებისა და „მოღვაწეობის” შესახებ. სტალინმა პავლე 1926 წელს გერმანიაში სამხედრო ატაშედ წარგზავნა, სადაც ცოლ-ქმარი 1932 წლამდე ცხოვრობდა. მათი შვილებიც იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამავე დროს, მოსკოვის ცენტრში მათ შესანიშნავი სახლი ჰქონდათ. გერმანიაში მათ დრო არ დაუკარგავთ, ბოჰემური ცხოვრება ჰქონდათ, ყველას ყველაფერს უყვებოდნენ, საიდუმლოების რეჟიმს არ იცავდნენ, რის შესახებ მოსკოველ მეგობრებთან ტრაბახობდნენ კიდეც.
პირველად, 1947 წლის დეკემბერში, ევგენია ალილუევა და მოლოჩნიკოვი აიყვანეს პატიმრობაში ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით. ანალოგიური ბრალდებით, 1948 წლის იანვარში პასუხისგებაში მისცეს ანა ალილუევა. მათი საკითხი განსაკუთრებულმა სათათბირომ განიხილა, ანუ სასამართლოს გარეშე და 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯათ (ციხის რეჟიმი). შემდგომი წლების განმავლობაში ისინი ვლადიმირის ცნობილი ციხის ერთადგილიან საკნებში იხდიდნენ სასჯელს. მათი სახელები გასაიდუმლოებული იყო: მოლოჩნიკოვი – პატიმარი N 21, ევგენია – N 22, ანა – N 23. ნიკოლოზ მოლოჩნიკოვს სამშობლოს ღალატშიც დაედო ბრალი, ამიტომ ჯამში, 25 წელი მიესაჯა. მათ სრულად აღიარეს ჩადენილი დანაშაული და როგორც გაირკვა, სწორედ მათი ჯგუფი იყო სტალინის პირად ცხოვრებაზე ცრუ, მაკომპრომეტებელი ინფორმაციის გადამცემი მთავარი წყარო. ის ჩვენებები ამჟამადაც ინახება, თან უტყუარი მტკიცებულებებიც ერთვის. ისე, პირველი საბჭოთა ოჯახის (ასე უწოდებდნენ სტალინის ოჯახს) მოღალატეებს, ბოლოს მაინც გაუმართლათ. ბელადის სიკვდილის შემდეგ, ბერიას განკარგულებით, 1953 წლის აპრილში ისინი ჯერ ლავრენტი პავლოვიჩთან გადაიყვანეს ლუბიანკაზე, სადაც ნორმალური პირობები ჰქონდათ, ივნისში კი, ბერიას დაპატიმრების შემდეგ, საერთოდ გაათავისუფლეს. სტალინის ქალიშვილი იხსენებს, რომ 1948 წელს დაგვიანებით, მაგრამ მოხერხებულ მომენტში ჰკითხა მამას — რა დააშავეს ჩემმა დეიდებმა, რატომ სხედან ციხეშიო. მტრების გასახარად ბევრი იცოდნენ და ბევრს ლაპარაკობდნენო, უპასუხა ბელადმა.
ქალიშვილი
საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ელიტის პირადი ცხოვრება ათწლეულების განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული, სრულიად დაფარული და ტაბუდადებული. ამიტომ, შეიქმნა ლეგენდები, რომელთაც სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ასეთი ლეგენდები სტალინის ქალიშვილის, სვეტლანას სახელთანაცაა დაკავშირებული. თუმცა, საბოლოოდ, დაფარული არაფერი რჩება, N 1 საბჭოთა ოჯახშიც ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან. შვილებს შორის სტალინი მხოლოდ სვეტლანას ათამამებდა, არცთუ განსაკუთრებული სილამაზის, მაგრამ უდავოდ, ნიჭიერ ბავშვს. სვეტა ბევრს კითხულობდა, კარგად სწავლობდა უცხო ენებს. სტალინის დაუძინებელი მტერი, ლევ ტროცკიც კი წიგნში „სტალინი” წერს, რომ მამა-შვილს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჰქონდათ, მეტიც იმ დონეზე ათამამებდა ბელადი მას, რომ ცოლიც კი – ნადეჟდა საყვედურობდა: კოცნითა და სხვადასხვა თამაშებით ანებივრებო. თამაშებს შორის საბჭოთა პრინცესას „მამასახლისობა“ უყვარდა, როცა მამას სხვადასხვა ბრძანებას აძლევდა. ბელადი კი შესრულებაზე აწერდა ხელს – „არის“. ასეთი ფურცლები დღეს სამუზეუმო ექსპონატებია: „მამა, გიბრძანებ, ჩაიცვა „შუბა“, გარეთ ყინვებია, 15.12.1938 წ“; – „ჩემო ძვირფასო, მამიკო, იძულებული ვარ, ძველ, გამოცდილ მეთოდს მივმართო და წერილს გიტოვებ. შენ ვინ დაგელოდება, ყოველთვის გვიან მოდიხარ, ამიტომ გიბრძანებ, კარგად ჭამო და ბევრი არ დალიო. გკოცნი ბევრს, ბევრს. გიბრძანებ, სახლში მალე მოხვიდე ხოლმე, გიცხადებ, სასტიკ საყვედურს. 11.10.1940 წ; – ჩემო მდივანო, შენმა უფროსმა დღეს 5-იანი მიიღო სკოლაში, მეორეს ხვალ მიიღებს. სახლში რომ მოხვალ, ბევრი ჭამე, იქნებ ხვალ მაინც მოხვიდე დროზე“. სვეტას ბოლო „ბრძანებას“ რეზოლუციაც ადევს: „ჩემო ჩიტუნია, ვემორჩილები უფროსობას, ხვალ ადრე მოვალ, გკოცნი ბევრს.” ასეთი წერილები მრავლადაა, რთული არაა იმის გაგება, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამა-შვილს. მაგრამ, მალე ომი დაიწყო და თამაშებისთვის არავის ეცალა. სვეტას სამივე ძმა: იაკობი, ვასილი და არტიომა (სტალინმა დაღუპული რევოლუციონერის ბავშვი იშვილა და საკუთარ შვილებთან ერთად გაზარდა) ომში წავიდნენ. სვეტლანას ძიძასთან ერთად ევაკუაციაში მოუწია წასვლა. ყველაზე ცუდად პრინცესას ეს პერიოდი ახსოვს – ძმებისა და მამის ყურადღებისა და მოფერების გარეშე დარჩა. თუმცა, როცა ომის ღრუბლები ოდნავ გადაიფანტა, 1942 წლის ბოლოს, მამამ მოსკოვში დაიბარა და არა ჩვეულებრივ, რიგით საღამოზე, არამედ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გამართულ მიღებაზე წაიყვანა და წარუდგინა კიდეც სტუმრებს, მხოლოდ ერთი წინადადებით: „ეს ჩემი ქალიშვილია”. იაკობი და არტიომა, ფრონტზე იბრძოდნენ, მაგრამ ვასილის სხვა გრაფიკი ჰქონდა. სამხედრო-საჰაერო ოპერაციების შემდეგ მფრინავები მოსკოვშიც ახერხებდნენ ყოფნას. ვასილიმაც ისარგებლა შემთხვევით და თავისი და ზუბალოვოს აგარაკზე წაიყვანა, სადაც საღამოებს აწყობდა ხოლმე მფრინავ მეგობრებთან, ცნობილ მსახიობებთან და მწერლებთან ერთად. აქ გაიცნო სვეტლანამ კინორეჟისორი ალექსეი კაპლერი, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო. ის მას სკოლაშიც კი აკითხავდა. როცა ბელადს ამის შესახებ მოახსენეს, აღშფოთდა და საიდუმლო დაცვას, რომელიც შვილზე ჰყავდა მიმაგრებული, დაწვრილებითი ინფორმაცია მოთხოვა. როცა დარწმუნდა, რომ უტყუარი ცნობები იყო, სვეტლანა თავისთან დაიბარა. მამასთან შეხვედრა სვეტასთვის ადვილი არ იყო, ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მართალიც იყო, მამის რისხვას ვერ გადაურჩა და პირველად ცხოვრებაში, სილაც მიიღო, თან, როგორც თავად ამბობს, „სამამულო ომია, შენ კი თურმე რით ხარ დაკავებული. ჩემი ბრალია, მე გაგათამამე, – უყვიროდა სტალინი, – შეხედე შენს თავს, მაგ კაცს ირგვლივ ქალების მეტი რა ჰყავს. წესიერი, პატიოსანი რუსი ახალგაზრდა ბიჭი მაინც გენახა...” ამის შემდეგ კაპლერთან ერთად გადაღებული სურათები ამოუღო, თვალწინ დაუხია და სანაგვეში ჩაყარა. არც პირველი ქორწინება მოეწონა სტალინს – სიძე სიონისტებმა შემოგვიგდესო, ხუმრობდა ხოლმე. გრიგორი მოროზოვი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა. მაგრამ, როცა სვეტამ შვილიშვილი, თან იოსები აჩვენა, ამხელა კაცი დადნა და წამოსცდა – ბავშვს კეთილი თვალები აქვსო.
P.S. ბელადთან ნათესაობა პრივილეგიებს, ან რაიმე სახის უპირატესობას, არავის ანიჭებდა, ერთადერთი გამონაკლისი იყო, ქალიშვილი სვეტლანა. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ დაისაჯნენ მისი უახლოესი ოჯახის წევრები. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ნათესაობის გამო, მათ შეზღუდვები ჰქონდათ — კარგადაც ცხოვრობდნენ და მნიშვნელოვანი პოსტებიც ეკავათ. სტალინი ყველას აფრთხილებდა, შეცდომა არ დაეშვათ, უმიზეზოდ არასდროს, არავინ დაუსჯია.
გამომცემლობა „მარტინი“ – 2006 წელი.