რატომ არ შეიძლება წითელანთებული საწვავის დონის მაჩვენებლით დიდხანს სიარული
ზამთარის დადგომასთან ერთად სულ უფრო გახშირდა ისეთი ავტომობილების დანახვა, რომლებსაც ავარიული სიგნალები ჩართული აქვთ ანუ მწყობრიდანაა გამოსული. მევლუდ მელაძე დღეს იმ თემებს გაუსვამს ხაზს, რომელსაც ძალით ვიწვევთ ჩვენ ავტომობილში:
მევლუდ მელაძე: ძალიან ხშირად მინახავს, სულ უმნიშვნელო პრობლემის გამო რაღაც ტრაგედიას ქმნიან და მძღოლები საათობით დგანან ქუჩაში. პირველი – ეს არის ქართველების ყველაზე მავნე სენი – სანამ საწვავი ნულზე არ ჩამოვა, მას არ ამატებენ. ზოგიერთ ავტომობილს უკვე წითელი უნთია, მაგრამ რადგანაც მაინც მიდის, მძღოლები ამბობენ, ცოტაც გაიაროს და დავამატებო. არადა, საწვავიც მაშინ უნდა დავამატოთ, როდესაც ისარი წითლის ზევით მეორე ხაზზეა გაჩერებული. ასე თუ მოიქცევით, უპირველესად, მუდმივად დაძაბულები არ იქნებით, იმის გამო როდის და სად ჩაქრება თქვენი მანქანა და რაც მთავარია, საწვავის სისტემა არ დაზიანდება. როდესაც ავტომობილში ცოტა საწვავია, მისი საქაჩი, „ნასოსი“, ხშირად მშრალად მუშაობს და ფუჭდება. თან საწვავს მცირე რაოდენობით ამატებენ და შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი მძღოლი სულ „წითელანთებული“ დადის, მაგრამ ვთქვათ, ავტომობილი ჩაქრა, მაშინ, როდესაც საწვავი გვაქვს, ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რა სჭირს ჩვენს ავტომობილს. ავტომატური მართვის კოლოფის მქონე მანქანებზე განსხვავებული რამ ხდება, ამიტომ ჯერ მექანიკურზე ვისაუბროთ. ვთქვათ, ავტომობილი უცებ „მკვდრად“ ჩაქრა. ანუ ავტომობილი სვლას განაგრძობს, მაგრამ ისე, თითქოს გაზიდან ფეხი ავუშვით. მხოლოდ ინერციას მიჰყავს და მოძრაობას ანელებს. თუ ამ დროს ხელსაწყოების პანელზე რაღაც ნათურები აინთო, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გადაბმის წყვეტა მოხდა ან გასაღების ბუდე დაზიანდა. ისეთი რამ ხდება, თითქოს, გასაღები გამოიღეთ და კონტაქტი დაირღვა. სვლის შეუნელებლად, ჩვენ შეგვიძლია, გასაღები რამდენჯერმე გადავატრიალოთ, ანუ მანქანა გამოვრთოთ და ხელახლა ვცადოთ დაქოქვა. თუ მანქანა დაიქოქა და წავიდა, ესე იგი, ბუდის პრობლემა იყო. ხელსაწყოების პანელზე არც ერთი ნათურა არ აინთო, ესე იგი, ჩვენს ავტომობილში რაღაც მოწყობილობა გაფუჭდა და სავარაუდოდ, ეს ან დენის ან საწვავის მიმწოდებელი იქნება. ეს უფრო დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, თუ მანქანის ძალიან ძველი მოდელი არ გყავთ. ახალ მოდელებს ძალიან ბევრი დამცავი მექანიზმი აქვს და, შესაბამისად, ბევრი ნათურაც აინთება. ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მოდელი გყავთ თქვენ თუ ძველი, პრობლემის სათავე ეს ორი მოწყობილობაა.
– რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?
– თუ ჩვენი მანქანა ძალიან ძველი არ არის და საწვავის მოწოდების ელექტრომოწყობილობა აქვს, ანუ ბენზინის ელექტროპომპები, ჩვენ შეგვიძლია, მარტივი ტესტი ჩავატაროთ. მანქანა უნდა გავაჩეროთ და გამოვრთოთ. დაქოქვისას კი, მან ზმუილივით ხმა უნდა გამოუშვას, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნასოსი“ ცდილობს სისტემას საწვავი მიაწოდოს. თუ ეს ხმა არ არის, ესე იგი „ნასოსი“ არ მუშაობს. მაგრამ შესაძლოა, „ნასოსი“ არ გაფუჭებულიყო და მხოლოდ მისი მცველი დამწვარიყო, რაც ძალიან ხშირი პრობლემაა. ამიტომ არ უნდა დავიბნეთ, ავტომობილს კაპოტი უნდა ავხადოთ და მცველების კოლოფი ვიპოვოთ. მცველების ყუთი სხვადასხვა ავტომობილს სხვადასხვა ადგილას აქვს. თუ არ ვიცით, სად არის, შეგვიძლია, გამვლელს ან ტაქსის მძღოლს ვკითხოთ, ძირითადად, მცველების კოლოფი ან საჭის მარცხენა ქვედა კუთხეშია ან ძრავის სექტორშია მოთავსებული და ძალიან იოლი საპოვნელია. მთელ ჩვენს ავტომობილში, ყველა მცველი ერთადაა თავმოყრილი და მისი შემცვლელებიც იქვეა. ეს არის დიდი ყუთი, რომელიც იოლად იხსნება და იქვე დამცველის ამოსაღები პატარა პლასტმასის მოწყობილობა დევს. შეგვიძლია, მცველები რიგრიგობით ამოვიღოთ, შუქზე გავხედოთ და თუ გადაბმულობა არ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ის გაფუჭდა. სხვათა შორის, ყუთის სახურავზე აწერია, რომელი მცველი რისთვისაა განკუთვნილი და ძალიან მარტივად ვიპოვით. ვთქვათ ბენზინის პომპის მცველს ეწერება „FUEL POMP“, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც გაწყვეტილი დამცველის პოვნა ძალიან ადვილია. იქვეა შორს მაშუქი, ახლო მაშუქი ფარების მცველი და სხვა. ამიტომ თუ დღეა, შეგვიძლია, ერთი ფარის მცველი ამოვიღოთ და დროებით შევცვალოთ, სანამ მაღაზიამდე ან ბაზრობამდე მივალთ. ღამე ქუჩაში დგომას აჯობებს, ერთი ფარი ჩააქროთ და მანქანა დაძრათ.
– ფარის ნათურის მცველი „ნასოსის“ მცველად გამოდგება?
– ყველა მცველს აწერია, თუ რამხელა დაძაბულობას უძლებს. თუ პრობლემა სხვა რამეშია, ჩვენ მარტივად შეგვიძლია მცველების ყუთში პრობლემის გადაჭრის ხერხი ვიპოვოთ. ვთქვათ, რომელიღაც მცველი გაფუჭდა, რომელიც 20-ამპერიან დაძაბულობას უძლებს. იმავე სიმძლავრის სხვა მცველს ვიპოვით და მარტივად შევცვლით. მთავარია პრიორიტეტის სწორად განსაზღვრა. შეიძლება, დაუსახლებელ პუნქტში მივდივართ და შორს მაშუქი ფარი გაგვიფუჭდა. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია მაჭუტის მცველი ამოვიღოთ და იქ გადავსვათ. ანუ, თუ ავტომობილი ასე მოულოდნელად ჩაქრა, მცველის პრობლემა იქნება, რადგან ის პირველი ფუჭდება, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მცველი, უბრალოდ, არ იწვება, ამის გამომწვევი რაღაც მიზეზი აუცილებლად იარსებებს, რაც მანქანის დაქოქვის შემდეგ უნდა გადაამოწმოთ. შეიძლება ამ შეცვლილმა მცველმა დიდხანს იმუშაოს, მაგრამ მაინც დაიმახსოვრეთ, რომ ავტომობილი, ისევე როგორც, ადამიანი, თუ ერთხელ წაიბორძიკებს, სულაც რომ თავისთავად გასწორდეს, ესე იგი, ამის რაღაც მიზეზი აქვს და ის მომავალში თავსატეხს ისევ გაგიჩენთ.