რა ტემპერატურაზე იწყებს ლპობას ცელოგინა და როდის წყვეტს ზრდას პასიფლორა
ზამთარი უამრავ მცენარეს გადააქვს რთულად. მათგან ზოგიერთს მაღალი ტემპერატურა და კარგი პირობების შექმნა სჭირდება გამოსაზამთრებლად. „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე აგვიხსნის, რომელი მცენარეები უნდა დავიცვათ სიცივისგან და დასაშვებია თუ არა მათთვის გამათბობელთან ახლოს ყოფნა.
– ბატონო ამირან, მოგვიყევით ცელოგინას შესახებ...
– ცელოგინა ულამაზესი და ქოთნისთვის ძალზე მოხდენილი, ნახევრად ტროპიკული მცენარეა. ის ორქიდეების ჯიშის ერთ-ერთი სახეობაა და ამიტომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
– რას გვირჩევთ, როგორ მოვუაროთ მას ამ სეზონზე?
– ამ მცენარეს ბოლქვოვანი ტანი აქვს, რომელშიც ინახება წყლის მარაგი და თვეების განმავლობაში მას წყალი არ სჭირდება. ამიტომ, გირჩევთ, ზამთარში მორწყვისგან თავი შეიკავოთ. თუ შეამჩნევთ მცენარეს, რომ ოდნავ მომჭკნარია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წყალი სჭირდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში მორწყეთ.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე ზამთრის სეზონზე და ეგუება თუ არა ის სიცივეს?
– ცელოგინა ვერ იტანს სიცივეს, დაბალ ტემპერატურაზე ის ლპობას იწყებს. ამიტომ, გირჩევთ, ამ პერიოდისთვის თბილი ოთახი შეურჩიოთ.
– როგორ იმოქმედებს მასზე ოთახის გამათბობელი, ხომ არ ავნებს მის ფოთლებს?
– მთავარია, მცენარე არ იდგას გამათბობელთან ძალიან ახლოს, სხვა შემთხვევაში კი დასაშვებია.
– როდის ყვავის ეს მცენარე?
– მცენარე ყვავის წელიწადის სხვადასხვა სეზონზე, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით. შესაძლებელია, იყვავილოს ერთხელ ან ორჯერ, თუმცა, შეიძლება, ცელოგინა არც კი აყვავდეს, თუკი ის ვერ ეგუება ნიადაგს, რადგან მჟავიანობა მასზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ, გირჩევთ, ჩარგათ ის ხავსისა და ხის ქერქის ნაზავში. თუ ნესტს არ მოაკლებთ, იოლად იყვავილებს. მისი ყვავილების რამდენიმე ფერი არსებობს: თეთრი, ყვითელი, წითელი. ის საკმაოდ უცნაური მცენარეა – ყოველი ახალი ფოთლის ბოლოს ახალი ფესვი ამოსდის, ძველი კი კვდება.
– სად დავდგათ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე ცელოგინა?
– ზაფხულის დღეებში გირჩევთ, მზეზე არ ამყოფოთ, რადგან მას არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები, თავს კარგად გრძნობს ჩრდილში. რაც შეეხება ამ სეზონს, ცელოგინა აუცილებლად ამყოფეთ ბინაში, რათა დაბალ ტემპერატურაზე არ დალპეს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს სასურველია, მცენარე იყოს რაც შეიძლება დაკიდებულ მდგომარეობაში და სიმაღლეზე.
– რით მრავლდება ცელოგინა და გვირჩევთ თუ არა მისთვის დამატებითი საკვების მიწოდებას?
– მცენარე მრავლდება ამონაყარით ან გაყოფით, თუმცა, ეს კარგად ხდება ორანჟერეების პირობებში, ბინაში კი გაგიძნელდებათ. ამიტომ, ეცადეთ, არ გაყოთ ის და დატკბეთ მისი სილამაზით.
სხვა ორქიდეებისგან განსხვავებით, ცელოგინას სჭირდება ვიტამინები.
– რომელ ვიტამინებს გვირჩევდით?
– მცენარეს მიაწოდეთ მხოლოდ ფოთლის მკვებავი ვიტამინები ან ფესვებზე მოსასხმელი, რათა ფესვიდან გამოიკვებოს.
– ექვემდებარება თუ არა ცელოგინა გასხვლას?
– მცენარეს არ მოაცალოთ ზედმეტი ფესვები, რადგან მისი გასხვლა არ შეიძლება. ცელოგინას სიმაღლე ისედაც არ აღემატება 20 სანტიმეტრს და მისთვის კომპაქტური ფორმის მიცემა და გასხვლა არ დაგჭირდებათ.
– ემუქრება თუ არა ამ მცენარეს მავნებლების გაჩენის საშიშროება?
– ცელოგინა საკმაოდ უპრეტენზიო და იოლად მოსავლელი მცენარეა. მას არ უჩნდება მავნებლები, რადგან თვითონაა შხამიანი. ის მწერებს იოლად აფრთხობს და ვერც ერთი მავნებელი ვერ ეკარება.
თუ ერთ წელიწადში არ მოგცათ ყვავილი, ნუ შეშინდებით, კიდევ ერთი წლის განმავლობაში ის უფრო მოძლიერდება და შემდეგი წლისთვის უხვად და ხანგრძლივად იყვავილებს.
– და, ბოლოს, კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე ცელოგინას გახარებისას?
– შესაძლებელია, მცენარეს ამ დროს დასვენების დიდი პერიოდი ჰქონდეს. ამიტომ, დადგით ის 20-25 გრადუს ტემპერატურაზე და ეცადეთ, ბევრი წყალი არ მიაწოდოთ. მოვლის სხვა პირობები ზამთარში მას არ სჭირდება, ამიტომ, შეგიძლიათ, მშვიდად გაატარებინოთ დასვენების პერიოდი.
– როგორც ვიცი, სიცივეს პასიფლორაც რთულად ეგუება, როგორ მოვუაროთ ამ მცენარეს ზამთარში?
– დიახ, ეს მცენარე ნამდვილად ვერ უძლებს ყინვას. მისი ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 11-15 გრადუსია. რაც უფრო მეტ სითბოში იქნება ამ სეზონზე მცენარე, მით უკეთესია. ოთახის გამათბობელი არც მასზე არ მოქმედებს, მხოლოდ ეცადეთ, მასთან ძალიან ახლოს არ დადგათ.
– კიდევ რას გვეტყვით ამ მცენარის შესახებ?
– პასიფლორას მრავალი სახეობა არსებობს. ყოველი მათგანი სწრაფად მზარდია და კარგად გრძნობს თავს ოთახის პირობებში. ეს სახეობა თითქმის ყველგან ხარობს, თუმცა, ძალიან ცივ რეგიონებში მაინც უჭირს გახარება.
– რა სიხშირით მოვრწყათ პასიფლორა წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და, განსაკუთრებით – ახლა?
– ამ მცენარეს მთელი წლის განმავლობაში რეგულარული მორწყვა სჭირდება, ზამთარში კი ის ზრდას წყვეტს და ამ დროს სასურველია, იშვიათად მორწყათ.
– დასაშვებია თუ არა მცენარის გასხვლა და სად გვირჩევთ მის დადგმას?
– პასიფლორას გასხვლა არ ვნებს. კომპაქტურობის მისაღწევად მცენარე ყოველ გაზაფხულზე მოკლედ გადაჭერით, მთავარი ტოტები მხოლოდ 25 სანტიმეტრი სიმაღლის დატოვეთ. თუ ის კარკასზეა დახვეული, გვერდითა რტოები 3-4 სანტიმეტრზე მოაჭერით. ახალი გრძელი ყლორტები კი, კარკასს ან რგოლს შემოახვიეთ. ხვიარა ყლორტები არ წააჭრათ – ულვაშები მცენარეს კარკასზე დააკავებს. მისთვის ყველაზე კარგი ადგილი ზამთრის ბაღია.
– რა ზომის იზრდება ეს მცენარე და როგორ სინათლეზე გვირჩევთ მის გაჩერებას?
– პასიფლორა დაახლოებით 75 სანტიმეტრ სიმაღლეს აღწევს. უწყვეტი ზრდისა და უხვად ყვავილობისთვის კი სინათლე არ მოაკლოთ.