მწვანე კუთხე
კითხვა: იქნებ დაახასიათოთ ასპარაგუსი, მის გაზრდას ვაპირებ და მაინტერესებს გამძლეა თუ არა?
პასუხი: ამ მცენარეს ძალიან რბილი და ფუმფულა ფოთლები აქვს. მისი გაზრდა თამამად შეგიძლიათ, რადგან ძალიან გამძლე და უპრეტენზიოა. ძალიან კარგად იტანს სიცხესაც და უწყლობასაც. ზაფხულში მიაწოდეთ მინერალური სასუქი. რეგულარულად მორწყეთ და სინათლეზე დადგით. მისთვის იდეალურია 16-22 გრადუსი. ზამთარში 7 გრადუსსაც აიტანს. მცენარემ შეიძლება, სამ მეტრ სიმაღლესაც მიაღწიოს, ამიტომ თუ ბინაში დიდი ფართი არ გაქვთ, გირჩევთ, ჯუჯა ასპარაგუსი შეიძინოთ. შეგიძლიათ მცენარე სააბაზანოში დადგათ ან საკიდ კალათაში მოათავსოთ.
კითხვა: როგორი პირობები შევუქმნა ბილბერგიას, რომ იყვავილოს? რამდენიმე წელია, არ უყვავილია.
პასუხი: ბილბერგიას ვარდისფერი ან ცისფერი ყვავილები ამოსდის. მუდმივად ეცადეთ, სითბო და წყალი არ მოაკლოთ და მცენარე მთელი წლის განმავლობაში იყვავილებს. მისი აქტიური ყვავილობის პერიოდი კი გაზაფხულ-ზაფხულშია. მუდმივი ყვავილობისთვის ტემპერატურა 24 გრადუსამდე უნდა იყოს. მცენარე ნათელ, სასტუმრო ოთახში დადგით და დატკბით მისი მშვენიერებით. ზედმეტი ყურადღება ბილბერგიას არ სჭირდება. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი მცენარე აუცილებლად იყვავილებს.