ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მინდოდა, პეკინესის ყიდვა, მაგრამ როგორც მითხრეს, ამ ჯიშის ძაღლებს ძალიან სუსტი ჯანმრთელობა აქვთ. მაინტერესებს, შეესაბამება ეს თუ არა სიმართლეს?
პასუხი: ამ პასუხში, გარკვეულწილად არის სიმართლის მარცვალი. შესაძლებელია, პეკინესს ბევრი დაავადება ანატომიური აგებულების გამო შეეყაროს. მაგალითად, ხშირია თვალების ტრავმა, რადგან საკმაოდ გამოწეული თვალის კაკალი აქვს. გაღუნული ფეხების „წყალობით“, არცთუ იშვიათად, აწუხებს სახსრები და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ მიზეზების გამო, პეკინესს დიდი ყურადღება და კარგი მოვლა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიმე დაავადება შეეყრება. საკმარისია, რამდენიმე დღის განმავლობაში ბეწვი არ დავარცხნოთ, რომ, შესაძლოა, სველი ეგზემა დაემართოს. თუ დროულად არ დააჭრით ბრჭყალებს, ნუნების ანთება დაემართება და დაკოჭლდება. ასე რომ, პეკინესის ჯანმრთელობა მისი პატრონის მზრუნველობაზეა დამოკიდებული.
კითხვა: ძაღლისთვის რა უფრო სასარგებლოა – უმი ხორცი თუ მოხარშული?
პასუხი: უმჯობესია, ხორცი ცოტა ხანს ცხელ წყალში ჩადოთ და პირველი წამოდუღებისთანავე ამოიღოთ. ხორცი ხარშვისას კარგავს მარილებს, იცვლება ცილების სტრუქტურა. ამიტომ, კარგად მოხარშული ხორცის მიცემა არ არის სასურველი.
კითხვა: მყავს ერთი წლის გერმანული დოგი, 80 სანტიმეტრია სიმაღლით და ზრდა შეწყვიტა. მაინტერესებს, ეს ნორმას შეესაბამება, თუ რამე დაავადების ბრალია?
პასუხი: თქვენს ძაღლს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. გერმანული დოგი ყველაზე დიდი ტანის, ძლიერი და ლაზათიანი გარეგნობის სასამსახურე ძაღლია. ხვადის სიმაღლე არანაკლებ 80, ხოლო ძუსი – 74 სანტიმეტრია.
კითხვა: მინდა, კავკასიური ძაღლის შეძენა, მაგრამ ერთი რამის გამო ვიკავებ თავს. კორპუსის ბინაში ვცხოვრობ და შეიძლება, ამ ჯიშის ძაღლის ყოლა დაკეტილ სივრცეში?
პასუხი: დაივიწყეთ ამ ჯიშის ძაღლის აყვანა, რადგან კორპუსის ბინაში მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. ძაღლიც ცოდოა, თქვენც და თქვენი მეზობლებიც. ამიტომ, ჩემი რჩევაა, თუ ძაღლის ყოლა გინდათ, არჩევანი სხვა ჯიშზე შეაჩეროთ.