კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აღნიშნავდა ილია თავის საკოლექციო ნიმუშებზე წითელი და ლურჯი ფანქრებით

დიდი ილიას პირადი ბიბლიოთეკის ყოველი წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, ხელნაწერი და თუნდაც, მისი ხელშენახები დაუწერელი ფურცელიც კი, ძვირფასია.  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ილიას კოლექციის შესახებ ჩვენი რესპონდენტი, იშვიათ გამოცემათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ნინო ხვედელიძე გვესაუბრება.

 

– რა ბედი ეწია ილიასა და „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“ დაცულ კოლექციებს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ?

–  გასაბჭოების შემდეგ, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ კოლექცია თბილისის რევკომის მფარველობის ქვეშ გადავიდა. 1922 წელს ეს განათლების სახალხო კომისარიატს დაექვემდებარა, ხოლო წიგნსაცავ-მუზეუმი სახელმწიფო კუთვნილებად გამოცხადდა. 1925 წელს წიგნსაცავ-მუზეუმი თბილისის უნივერსიტეტს გადაეცა, ორი წლის შემდეგ კი საზოგადოებამ არსებობა შეწყვიტა. განათლების კომისარიატის კოლეგიამ დაადგინა: „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დარჩენილი ქონება, ილიასეული სახლი თბილისში, საზოგადოების დამაარსებელთა სურათები და ილიას ძეგლი, გადასცემოდა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირს. საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი უნივერსიტეტში იყო განთავსებული. 1937 წლის ზაფხულში, მთავრობის განკარგულებით, საზოგადოების ბიბლიოთეკა მთლიანად გადაეცა მარქსის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკას. ტრანსპორტირებისას არაერთი ეგზემპლარი დაიკარგა. სამწუხაროდ, წიგნების ჩაბარებისას, არ იქნა დაცული კოლექციის დაუშლელობის პრინციპი. საჯარო ბიბლიოთეკაში „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ფონდი დაშალეს და ბიბლიოთეკის სხვადასხვა ფონდებს შეუერთეს. 

1945 წელს დაიწყო ილიას პირადი ბიბლიოთეკის ეგზემპლართა მოძიება. 1957 წელს მწერლის დაბადებიდან 120 წლისთავზე გამოიცა კატალოგი თამარ მაჭავარიანის ავტორობით. თუმცა, ილიას კოლექციაში გაცილებით მეტი წიგნი უნდა ყოფილიყო. მუშაობა და ძიება გრძელდებოდა.

 30 წლის შემდეგ დაიბეჭდა მეორე, შევსებული, მაგრამ არასრული გამოცემა. მრავალი წიგნის მოძიება მაინც არ ხერხდებოდა.  1999 წელს ბიბლიოთეკის დირექტორის ბრძანებით, გადაწყდა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ფონდის გამოყოფა ბიბლიოთეკის ფონდებიდან. ამ ამოცანის განხორციელება საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს ლევან თაქთაქიშვილს დაევალა. მისი უშუალო მონაწილეობით დაიწყო საჯარო ბიბლიოთეკის 1937 წლის საინვენტარო წიგნებზე მუშაობა. საზოგადოების ბიბლიოთეკის ეგზემპლარები ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა ფონდში მოიძებნა.

საბოლოოდ, აღდგა საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდი იმ საინვენტარო ნომრებით, რომლებიც მათ „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ბიბლიოთეკაში ჰქონდათ.  მივაკვლიეთ: ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძის, იაკობ გოგებაშვილის, რაფიელ ერისთავის, პეტრე უმიკაშვილის, დავით ჩუბინაშვილის და სხვათა პირად კოლექციებს. 

ილია ჭავჭავაძის კოლექციის წიგნები წითელი და ლურჯი ფანქრითაა დანომრილი, რომელთა შესახებაც სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს რიცხვები თაროზე წიგნების რიგითობის აღმნიშვნელია და ეგზემპლარები მათ მფლობელს გადაუნომრავს.

– რომელი უნიკალური და საინტერესო წიგნებია დაცული ილიას პირად კოლექციაში?

– ილიას პირად კოლექციაში მეცნიერებისა და კულტურის თითქმის ყველა დარგის წიგნი, გაზეთი და ჟურნალია თავმოყრილი, რაც მწერლის ინტერესების მრავალფეროვნებას ადასტურებს. რაოდენობრივად ყველაზე მეტი მხატვრული ლიტერატურაა. თუმცა, ბიბლიოთეკა თემატურად მოიცავს: ისტორიისა და სამართლის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, გეოგრაფიისა და ეკონომიკის, განათლებისა და გრამატიკის, სოფლის მეურნეობისა და მედიცინის დარგებს. წიგნები დაბეჭდილია, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე.  ქართული ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მათ შორისაა 1884 წელს თბილისში გამოცემული „დაბადება”; მიხეილ თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”; დიმიტრი ბაქრაძის „ისტორია საქართველოსი”. აქვეა ძველნაბეჭდი წიგნები: მოსკოვში დაბეჭდილი 1816 წლის „ახალი აღთქმა” და 1768 წლის „ჟამნი”; 1712 წელს ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი”; 1886 წელს გამოცემული „ქილილა და დამანა” და „დავითნი”. ბოლო სამი წიგნი განსაკუთრებით ჰყვარებია მგოსანს. 

ილიას კოლექციაში მრავალი ნაჩუქარი წიგნია საინტერესო წარწერით. ამ წიგნებს შორის ვხვდებით განსაკუთრებულ ეგზემპლარებს, რომელთათვისაც ყდები სპეციალურად ილიასთვის შეუკვეთავთ. ერთ-ერთი ასეთი წიგნია ა. კალინოვსკის „დჰå ïðჭâჰჭ? თñòîðèÿ აôîíñêîჯî ìîíჭñòûðÿ“. ის 1885 წელს პეტერბურგშია გამოცემული. ოქროსვარაყიანი წიგნი მუყაოზე გადაკრულ, მუქ იასამნისფერქსოვილიან ყდაშია ჩასმული. ეგზემპლარი ბერ ბენედიქტეს მიუძღვნია ილიასთვის. ბერი ბენედიქტე ბარკალაია მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციან წლებში ჩამოვიდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან. იგი ცდილობდა, საზოგადოებაში ინტერესი აღეძრა ივერთა მონასტრისადმი, რათა მასზე კუთვნილი უფლება დაებრუნებინა ქართულ სამღვდელოებას. ცხადია, ბერი დახმარებისთვის ქართული ეკლესიისა და ქართველი ერის გულშემატკივარ მწერალს მიმართავდა.

– ილიას ოჯახში ხშირად ეწყობოდა ალეგრის გათამაშებაო. ვიცით, რომ ილიას ოჯახი ცნობილი იყო სტუმრების სიმრავლით, ხოლო რა არის ალეგრი, ვფიქრობ, არც ისე ბევრს მოეხსენება.

– ილიას ოჯახი, მართლაც, ცნობილი იყო განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით. 80-იანი წლების ბოლოს, იგი ახალბებუთოვის ქუჩის კუთხეში ცხოვრობდა.  მალე ამავე ქუჩაზე ზუბალაშვილების სახლში გადასახლდა. ეს ბინა დიდი არ იყო, მაგრამ მრავალ მეგობარს იტევდა. ილია მაშინ ახალგაზრდა და ხალისიანი გახლდათ, ასეთივე იყო მისი მეუღლე ოლღაც. ოლღა ყოველ წელიწადს სახლში სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა ალეგრისთვის, რომელიც „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” სასარგებლოდ იმართებოდა. სახუმარო წარწერა – „ალეგრი”  იტალიური სიტყვაა და ნიშნავს „იყავი მხიარული”,  რომელსაც ლატარიის ბილეთებზე აწერდნენ. ეს ევროპაში გავრცელებული ერთგვარი სახალისო გათამაშება იყო. სახალხო გათამაშების დროს ლატარიის მოგებასაც გათამაშებისთანავე იძლეოდნენ.

– როგორც ჩანს, ეს წიგნი ზურაბ ავალიშვილის საჩუქარია.

– ასეა. ზურაბ ავალიშვილს თავისი თხზულება „ოðèñîåჰèíåíèå დðóçèè ê პîñèè“ ილიასთვის ასეთი წარწერით მიუძღვნია: „კíÿçþ თëüå დðèჯîðüåâè÷ó ფჭâ÷ჭâჭჰçå ïî÷òèòåëüíîå ïðèíîøåíèå ჭâòîðჭ“. ილიას, ფანქრით ხელში წაუკითხავს ეს წიგნი და ზოგიერთ საკითხზე თავისი უკმაყოფილება მიუწერია. ერთ ადგილას, ტექსტში, ციტატაა მარი ბროსეს მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემული პაპუნა ორბელიანის ქრონიკებიდან. ილიას, თავისი გულისწყრომა მიუწერია: „რა ქართველია, რომ ქართულს წყაროებს ფრანციცულიდამ იღებს”... და სხვა. თუმცა, ხანდახან აღფრთოვანებულიცაა. მაგალითად, წიგნში ავალიშვილი აღნიშნავს, რა განსხვავებაა რუსეთისა და ინგლისის პროტექტორატს შორის და ხაზს უსვამს, თუ რატომ ვერ შეითვისა მეფის რუსეთმა ინგლისური სისტემა. ილიას ეს ადგილი ორი ხაზით მოუნიშნავს და თავისი უკმაყოფილება, რუსეთის თვითმპყრობელობის პოლიტიკით, ერთი სიტყვით გამოუხატავს და მიუწერა: „ჯან!”

კოლექციაში შეხვდებით მუქ მწვანე კოლენკორისყდიან ორ წიგნსაც. ორივე მათგანის ყდაზე ტვიფრული ოქრომელნითაა შესრულებული წარწერა: „ივერიის რედაქტორს თ. ილია ჭავჭავაძეს”. ერთ-ერთი მათგანი „საანდაზო ლექსები და აღწერა თავადთა და აზნაურთა გვარებისა” განსაკუთრებული და ერთადერთია, რომელშიც უცნობ პიროვნებას ჟურნალ „ივერიაში” დაბეჭდილი საანდაზო ლექსები და „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა”, ერთად აუკინძავს და მიურთმევია ილიასთვის ნიშნად პატივისცემისა.

სპეციალურად ილიასთვისაა მომზადებული და ყდაშია ჩასმული ტვიფრულვარაყიანი ასოებით მორთული „ქართლ-კახური გალობა”.  რომელზეც ვკითხულობთ: „მისს ბრწყინვალებას თ. ი.გ. ჭავჭავაძეს ქართლ-კახური გალობა კარბელაანთ კილოთი”. ცნობილია, რომ ილიას უყვარდა ხალხური სიმღერები და როცა საგურამოში თავისი სახლის აივანზე ჩამოჯდებოდა, სიამოვნებით უგდებდა ყურს ბაღში მომუშავე გლეხების სიმღერას. თვითონ არასოდეს მღეროდა, მაგრამ ხალხური სიმღერების ძლიერი გრძნობა და მომხიბვლელობა მის ლექსებშია აღბეჭდილი. მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის შედეგად, ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა მივიწყების გზაზე იდგა. ის ყველგან იდევნებოდა და ძველი სიმღერა-გალობის მცოდნენიც აღარ რჩებოდნენ. ამიტომ, ქართველმა ეროვნულმა მოღვაწეებმა გადაუდებელ ამოცანად დაისახეს ძველი ქართული სიმღერა-გალობის აღდგენა (როგორც ქართლ-კახური, ისე იმერულ-გურული კილოებისა), მათი ნოტებზე ჩაწერა, მომღერალთა გუნდების შექმნა და ქართული ხალხური სიმღერის ფართო პროპაგანდა, მისი ეროვნული სახის შესანარჩუნებლად. ამით საფუძველი ჩაუყარეს ქართულ ეროვნულ პროფესიულ მუსიკას. ამ დიდ ეროვნულ მოვლენას ორი ვრცელი წერილი მიუძღვნა ილიამ, რომელიც გაზეთ „ივერიაში” გამოაქვეყნა. 

– ამ კოლექციაში დაცულ კიდევ რომელ ნიმუშზე გვიამბობთ? 

– ილიას პირად კოლექციაში დაცულია აგრეთვე გერმანულ ენაზე გამოცემული „გოეთეს გალერეა”, რომელიც ილიასთვის არტურ ლაისტს უჩუქებია. მას ფრანგულენოვანი მინაწერი აქვს: „თავად ი. ჭავჭავაძეს გამოჩენილს და პატივცემულს”. პოეტს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა არტურ ლაისტთან, რომელიც ასე იგონებდა მას: „ილია მშვიდი და თითქოს აუღელვებელი იყო – თავდაჭერილი, როგორც სიამოვნებაში, ისე მწუხარებაში“. ხასიათის ამ თვისებით ილია გოეთეს მოგვაგონებს, რომლის პოეზიაც მას ძლიერ მოსწონდა და უყვარდა. ილია გატაცებული იყო საუკეთესო ევროპელი მწერლებით. მათში იდეალურ პოეტად გოეთე მიაჩნდა, „ოლიმპიელს” უწოდებდა და ქებას უძღვნიდა მის უნივერსალურ ცოდნას. ილია, არა მარტო ლიტერატურის, არამედ ცხოვრების ევროპიზაციის მომხრე იყო. თავად კი მიუხედავად ევროპული განათლებისა, სულით და გულით მუდამ ქართველად დარჩა.

ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მწერალი მამაცი და სხარტიც იყო, რაზეც ერთი ამბავიც მოწმობს.

– გვიამბობთ ამ ამბავს?

– 1887 წელს თბილისში ჩამოვიდა ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი – ილია ოქრომჭედლიშვილი. ივანე მუხრანბატონმა მის პატივსაცემად სადილი გამართა დიღომში. თბილისიდან ილია საკუთარი ეტლით მიემგზავრებოდა სტუმართან ერთად. ერთ დაღმართზე, დიღმის დუქანთან, ეტლი ცხენებმა გაიტაცა. მეეტლე დაიბნა, ილია კოფოზე შეხტა, მეეტლეს აღვირი გამოსტაცა და, როგორც იყო, ცხენები დააოკა. სახიფათო გზაზე მას არასოდეს იპყრობდა შიში. „ხანდახან, როცა ღამით გვიხდებოდა მოგზაურობა, ილიას თვითონ მიჰყავდა ეტლი, ანდა გაფაციცებით ადევნებდა თვალს მეეტლეს და რჩევას აძლევდა“, – იხსენებდა მოგვიანებით არტურ ლაისტი.

– კიდევ გვიამბეთ რომელიმე ისტორია ილიასა და მის კოლექციასთან დაკავშირებული?

– ილიას კოლექციაში დაცულ ერთ-ერთ ეგზემპლარში აღმოჩნდა ეკატერინე ჭავჭავაძის წერილი, რომელიც 1865 წლითაა დათარიღებული. მას ქალბატონი თავის მოურავს ნიკო ჩიჩუას წერს. წერილი რა ვითარებაში ჩარჩა ილიას კუთვნილ წიგნში, უცნობია. თუმცა, საქვეყნოდაა ცნობილი ილიასა და ეკატერინეს მეგობრობის შესახებ. 1858 წელს, სტუდენტი ილია და რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა, ეკატერინეს ესტუმრნენ „ცარსკოე სელოში“. საუბრის შემდეგ ეკატერინემ ილიას გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ორი ხელნაწერი რვეული – ლექსები და „ბედი ქართლისა”.

– ეკატერინესა და ტატო ბარათაშვილის ურთიერთობის შესახებ, ჩვენს მკითხველს მოეხსენება.

– თავისი მუზისთვის ტატოს უჩუქებია ეს ხელნაწერები. ფაქტობრივად, ილიამ ბარათაშვილი მაშინ აღმოაჩინა. „ვერ წამოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსებმა ილიაზე. მთელი კვირა ბოდავდა ბარათაშვილით”, – იგონებდა ილიას დისწული, კოხტა აფხაზი.

– ოლღასა და ილიას ურთიერთობაზე თუ გვიამბობს ამ კოლექციაში დაცული რომელიმე ეგზემპლარი?

– ოლღა მეუღლის არაჩვეულებრივი მეგობარი და თანამდგომი იყო ყველა საქმეში. წყვილის საოცრად თბილი და განსაკუთრებული ურთიერთობა, ხომ საქვეყნოდ იყო ცნობილი. კოლექციაში დაცულია, პირადად, ოლღა ჭავჭავაძისთვის ნაჩუქარი არაერთი წიგნი. მხოლოდ ერთ მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. ილიას საკუთარ თხზულებათა პირველი ტომი მეუღლისთვის უჩუქებია წარწერით – „ჩემს კარგ ოლიკოს. ილია ჭავჭავაძე.”

– ილიას კოლექციაში მინიატურული წიგნებიც ინახება?

– დიახ. კოლექციის ყველაზე პატარა გამოცემაც ოლღას საკუთრება ყოფილა. ესაა ტფილისში 1900 წელს დაბეჭდილი მინიატურული წიგნი – მოსე ჯანაშვილის „უკვდავთა ღაღადებანი”, რომელზედაც ავტორს წითელი მელნით მიუწერია: „ღრმად პატივცემულს ოლგა თადეოზის ასულს კნეინა ჭავჭავაძისას მ.ჯ.-საგან”. 

– შესაძლებელია თუ არა საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველისთვის, გაეცნოს ილიას პირად კოლექციას?

– რა თქმა უნდა. ქართველი ხალხის ისტორიული ცხოვრების, სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოდ ქცეული დიდი ილიას კოლექცია, ქართველი ერისთვის უძვირფასეს განძად რჩება. 

 

 

скачать dle 11.3