კალორიების დასაწვავი ვარჯიშები
ისე, ვარჯიშები არც წლის ნებისმიერ დროს გაწყენდათ, მაგრამ, ახალი წლის მთელი პირველი თვის განმავლობაში მათი შესრულება აუცილებელია, რომ აღიდგინოთ ძალები და კვლავ მხნედ და მსუბუქად იგრძნოთ თავი. ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს:
1) დაწექით ზურგზე, ხელები ნელ-ნელა ასწიეთ ზემოთ და თან ჩაისუნთქეთ; ჩამოშვებისას – ამოისუნთქეთ. ვარჯიში შეასრულეთ 5-ჯერ.
2) გაშალეთ ფეხები და ერთდროულად ასწიეთ, ჰაერში რამდენჯერმე მოხარეთ და გაშალეთ, მერე კი ისევ ერთდროულად დაუშვით (7-8-ჯერ).
3) ფეხებით ჰაერში გააკეთეთ ეგრეთ წოდებული „მაკრატელა” (10-ჯერ).
4) ფეხები მუხლებში მოხარეთ (ტერფებს დაეყრდენით) და შეეცადეთ მაქსიმალურად ასწიოთ ტანი (10-ჯერ).
5) ერთდროულად მოხარეთ ფეხები და ხელები და შეეცადეთ, ერთმანეთს შეახოთ მუხლები და იდაყვები. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას (გაიმეორეთ 10-ჯერ).
6) გამართეთ ფეხები, ასწიეთ ჰაერში და რამდენიმე წამს ასე გააჩერეთ. მერე გასწიეთ ჯერ ერთ მხარეს, მერე – მეორე მხარეს და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას (10-ჯერ).
7) ჰაერში გააკეთეთ „ველოსიპედის” მოძრაობა (15-ჯერ).
8) დაწექით სწორად და შეეცადეთ, ხელების დაუხმარებლად წამოჯდეთ (გაიმეორეთ 10-ჯერ).
9) დაწექით გვერდზე. ფეხები შეატყუპეთ, ოდნავ ააცილეთ ტახტს და ერთდროულად მოხარეთ და გაშალეთ (10-ჯერ).
10) ერთდროულად ასწიეთ ზედა მხარეს მოქცეული ხელი და ფეხი. აწევისას ჩაისუნთქეთ, ჩამოწევისას – ამოისუნთქეთ.
11) ახლა მეორე გვერდზე დაწექით და იგივე ვარჯიშები გაიმეორეთ.
12) დაწექით გულდაღმა. ფეხები ოდნავ ააცილეთ ტახტს და გაშალეთ და შეაერთეთ (5-7-ჯერ).
13) მონაცვლეობით ასწიეთ გამართული ფეხი და დაუშვით (8-10-ჯერ).
14) თავის უკან გადაწევით გააკეთეთ აჭიმვა (10-ჯერ).
15) დადექით სწორად. დაიწყვეთ ხელები კეფაზე, ნელ-ნელა აიწიეთ ფეხის წვერებზე და ისევ ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას (10-ჯერ).
16) ასწიეთ ხელები თავს ზემოთ, დადექით ფეხის წვერებზე და, სანამ არ დაიღლებით, საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდეთ (8-10-ჯერ).
17) დაიწყვეთ ხელები კეფაზე, ტანი გამართეთ და ფეხის წვერებზე იარეთ ოთახში 1-2 წუთის განმავლობაში.
თითოეული ვარჯიშის დროს შეეცადეთ, ისუნთქოთ ცხვირით. ჩასუნთქვაც და ამოსუნთქვაც უნდა იყოს ღრმა და სრულყოფილი.
რადგან ვარჯიშების რაოდენობა საკმაოდ დიდია, შეგიძლიათ, დაყოთ რამდენიმე ეტაპად და მთელ კვირაზე თანაბრად გადაანაწილოთ.
წარმატებებს გისურვებთ!