როგორ მოხიბლა მაესტრო მორისმა ულამაზესი უცხოელი ქალბატონი და ამერიკის ელჩი
ლათინოამერიკული ცეკვების ყველაზე ცნობილი ქართველი შემსრულებელი, მაესტრო მორისი თავისი ცეკვით ამ ცეკვების სამშობლოდან ჩამოსულ მოცეკვავეებსაც აკვირვებს ხშირად. თუმცა, ცეკვის გარდა, მას ბევრი საინტერესო გატაცება აქვს და შესაბამისად, ბევრი მოსათხრობიც.
– მაესტრო მორის, ერთი წელია, ინტერვიუ არ გვქონია. რა ხდებოდა ამ ერთი წლის განმავლობაში, უცხოეთში თუ იყავით სადმე წასული?
– არა, სამწუხაროდ, უცხოეთში წასვლა ვერ მოვახერხე, თორემ ლათინურ ამერიკასა და განსაკუთრებით კუბაში მინდა წასვლა, ჰავანა მინდა, ვნახო. ადრე ხომ გითხარით, უნდა წავსულიყავით იქ და ჩაგვეშალა პროექტი. სამაგიეროდ, გუშინ ჩამოვედი ბათუმიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამდენ ხანს არასდროს ვყოფილვარ ბათუმში. ზღვა მიყვარს, ზამთრის ზღვაც ძალიან ლამაზი სანახავია. წვიმიანიც, აღელვებულიც… ყოველთვის მიყვარდა დიდ ტალღებში შესვლა, არ მეშინოდა ხოლმე. ვგიჟდები, ზღვა რომ ღელავს.
– ცნობილი ადამიანები თუ დადიან თქვენთან?
– კი, დადიან. თუმცა, ახლა ვერ გეტყვით სახელებს და გვარებს, არ იქნება ლამაზი. მოდიან და მეუბნებიან, ცეკვა მასწავლეო. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსებმა და მით უმეტეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აუცილებლად უნდა იცოდნენ ცეკვა. იმდენ სერიოზულ შეხვედრაზე დადიან სხვადასხვა ქვეყანაში, იქ ხშირად პროტოკოლით ესეც არის გათვალისწინებული (იცინის). პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ამით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეიძლება.
ბევრი საღამო და შოუ მაქვს დადგმული. მაგალითად, ამერიკის საელჩოში, უცხოურ წარმომადგენლობაში. სქოულზის დროს ვიყავით ჩვენ, დავდგით ჩვენი პროგრამა და რომ მოვრჩით, შემოვიდა ელჩი და გვითხრა: რამდენ ხანსაც გინდათ, დარჩითო. იმდენად აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი პროგრამითა და მოცეკვავეებით. მერე კიდევ კუს ტბაზე გავაკეთეთ პროგრამა – ამერიკის დღეები იყო. ბევრ ცნობილ უცხოელთან მიცეკვია, მათ შორის ლათინოამერიკული ცეკვის მეტრებთანაც. ბევრ მათგანს გაჰკვირვებია, ასე კარგად საიდან იცი ჩვენი ცეკვები, ჩვენთან ხომ არ ისწავლეო? არადა, ღმერთი, რჯული, არ ვყოფილვარ ლათინურ ამერიკაში.
სამთო-სათხილამურო კურორტები მიყვარს ძალიან. ამასთან დაკავშირებით მოვყვები ერთ ამბავს. ღამე იყო, კოხტაზე ვერავინ ავიდოდა. დავქოქეთ თოვლის მანქანები და ავედით ზევით, ძალიან კარგი სიტუაცია იყო. იქ ერთი ულამაზესი უცხოელი ქალბატონიც გახლდათ. ყველა მამაკაცის ყურადღება მიიპყრო, ისეთი ქალი იყო. მაგრამ, როგორც კი მუსიკა ჩაირთო, უპირატესობა მაშინვე მე დამრჩა. ძალიან მაგრად ვიცეკვეთ მე და იმ ქალმა და ყველას შურდა ჩემი, რატომ არ ვიცი ცეკვაო. მოკლედ გამიმართლა. ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ დამპირდა, კიდევ ჩამოვალ საქართველოშიო. ნამდვილმა მამაკაცმა, მაჩო რასაც ჰქვია, აუცილებლად უნდა იცოდეს ცეკვა.
პაატა ბურჭულაძეს ჰყავდა ერთხელ ჩამოყვანილი ერთი ცნობილი სოპრანო, პრიმადონა. „ბაბილოში” ვიყავით, მოვიდა პაატა ჩემთან და მითხრა: ძალიან გთხოვ, იქნებ აცეკვოო. მოკლედ, დავანთე სცენაზე ცეცხლი. გადმოვხტი და გამოვიწვიე, საკმაოდ დიდი გაბარიტების შავკანიანი ქალბატონი იყო. ჯერ კი იუარა, მაგრამ მერე ისეთი ვიცეკვეთ, უნდა გენახათ! მაგარი იყო.
– ბალერონი რომ არ არის მაჩო? აი, თქვენ გახდებოდით ბალერონი?
– (იცინის). არა, ბალერონი ვერ გავხდებოდი, არ მომწონს ეგ ჩემთვის. ძალიან სერიოზული შრომა სჭირდება, კლასიკური სერიოზული ცეკვაა, მაგრამ მე არ მიზიდავს და რა ვქნა?!
– ქალებს არ აწონებდით თავს ცეკვით?
– კი, როგორ არა და მიზანსაც ვაღწევდი ხოლმე. 1987 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი „ბრეიქ დანსში“. წარმოგიდგენიათ, მაესტრო მორისი და ბრეიქ დანსს ცეკვავს? (იცინის) მაგრამ, მომწონდა მაშინ. საერთოდ მიმაჩნია, რომ მოცეკვავეს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მოცეკვავე მეუღლე. თუ გადავხედავთ რეალობას, ყველა პროფესიონალი მოცეკვავის მეუღლეც მოცეკვავეა. შეიძლება, სხვას გაუჭირდეს მოცეკვავის გვერდით ცხოვრება. ისე, ეს იმხელა შრომაა, იმდენ ხანს ატარებენ ერთად, რომ ერთმანეთი უყვარდებათ. ჩემი და მაიკოს დუეტი ძალიან წარმატებულია. ისე მოხდა, რომ დასთან ერთად აღმოვჩნდი წყვილში. გარკვეულწილად, ჩვენი დამსახურებაცაა, რომ ლათინოამერიკული ცეკვები დღეს პოპულარულია საქართველოში, თორემ მანამდე ძალიან ზერელედ და არასერიოზულად უყურებდნენ. იცი, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ქართული ცეკვების მიმართ იყო ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება. ქართული ცეკვები მეც ძალიან მიყვარს, სუფრის დონეზე, ქორწილებში მშვენივრად ვცეკვავ, მაგრამ პროფესიონალურად არა. თავიდან მინდოდა კიდეც, ქართულის მოცეკვავე გავმხდარიყავი, მაგრამ ყივანახველა დამემართა, ვერ შევედი ჯგუფში, დამაგვიანდა და... შევედი შემდეგ ლათინოამერიკულ ცეკვებზე. ქართველ კაცს ლათინოამერიკული ცეკვაც ძალიან მოუხდება, აღნაგობითაც და შინაგანადაც ისეთი ვაჟკაცური და გამორჩეულია.
– ჰო, მაგრამ ქართულ ცეკვაში დისტანცია უფრო დიდია, ლათინოამერიკულში ახლოა კონტაქტი.
– არა, ვერ დაგეთანხმები და თან, ეგ არაფერს წყვეტს. ქართულ ცეკვაში უფრო მეტი მოკრძალებაა და რიდი. მაგრამ, რაც უნდა მიხუტებული გყავდეს გოგო და ატრიალებდე, მაინც არის ქალსა და კაცს შორის კულტურული დისტანცია. ძალიან მინდა, ლათინურ ამერიკაში წასვლა, ვოცნებობ კუბაზე. მინდა, ჰავანა ვნახო. ვგიჟდები კუბურ „სალსაზე“. ახლა ისე არ გამიგოთ, რომ სოციალისტურ წყობაზე ვგიჟდები. მაგრამ, ამბობენ, იქ დრო გაჩერებულია, რაღაცნაირად ისევ 50-იან წლებში ცხოვრობენო – თავიანთი მანქანებით, ურთიერთობებით, ხასიათით. რა ხდება ჰავანაში, იცით? ხალხი ძალიან მხიარულია! ხომ ღარიბია და გაჭირვებული, მაგრამ საღამოობით პატარ-პატარა ბარებსა და კლუბებში ისეთი სერიოზული ცოცხალი მუსიკა უკრავს და ისეთი მაგარი მოცეკვავეები ცეკვავენ – იქაურები, ჩვეულებრივი ხალხი, გაგიჟდები! სისხლში აქვთ იმათ ეს ცეკვები. ხშირად მიფიქრია, რატომ არის გაჭირვებული ხალხი უფრო მხიარული და უზრუნველი. ან რაშია ბედნიერება? იმაში, რომ ბევრი ფული გქონდეს, სულ გეშინოდეს – არ მოგპარონ, გისოსებს და რკინის კარებს აყენებდე, თუ იყო უფულო, გულღია, ცეკვავდე, მხიარულობდე, მეზობელი და სტუმარი გიყვარდეს... ჰავანა და ვარადერო მინდა, ვნახო. ვარადეროში მინდა ჩავყვინთო. სერიოზული დაივერი ვარ, ვარადეროში კი ყველანაირი სახის ზვიგენია გავრცელებული გარდა თეთრისა. ერთადერთი უვნებელი ზვიგენი ამაზონის ბინადარია, დანარჩენი ყველა საშიშია ასე თუ ისე. მაგრამ, გააჩნია წყალში როგორ მოიქცევი. შენ ხმელეთზე ხარ მასპინძელი, წყალში კი სტუმარი. ამიტომ, მათ სამყაროს პატივი უნდა სცე! წყალქვეშა ეტიკეტი არ უნდა დაარღვიო. თუ მტაცებელი ამას იგრძნობს, ჩემი აზრით, აუცილებლად აგივლის გვერდს, გონი მასაც აქვს.
სიგიჟემდე მიყვარს ზღვაც და მთაც, თოვლიც… პროფესიის არჩევას კი არ ვნანობ, მაგრამ, საშუალება რომ მქონდეს, 6 თვეს ზღვაზე გავატარებდი და 6-ს მთაში. მაშველი ვიქნებოდი, მომწონს ეს საქმე. არ მეშინია აღელვებულ ზღვაში შესვლის, პირიქით, დიდი ტალღები მიყვარდა. ცურვა ადრე ვისწავლე და წყალს ძალიან გავუთამამდი. ერთხელ გაგრაში ვისვენებდით და 12 წლის ვიყავი. შევედი აღელვებულ ზღვაში, ვერაფრით ვეღარ გამოვდიოდი. ძალა გამომეცალა ტალღებთან ბრძოლაში. ყველაზე საშინელი განცდაა, როცა უმწეო ხარ, იცი, ვეღარაფერი გიშველის. უმრავლესობა ზღვაში იცით, რით იღუპება? – შიშით. კი არ იხრჩობიან, გული უსკდებათ. კიდევ კარგი, ჩემი დის ნათლიამ, შოთა ბადაგაძემ დამინახა და გამომიყვანა. მაგრამ, წყლის შიში არ დამმართნია. თუ რამე სტრესს მიიღებ, პირიქით უნდა ეცადო, ებრძოლო და ეს შიში დაძლიო.
– მეორე პროფესია თუ გაქვთ, მოცეკვავეობის გარდა?
– კი, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული – კონსტრუქტორ-დიზაინერი ვარ. ჩემი ხელით მაქვს მოტოციკლი აწყობილი. ჰოდა, ამ ჩემი მოტოთი ავაჭერი აკადემიაში. იმ მოტოციკლეტით საკმაოდ დიდხანს ვიარე. მთელი პრობლემა იყო ნაწილების შოვნა. ახლაც მყავს მოტოციკლი და სულ იმით დავდივარ. სამი მოტოციკლი მყავს, კოლექციას ვაგროვებ (იცინის).