ყველაზე ტატუირებული სექსუალური სელებრითების ტოპ-ათეული
კინოს, სპორტის, მუსიკისა და ზოგადად, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების უმეტესობა ექსტრავაგანტურობისა და ეპატაჟურობის დამტკიცების მიზნით, ხშირად მიმართავს ტატუ-სალონებს, სადაც თავიანთ ვარსკვლავურ სხეულებს სხვადასხვა ნახატით, ორნამენტებითა და წარწერებით ალამაზებენ. „თბილისელების” ამ ნომერში ტატუირებიან ყველაზე სექსუალურ ათ სელებრითის წარმოგიდგენთ.
36 წლის სელებრითი-ფეხბურთელი და მრავალშვილიანი მამა – ინგლისელი დევიდ ბექჰემი თავის ცხოვრებაში მომხდარ ყველა ღირსშესანიშნავ მოვლენას ტატუ-სალონში ვიზიტით აღნიშნავს. ფეხბურთელის ტატუირებებს შორის აღნიშვნის ღირსია მისი შვილების (ბრუკლინის, კრუზის, რომეოსა და ჰარპერის) სახელები, მეუღლე ვიქტორიას პორტრეტი და სახელი ინდური ასოებით, ქრისტეს ჯვარცმა ზურგზე, ჯვარი და ვარდები, რომელიც დევიდმა ქორწინების მე-10 წლისთავზე ამოისვირინგა.
ამერიკელი რიკ ჯენასტი ცნობილია „ზომბი ბოის” სახელით, რადგან სხეულის დიდი ნაწილი მას ზომბის ჩონჩხის მსგავსი ნახატებით აქვს დაფარული. „ზომბი ბოი” ცივსისხლიანი და ბრუტალური იმიჯით, ლედი გაგას დიზაინერმა და სტილისტმა – ნიკოლა ფორმიჩეტიმ „მუგლერის” ჩვენებაში მიიწვია. გარდა ამისა, ჯენასტს მონაწილეობა აქვს მიღებული ლედი გაგას კლიპის, „ბორნ ზის ვეის” გადაღებებში.
ტატუ-ხელოვნების დიდი მოყვარულია კინოვარსკვლავი, რეჟისორი, სცენარისტი, ფოტომოდელი, გაეროს კეთილი ნების ელჩი და ექვსი შვილის დედა – ანჯელინა ჯოლი. დღემდე უცნობია, თუ რამდენი ტატუ აქვს მას სხეულზე. სხვადასხვა ვერსიით, ეს რიცხვი ათს აჭარბებს. ჯოლის ყველაზე ცნობილი ტატუირებაა მარცხენა ბეჭზე არსებული ექვსი სტრიქონი, სადაც აღნიშნულია მისი ექვსივე შვილის დაბადების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები. სულ ახლახან ამ სტრიქონებს კიდევ ერთი ხაზი დაემატა – ჯოლის მეუღლის, ბრედ პიტის დაბადების ადგილის კოორდინატი.
პოპულარული პოპ-როკ ჯგუფ „Maroon 5-ის” სოლისტის, ადამ ლევაინის სხეულზე არსებულ ტატუირებათა ნახვა 2011 წლის ჟურნალ „კოსმოპოლიტანის” თებერვლის ნომრის საშუალებით გახდა შესაძლებელი. მუსიკოსი სრულიად შიშველი წარდგა ფოტოკამერების წინაშე და სხვადასხვა ორნამენტის, ფრინველის, ცხოველისა და ციფრების ტატუ-გალერეა საქვეყნოდ გამოფინა.
ეპატაჟის დედოფლად წოდებული ლედი გაგა ტატუს მამის თხოვნით, სხეულის მხოლოდ მარცხენა მხარეს იკეთებს. მომღერალს რამდენიმე ტატუირება აქვს, მათ შორის აღნიშვნის ღირსია – ბირთვული განიარაღების სიმბოლო, მარტორქა, ვარდისა და გვირილის ფერადი კომპილაცია.
პოლონური წარმოშობის ფრანგი მომღერალი – მეტ პოკორა, ცნობილია ევროპაში, არა მარტო როგორც შემსრულებელი, არამედ როგორც ტატუ-სალონების ხშირი სტუმარი. ის 17 წლის ასაკიდან იკეთებს ტატუირებას და მათი რაოდენობა 13-ს აღემატება, მათ შორის ყველაზე საინტერესო კი ჩინური ფილოსოფიის შემცველი სიმბოლოები და ორნამენტებია.
ყველაზე მოდურ ამერიკელ ტატუ-მხატვარს, კეტ ვონ დის სხეული თითქმის მთლიანად აქვს დაფარული ტატუირებით. ტატუ-ხელოვნების მიმართ მას ინტერესი სრულიად შემთხვევით გაუჩნდა. ერთხელ მან საკუთარი ხელით ფეხზე „ბოიფრენდის“ სახელი ამოისვირინგა და ამას მოჰყვა მისი გატაცება. კეტის სხეულს ამშვენებს: ბეთჰოვენის 5 პორტრეტი, ყოფილი მეუღლის სახელი მხარზე, ფრაზა: „მე შენ მიყვარხარ”, საყვარელი როკ-ჯგუფების ემბლემები და საკუთარი ბებიების პორტრეტები. 1998 წლიდან კეტი პროფესიონალი ტატუიროვშიცაა და მისი კლიენტები არიან: ჯა-რული, რეპერი – ზი გეიმი, „მოტორჰედის” წევრი – ლემი კილმსტერი, „ნიკელბეკის” – მაიკ კროგერი, მუსიკოსი დეივ ნავარო და ლედი გაგა.
39 წლის პუერტორიკოელმა პოპ-ვარსკვლავმა რიკი მარტინმა გასული წლის დასაწყისში საჯაროდ აღიარა, რომ ჰომოსექსუალია და სწორედ მის არატრადიციულ ორიენტაციას უკავშირდება მის სხეულზე არსებული რამდენიმე ტატუირება. ესპანურ ენაზე დაწერილი ფრაზები – „იპოვე საკუთარი თავი”, „მაპატიე”, „შეცვალე ცხოვრება” და სხვა. თავის ერთ-ერთ ბოლო კლიპში მარტინმა წელსზემოთ შიშველმა იპოზიორა და სხვა ტატუირებაც გამოიჩინა.
ამერიკელ მომღერალს, პინკს სხეულზე ორ ათეულამდე ტატუირება აქვს და ყოველი მათგანი მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს უკავშირდება. პინკის სხეული დაფარულია ტატუებით, რომლებიც ეძღვნება მამას, დედას, ძმას, და – ლაურას და ელვის პრესლის მკვდარ ძაღლსაც კი. თუმცა, მომღერალი არასდროს იკეთებს საყვარელი მამაკაცების სახელებიან ტატუებს.
48 წლის ამერიკელი დიზაინერი მარკ ჯეიკობსი ასევე, ტატუების დიდი მოყვარულია. თუმცა, მის სხეულზე ვერც ბებია-ბაბუის პორტრეტებს ნახავთ და არც საყვარელი ადამიანების სახელები აწერია. მისი ტატუირებები უფრო იუმორისტულ ხასიათს ატარებს. მას ტანზე დახატული აქვს ანიმაციური გმირები: სპანჯბობი, „მაპეტ შოუს” გმირი კერმიტი, შოკოლად „ემ ენდ ემსის” სარეკლამო გმირები, „სიმფსონების” პერსონაჟები და სხვა. ჯეიკობსი არ ერიდება თავისი სხეულის ტატუირებული ნაწილების ჩვენებას და ხშირად საზოგადოებაში საკმაოდ თამამი იმიჯით ჩნდება.