როგორ გადაარჩინა თენგიზ აბულაძე მეუღლემ სიკვდილს და რატომ არ უშვებდა ის ცოლს სხვა რეჟისორებთან სამუშაოდ
„მონანიება,” „ვედრება,” „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი,” „სამკაული ჩემი სატრფოსთვის,” „მაგდანას ლურჯა,” „ნატვრის ხე,” „სხვისი შვილები” – ამ შედევრებმა შექმნეს თენგიზ აბულაძის მთელი ბიოგრაფია. თითოეული გმირიც კი ამ ფილმებისა, რომლებიც რეჟისორმა მთელი სიზუსტით შეარჩია, მეტყველებს რეჟისორის უდავოდ დიდ ნიჭსა და მის არაჩვეულებრივ ბუნებაზე. ბავშვობის მეგობრები – თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე ხშირად ერთად მუშაობდნენ ფილმებზე. მოყოლებული მოსკოვის „ვგიკ-ში” სწავლის პერიოდიდან, რთული გზა გამოიარეს კინოში, ყოველი ახალი ფილმის გადაღება დიდი ნერვებისა და ჭიდილის ფასად უჯდებოდათ. სამაგიეროდ, ჩვენ გაგვაცნეს ნამდვილი ქართული კინო და აბსოლუტურად გამჭვირვალედ დაგვანახვეს, თუ როგორ იქმნებოდა ისინი. ბატონი თენგიზის ცხოვრების დღიურს, მისი მეუღლისა და მეგობრების მოგონებებით, სწორედ ამ პერიოდიდან გავაცოცხლებთ.
მზია მახვილაძე (თენგიზ აბულაძის მეუღლე): თენგიზი ქუთაისში დაიბადა, მაგრამ რამდენიმე თვის იყო, როცა თბილისში გადმოვიდნენ. ამიტომ, ქუთაისის მიმართ არავითარი განცდა არ ჰქონია. დედის მამა ოქრომჭედელი ყოფილა, ძალიან ნიჭიერი ოსტატი. თენგიზი ამბობდა ხოლმე, ალბათ, ბაბუას ვგავარო. ხატვის ნიჭი ჰქონდა, მთელი ბავშვობა ხატავდა. როცა თეატრალურ ინსტიტუტში შედიოდა, ფიქრობდა, აკადემიაში ხომ არ ჩავაბაროო. ახლაც შენახული მაქვს მისი ხელით გადაწერილი და გაფორმებული წიგნი „კრაზანა”... მე და თენგიზი სკოლაში ერთად ვსწავლობდით. მაშინ მოდაში იყო სასკოლო სპექტაკლები. რეზო ჩხეიძეც იმ დროს გავიცანით, როცა ეს ორი სკოლა – 30-ე და 23-ე სპექტაკლებს დგამდა. რეზომ დადგა „გიორგი სააკაძე,” თენგიზმა – „და-ძმა.” თენგიზს თავიდანვე ყველაფრისადმი სერიოზული და მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა. ომის პერიოდი იყო და ძალიან გვიჭირდა. ყველანაირად ზრუნავდნენ ჩვენზე. საოცარი სიცივე იყო ხოლმე. შემოიტანდნენ ეზოდან კუნძს, შედებდნენ ღუმელში. ეს თოვლიანი კუნძი ნელ-ნელა იწვოდა, ოთახში შეშის სუნი დატრიალდებოდა. ჩვენ ვმუშაობდით და დღემდე მახსოვს იმ სიმყუდროვისა და ბედნიერების განცდა. სკოლებში სპექტაკლების დადგმა პრესტიჟული იყო. თანაც ერთ წარმოდგენას კი არ ვთამაშობდით, რამდენიმეს... მერე თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარეთ. ბრწყინვალე პერიოდი იყო. თენგიზმა და რეზომ მეორე კურსი დახურეს თბილისში და მოსკოვში წავიდნენ. თენგიზი ბოლო კურსზე რომ იყო, მაშინ დავქორწინდით. სადგერში ვისვენებდით ახლობლებთან და იქ ჩამომაკითხა. სადგურამდე ფეხით ვიარეთ. ძალიან ღარიბული სუფრა გვქონდა, მაგრამ მაშინ ამას არავინ არ აქცევდა ყურადღებას. ერთ გაზაფხულზე, არდადეგების შემდეგ, თენგიზი მოსკოვში უნდა წასულიყო. თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა ხუთ რიცხვში, შაბათი დღე იყო. ვთხოვე, ორშაბათს გაფრინდი და პირდაპირ ინსტიტუტში მიხვალ-მეთქი. მახსოვს, ხიდზე გადავდიოდით და ვეხვეწებოდი, დარჩი, არ წახვიდე-მეთქი. მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ როცა სალაროს მივუახლოვდით, შევიდა და ბილეთი გადაცვალა. ის თვითმფრინავი კი, რომლითაც თენგიზი უნდა გაფრენილიყო, დაიღუპა. მახსოვს, ამან ძალიან იმოქმედა თენგიზზე, თითქოს ბედისწერის რეალობა შეიგრძნო... „მაგდანას ლურჯას” დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ, მაგრამ მერე დიდი წარმატება მოჰყვა და ცუდის გახსენება აღარ მინდა. რიყეზე ბაზრის ეპიზოდს იღებდნენ და მე და მამაჩემი წავედით სანახავად. გაოცდა მამაჩემი, ეს რამხელა შრომა ყოფილაო და მას შემდეგ, ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა და თავისი ხელით უმზადებდა საუზმეს: იმდენს შრომობს, ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთო. „მაგდანას ლურჯა” კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. ფილმის წარმატებას ჩვენთან ერთგვარი გაკვირვება მოჰყვა. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. რეზოს და თენგიზს კანში გამარჯვების შემდეგ ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა. ახლა „სხვის შვილებზე” რომ ვფიქრობ, მიკვირს, რა არის იმ ფილმში ისეთი, რომ გაეკრიტიკებინათ, მაგრამ ბრძოლით მოუხდა ამ სურათს გატანა. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონსაც” გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო. თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ ხელი შეუშალა გურიის სიმწვანემ. არ ვიზიარებ აზრს, თითქოს „ვედრება” საქართველოში არ მიიღეს. გრიშა კიკნაძეს უთქვამს: ამ სურათს რომ ფელინი აწერდეს ხელს, მაშინ ჩვენი სნობი საზოგადოება სხვანაირად ილაპარაკებდაო. კინემატოგრაფიის საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარემ ბასკაკოვმა თქვა: ამის მსგავს სურათს ათ წელიწადში ერთხელ იღებენო. თუმცა, ფილმს მეოთხე, ყველაზე დაბალი კატეგორია მიანიჭეს და აქა-იქ აჩვენეს. შვიდი წლის შემდეგ გავიგეთ, რომ „ვედრებამ,” სან-რემოში გრანპრი მიიღო. მერე რადიოთიც გადმოსცეს. „მონანიების” დაწყების ძალიან მეშინოდა. ყველაზე მძიმედ ის მახსოვს, რომ ბათუმის გადაღებებიდან ჩამოვედით და ქალაქში უკვე დარხეული იყო ხმა, ფილმი შეჩერებულიაო. 5 000 მეტრი ლენტი ფირისა, რაც ბათუმში გადაიღეს, სულ წუნი აღმოჩნდა. თენგიზს ეჭვი გაუჩნდა, სპეციალურად ხომ არ დააზიანესო. სტუდიაში მივიდა ორი „კაგებეშნიკი,” შეიყვანეს თენგიზი ოთახში და დაკითხეს. მერე სცენარი მოითხოვეს და წაიღეს. 37 წელი გვქონდა გამოვლილი. რა რეაქცია გვექნებოდა?! გვეშინოდა ძალიან. სახლში არაფერი ვთქვით, რომ ბავშვები არ აგვეფორიაქებინა, მაგრამ ჩვენ დაძაბულები ვიყავით. თენგიზმა ერთ ღამეს დისიდენტური ლიტერატურა მოაგროვა და სახლიდან გაიტანა, ახლობლებს მიაბარა. მოახლოვდა 31 იანვარი, თენგიზის დაბადების დღე, 60 წლის ხდებოდა. ზღვა წერილი და მილოცვა დაიბეჭდა. მე ვამშვიდებდი, ნახე, რა ხდება?! ალბათ, ფილმი არ დაუხურავთ, თორემ ასე ხომ არ აღნიშნავდნენ შენს იუბილეს-მეთქი. ამათი ამბავი ხომ ვიცი, მიხეილ ჯავახიშვილი მაშინ დაიჭირეს, ზენიტში რომ იყოო. დაბადების დღის გადახდას არ ვაპირებდით, საერთოდ არ ვიხდიდით ხოლმე, მაგრამ საქმეში ჩაერივნენ თენგიზის და, ნათესავები და მოვემზადეთ. ამ დროს მოვიდა შევარდნაძის ძალიან თბილი მოლოცვა...
სხვა რეჟისორები რომ მიწვევდნენ გადაღებაზე, თენგიზი არ მიშვებდა, მეუბნებოდა, მე გადაგიღებო, თვითონაც არ გადამიღო. მე კი არა, მანანა აბაზაძე არ გაუშვა სხვასთან („მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” მერის როლის შემსრულებელი – ავტორი). ეჭვიანი იყო. უნდოდა, რომ თავისი აღმოჩენილი ადამიანი მარტო მისი ყოფილიყო. თენგიზისგან მხოლოდ ორი პატარა ეპიზოდი მერგო „ნატვრის ხესა” და „მონანიებაში”... მჯერა, რომ თენგიზს მტერი არ ჰყოლია, თვითონ არავის მტერი არ ყოფილა. ყოველთვის ამბობდა: ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოს. ჩემი საქმე კინოა, ფილმი უნდა გადავიღო და ამით ვთქვა ჩემი სათქმელიო. თენგიზმა იარა საკუთარი გზით – სწორი და კარგი გზით, სხვანაირად არც შეეძლო.
რეზო ჩხეიძე: მოსკოვში წასვლამდე სულ იდგა საკითხი, რით მიდიხართ, სად იცხოვრებთო. ჩვენი ოჯახები სიღარიბის ზღვარზე იყვნენ. თენგიზის მამა ექიმი იყო, დედა არ მუშაობდა, სამი შვილი ჰყავდათ. ერთ ოთახსა და შუშაბანდში ცხოვრობდნენ. მე, მამა დაპატიმრებული მყავდა, დედა ლიტერატურის მუზეუმში მუშაობდა, თან ბეჭდავდა. აი, ეს ბეჭდვა იყო ჩვენი შემოსავალი. ჩვენ სამნი ვიყავით. გადავწყვიტეთ, წიგნები გაგვეყიდა. გვეგონა, ბევრ ფულს მოგვიტანდა, მაგრამ შევცდით. მოსკოვში პირველი ღამე სად უნდა გაგვეთენებინა, ისიც არ ვიცოდით. ვიპოვეთ თენგიზისა და მისი ძმის მეგობარი, სომეხი მძღოლი და ორი ღამით მან შეგვიფარა. მერე გავიგეთ, რომ არსებობდა საერთო საცხოვრებელი და იქ გადავედით... „მაგდანას ლურჯაზე” მუშაობის დროს, გვყავდა ორი ადამიანი, რომლებიც გვამხნევებდნენ. ესენი იყვნენ მემონტაჟე ვასილ დოლენკო და კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე, მაგრამ ერთი დიდი დაბრკოლება მაინც შეგვხვდა. ასეთი ახალგაზრდები რომ ვდგამდით სურათს, უცხო სხეულივით ვჩანდით, ეჭვით და არასერიოზულად გვიყურებდნენ. დამკვიდრებული წესით, ფილმის დადგმის უფლება რომ მიგეღო, ათი წელი ასისტენტად უნდა გემუშავა, ათი წელიც მეორე რეჟისორად და ასე შემდეგ. ასე რომ, 60 წლისას მოგვიწევდა რიგი. თანაც, გადაღებაზე რომ გაგვიშვეს, ზამთარი იყო და გორში თოვლი იდო, ფილმს კი ზაფხული სჭირდებოდა. გაზაფხულზე დავიწყეთ გადაღება და რა თქმა უნდა, გრაფიკს ჩამოვრჩით. ამიტომ, სამხატვრო საბჭომ „გაგვასამართლა” და ხელმძღვანელად დაგვინიშნა სიკო დოლიძე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფილმი ჩამოგვართვეს. მეორე დღეს აღარ მივედით სტუდიაში. დილით მე და თენგიზი ერთმანეთს რუსთაველის პროსპექტზე შევხვდით. გავიარეთ, გამოვიარეთ, არ გადის დრო. შევედით კინო „სპარტაკში,” ვნახეთ „ვატერლოოს ხიდი.” რომ გამოვედით, ჯერ კიდევ ადრე იყო, სახლში არ მიგვესვლებოდა, რადგან არ იცოდნენ ჩვენი ამბავი. ფილმი მეორედ ვნახეთ. როგორც იქნა, ფილმი დამთავრდა... – მაშინ ასეთი წესი იყო, სანამ ახალი ფილმი ეკრანზე გავიდოდა, ხელისუფლებას უნდა ენახა. ნახეს ჩვენი ფილმი. მჟავანაძეს არაფერი უთქვამს, ჩამოგვართვა ხელი, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ნათელი გახდა, რომ სურათი არ მოეწონა. იმავე პერიოდში გამოვიდა „ცისკარა.” იმ ფილმით აღტაცებული იყო მჟავანაძე. „მაგდანასთვის” დიდი დაღი იყო, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელს არ მოეწონა. ამ დროს მოსკოვიდან კინოსამმართველოს უფროსი ჩამოვიდა, ნახა ორივე ფილმი, ეწვია მჟავანაძეს და უთხრა: „ცისკარა” შაბლონური სურათია, არაფრად ვარგა, მაგრამ „მაგდანას ლურჯათი” შეიძლება იამაყოო. მჟავანაძემ არ დაუმალა, მე არ მომეწონაო. თქვენს პოზიციას უნდა გადახედოთო – ურჩია სტუმარმა.
გიგა ლორთქიფანიძე: „მონანიება” უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ მის ასეთ წარმატებაში კონიუნქტურამაც ითამაშა როლი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ამის გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მე მახსოვს ის ამბავი, როდესაც თენგიზმა „მონანიების” სცენარი ედუარდ შევარდნაძეს მისცა წასაკითხად. ჩვენ განებივრებულები ვიყავით, რომ ედუარდი პასუხს ორ-სამ დღეში გვაძლევდა, როცა რაღაცის გადარჩენა იყო საჭირო, ან ფული გვჭირდებოდა რამის გასაკეთებლად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა: მე მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა, შეუძლებელია, ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ. ვეტყვი, რომ მე სხვა თემაც მაქვსო. რეზო დაეთანხმა. დაურეკა მთავრობის ტელეფონით და გადასცა თენგიზის ნათქვამი. მან მეორე დღესვე დაგვიბარა და იქ უთხრა ედუარდმა: მე წავიკითხე, ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც კინოკომიტეტი, არც ტელევიზია. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. „მონანიების” ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ, თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, ძალიან გამხდარი და შეცვლილი მოდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ამით გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ. ხშირად ამბობენ, თენგიზის ფილმები სხვისას ჰგავსო. არაფერს რომ არ ჰგავს, იმან იკითხოს, თორემ კარგს უნდა ჰგავდეს, აბა, რა? თენგიზი ხომ ყველაფრით ინტერესდებოდა და შეუძლებელია, რამეს გავლენა არ მოეხდინა მასზე... მე შევსულვარ თენგიზის გადაღებაზე. ის არ იყო მკაცრი, მაგრამ საოცარი წესრიგი სუფევდა იქ. რაც ჩვენ ნერვების გლეჯვის, ყვირილის ფასად გვიჯდებოდა, ის ამას სიმშვიდით აღწევდა. ბევრი მსახიობი გიჟდება მასზე, თუნდაც ოთარ მეღვინეთუხუცესი... „ნატვრის ხე” შედევრია, მხატვრული აზროვნების თვალსაზრისით საოცრებაა. ეს დამაგვირგვინებელი ფილმია.