ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 43 წლის. რამდენიმე წელია, გული ხან ამიჩქარება, ხან, თითქოს, ჩერდება. გავიკეთე ეკგ და მითხრეს, კოსმოსში გაფრენა შეგიძლია ასეთი გულითო. არ მჯერა, რადგან ხანდახან ისე ვარ, მგონია, რომ მოვკვდები. რა არის ეს?
პასუხი: თქვენი აღწერით, გულის რიტმის დარღვევა უნდა ვივარაუდოთ. ეკგ - გამოკვლევის პირველადი, დროში შეზღუდული მეთოდია. გირჩევთ, ჩაიტაროთ ეკგ-ს სადღეღამისო მონიტორინგი გულის რიტმის შესაფასებლად დატვირთვისა და მოსვენების დროს.
კითხვა: ანალიზების შედეგად მეუღლეს დაუსვეს დიაგნოზი: ალკოჰოლური ჰეპატიტი. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ის უკვე ალკოჰოლდამოკიდებულია?
პასუხი: ალკოჰოლიზმის დიაგნოზის დასმა ხდება რიგი სიმპტომების მიხედვით. ერთ-ერთი მათგანია ალკოჰოლური ჰეპატიტი. ეს დიაგნოზი კი ნიშნავს, რომ, ალკოჰოლის იმ რაოდენობამ, რომელსაც თქვენი მეუღლე იღებს, ღვიძლის პარენქიმის დაზიანება გამოიწვია. მან კატეგორიული უარი უნდა თქვას ალკოჰოლის მიღებაზე და ჩაიტაროს აღდგენითი თერაპიის კურსი, რომელსაც ნარკოლოგი დაუნიშნავს.
კითხვა: ჩემი მეუღლე ყოველდღე 1-1,5 ლიტრ ლუდს ან ღვინოს (მაგარ სასმელებს არ ეტანება) სვამს. ითვლება თუ არა, რომ ის დამოკიდებულია სასმელზე? როგორ დავეხმარო მას?
პასუხი: საშიშროება ისაა, რომ ყოველდღიურად ორგანიზმში ეთილის სპირტის უსაფრთხოზე მეტი რაოდენობა ხვდება. თანდათანობით, ამ დოპინგის გარეშე, მას დაუქვეითდება მადა, სქესობრივი აქტივობა, დაერღვევა ძილი და ასე შემდეგ. ეს სიმპტომატიკა ალკოჰოლის ახალი დოზის მიღებით მოიხსნება. თქვენ მიერ აღწერილი მდგომარეობის დროს ისმება დიაგნოზი – „ალკოჰოლური დამოკიდებულება“ და მოითხოვს დადგენილი სტანდარტებით მკურნალობას.
კითხვა: ვარ 30 წლის. 1999 წლიდან მაქვს დიაგნოზი – ჰემორაგიული ვასკულიტი ქრონიკული გლომერულონეფრიტით. მას შემდეგ რემისია მაქვს. შეიძლება თუ არა ჩემთვის აცრების გაკეთება, მაგალითად, ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ?
პასუხი: ხანგრძლივი, მყარი რემისიის დროს შენარჩუნებული თირკმლის ფუნქციით, პროფილაქტიკური აცრები აკრძალული არ არის. ვაქცინაციის წინ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც გამორიცხავს გამწვავების არსებობას. თანამედროვე ვაქცინების რეაქტოგენობა მინიმუმამდე არის დაყვანილი, მაგრამ, ვაქცინაციის წინ მაინც ყურადღებით გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას.
კითხვა: 6 თვის წინ გავაჩინე ბავშვი და მას შემდეგ სრულიად გამიქრა სქესობრივი ლტოლვა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მშობიარობა, თავისთავად, სასქესო ორგანოების საკმაოდ მძიმე ტრავმაა. ამას გარდა, ქალის ორგანიზმში ხდება უძლიერესი ჰორმონული ცვლილებები ორსულობისა და ლაქტაციის დროს, თანაც, ქალის ტვინი იმდენად დაკავებულია ბავშვით, რომ, შეიძლება, სქესობრივი ლტოლვის ფსიქოგენური დათრგუნვა მოხდეს. ჩამოთვლილი მიზეზები უკვე საკმარისზე მეტია ლიბიდოსა და ეროგენული ზონების მგრძნობელობის დასაქვეითებლად. შეგიძლიათ, მიმართოთ სექსოლოგს, მაგრამ, გირჩევთ, კიდევ 5-6 თვით გადადოთ ეს თემა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი