აღმოაჩინეს თავისი ვარსკვლავის საწინააღმდეგოდ მოძრავი პლანეტა
იაპონელი და ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა, პირველად ასტრონომიის ისტორიაში, აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის ბრუნვის საწინააღმდეგოდ ტრიალებს. ეს აღმოაჩინეს მძლავრი ტელესკოპის, „სუბარუს“ საშუალებით, რომელიც ჰავაის კუნძულებზე მდებარეობს.
ეს პლანეტა დედამიწიდან ათასი სინათლის წლითაა დაშორებული „გედის“ თანავარსკვლავედის მიმართულებით. ზომებით ის 1,4-ჯერ დიდია იუპიტერზე და იმ ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, რომლის დიამეტრი 1,8-ჯერ დიდია მზის დიამეტრზე.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ პლანეტის მოძრაობა ვარსკვლავის გარშემო საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნვის საწინააღმდეგოა. ასეთი ფენომენი ასტრონომებმა პირველად დააფიქსირეს.
ადრე ბუნებრივად ითვლებოდა, რომ პლანეტები თავისი ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობენ იმავე მიმართულებით, რომლითაც ეს ვარსკვლავი ბრუნავს თავისი ღერძის ირგვლივ, ვინაიდან ეს ობიექტები ერთი და იგივე გაზის გროვისგან იბადებოდნენ, თუმცა, თეორიული გამოთვლები ადრეც მიუთითებდა იმაზე, რომ ეს არ შეიძლება ზოგად წესად ჩაითვალოს, რადგან ციური სხეულების მოძრაობაზე სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ. ახლა მიღებულია ასეთი მსჯელობის პრაქტიკული მტკიცებულება.
კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი ნოსიო ნასიტა მიიჩნევს, რომ მისი კოლეგების მიერ აღმოჩენილი ციური სხეულის მოძრაობის „უკუსვლაზე“ გავლენა მოახდინა მასთან ახლოს მდებარე განსაკუთრებით დიდი ზომების ციური სხეულის გრავიტაციულმა ველმა. ახლა იაპონელი და ამერიკელი ასტრონომები ცდილობენ, ეს გიგანტური ციური სხეული იმავე ტელესკოპის მეშვეობით მოძებნონ, რათა დაადასტურონ თავიანთი თეორია.