მამათა შეგონებანი
ნიკოლოზ სერბი: ღმერთის ძალაუფლება ეშმაკებზე არ ვრცელდება ადამიანებიდან მხოლოდ მათი განდევნით, არამედ, ამ უჩინარი ქოფაკებისთვის ნების მიცემითაც, რომ თავს დაესხან ადამიანებს. ამიტომ, ეშმაკიც კი, წმიდა წერილში მოხსენიებულია როგორც ღვთის ნების მორჩილი. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: და სული ბოროტი ღმერთისგან დაეცა სულს. ის უფლისგანაა არა იმიტომ, რომ მსგავსია უფლისა ან მისგან გამომდინარეა. რასაკვირველია, არა! არამედ იმიტომ, რომ უფლის ძალაუფლებითაა შეკრული.
წმიდა სილუანი: ყველა სარგებლობს სხვისი ნაშრომით, ამიტომ, მხოლოდ მიმტაცებლად რომ არ იქცე, უნდა იშრომო და სხვასაც გაუნაწილო ნაშრომი მიღებულის დასაბრუნებლად. ვინაიდან მიღებულისა და გაცემულის გაზომვა-აწონა შეუძლებელია. ეცადე, ნაკლები მიიღო და მეტი გასცე.
მარკოზ განშორებული: სულის მდგომარეობა, როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ჩადენილ ბოროტებას, მაშინ ეუფლება, როცა ან არ სურს, გონების თვალით შეაფასოს თავისი საქციელი, ან, უფრო უარესი, მაშინ მოუხმობს გონებას მის გასამართლებლად, როცა ცდუნების და მასთან დაკავშირებულ ცრუმორწმუნეობის გავლენის ქვეშ ექცევა.
ნილოს სინელი: ვისაც სწამს, რომ სამყარო ღმერთის შექმნილია, ხშირად სვამს კითხვას: რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები ისე, რომ არ შეუძლიათ, ცოდვაში არ ჩადგან ფეხი? ეს იგივეა, რომ იკითხო, რატომ შექმნა ღმერთმა ქალები ისე, რომ შვილები აჩინონ, უნდა ეწვალონ, შობონ, გამოკვებონ, აღზარდონ? განა უფრო ადვილი არ იქნებოდა, დედებისთვის ბავშვები გამოეგზავნა მშობიარობის, ძუძუს წოვების, გარჯის, დარდისა და შიშის გარეშე? არც ერთი დედა არ დასვამს ამ კითხვას, რადგან ბავშვი მისთვის იმიტომაცაა ძვირფასი და საყვარელი, რომ ტკივილებით ჰყავს შობილი; გამოკვების, გარჯისა და ზრუნვის დროსაც კი, იგი ყველაზე განსაკუთრებულ სიხარულს განიცდის. ასევეა ადამიანის ცხოვრებაც: ცოდვები, ცდუნებები და ცრუმორწმუნეობა, მათთან ბრძოლა და გამარჯება – ესაა ადამიანის ცხოვრების არსი და სიხარული.
ბარსანოფი დიდი: თუ ადამიანს ხელზე ჭრილობა არა აქვს, მას შეუძლია, შეეხოს გველის შხამს – ჯანმრთელი ხელისთვის შხამი საშინელი არ არის. ბოროტება მხოლოდ იმისთვისაა უვნებელი, ვინც თავად არ სჩადის მას.
ეფრემ ასური: არც ერთი ცდუნება ისე დიდხანს არ ეუფლება ადამიანებს, ისე არ აშორებს მათ ცხოვრების მიზნისა და მისი ჭეშმარიტი კეთილდღეობის გათვითცნობიერებისგან, როგორც ადამიანთა ზრუნვა ქება-დიდებისა და პატივის მოსაპოვებლად. ცდუნებისგან ადამიანი თავისუფლდება მხოლოდ საკუთარ თავთან შეუპოვარი ბრძოლით, ღმერთთან ერთიანობის გამუდმებული მოხმობით და მხოლოდ მისი მოწონების მოსაპოვებლად.
იოანე ოქროპირი: ძველი ტრადიციების მიმართ უპატივცემულობას იმ ბოროტების ერთი მეასედიც კი არ მოჰყოლია, რაც ძველი წეს-ჩვეულებების და კანონების მორჩილებას მოჰყვა. ადამიანებს უკვე კარგა ხანია, აღარ სწამთ, მაგრამ, მაინც აღასრულებენ მათ, ვინაიდან ფიქრობენ, რომ უმრავლესობის გაკიცხვას დაიმსახურებენ, თუკი უარს იტყვიან ამაზე. ეს მაშინ, როცა უმრავლესობას დიდი ხანია, აღარ სწამს იგი, უბრალოდ, ყველას ეშინია, იყოს პირველი.
არქიმანდრიტი რაფაელი: ეცადეთ, შეიგრძნოთ თქვენი რწმენა, ის, რისთვისაც ცხოვრობთ. თუ იგი მცდარია, ის დაგეხმარებათ მის გამოსწორებაში, თუ ჭეშმარიტი – მის განმტკიცებაში.