ვისთან არ წავა კომპრომისზე თემურ ყვითელაშვილი და როგორი წესებით ცხოვრობს ის
ყველასთვის საყვარელი გიტარისტ-შემსრულებელი, თემურ ყვითელაშვილი ცხოვრების დინებას იმ პრინციპებით მიჰყვება, რომ ადამიანებთან ურთიერთობები თავისი ცხოვრების წესისა და თავისივე კანონების მიხედვით ააგოს, რომელსაც არასდროს გადაუხვევს. ყველაზე მეტად მას უპასუხისმგებლო ადამიანი აღიზიანებს. ასეთებთან მომენტალურად წყვეტს ურთიერთობას. როგორი პრინციპებით ცხოვრობს მსოფლიოში განთქმული გიტარისტი, ამას მისგან შეიტყობთ.
– ყველას გვაინტერესებს როგორია თემურ ყვითელაშვილის ცხოვრების წესი.
– მივდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ძალიან ადრე ვდგები, დღეს ვიწყებ ვარჯიშით. ყოველი დღე დაგეგმილი მაქვს. წესრიგი ყველგან და ყველაფერში, – ჩემი დევიზია. მარტო შენ რომ იყო მოწესრიგებული და გვერდით მყოფი უდისციპლინო, ასე არაფერი გამოვა. ოჯახიც იმავეს უნდა პასუხობდეს. სხვა შემთხვევაში, ამას ვერ მოვითმენ. დისციპლინა და კანონები თვითონ შევქმენი ჩემი ოჯახისთვის.
– მამაკაცები ისედაც ლიდერობთ ოჯახში, კანონებსაც თვითონ წერთ და იღებთ, თუმცა ქალზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ, ოჯახის წევრებს ეს არ უქმნის დისკომფორტს?
– ეს თუ არ იქნა, ის ოჯახი აღარ არის. როდესაც სახლში შევდივარ, იგრძნობა, რომ მე შევედი. სხვასთან როგორ არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემს ოჯახში, ასეა. სახლში ოჯახის უფროსის შესვლა და გამოსვლა, უნდა იგრძნობოდეს. რა თქმა უნდა, ქალზეც ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი მაინც მამაკაცზეა – როგორ აქვს ოჯახში საქმე დაყენებული. ჩემი ცოლი აბსოლუტურად ყველა პუნქტს იცავს. სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა ჩემი ცოლი. ძალიან მომთხოვნი ვარ. რამეს რომ დაარღვევს ადამიანი, მაშინვე პასუხს ვთხოვ. მაგალითად, საქმიანი შეხვედრაა და მეორე მხარე აგვიანებს. ძალიან ვბრაზდები. თუ რაღაც მოხდა, ამისთვის არსებობს ტელეფონი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, შეიძლება, რაღაც შეგეშალოს, ამისგან არავინაა დაზღვეული. მაგრამ, საქმის კურსში ჩაყენება ყველას ავალდებულებს.
– ამბობენ, თემურ ყვითელაშვილთან ურთიერთობა რთულია, სწორედ იმის გამო, რომ ძალიან მკაცრი და პრინციპულიაო.
– თუ ვიღაცას ჩემი სიმკაცრე აღიზიანებს, დაწყნარდეს. თუ სწყინს, ცივი წყალი დალიოს. სიმართლე არავის უყვარს. რა მნიშვნელობა აქვს ჩემი ახლო მეგობარია, ნათესავი თუ ნაცნობი? ყველასთან ერთნაირად მომთხოვნი ვარ. თქვენ მობრძანდით ჩემთან და მე, თქვენს პროფესიონალიზმსა და დროს ვცემ პატივს, მე ასე მიმაჩნია, და ყოველ წუთს საათზე ყურებას არ ვაპირებ. უზრდელობაა. ყველგან, ადამიანობისა და წესიერების ერთი სტანდარტი არსებობს, რომელიც არ უნდა დაირღვეს. საქართველოა, მერე რა მოხდაო, – იტყვიან ხოლმე. ეს რა შუაშია? ჩემთვისაც საქართველოა, ჩემზე მეტად უყვარს ვინმეს თუ რა?! სხვის დროს და პროფესიონალიზმს უნდა სცე პატივი. სულ იმას ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების წესი, დისციპლინა და სიმკაცრე, არავის უნდა უქმნიდეს დისკომფორტს, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, თუ თქვენ დააგვიანეთ და მე წავედი, პირიქით, თქვენ შემიქმენით დისკომფორტი. მე კი წავედი იმიტომ, რომ ეს უპასუხისმგებლობა ვერ ავიტანე. ძალიან ელემენტარულ რაღაცას ვამბობ. ამას თუ არ ვიცავთ, მაშინ რა სერიოზულ საქმეზეა ლაპარაკი. ვერ დავიჯერებ, რომ ის ადამიანი რაღაც სერიოზულს გააკეთებს, თუ ამ პუნქტში ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ასეთებთან არ მაქვს ურთიერთობა, მორჩა, დამთავრდა.
– ეს არ გიშლით ხელს ყოველდღიურ ურთიერთობებში, სამსახურში ან სადმე დაწესებულებაში რომ მიდიხართ? ხომ შეიძლება, ყველამ ვერ გაიგოს თქვენი მიდგომები და ჩხუბში გადაიზარდოს?
– უამრავ ადამიანთან შევწყვიტე ურთიერთობა და კიდევ შევწყვეტ, რადგან არ შეიძლება, აქედან და იქედან მოუარო ადამიანს და მისი გამოსწორება დაიწყო. არავის მასწავლებელი არ ვარ, უბრალო რაღაცეებზეა საუბარი. არავისთან კომპრომისზე წამსვლელი კაცი არ ვარ. ჩემს ასაკთან შედარებით, ძალიან ბევრი რამ ვნახე ცხოვრებაში, ბევრი გაჭირვება და პრობლემა გამოვიარე. ადამიანები ხომ საერთოდ მოგზაურობიდან გავიცანი, მოხარშული ვიცი ყველა და ყველაფერი. იმიტომ, გავდივარ ცხოვრებაში ამდენ რამეს, იმიტომ შევინარჩუნე ავტორიტეტი, რომ ვიღაცას რაღაც ვაპატიო? ყველაზე მოკრძალებულად ვცხოვრობ და რატომ ვცხოვრობ ასე? იმიტომ, რომ ყველაფერი არ ვიკადრე. ყველა თავისი საქციელითა და ცხოვრების წესით უნდა იყოს პასუხისმგებელი. მე ვიცი, რას ვაკეთებ. კომპრომისი არ დამიშვია და არც დავუშვებ, რადგან მე ასეთი ვარ. ესე იგი, ასეა საჭირო. არ მოვერგე სხვა ცხოვრებას, არ შევუძვერი ვიღაცეებს. მაშინ ვიქნებოდი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, მაგრამ არსებობს სხვა ღირებულებები.
– ხართ თუ არა ჩართული ოჯახის საქმეებში – იმაში, რაც მამაკაცს ეხება?
– ყველაზე ნაკლებად ვარ ჩართული ოჯახის ამბებში. ხელოვანი კაცი ვარ და მიმაჩნია, რომ მხოლოდ ჩემს საქმეს უნდა ვაკეთებდე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის საქმის კურსში არ ვარ. ყველაფერს ვაკონტროლებ და ვწყვეტ, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. შვილებთან უნივერსიტეტშიც დავდივარ და სკოლაშიც. აბსოლუტურად ყველაფერს ვიბარებ დღის განმავლობაში, სხვანაირად არ შეიძლება. ყველას თავისი ფუნქცია უნდა ჰქონდეს ოჯახში. თავისთავად, მე უნდა მეკითხებოდნენ ყველაფერს, რადგან საკითხი სწორად მაქვს დაყენებული ოჯახში.
– ის თუ თამაშობს თქვენს ნერვებზე, როცა ფული არ გაქვთ?
– ცხონებული დედაჩემი მეტყოდა – ფული არასდროს გექნება, ხარჯავ და არაფერს ინახავო. მე ფულის ის რაოდენობა მაქვს ყოველთვის, რომლის შენახვასაც აზრი არ აქვს-მეთქი. ძალიან მიყვარს ხარჯვა. ზოგიერთები ისეთ რაღაცეებზე წუწუნებენ, რომ ამას არასდროს დავუშვებ ცხოვრებაში, დაუფიქრებლად დავხარჯავ. მინიმალურით მაქსიმალური სიამოვნება უნდა მოუტანო შენს თავსაც და ახლობლებსაც. ბოლო კაპიკიც რომ მქონდეს, უკან დამხევი არ ვარ არაფერზე – ლხინია, ჭირია, ათასი რაღაცაა. თუ ვიცი, რომ კარგ საქმეს მოხმარდება, ვიღაცას დაეხმარება, ჩემს ოჯახს გაახარებს, რატომაც არა. არასდროს ვვარდებოდი ფულზე. ვიცი, რომ დასახარჯი უნდა დაიხარჯოს. ქველმოქმედებასაც ვეწევი. ჩემი ოცნებაა, მყარად დავდგე ფეხზე და დიდი თანხები გადავრიცხო მათთვის, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება. მე ყველაფერს მივაღწიე უმამოდ, უფულოდ და რაც მე მსოფლიო მასშტაბით საგიტარო ხელოვნებაში გავაკეთე, რომელ დარბაზშიც დამიკრავს, შეიძლება ერთი ორმა ვერ დაიტრაბახოს. ეს არის გასაკვირი და დასაფასებელი, თორემ... მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად ვითვლები და რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია ჩემთვის, მაგრამ იყო დიდი ხელოვანი, პიროვნება და გქონდეს ფული – სამი ერთად არ გამოდის. გამოდის მხოლოდ ის, რომ იყო დიდი ხელოვანი და პიროვნება. არავის ცხოვრებაში არ ვერევი, ყველას თავის გზით გაუმარჯოს, მაგრამ მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ხელოვნებაში ყველაფერი დამოკიდებულია ურთიერთობებზე – ვინ ვისთან არის. სამწუხაროდ, ცხოვრება ასე ბინძურად და უსამართლოდაა მოწყობილი.
– როგორი ხართ სცენის იქით, შინ, სადაც ვერ გხედავენ. ასევე, მაინტერესებს, თუ გაქვთ თქვენი ოთახი, საყვარელი ნივთები?
– როცა ადამიანს შენი სამყარო გაქვს და ოცდაოთხი საათი მუსიკაში ხარ, იქ არაფერს აღარ აქცევ ყურადღებას. სახლში არ ვარ ძალიან პრეტენზიული. დილით რომ ვდგები, ჯერ ჩაის მივირთმევ, ყავას არ გეახლებით. ვიწყებ ვარჯიშს, შემდეგ მოდის საუზმე, მეცადინეობა, შეხვედრები, კონცერტები, მასტერკლასები... დილიდან საღამომდე, როცა გარეთ არ გავდივარ, ვუსმენ მუსიკას და შვილებთან ვსაუბრობ. სულ ორი ოთახი გვაქვს და ასე თუ ისე, ვეტევით. მე ჩემი ოთახი არასდროს მქონია. ჩემი საყვარელი ნივთი და ცხოვრების ნაწილი ჩემი გიტარაა, კომპაქტ-დისკები. ყველაფერს აკურატულად ვუვლი, რაც უცხოეთიდან ჩამომიტანია. ესენია სუვენირები, ჩემი ალბომები, აფიშები. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე.
– რა კორექტივებს შეიტანდით თქვენი ცხოვრების წესში, ალბათ, არის რაღაც, რაც თვითონ არ მოგწონთ და შეცვლიდით?
– სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არაფერს შევცვლიდი, მომწონს როგორიც ვარ. უპირველესად, არასდროს არ უნდა დაკარგო საკუთარი თავის პატივისცემა. შინაგანად ძლიერი ადამიანი ვარ. ჩემი მეათასედი თუ მეასედი გაჭირვება რომ ენახათ, არ ვიცი, რას იზამდნენ. ჩემს ბიოგრაფიას რომ გაეცნოთ, ალბათ, გაოგნებული დარჩებით, ამხელა გაჭირვების მიუხედავად, დავკარგე კი არა, პირიქით, წარმატება წარმატებაზე მომდის. მე სულ ასეთი პრინციპული ვიყავი და ასეთი ადამიანი არსად არ უყვართ. ყველა ანსამბლში მქონდა პრობლემები. ყველგან სასურველი ვიყავი, მაგრამ მე მოვდიოდი მათგან, რადგან კოლექტივში არ იყო დისციპლინა, ურთიერთპატივისცემა, შემოქმედებითი ზრდა, მიდგომა. უამრავი ხალხი დავკარგე და ერთი წამითაც არ ვნანობ. ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, სადაც რკინის ფარდა იყო და არანაირი ინფორმაცია არ შემოდიოდა. ვარ თვითნასწავლი გიტარისტი. ხელმოკლედ ვცხოვრობდით. დაგვიანება, შეკითხვები არ მიყვარდა. ამ პუნქტებიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია, დამოუკიდებლად გაიტანო თავი და დაიმკვიდრო შენი სახელი. ეს სწორი ცხოვრების წესით გავაკეთე. ისეთი რაღაცეები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, წიგნი რომ წამეკითხა, ალბათ, ვერ წარმოვიდგენდი.
– როგორც ვიცი, არც ეწევით, არც სვამთ, არც ლხინის სუფრაზე მიდიხართ, არც ჭირის.
– სად არ ვარ ნამყოფი, მსოფლიოს რომელ კუთხეში. კონცერტის შემდეგ ბანკეტებია, გასტროლებზე ყოველთვის არის სმაც და მოწევაც. როცა ასეთი აქტიური ცხოვრება გაქვს, ეს ბუნებრივია, მაგრამ მე ვერა და ვერ მძლია ამან. ესეც ჩემი ერთ-ერთი პრინციპია. რაც შეეხება სუფრას, ყველგან და ყველასთან არ დავდივარ, ვერც ყველა ვერ მოვა ჩემთან. თუ უნდა დამპატიჟოს, კი ბატონო, მაგრამ შემდეგ მე გადავწყვეტ, წავიდე თუ არა. არიან ადამიანები ვისთან ერთადაც მაგიდასთან არ დავჯდები. ისინი ჩემთან მოვიდნენ სახლში, ან მე მათთან მივიდე, არასოდეს მოხდება. მინახავს, ძალიან ლამაზად საუბრობენ სუფრასთან, მერე გარეთ გადიან და ერთმანეთს დედას აგინებენ. ასეთ ურთიერთობებს ვგმობ! ჯობია, საერთოდ არ მიხვიდე იქ. არიან ნაძირლები, რომლებსაც არანაირ პატივს არ ვცემ, მათ თავიანთი წრე ჰყავთ.