როგორ აპირებს ქეთი ორჯონიკიძე ქართველი თოვლის ბაბუის იმიჯის გაცნობას მსოფლიოსთვის და რატომ ვერ იცვამს ის ფიფქიას ფორმას
მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე, თავისი ორიგინალური იმიჯითა და შესრულების მანერით, მართლაც, რომ აოცებს მსმენელს. მაგრამ, არ არის გამორიცხული, მას ახალი წლის დღეებში, სრულიად განსხვავებულად ჩაცმულს – „თოვლის ბაბუის” სამოსში და წითელი გუდით ხელში ქუჩაში გადაგეყაროთ და საჩუქრებითაც დაგაჯილდოოთ. როგორც თავად გვითხრა, ეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ყოველ წელს ასე იქცევა. ქეთი ძალიან ენერგიული, თბილი, კომუნიკაბელური და უბრალო ადამიანია, რომლის გვერდითაც ნამდვილად არ მოიწყენთ.
ქეთი ორჯონიკიძე: ახალი წლის დღეებში განსხვავებული განწყობა მაქვს. მგონია, რაღაც სრულდება და ახალი, სასიხარულო და ბედნიერებით სავსე წელი იწყება. ეს ბუნებრივიცაა და ვფიქრობ, ყველა ადამიანი ასეთი განწყობით ხვდება მას. არ მიყვარს ახალი წლის გარეთ, ქუჩაში შეხვედრა და ვცდილობ, სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში აღვნიშნო ის. მერე კი, გარეთ გავდივარ და მეგობრებთან ერთად ვხალისობ ხოლმე. ერთადერთხელ შევხვდი ახალ წელს ქუჩაში და ლამის ისტერიკაში ჩავვარდი. არ დამავიწყდება, კონცერტი იყო, ღია ცის ქვეშ და თორმეტი საათი რომ გახდა, ყველა ერთმანეთს კოცნიდა, ეხუტებოდა, ულოცავდა. რასაკვირველია, მეც მათ შორის, მაგრამ ახლობელი ადამიანების სითბო, მაინც სხვა განცდაა. ხვდები, რომ რაღაც მთავარი გაკლია და გინდა, იმწუთას. ასე რომ, ახალ წელს მირჩევნია, სახლში ზეიმი და მერე მეგობრების წრეში „აფეთქება” (იცინის).
– და, მიდის სმა-ჭამა, არა?
– დიდად ჭამის და დალევის მოყვარული არ ვარ. მირჩევნია, დრო ვატარო. მახსოვს, ბებიაჩემი აკეთებდა უგემრიელეს ყავის ლიქიორს, რომელსაც კარადაში ინახავდა. ერთ დღესაც, მოვიდა დედაჩემი სახლში, მეძება და ვერ მნახა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, კარადაში აღმომაჩინა. მოკლედ, გამოაღო კარადის კარი და მოკრუნჩხულს მეძინა იქ, ყავის ლიქიორის ბოთლთან ჩახუტებულს. ვწრუპე, ვწრუპე ლიქიორი და ისე დავთვერი, გონზე არ ვიყავი (იცინის). სხვათა შორის, ეს ჩემი სერიოზული დათრობა იყო. ისე, ლუდი მიყვარს და მას ვანიჭებ უპირატესობას სასმელებს შორის. ძალიან მიყვარს „რედ ბულიც”. არ მიყვარს თეთრი ღვინო.
– ამბობენ, ახალი წლის დღეებში თუ თოვლის ბაბუა გადაგეყარა, თანაც წვერის გარეშე და დაგასაჩუქრა, ესე იგი, ქეთის ქველმოქმედების „მსხვერპლი” გახდიო. ასეა?
– ეს მართალია. ყოველ წელს განსაკუთრებულად ვემზადები. ვიცვამ თოვლის ბაბუის ფორმას, მოვიგდებ წითელ გუდას და გავდივარ ქუჩაში, რომ საჩუქრები დავარიგო. მანამდე კი ვყიდულობ პატარ-პატარა საჩუქრებს და ვაგროვებ, რომ გამვლელ-გამომვლელი გავახარო ჩემი მოკრძალებული, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქველმოქმედებით. ეს მეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სხვებსაც ვახარებ. მართალია, თეთრი წვერი არ მაქვს და ვერც დაწკეპილი ულვაშებით დავიკვეხნი, მაგრამ, ბავშვებისთვის კეთილი თოვლის ბაბუა, ნამდვილად ვარ. ბევრს ეცინება, რომ მიყურებს. ახალი წლის ღამეს, მეგობრებს რომ ჩამოვუარე ასეთ ფორმაში და მივულოცე ახალი წელი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სასაცილო იქნებოდა (იცინის).
– ესე იგი, მეკვლეობაზე პრეტენზია გაქვს?
– რა მოგახსენოთ. ამბობენ, კარგი ფეხი გაქვსო. ვისაც ამის არ სჯერა, ჯერ „ბროლიას” უშვებს და ძაღლის მერე მე შევდივარ ჩემი დიდი, წითელი გუდით. ეტყობა, ქალი „თოვლის ბაბუა” რომ ვარ, სკეპტიკურად უყურებენ ჩემს ფეხს და მაინც თავს იზღვევენ (იცინის). მინდა, ახალი წლის დღეები ასეთი საქციელით გავუხალისო ყველას, ნაცნობსა და უცნობს. მგონი, გამომდის.
– ხომ არ ჯობდა, ფიფქიას სამოსი მოგერგო?
– ეგეც ვიფიქრე, მაგრამ გრძელ კაბას ვერ ჩავიცვამ, „მეგოიმება”, მინი ქვედაბოლოთი ვერ ვივლიდი ქუჩაში ამ სიცივეში. შარვლიანი ფიფქია კი ცოტა უხერხულია. ამიტომ, „თოვლის ბაბუის” ფორმა კარგად მოვირგე და წვერის გარეშეც კარგად გამოვიყურები. მართალია, ცოტა უხერხულია, მაგრამ მაინც მიხდება ეს იმიჯი (იცინის). 12-13 წლის რომ ვიყავი, თოვლის ბაბუის ფორმაც მეცვა და თეთრი წვერიც მეკეთა. დოლიძის კუთხეში ვიდექი ხოლმე და რომ დავინახავდი პატარებს, კანფეტებს ვურიგებდი. მე მიხარია ეს ყველაფერი და ამიტომ ვაკეთებ. ხომ არის ნათქვამი, შეიყვარე შენი თავი და სხვაც გეყვარებაო. ეს ჩემი დევიზია. წელს, ცოტა გვიან დავიწყე საჩუქრების ყიდვა, მაგრამ მაინც მოვასწარი. მართალია, უფრო მეტი საჩუქარი ახლობლებს დავურიგე, მაგრამ...
– ესე იგი, თოვლის ბაბუასთანაც „ჩაწყობა” მოსულა?
– (იცინის). ადრე უცხო ადამიანებს ვურიგებდი და ბევრი ახლობელი საჩუქრების გარეშე მრჩებოდა, ახლა კი ჭკუა ვისწავლე.
– პირად საუბარში მითხარი, უცხოეთში მინდა წასვლა და იქ კარიერის გაკეთებაო. სანტა კლაუსს როგორ გაუწევ კონკურენციას უცხო მხარეში?
– ამაზე კი არ მიფიქრია (იცინის). ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და უცხოეთშიც იგივეს ვიზამ. ჩავიცვამ თოვლის ბაბუის ფორმას და ამოვუდგები სანტა კლაუსს გვერდით. აბა, რა ვქნა? მეგობრული კონკურენცია ახალი წლის ჯადოსნურ დღეებში „მოსულა”. უბრალოდ, იმაში გავეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ საჩუქარს დაურიგებს ბავშვებს. ახლა რომ დავფიქრდი, რა მაგარი იქნება!.. წარმოვიდგინე, ბავშვების გაფართოვებული თვალები, სანტა და ბაბუ რომ „ჩხუბობენ“, ვინ მეტი საჩუქრით დაასაჩუქრებს მათ (იცინის). თან, თუ უცხოელი სანტა კლაუსიც მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული და ამყვება საახალწლო სიმღერაში, რა მაგარი იქნება, არა?!
– ნამდვილად.
– ჰოდა, უფრო მაგარი ის იქნება, რომ აჭრელდება პრესა, ქეთი ორჯონიკიძემ, ქართველი თოვლის ბაბუის იმიჯი მსოფლიოს სიმღერ-სიმღერით გააცნოო (იცინის). კარიერასაც ავიწყობდი და თან, თოვლის ბაბუაც ვიქნებოდი. რა მაგარია! წელს ამას ვეღარ მოვასწრებ და მომავალი ახალი წლისა და საახალწლო იმიჯისთვის კი ახლავე დავიწყებ მზადებას.