რატომ ვერ იქნება მამაკაცი ერთგული, თუ ერთ ქალს უკვე უღალატა
ადამიანებს აღარ აქვთ სურვილი, გაუგონ ერთმანეთს! – ასე ფიქრობენ ფსიქოლოგები და მიიჩნევენ, რომ ჩვენი პრობლემის დიდი ნაწილის მიზეზიც სწორედ ეს არის. განსაკუთრებით ქალბატონებს არ გვაწყენდა, გვეგულშემატკივრა ერთმანეთისთვის. გვეჩვენებინა, თანადგომისა და გატანის მეთოდები. არ დაგვეჩაგრა ერთმანეთი, არ გაგველანძღა და გული არ გვეტკენინებინა. დავიმახსოვროთ – სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ ააშენებ. ეს უკვე დადგენილი და დადასტურებული ფაქტია. შეიძლება, რაღაც მომენტში, თავი გამარჯვებულადაც იგრძნო, მაგრამ ეფექტი აუცილებლად ხანმოკლე იქნება. იმედგაცრუება კი, განსაკუთრებით მტკივნეული. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ადამიანები ძალიან იშვიათად ვუცხადებთ ერთმანეთს სოლიდარობას. ანუ, არ ვართ სოლიდარულები და შედეგსაც ლოგიკურს ვიმკით.
თინათინი (27 წლის): მე რომ გოგა გავიცანი, მითხრა, ცოლს გაცილებული ვარო. სხვა შემთხვევაში, მასთან ურთიერთობას არ დავიწყებდი, სერიოზულ ურთიერთობას მაინც, ფლირტი შეიძლება მქონოდა.
– ცოლიან მამაკაცთან ფლირტი, თითქმის, მასთან სერიოზული ურთიერთობის დაშვებაა. ერთი წინგადადგმული ნაბიჯი მაინც არის.
– არ ვიცი. შეიძლება მართალი ხართ. მე მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ, ცოლიანი კაცი ჩემთვის მკვდარია, საერთოდ არაფერს წარმოადგენს და თავიც რომ მოიკლას, ყურადღებას არ მივაქცევო.
– აუხსნიათ რატომ?
– კი, ისინი სანდონი არ არიანო. მათი ცოლების გვესმის, რადგან ცოლიანი კაცი აუცილებლად დაკომპლექსებული და იდიოტიაო. საუბარია, იმ ცოლიან კაცებზე, რომლებიც გასართობს სხვაგან ეძებენ. მე არ ვეთანხმებოდი და ჩემდა სავალალოდ უნდა ვთქვა, რომ არასოდეს ვუთანაგრძნობდი მოტყუებულ ცოლებს. კაცების მხარეს ვიყავი. ალბათ, აქვთ მიზეზი და ღალატობენ-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ არ ვიცოდი, რომ ზოგიერთ კაცს ღალატისთვის მიზეზი საერთოდ არ სჭირდება. ბუნებით არის მოღალატე და ერთგული ვერც ერთ ქალთან ვერ იქნება. ცხოვრებამ უკვე კარგი გაკვეთილი ჩამიტარა. ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. არ შეიძლება, იყო ჯიუტი და ვიღაცის ნათქვამი ბრმად გაიმეორო. თან რაღაც აბსურდი ამტკიცო. ალბათ, ყველა კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ქმარმა ცოლს უღალატა და ესე იგი, ეს ცოლის ბრალია, მას რაღაც დააკლოო – ეს წარმოუდგენელი შეცდომაც არის და უსამართლობაც.
– რატომ?
– გეტყვით, რატომაც. ჯერ ერთი, რაღაც დააკლო რას ნიშნავს? ანუ, ქალი ყველაფრით სრულყოფილი უნდა იყოს, რომ კაცმა მას უერთგულოს? ვინ დაადგინა სრულყოფილების კრიტერიუმები? ან, საერთოდ, არსებობს სრულყოფილება? თავად ის მამაკაცი არის სრულყოფილი? მე ახლა უკვე ვიცი, როგორ იქცევა ღირსეული მამაკაცი. თუ მას ცოლთან ისეთი პრობლემები აქვს, რომ მასთან ერთად ჭერქვეშ აღარ ეცხოვრება, ჯერ დაამთავრებს მასთან ურთიერთობას, გაარკვევს და დაალაგებს სიტუაციას და მერე იწყებს ახალი პარტნიორის ძებნას. მე არ ვიცნობ მამაკაცს, რომელიც ასე მოიქცა. სამაგიეროდ, უამრავია ისეთი, ვინც ჯერ გაიჩინა საყვარელი და ოჯახი მერე დაანგრია. თუმცა, არც ამ საყვარელთან შეუქმნია სანიმუშო ოჯახი.
– ეს მორალი თქვენ მერე გაიგეთ, თუ მანამდე?
– მანამდე იყო სულელი გოგო, რომელსაც თავისი „ოცნების მამაკაცის” ყველაფერი სჯეროდა.
– ფლირტი „ოცნების მამაკაცთან” დაიწყეთ?
– პრინციპში, არა. დავიწყე ძალიან სიმპათიურ მამაკაცთან, რომელიც გაცნობისთანავე მომეწონა. მეგობარმა გამაფრთხილა, ცოლიც ჰყავს, შვილიც და შეეშვი, მერე გული გეტკინებაო. ვიფიქრე, თუ ცოტას გავერთობი, ამით არაფერი დაშავდება-მეთქი.
– ანუ, ცოლმა ვერ დაგაფრთხოთ?
– ვერა. უფრო სწორად, არა. ხომ გითხარით, მაშინ როგორი წარმოდგენა მქონდა, ამ ყველაფერზე. ამ ტიპის მამაკაცები ცოლების მსხვერპლი მეგონა. საწყლები, მოუგრიხეს ცოლებმა კისერი და თან, ბოლომდე ვერც მოუგრიხეს-მეთქი. ამიტომ, ცოტა ირონიაც მქონდა და „საწყალ კურდღლებს” ვეძახდი მათ, სტაფილოს დანახვაზე, ნერწყვი რომ მოსდით. ანუ, „ვკაიფობდი”, მაგრამ, გოგა ამყვა. ამყვა რბილად არის ნათქვამი – გადაირია და გაგიჟდა ჩემზე. მე სულელს, მეგონა, რომ მართლა შევუყვარდი. როცა მივხვდი, რომ ურთიერთობა ფლირტის საზღვრებს გასცდა, მაშინვე ვუთხარი, ცოლი გყავს და დავამთავროთ-მეთქი. არა, ცოლს უკვე კარგა ხანია გავშორდიო.
– თქვენც მაშინვე დაუჯერეთ?
– ალბათ, მინდოდა, რომ დამეჯერებინა. ხომ იცით, ქალების სენი ეს არის – იჯერებენ იმას, რისიც თავად სჯერათ, ანუ, უნდათ, რომ სჯეროდეთ. რატომ ვიტყუებთ თავს ზოგჯერ შეგნებულად, გაუგებარია. ბევრი მიფიქრია ამაზე და ვერ მივხვდი.
– ყველა ქალი არ იტყუებს თავს.
– ჰოდა, როცა არ იტყუებს, იქ მთავრდება ყველაფერი. მოიხსნი ვარდისფერ სათვალეს და ხელში მატყუარა, უსინდისო, მექალთანე და ორგული კაცი შეგრჩება. მე ასე დამემართა.
– იმას ადანაშაულებთ?
– უფრო საკუთარ თავს, თორემ იმან ეცადა და გამოუვიდა. მე მინდოდა და დავიჯერე. ძალიან მომეწონა.
– მოგეწონათ და არა, შეგიყვარდათ?
– ახლა, ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა და მე საერთოდ, არ მჯერა ასეთი სიყვარულის. ბრმად ვინ უნდა შეგიყვარდეს? ან როგორი უნდა იყოს, რომ დაინახო და გულგანგმირული დაეცე. სისულელეა, ჯერ უნდა მოგეწონოს და დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომელიც მამაკაცის მიმართ გაქვს.
– თქვენ რა მოთხოვნები გქონდათ და საერთოდ, სიყვარულში მოთხოვნები შეიძლება?
– გეუბნებით, სიყვარული მერე უნდა მოვიდეს-მეთქი. მე მამაკაცისგან მინდოდა ყურადღება, სითბო, განებივრება, საჩუქრები, სიურპრიზები. ის, რაც ყველა ნორმალურ ქალს უნდა.
– მგონი, ყველა ნორმალურ ქალს უნდა სიყვარული და საყვარელ მამაკაცთან ოჯახი.
– ჰო, ქალებს ზოგადად ეს უნდათ, გეთანხმებით. ზოგს, ოღონდ ქმარი ჰყავდეს და ყველაფერზე თანახმაა. არ მინდა, ისევ ცოლების წინააღმდეგ გამოვიდე, მაგრამ ისინი რომ ყველაფერზე თვალს არ უხუჭავდნენ საკუთარ ქმრებს, ასეთ სიტუაციამდე არ მივიდოდით.
– გინდათ, ქმრის მოღალატურ ბუნებაში ცოლი დაადანაშაულოთ?
– არა. უბრალოდ, ცოტა მაგრად უნდა დავუდგეთ კაცებს. მე დავიჯერე, რომ ცოლს უკვე გაშორებული იყო, მაგრამ იმან ხომ იცოდა, ქმარი აღმა-დაღმა რომ დადიოდა. რატომ ადრე არ მომძებნა და არ მკითხა, რა ხდებაო? არ მითხრა როგორი „ძვირფასი” ქმარი ჰყავდა.
– დაუჯერებდით? – ფაქტია, რომ არა.
– ალბათ, არ დავუჯერებდი, მაგრამ რაღაც ეჭვი გამიჩნდებოდა და უფრო ადრე ამეხილებოდა თვალები. გოგამ ისეთი გარემო შემიქმნა, მე აღარც კი ვცადე, დამეზუსტებინა, რა მოხდა სინამდვილეში მასა და მის ცოლს შორის. ვერსია მომიყვა და დავიჯერე. ეტყობა, ყველა მოღალატე მამაკაცს ერთი, კარგად დამუშავებული ვერსია აქვს: რომ ის ქალი არ უყვარდა, ისე ხვდებოდა. მერე იმან ძალით დაიორსულა თავი და ამანაც ვეღარ მიატოვა. სინდისმა და პასუხისმგებლობამ ცოლად შეართვევინა, ბავშვს რომ არაფერი მოკლებოდა... მაგრამ ახლა შენ შეგხვდი და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება შენს გარეშე არაფერს ნიშნავს. ამიტომ გავშორდი მას. ბავშვს არაფერს მოვაკლებ, მაგრამ სულ შენთან მინდა ვიყოო. მეტი რა მინდოდა. მანქანა მაჩუქა. დაბადების დღეზე სამოგზაუროდ წამიყვანა. მეც მომინდა, მისთვის რაღაც კარგი გამეკეთებინა და ვუთხარი, მინდა, შენი გოგონა გავიცნო, დავუმეგობრდე, რომ მერე ჩვენს შვილებთან იმეგობროს-მეთქი.
– შვილების გაჩენასაც გეგმავდით?
– ჩემთვის ის იყო კაცი, რომლისგანაც შვილის ყოლა მინდოდა. ვფიქრობდი, კარგი მამაა-მეთქი. ცოლს დაშორდა, მაგრამ მის ზარებს, თანაც გამუდმებულ ზარებს, პასუხობს და შვილის სიყვარულით მისგან ბევრსაც იტანს-მეთქი.
– ყოფილი ცოლი ასე ხშირად ურეკავდა?
– მისი მობილური საკმაოდ ხშირად რეკავდა და ყოველთვის მეუბნებოდა, ის არისო. ნახე, რა დღეშია და როგორ ცდილობს, დავუბრუნდეო, რას აღარ კადრულობსო. ბავშვით სპეკულირებსო. ძალიან მეშლებოდა ნერვები იმ ქალზე – რა უთავმოყვარეო ვინმეა, კაცს გულს როგორ უწუხებს. ხომ ხედავს, რომ არ უყვარს-მეთქი. ერთ-ერთ უიქენდზე ქალაქგარეთ ვიყავით. უკვე რამდენიმე ხანი, თითქმის ერთი წელი, ერთად ვცხოვრობდით და ქმარს ვეძახდი. ოფიციალურადაც ვაპირებდით ურთიერთობის გაფორმებას.
– შვილი გაგაცნოთ?
– არა. სულ დებდა შესაფერისი დროისთვის. მეუბნებოდა, დედამისი მას ჩემ წინააღმდეგ განაწყობსო. ახლა რომ შენც დაემატო, სულ გაგიჟდება და შვილს წამართმევსო. უფრო მეტად დავიბოღმე იმ ქალზე. მერე ბავშვისთვის თოჯინა ვიყიდე. გოგას მივეცი, წაუღე შენს შვილს, დაბადების დღე რომ ჰქონდა-მეთქი. სახეზე შევატყვე, ცოტა დაიბნა, კინაღამ დამავიწყდაო. მერე ისევ მთელი დღე შეგვაწუხა მობილურზე ზარებმა და გადაწყვეტილებაც სპონტანურად მივიღე. მოვძებნე გოგას ტელეფონში მისი ცოლის ნომერი, ჩავიწერე და მარტო რომ დავრჩი, დავურეკე.
– კი, მაგრამ რა გინდოდათ მასთან?
– საქმეც ესაა, რა მინდოდა. შეცდომა უამრავი დავუშვი. შეიძლება, ეს ქალური ეგოიზმის გამოვლინებაც იყო. მოკლედ, დავურეკე. რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი, ძალიან გაუკვირდა. რა გინდათ ჩემგანო და მეც ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. გოგას ბავშვით აშანტაჟებთ, სპეკულირებთ და ცდილობთ, დაიბრუნოთ-მეთქი. თქვენ ნორმალური თუ ხართ? რა სისულელეა, მე გოგას არ ვაწუხებ, ალიმენტსაც არ ვთხოვ. ბავშვს საერთოდ არ ნახულობს და ძალიან ცუდი მამაა. მაგრამ, ეს ყველაფერი ჩემი პრობლემა აღარ არის, თქვენ იკითხეთ, რომ მოტყუებული ხართ, თორემ მე ეგ ჯოჯოხეთი უკვე გავიარეო. გავბრაზდი. თქვენ გინდათ, რომ ჩვენც დავშორდეთ, გშურთ ჩვენი ბედნიერების და ამას იმიტომ მეუბნებით. გოგა, ყოველ შაბათ-კვირას ნახულობს ბავშვს და ძალიან კარგი მამაა, ვერ მომატყუებთ-მეთქი. ჩემო კარგო, შაბათ-კვირას, ეგ ეტყობა, ვიღაც სხვა ბავშვს ნახულობს და ყურადღება მიაქციეო. ძალიან ვიყავი გამწარებული.
– და, არც ერთი სიტყვა არ დაუჯერეთ?
– რა თქმა უნდა, არა. ისეთი გაცოფებული ვიყავი. ეს საზიზღარი ქალი როგორ ცდილობს, დაგვაშოროს-მეთქი, მაგრამ, ეჭვი მაინც ოხერი ყოფილა. თან, მოხდა ისე, რომ თოჯინა, რომელიც ბავშვს ვუყიდე და გოგამ მითხრა, მივუტანეო, შემთხვევით ვიპოვე სახლში. ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ კარგად დავფიქრებულიყავი, ვინ მყავდა გვერდით. დავურეკე ისევ იმ ქალს და შეხვედრა ვთხოვე. ჯერ უარზე იყო, არაფერი საქმე არ მაქვს ვიღაც კაცის ცოლთანო. მერე შეიძლება, შევეცოდე, დამთანხმდა და შევხვდი. ძალიან ვინანე, ასე რომ ვმსჯელობდი მასზე, ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. ძალიან ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა. თურმე, სულაც არ ყოფილა ისე, როგორც გოგამ მოყვა. რამდენიმე წელი დასდევდა უკან და ქმარსაც კი დააშორა. სიყვარულს უმტკიცებდა, სჩუქნიდა ცას და დედამიწას, გულს ფეხქვეშ უგებდა და... მოკლედ, ქალი ვიყავი და დავნებდი, დავიჯერეო. ეს ჩემი დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ისეთი შვილი მყავს, არ ვნანობო. მაგისი არაფერი მჭირდება, საერთოდ ნუ მოვა, არ ვაიძულებ. ეგ ისეთი ადამიანია, ბედნიერებას ვერავის მოუტანს. როგორც კი გავიგე, რომ მღალატობდა, მაშინვე დავშორდი და შერიგება არც არასოდეს მითხოვია. ასე რომ, დაიხსომე, ჩემო კარგო, მე მასთან არ ვრეკავდიო. გული საშინლად მეტკინა. შინაგანი „მე” მეუბნებოდა, რომ ორივე ფეხით გავები გოგას მახეში. შაბათს, როგორც კი თქვა, წავედი, ბავშვი უნდა ვნახოო, ჩუმად უკან გავყევი. დავინახე, როგორ შეხვდა ვიღაც გოგოს და როგორ კოცნიდა. მერე მანქანაში ჩაისვა. სახლში გვიან დაბრუნდა. მითხრა, შესანიშნავად გავატარე დრო ბავშვთან ერთადო და ვიფეთქე. ის თოჯინა გამოვიტანე და მობილურით გადაღებული სურათი ვაჩვენე. მერე ვუთხარი, წათრეულიყო ჩემი სახლიდან და ცხოვრებიდან. ახლა მარტო ვარ, სინანული მკლავს – რატომ ვიყავი ასეთი ბრმა, რატომ მეგონა, რომ მე ვუყვარდი და მიერთგულებდა. ქალები ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ, მაშინ მამაკაცები ვეღარ დაგვჩაგრავენ.