კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

მხოლოდ წარსულის მოგონებები მაცოცხლებს

27 წლის გავთხოვდი ჩემს უსაყვარლეს მამაკაცზე, რომლის მსგავსი პიროვნება, შემიძლია, თამამად ვთქვა, არც მანამდე და არც მერე არ მინახავს. ეს იყო კაცი, როგორზეც ყველა ქალს უოცნებია. ეს ის მამაკაცი იყო, რომლის გვერდითაც 3 წლის გოგონაც და 80 წლის მოხუციც თავს ქალად გრძნობდა, თანაც, მშვენიერ ქალად. ერთი სიტყვით, პაატა იყო ის პრინცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი. უბედნიერეს ქალად მიმაჩნდა თავი, რომ ღმერთმა მას შემახვედრა. სულ სამი წელი ვიყავით ერთად და ამ სამი წლიდან სამ წუთსაც კი ვერ გავიხსენებ ისეთს, რომ პაატას ყურადღებისა და მზრუნველობის გარეშე ვყოფილიყავი. სულ იმაზე ფიქრობდა, ყოველი წამი დღესასწაულად ექცია ჩემთვის და ეს უმაღლეს დონეზე გამოსდიოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ, ასეც არ ვარგა, რადგან მერე, როცა ეს ყველაფერი მთავრდება, ძალიან ძნელია, რუხ რეალობასთან შეგუება. ძნელი კი არა, კატასტროფულად მძიმეა.

ქორწინებიდან მესამე ზაფხულს ზღვაზე წავედით დასასვენებლად. მე დიდი მოცურავე არ ვარ, ამიტომ, ცოტას ვიჭყუმპალავებდი და მერე სულ ნაპირზე ვიწექი, პაატა კი დელფინივით ცურავდა და ისე უყვარდა წყალი, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ, წყალში იცხოვრებდა.

ერთ დღეს ძალიან გაავდრდა, ქარბუქიც ამოვარდა და სამმეტრიანი ტალღები წამოვიდა ნაპირისკენ. ხალხი ამ საშინელების სანახავად იყო პლაჟზე გამოსული. ჩვენც იქ ვიყავით. ისეთი ღელვა იყო, ჭკუათმყოფელი ადამიანი ნაპირთან ახლოსაც კი არ მივიდოდა, მაგრამ, ერთმა ლაწირაკმა გოგომ უცებ გაიხადა და ამ შავ ტალღებში შევარდა. ატყდა ერთი წივილ-კივილი. თავიდან ის გოგო ერთი-ორჯერ აჰყვა-დაჰყვა ტალღებს, მაგრამ, მერე უცებ დაიკარგა. ვერავინ ბედავდა შესვლას, მაშველებიც კი. უცებ პაატა მოსწყდა ადგილს და ზღვაში შევარდა. ახლა მე ავკივლდი, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ებრძოდა ტალღებს ჩემი ქმარი, ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა ის გოგო, თმაში ჩაავლო ხელი და პლაჟისკენ გამოცურა. ახლოს რომ მოვიდა, ვიღაც ბიჭები შეცვივდნენ, ის გოგო გამოართვეს და ნაპირზე გამოიყვანეს, მაგრამ, უცებ წამოვიდა უზარმაზარი ტალღა, თითქმის უკვე მიწაზე გამოსულ პაატას დაარტყა და ისეთი სისწრაფით გაიტაცა უკან, დაყვირებაც ვერ მოვასწარი. ყველა იმ გოგოს მოსულიერებით იყო დაკავებული და ჩემს მეტს არავის დაუნახავს, როგორ ურჩხულივით გადაყლაპა ზღვამ ჩემი ქმარი. მთელი ხმით ვკიოდი და ვემუდარებოდი ყველას, უშველეთ-მეთქი, მაგრამ, სანამ მიხვდნენ, რა მოხდა და სანამ ზღვისკენ მობრუნდნენ, ყველაფერი დამთავრებული იყო. ან კი ვინ გაბედავდა წყალში შესვლას, იმ გოგოს საშველადაც ხომ მარტო პაატა წავიდა!

ასე ჩემ თვალწინ დაიხრჩო ჩემი ქმარი, რომლის დასახიჩრებული სხეული მხოლოდ მესამე დღეს გამორიყა ტალღებმა, მაგრამ მე ეს აღარ მინახავს, რადგან შოკისგან უგონოდ ვიყავი და ჩემი გადარჩენისთვის იბრძოდნენ ექიმები. სამი თვის შემდეგ გავახილე თვალი, მაგრამ სიარული და ლაპარაკი ჯერ კიდევ არ შემეძლო. სრული რეაბილიტაციისთვის წელიწადზე მეტი დამჭირდა, თუმცა, ამას სრულ რეაბილიტაციას ვერც დავარქმევ, რადგან საშინელ დეპრესიაში ვიყავი. ისეთმა აპათიამ შემიპყრო, იმაზეც კი ისტერიკამდე ვღიზიანდებოდი, ვინმე თუ გაიცინებდა ან გაიღიმებდა. ერთადერთი, რაც მსიამოვნებდა, პაატას სურათების თვალიერება და მისი წერილების კითხვა იყო. მერე დღიურების წერა დავიწყე და ყოველი სიტყვით, ყოველი ფრაზით მხოლოდ მას ვესაუბრებოდი, როგორც ცოცხალ ადამიანს. მერე თვითონაც დავიჯერე, რომ ცოცხალი იყო, მალე მოვიდოდა ჩემთან და მხოლოდ მისი მოლოდინი მასულდგმულებდა. ჩემს მშობლებს შეეშინდათ და ფსიქოლოგი მომიყვანეს, იმან კი პირველივე გასაუბრების შემდეგ (თუ საუბარი ჰქვია იმას, რომ მე თითქმის არ ვიღებდი ხმას) ფსიქიატრთან გადაგვამისამართა, რომელიც ლამის კიდევ ერთი წელი მიტარებდა სეანსებს. ბოლოს, როგორც იქნა, მომიყვანეს გონს და გავხდი ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ, ჩემი ტკივილი, სევდა, დარდი და მონატრება სულ თან დამქონდა. მართალია, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა, მაგრამ, სხვანაირად არ შემეძლო, ეს თავისთავად ხდებოდა ასე. მერე სამსახურშიც გავედი და მეგობრებთანაც განვაახლე მისვლა-მოსვლა. ცხადია, პირადი ცხოვრების აწყობა-მოწყობაზე არასდროს მიფიქრია. პრინციპში, ჩემთვის მამაკაცები აღარ არსებობდნენ. ის კი არა, თუ ვინმე ოდნავ თბილად დამელაპარაკებოდა ან მსუბუქ ქათინაურს მეტყოდა, შემეძლო, ყელში ვწვდომოდი და დამეხრჩო. ამიტომ, პრაქტიკულად, ყველა გამირბოდა და ასეა დღემდე.

პაატასნაირი მამაკაცი დედამიწაზე არ დადის და ვინ უნდა მომეწონოს?! გარდა ამისა, მე ისეთი ბედნიერი სამი წელი მაჩუქა ღმერთმა, უფლება არ მაქვს, ეს დავივიწყო. თანაც, მე ისევ ისე მიყვარს პაატა, როგორც მიყვარდა მაშინ, როცა ერთად ვიყავით. დედაჩემი შიგადაშიგ შემაპარებს ხოლმე, ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ხარ, მარტო რატომ უნდა დარჩეო. აღარ მაღიზიანებს მისი სიტყვები, რადგან, ვიცი, რომ დედაა, ჩემზე ნერვიულობს და ამიტომ მეუბნება ამას, მაგრამ, როგორ გავაგებინო, რომ მე მარტო არ ვარ, ჩემ გვერდით ყოველთვის არის ჩემი ქმარი, რომელიც იქიდან მაძლევს ძალას, მამხნევებს, მეფერება და მთხოვს, რომ ვიცოცხლო. მეც სხვა გზა არ მაქვს, ვუჯერებ, მაგრამ, მხოლოდ წარსულის მოგონებები მაცოცხლებს.

მაია, 33 წლის.

 

ძალიან მინდა, მშობლები შევარიგო

ჩემი მშობლები უკვე შვიდი წელია, გაყრილები არიან და არც ერთი აღარ დაქორწინებულა. არც ერთი არ გამოტყდება ამაში (განსაკუთრებით – დედა), მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ახლაც უყვართ ერთმანეთი, თუმცა, ორივე ისეთი ჯიუტი და თავისნათქვამაა, რომ მოკლა, ერთი ბეწო რამეს არ დაუთმობენ ერთმანეთს და ასე ჯინიანობის გამო გაშორდნენ. ცალ-ცალკე რომ მოუსმინო, ორივე თავისებურად მართალია, მაგრამ, არც ერთმა არ იცის უკან დახევა და, შესაბამისად, ყველაფერზე მარადიული ომი ჰქონდათ. თან, ჩემი აზრით, განსხვავებული ხასიათებიც აქვთ. მაგალითად, დედაჩემი რომანტიკოსი ტიპია, დღემდე სადღაც ცაში დაფრინავს, გასული საუკუნეების მწერლების რაინდ პერსონაჟებს აიდეალებს და ნებისმიერი მამაკაცისგან, ქმარი იქნება ის, შვილი, მამა, ძმა თუ თანამშრომელი, ყველასგან დახვეწილ, ტაქტიან, რაინდულ ურთიერთობას მოითხოვს თუნდაც ყველაზე ყოფით საკითხებში. რაც მთავარია, დედა ამას არ თამაშობს, მართლა ასეთია, ასეთ ოჯახში გაიზარდა, ანუ, ასეთი იყო ბაბუაჩემი ყველა ქალის მიმართ, ოჯახის წევრებით დაწყებული და, ამას რომაა მიჩვეული (უფრო სწორად, მიჩვეული კი არ არის, სისხლში აქვს გამჯდარი), ვეღარ ეგუება სხვანაირ ურთიერთობებს. მამაჩემი კი უმამოდ გაზრდილი ბიჭი იყო, ლამის სკოლის ასაკიდან მოუწია დედისა და უმცროსი და-ძმის რჩენა, მკაცრმა ცხოვრებამ ურთიერთობებში ხისტი და პირდაპირი გახადა, თუმცა, თავისებურად თან ჰყვებოდა დედაჩემს და ყველანაირად ცდილობდა, ნაკლებად დაეტვირთა, საქმეში მიხმარებოდა, სხვათა შორის, არც საჩუქრებს აკლებდა და სიურპრიზებსაც კი უწყობდა. სწორედ ეს  სიურპრიზები იყო ხოლმე ძირითადად მათი უსიამოვნებების მიზეზი, რადგან, რაღაც ისე არ გამოსდიოდა. მაგალითად, სანამ გაიყრებოდნენ, რამდენიმე ხნით ადრე (მაშინ უკვე 10 წლის ვიყავი და ეს დღე კარგად მახსოვს), დედაჩემის დაბადების დღის წინა დღეს, მამამ უამრავი პროდუქტი მოიტანა და უთხრა, ხვალისთვის ერთი კარგი პურმარილი მოამზადე, მეც მოგეხმარები. საღამოს კი შენ შენს გოგოებს დაუძახე, მე ჩემს ძმაკაცებს მოვიყვან და ერთი კარგად ვიქეიფოთო. ამაზე დედამ უპასუხა, ჩემი პატივისცემა თუ გინდოდა, რესტორანში წაგეყვანე. მაგრამ, შენ შენს ძმაკაცებთან ქეიფი გინდა, ამიტომ, წაბრძანდი და სხვაგან იქეიფე, მე თქვენი მოახლე კი არ ვარ. ასეთი საჩუქარი რომელ ნორმალურ კაცს მიაქვს ცოლისთვის, ამის ნაცვლად ერთი უბრალო სუნამო მოგეტანა, ის ჯობდაო (საერთოდ, დედა არ იყო უხეში და მაჩხუბარა ქალი, მაგრამ, ძალიან აღიზიანდებდა ხოლმე მამაჩემის უტაქტობა და მიუხვედრელობა). მამამ იხტიბარი არ გაიტეხა, ჯიბიდან ლამაზად შეფუთული პატარა კოლოფი ამოიღო, დედას წინ დაუდო და უთხრა: მერე, ვინ გითხრა, რომ არ მოგიტანე? თანაც, უბრალო კი არა, ძალიანაც ბრალიანია. აბა, გახსენი და ნახე, მე მგონი, უნდა მოგეწონოსო.

დედა უკვე გაბრაზებული იყო და, ამიტომ,  ცხვირაბზუებით შემოახია სუნამოს ქაღალდი, ამრეზით დახედა წარწერას, მერე უხეშად მიაგდო გვერდზე და უთხრა: ამის სუნს ვერ ვიტან. დამლაგებელი რომ მოვა, იმას მივცემ, იმისთვის სულერთია, რას დაისხამსო.

ხომ წარმოგიდგენიათ, მამას რა დაემართებოდა. ერთი კი დაიღრიალა, მერე დაავლო ხელი სუნამოს, ფანჯრიდან მოისროლა და, ის იყო, რაღაც უარესის გაკეთებას აპირებდა, რომ მე შემომხედა და უცებ გაჩუმდა (ეტყობა, ისეთი შეშინებული თვალებით ვუყურებდი, ბოლომდე აღარ გამიხეთქა გული). რამდენიმე წამს მიყურა, მერე უცებ დედაჩემს მიუბრუნდა და მიაკურთხა – წადი, შენი უმადური დედაცო, – და კარი გაიჯახუნა. დედამ წამოკრიფა მამას მოტანილი პროდუქტი, ერთ პარკში ჩააწყო, მერე თავისი დამლაგებელი ქალი დაიბარა და ყველაფერი იმას გაატანა. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 8 მარტს, მამამ დედაჩემს ძალიან „ორიგინალური” საჩუქარი მოართვა: პლასტმასის ცოცხი თავისი აქანდაზით, პატარა ვედრო და იატაკის მოსაწმენდი ჯოხი. მართალია, ყველა ნივთს ძალიან ლამაზი დიზაინი ჰქონდა, მაგრამ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვიდა დედას, როცა მამამ ამაყი სახით დაუწყო წინ ეს ყველაფერი. მან ტირილი დაიწყო, თავისი ოთახის კარი შეიკეტა და მამაჩემისთვის ხმა აღარ გაუცია. მამა კარგა ხანს ებოდიშა, მაგრამ, შედეგს რომ ვერ მიაღწია, წავიდა და მთელი სამი დღე აღარ მოსულა სახლში. მერე კი დაბრუნდა, მაგრამ, კარგა ხანს არ სცემდნენ ერთმანეთს ხმას და ამ ამბიდან ძალიან მალე გაშორდნენ კიდეც, თუმცა, ხშირად გავუღვიძებივარ ღამით დედას ტირილს; ხშირად მინახავს, როგორ ეჭირა ხელში მამას სურათი და რაღაცას ეჩურჩულებოდა. მამასთან რომ მივდიოდი, ის პირდაპირ მეუბნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარს და მენატრება დედაშენი და, თუ მაპატიებს, ერთ წამსაც არ დავფიქრდები, ისე დავბრუნდებიო. ამას წინათ დაახლოებით იგივე წამოვაცდენინე დედასაც და, რადგან, პრაქტიკულად, ორივესგან მოვისმინე თანხმობა, გადავწყვიტე, ძველით ახალ წელს მაჭანკლის როლი შევასრულო – დედაჩემს მამაჩემი „გავურიგო“. ოღონდ, ეს ყველაფერი ჩვენს სახლში უნდა მოხდეს. მამა რომ მოვა, ერთმანეთს ხელს რომ ჩამოართმევენ (ან, უკეთეს შემთხვევაში, გადაეხვევიან) და ახალ წელს მივულოცავთ ერთმანეთს, დამირეკავს ჩემი ძმაკაცი (რომელიც წინასწარ მყავს გაფრთხილებული), სასწრაფოდ სადღაც დამიბარებს, მეც „იძულებული” გავხდები, ცოტა ხნით მარტო დავტოვო ისინი და სახლიდან გავალ. მათ აუცილებლად სჭირდებათ რომანტიკულ სიტუაციაში ცოტა ხნით მარტო ყოფნა და ურთიერთობის საბოლოოდ გარკვევა.

არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ, მაგრამ, ამას აუცილებლად გავაკეთებ, ოღონდ, ჩემი გეგმების შესახებ ჯერ არც ერთმა არაფერი იცის.

ლევანი, 18 წლის.

 

ვნანობ, რომ ქმარს უფრო ადრე არ გავეყარე

ცოლად გავყევი მამაკაცს, რომელსაც, თურმე, კარგად არ ვიცნობდი, უფრო სწორად, მეგონა, რომ კარგად ვიცნობდი, რადგან, სანამ ვხვდებოდით, სულ სხვანაირ ტიპად მაჩვენებდა თავს: მხიარულიც იყო, ენამოსწრებულიც, თბილიც, ხელგაშლილიც, ყურადღებიანიც, ვერც უწიგნურობას დასწამებდი, საუბარიც საინტერესო იცოდა. მეგონა, ეს სწორედ ის კაცია, ვისთანაც ბედნიერი ვიქნები-მეთქი და, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელის ხსენებაზე, მით უფრო დანახვაზე, გული არ მიჩქარდებოდა და ძილში მის სახელს არ მაბოდებდა, მაინც გავყევი, რადგან, როგორც თვითონ მიმტკიცებდა, ძალიან ვუყვარდი და, ვიფიქრე, მეც შემიყვარდება-მეთქი. მაგრამ, ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველა ის თვისება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სულ ბლეფი ყოფილა. სინამდვილეში, ხელში შემრჩა ყუმი, ძუნწი, ბოღმა, უყურადღებო, ჩემ მიმართ გულგრილი მამაკაცი, რომელიც მხოლოდ მაშინ მელაპარაკებოდა, თუ ნასვამი იყო და თანაც, იმ საკითხებზე, რაც მე არ მაინტერესებდა. მოსმენა ხომ საერთოდ არ იცოდა. რისი მოყოლაც არ უნდა დამეწყო, მაწყვეტინებდა და სულ სხვა რაღაცას შემეკითხებოდა, ხოლო, თუ მინდოდა, რომ რამე ოჯახის საქმე გაგვეკეთებინა ერთად ან პრობლემა მოგვეგვარებინა, მაშინვე ყვირილს იწყებდა, რომ მისთვის არაფერი დამევალებინა. ასეთმა საქციელმა და ჩემ მიმართ დამოკიდებულებამ ისე გამიცივა და ამიცრუა გული, რომ ჩემი ქმარი ჩემთვის ცარიელი ადგილი გახდა. მთავარი კი ის იყო, რომ, თავად ფეხებზე ვეკიდე ყველანაირი გაგებით (ერთადერთი, ჩემი ავად გახდომის ან სიკვდილის ეშინოდა, ისიც იმიტომ, რომ ხარჯი არ მოსვლოდა), მაგრამ თვითონ ყურადღებას მაქსიმალურად მოითხოვდა და სულ ნაწყენი ან გაბრაზებული იყო, რადგან, მიაჩნდა, რომ სათანადოდ ვერ ვუვლიდი, უფრო სწორად კი, არ გაუმართლა და ისეთი ცოლი არ შეხვდა, მას რომ შეეფერებოდა.

გათხოვებიდან რამდენიმე თვეში დავუსვი საკითხი გაყრაზე, მაგრამ, თავი გაიგიჟა. ვიფიქრე, შეიძლება ორივეს ადაპტაციის პერიოდი გაგვიჭირდა და იმიტომ ვართ ასე-მეთქი და გადავწყვიტე, დრო მიმეცა მისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, მაგრამ, არაფერი გამოვიდა. თურმე, შეუძლებელი ყოფილა ადამიანის ხასიათის გადაკეთება. გენეტიკა პლუს აღზრდა – ეს ისეთი „ტანდემია,” რომელსაც მერე არაფერი შველის. არ ვამბობ, რომ მე გადასარევი და უნაკლო ვარ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სხვას არ ვაწუხებ ჩემი პრეტენზიებით.

ერთხელ ჩემი მული შეესწრო თავისი ძმის უმადურობას ჩემ მიმართ და მისი თანდასწრებით მითხრა: ასე იმიტომ გექცევა, რომ ზედმეტად უპრეტენზიო ხარ; თანაც, დარწმუნებულია, პასუხს არანაირ საქციელზე არ მოსთხოვ. ჩემი ქმარი ასე არასდროს მომექცევა, რადგან, იცის, რომ, ჯერ ერთი, თავზე დავამხობ ყველაფერს და, მეორეც, ჩემს შესარიგებლად იმხელა ხარჯის გაწევა მოუწევს (ჩემმა მულმა ძვირფასი საჩუქრები იგულისხმა), ურჩევნია, არაფერი შეეშალოს. საერთოდ კი, იცოდე, ყველა კაცი, იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, ერთნაირი „ერთი ადგილია“, უბრალოდ, ზოგს ცოტა მეტი ჭკუა აქვს და იცის, თავისი ვირობა როგორ შენიღბოს, რომ ისევ თვითონ არ დაზარალდესო. რა ვიცი, შეიძლება, მართლაც ასეა, მაგრამ, შეიძლება, მეც არ მეყო ჭკუა, სხვანაირად წარმემართა ჩემი ცხოვრება და ოჯახი არ დამნგრეოდა.

ასეთ უცნაურ ურთიერთობაში გავატარეთ ერთად ოთხი წელი, მერე კი მაინც გავეყარე, რადგან, გაუსაძლისი გახდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენ, გარდა მოსამსახურისა და, შესაბამისად, აღარც შენთვის წარმოადგენს ის რამეს. უბრალოდ, ის არავინ აღარ არის შენთვის, უცნობია, უცხოა და, უკვე სულერთია, როგორ მოგექცევა.

სანამ გავეყრებოდი, მაინც ვნერვიულობდი, ვაითუ გამიჭირდეს მარტო დარჩენა-მეთქი, მაგრამ, მერე ვიფიქრე, რომ მარტო არ ვიქნები, რადგან, შვილი მყავს გასაზრდელი და დაწყნარებული ნერვებით უკეთ მივხედავ-მეთქი. მართლაც ასე მოხდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი დღეც კი არ მქონია უქმრობით გამოწვეული დისკომფორტი. თუმცა, რა, როცა ერთად ვცხოვრობდით, მაშინაც უქმროდ არ ვიყავი?!

წელს პირველი ახალი წელი მქონდა მის გარეშე და მე თვითონ გამიკვირდა, ისე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ახლა ვნანობ, რატომ დავიტანჯე თავი ამდენი წლის განმავლობაში. გაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო, ჭკვიან კაცს უთქვამს. ვის აჭმევინებ გულსა და ნერვებს, იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის შენ გვერდით, რომ კისერზე ჩამოგეკიდოს, მაქსიმალურად გამოგიყენოს და თან ყველაფერი აქეთ გაყვედროს?!

P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ამ ნაახალწლევს ასეთი წერილი გამოგიგზავნეთ, მაგრამ ამით საბოლოოდ გამოვეთხოვე და წერტილი დავუსვი ჩემს წარსულს და ახალი ცხოვრება დავიწყე. თან, მინდა, რომ იმ ვაჟბატონმაც წაიკითხოს და მიხვდეს, რომ მისით არ იწყება და არ მთავრდება ქვეყნიერება, უფრო მეტიც, მის გარეშე ცხოვრება უკეთესი ყოფილა.

მარინა, 29 წლის.

 

скачать dle 11.3