როგორ „გაათხოვა” ნინო ჩხეიძე ახალი წლის ღამეს მაგიდის ქვეშ შეძრომამ და რატომ დაენგრა სამყარო თავზე გიორგი ვარდოსანიძეს
რადიო „აფხაზეთის ხმამ” ნინო ჩხეიძე და გიორგი ვარდოსანიძე დააკავშირა. ვარსკვლავებით სავსე „აფხაზეთის ხმა” საკმაოდ მაღალრეიტინგულ რადიოსადგურად იქცა და წელს ის პირველად გამართავს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს. ახალი წელი კი, მათი საუბრის მთავარ თემად იქცა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნინო ჩხეიძე
– როგორ გაატარე ახალი წელი?
– წყნარ, ოჯახურ გარემოში – დედასთან და მამასთან ერთად, რაც სიმართლე გითხრა, მონატრებული მაქვს.
– ყველაზე მეტად, რაც ახალი წლის დღეებში მას ენატრება, ვინც ეკრანზე ჩანს, ეს ძილია, არა?
– გეთანხმები. წინასაახალწლოდ უამრავი რამ იყო მოსამზადებელი, თეატრშიც ძალიან ბევრი საქმეა და ვერ ვიტყვი, რომ გამოვიძინე. „ვილოთავე”, რამდენიმე დღე გადავაბი და ახლა დასვენება მინდა. (იცინიან).
– შენც ისე ხარ, როგორც ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი, ახალი წელი იწყება ოცდათერთმეტში და მთავრდება თექვსმეტში?
– არა, ასეც არ არის. ორში საგიჟეთი დამთავრდა, მაგრამ ისე, მსუბუქად მაინც გრძელდება აღნიშვნები. გასულ წლებში სულ ისე ხდებოდა, რომ ხან სადღაც ვცეკვავდი, რაღაც მიმყავდა და წელს მართლა მონატრებული ვიყავი ახალი წლის სახლში შეხვედრას. მომენატრა სახლი. ბავშვობიდან ასე იყო, რომ ოჯახი ვიკრიბებოდით – დედა, მამა, მე და ჩემი ძაღლი, რომელიც უკვე ცამეტი წელია გვყავს და არ კვდება. ლამაზ ნაძვის ხეს ვრთავდით და თორმეტი საათის მერე ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავდით. ბებია, ბაბუა ჩამოდიან ჩვენთან. ერთმანეთს საჩუქრებს ვუკეთებთ. მართალია, თოვლის ბაბუა აღარ მოდის და მისი არსებობის ჩემს ძაღლსაც კი აღარ სჯერა.
– ტრადიციული მეკვლე თუ გყავთ?
– ძაღლი. წელს უკვე მეცამეტედ შემოვიდა მეკვლედ. ყოველთვის არის სახლში ჩართული ფრენკ სინატრა ან რამე მსგავსი, ცოტა რეტრო მუსიკა და ძალიან სასიამოვნო, ოჯახურ-სადღესასწაულო გარემოა ხოლმე.
– ბავშვობაში, ალბათ, ეს ყველაფერი გაცილებით ჯადოსნური იყო...
– ცხრა წლამდე მჯეროდა თოვლის ბაბუის, სანამ ერთხელაც ჩემები არ „გავფაქტე” – წავასწარი საჩუქარს რომ დებდნენ ნაძვის ხის ქვეშ. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ახალი წელი. საშინლად გავბრაზდი, ვტიროდი, ავიღე ეს საჩუქარი და ნაძვის ხე საჩუქრით დავლეწე. სუფრას მოვკიდე ხელი და ყველაფერი გადავყარე, საშინელებები ვაკეთე. მერე ოთახში ჩავიკეტე, აღარ გამოვდიოდი. დამენგრა ყველაფერი თავზე. არადა, ძმაკაცები ეზოში სულ ამაზე ვლაპარაკობდით – გიჟი ხომ არ ხარ, არ არსებობს, ბიჭო! მეორე ამბობდა – როგორ არ არსებობს, იმ დღეს დავინახე, წითელი რაღაც ეცვა და მიდიოდა... (იცინიან).
– რა საშინელებაა. როგორ და რა ფორმით უნდა უთხრა ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, ან რა ასაკში, არ ვიცი.
– მართლა მტკივნეული იყო. ახლა ჩვეულებრივად, ოჯახურად ვაგრძელებთ შეხვედრებს და არაფერს არ ვლეწავ.
– ზოგადად, ყველასთვის იდეალური ახალი წელი, ალბათ, ჯორჯ მაიკლის „ლასთ ქრისთმასის” კლიპია – ბევრი მეგობარი თოვლში, გუნდაობა, დიდი ნაძვის ხე...
– პრინციპში, ასე ხდება. ძირითადად თოვლი არ არის, მაგრამ თორმეტის შემდეგ, კოცნა მილოცვა და სანამ მკითხავენ, მიდიხარო, უკვე კარი გაჯახუნებული მაქვს. ორი-სამი დღე აღარ ვჩანვარ ხოლმე, ხან ერთ მეგობართან ვარ, ხან მეორესთან. სახლში ვიწყებ და სადღაც ბუჩქში ვგდივარ ხოლმე, გალეწილი მთვრალი. გავიღვიძებ და ვხვდები, უკვე სამი რიცხვია.
– დალევა ახსენე, ტრადიციული თუ ხარ ამ მხრივ? გირჩევნია კლუბში თან დალევა და თან ცეკვა, თუ უფრო სუფრის გარშემო ყოფნა, სადღეგრძელოები, გიტარა, სიმღერა.
– არავითარი კლუბი. ბავშვობიდან ეს „მიმართულება” ვერ შევიყვარე. ერთხელ ვცადე, იქნებ „მივეჩვიო-მეთქი“, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ერთ საათში გამოვიქეცი. ერთი კვირა მაინც ვიწვალე, კიდევ და კიდევ მივდიოდი, მაგრამ – არა! ჩვენი სამეგობროს გართობაა გიტარა, კონიაკი, ბუხარი... ბევრნი ვართ ხოლმე და ყველა ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ძალიან ღრმად ტრადიციული სუფრებიც არ მიყვარს – ამის შემდეგ ეს სადღეგრძელო მოდის... მაგრამ ქართული სუფრა მაგრად მიყვარს.
– ეგზოტიკურ გარემოში თუ შეხვედრიხარ ახალ წელს?
– არ ვიცი, ეგზოტიკურია თუ არა, მაგრამ ორჯერ შევხვდი ახალ წელს უცნაურად – ერთხელ ლიფტში და ერთხელაც ტყეში (იცინიან). ცამეტი წლის ვიყავი, 2002 წელს ვხვდებოდით და ეზოში ჩავედი, იქვე თონე გვქონდა და პური უნდა ამომეტანა. „ბანბანერკაც” ვიყიდე, პურიც და შევრჩი ეზოში. შემხვდნენ მეგობრები, ველაპარაკები. უცებ აღმოვაჩინე, რომ უკვე თორმეტის ნახევარია, შევქანდი ლიფტში და გავიჭედე. გავხსენი კარი და ზუსტად ბეტონთან ვარ, სადღაც ოცი სანტიმეტრი ჩანს ზევით. დედაჩემმა იფიქრა, ეზოში ბიჭებთან ერთად შეხვდაო და არც არავის მოვუკითხივარ. მახსოვს, „ხლაპუშკებს” იმ პატარა ჭუჭრუტანიდან ვუყურებდი, თან პურს და „ბანბანერკას” ვჭამდი გემრიელად. გადასარევად შევხვდი ახალ წელს. ბოლოს ვიღაცამ „გამომიძახა” და მეშველა. სხვათა შორის, ის ძალიან მაგარი წელი იყო.
– ტყეში რაღა გინდოდა?
– საახალწლოდ სანადიროდ წავედით, ცხინვალში სოფელ ბანათში. ახლა ის ტერიტორიები აღარ გვაქვს. ნადირობა მთელი დღე გაიწელა და ახალ წელს, ასე, თოფით ხელში, შევხვდი, მე, ჩემი ბიძაშვილი და კიდევ ერთი ადამიანი ვისხედით და თხუთმეტი კილომეტრის რადიუსში არავინ იყო. ერთი ყლუპი დასალევიც კი არ გვქონდა. თოფები მივუჭახუნეთ ერთმანეთს და დაბღვერილები ვისხედით. ეს იყო საშინელი ახალი წელი. მთელი წელი ასე ცუდად გაგრძელდა.
– შენ ვისთვის ხარ თოვლის ბაბუ?
– თუ მეკვლე?! მეკვლე მთელი სადარბაზოსთვის ვარ და კიდევ, ალბათ, საცოლისა და რამდენიმე მეგობრისთვისაც.
– საჩუქრის განსაკუთრებული მირთმევის ფორმა გაქვს თუ ჩვეულებრივი?
– ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, ყველა საჩუქრებს აკეთებს და ამ დღეს განსაკუთრებული ორიგინალურობა არ მომწონს. ისე, რაღაც იდიოტობები ბევრი მიქნია – უაზრო საჩუქრები მიყვარს ხოლმე, არაფრის მთქმელი. მაგალითად, საპონი, თან ოთხ კაცს რომ უჭირავს თორმეტმეტრიანი ყუთი და იმაში სულ ყუთები და ყუთებია. ბოლოს კი აღმოაჩენს საპონს. არავის ეცინება ამ დროს ჩემ გარდა. ეს ჩემი იდიოტური იუმორი, რაც მთავარია, მომწონს და კიდევ უფრო მეტს ვიცინი. ვიცი, რომ ვიღაცას ალერგია აქვს ბეწვზე და ლეკვი მიჩუქნია (იცინიან). ჩემს შეყვარებულთან უფრო სხვა რაღაცეებს ვიგონებ ხოლმე.
– რამე ცვლილებები თუ იგეგმება შენს ცხოვრებაში 2012 წელს?
– კი, წესით, ძალიან ბევრი. ბოლო ხუთი წელია, ყოველი მომდევნო წელიწადი წინას ათი თავით ჯობია – კარგი და კარგი ემატება. ვიცი, რომ ასე სულ ვერ გაგრძელდება. ერთი წელი უნდა ჩავარდეს და იმედია, ეს წელი არ იქნება, ბევრ ახალ რაღაცას ველოდები.
– „ხალასტიაკურ” ცხოვრებას ხომ არ ემშვიდობები?
– დიდი ხანია, დავემშვიდობე, მაგრამ რასაც შენ გულისხმობ, ამას ჯერ არ ვგეგმავ, როგორც მინიმუმ, თამთას სწავლის დასრულებამდე. ისე, უკვე რამდენჯერ გამათხოვეს თუ დამაქორწინეს – ყოველ კვირაში მირეკავენ ჟურნალისტები ამ თემაზე.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი ვარდოსანიძე
– ნინო, კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს, ცოტა უცნაურად ვარ ჟურნალისტის ამპლუაში, ამიტომ ისევ ახალი წლის გარშემო დაგისვამ შეკითხვებს. როგორ გაატარე ეს დღეები?
– გადასარევად. წელს პირველად, ახალ წელს ანაკლიაში შევხვდი. მე, ჩემი მეუღლე, დათო გომართელი და მარიკა – ჩემი პროდიუსერი, წავედით ერთად. ოცდათერთმეტში წავედით და თითქმის მთელი დღე გზაში ვიყავით. ვიყიდეთ ვისკი, მანქანაში პატარა მაგიდა მოვაწყვეთ, ჭიქებით და მთელი ამბებით და შევუდექით სმას (იცინიან). ანაკლიაში ჩავედით უკვე იმ დროს, რომ პირდაპირ კონცერტის მომზადებაზე გადავედით. ანაკლიის საახალწლო კონცერტი მე გავხსენი, პირველმა ვიმღერე და ორგანიზატორების თხოვნით, წამყვანის ფუნქციაც შევითავსე ანუ, ხალხს მივულოცე ახალი წელი. ამაზე საშინლად ვინერვიულე, იმდენად რომ, რაღაცეები დამავიწყდა კიდეც. ჩემი სიმღერის შემდეგ, უნდა გამომეცხადებინა გიო ხუციშვილი და ნატო გელაშვილი. გიო ხუციშვილი ვთქვი და მაია, მაია დავიწყე... რატომღაც მაია ჯორჯაძეს, გიო ხუციშვილის ცოლს ვაცხადებდი. მოკლედ, უცებ მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, გამოვაცხადე გიო და ნატო და მოვიშორე ეს წამყვანობის ამბავიც.
– ციოდა, ალბათ, საშინლად?
– არც ისე, სხვათა შორის. თან, მთელი გზა მიღებულმა ვისკის დოზამ ისე იმოქმედა, ერთი წუთითაც არ მიგრძნია სიცივე (იცინიან). მოკლედ, ახალ წლამდე ვიმღერეთ და ახალ წელს, სასტუმროს ფოიეში შევხვდით ყველა ერთად. იცი, როგორი ახალი წელი იყო?! ფილმებში რომ გინახავს – დაუგეგმავი რაღაცეები რომ ხდება, ბევრი უცხო ადამიანი დადის შენ გარშემო, ყველა გიყვარს და ყველას უყვარხარ, ყველას ულოცავ ახალ წელს – მოდი ჩვენს მაგიდასთან, გილოცავ ახალ წელს... სულ ასეთი გადაძახილები იყო. ზღვა და სიცივე, ახალი წელი – ეს ყველაფერი თურმე ისე უხდება ერთმანეთს, გავგიჟდი. ულამაზესი იყო ანაკლიის ხიდი, გადანათებული ყველაფერი. თორმეტის მერე ამ ხიდზე გავისეირნეთ, პატარა რომანტიზმიც ჩავრთეთ საქმეში. ძალიან მაგარი ახალი წელი გამოგვივიდა. მეორე დილით კი ბათუმში წამოვედით.
– მოგივლია ზღვისპირეთი.
– კი (იცინიან). ბათუმში ულამაზესი სცენა იყო. მერე ვხუმრობდით, ხულიო იგლესიასის შემდეგ პირველი ვარ, ვინც ამ სცენაზე ფეხი დადგა-მეთქი (იცინიან). მართლა ულამაზესი სცენა იყო. გერმანელი ხმის ოპერატორები ჰყავდათ ჩამოყვანილი და ხმა ისე არაჩვეულებრივად ისმოდა, გაოგნებული დავრჩი. მაგარი კონცერტი გამოვიდა. ეს ხდებოდა პირველში და იმ ღამეს ბათუმში დავრჩით. ბედობა იწყებოდა და მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ერთმანეთს დავბედებოდით. მთელი დღე სასტუმროში გავატარეთ, მერე სასეირნოდ წავედით. ეს საოცრად განათებული ბათუმი, სიცივე, საახალწლო განწყობა – ცოტა თინეიჯერობაში დავბრუნდი. ახალი შეყვარებულები სასეირნოდ რომ დადიან, ფოტოებს იღებენ და ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან, ზუსტად ასე ვიყავით. ჩემი ქმარიც გაგიჟებული იყო, რა მაგარი ახალი წელი გვაქვსო. ძირითადად, თბილისში როცა ვარ, ათას ადგილას ვმღერი, გადარბენები მაქვს, რამდენიმე ადგილას კონცერტი. დღე რაღაც ხდება. ახლა კი, ისე გემრიელად აეწყო ყველაფერი, მაგრად ვისიამოვნეთ. რომანტიკული ახალი წელი გამოგვივიდა. მერე, გვიან საღამოს, „ინტურისტში” გიო ხუციშვილისა და ქართული ხმების კონცერტი იყო. იქ დაგვპატიჟეს და უბედნიერესი ვიყავი, რომ არ ვმღეროდი, წყნარად შემეძლო კარგი მუსიკისთვის მომესმინა.
– და წამოხვედით თბილისში?
– არა, სამში ზუგდიდში ვიმღერე. მაგრამ უკვე ვგრძნობდი, რომ ძალიან მინდოდა სახლში. საშინლად მოთოვა და უღელტეხილი დაკეტეს. ისე გვინდოდა სახლში წამოსვლა, რომ გავრისკეთ უღელტეხილთან შეჭიდება. წარმოიდგინე, არც ერთი მანქანა არ მოძრაობდა. „ჯიპით“ კი ვიყავით, მაგრამ მაინც საშიში იყო. იმხელა ფანტელები მოდიოდა, მგონი, უფრო გუნდები იყო. ულამაზესი იყო გარშემო ყველაფერი. მოკლედ, გზაც ძალიან საინტერესო გამოვიდა, თან რომ გეშინია, თან ულამაზესად თოვს, გარშემო სიცარიელეა. უკანა გზაზე აღარ ვსვამდით, ისეთი დაძაბულები ვიყავით. მოკლედ, ნამდვილი კინო-ახალი წელი გამომივიდა, რომელიც დღესაც გრძელდება. იმიტომ რომ, ჩემს ოჯახთან დღეიდან ვარ და ჩვენთვის თითქოს ოცდათერთმეტია. რაც მთავარია, გემრიელად მივირთვი. ძალიან დიდი ხანი დიეტაზე ვიყავი და საცივი და ღომი ვჭამე, ისე გემრიელად, რომ, მეგონა, თავიდან დავიბადე (იცინიან). სამი კილოგრამი კი მაქვს მომატებული, მაგრამ არა უშავს, დავიკლებ, არ ვნერვიულობ ამაზე. განსაკუთრებით, ჩემი ჩამოსვლა მარიკოს, ჩემს შვილს გაუხარდა.
– მასთან, რა თქმა უნდა, თოვლის ბაბუა უკვე იყო მისული.
– კი, აუცილებლად. ბებიასთან იყო დატოვებული და იქ მივიდა თოვლის ბაბუა. ოთხში კი უკვე ჩვენ დავახვედრეთ საჩუქრები სახლში. უბედნიერესი იყო. არდადეგები აქვს სკოლაში, ნაძვის ხეებზე, რაღაც კონცერტებზე დადიოდა სულ, ერთი დღე არ მოუწყენია. სხვათა შორის, ახალ წლამდე იმდენი გადაღება და საქმე იყო, მაშინ უფრო ვერ ვხედავდი მარიკოს. გადავწყვიტე, ერთი-ორი დღე ჩემთან ერთად მეტარებინა. ვიყავი გადაღებებზე, სალონში, ტანსაცმლის მოზომვებზე... ისე მოეწონა ასეთი ცხოვრება, სახლში რომ მისულა, ბებიამისისთვის უთქვამს, ყოველდღე ნინოსთან ერთად უნდა ვიაროო. სადაც კი მივედით, ყველგან ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა და ისიც ჭკუაზე არ იყო. სკოლის მერეც ნინოსთან ერთად ვივლი ხოლმეო (იცინიან). მოეწონა ჩემთან ერთად ყოფნა.
– თვითონ თუ გაგიკეთა საჩუქარი.
– კი, დედაჩემს „აჩუქებინა” თეფშების კრებული. საჩუქრის სამი ალტერნატივა ჰქონიათ და სახლში დიდი განხილვები იყო, რომელი ეჩუქებინათ. ლოტოტრონი გაუკეთებიათ ბოლოს და იქ ამომივიდა თეფშები (იცინიან). სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, მართლა მჭირდებოდა.
– რადიოს დღე გვაქვს, რამდენადაც ვიცი.
– კი, ყოველ წელს გვექნება „აფხაზეთის ხმის” დაჯილდოება. გვექნება გრანდიოზული წვეულება „ჰოლიდეი ინ-ში” უამრავ ვარსკვლავთან ერთად. მთლად მუსიკალური დაჯილდოება არ გვექნება. „აფხაზეთის ხმის” ექსკლუზივებს დავაჯილდოებთ, რათა მომღერლებს, კომპოზიტორებს ახალი სიმღერების ჩვენთან მოტანის სტიმული ჰქონდეთ. არაჩვეულებრივი პრიზები დააწესა „ზარაფხანამ” რადიოს ლოგოტიპით. გამოვლინდება ათი გამორჩეული, ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა. ელენე კალანდაძესთან ერთად დაუკრავს ბენდი, იქნება დიჯეი. ლამაზი საღამო გამოვა და გპირდებით, კარგად გაერთობით. პატარ-პატარა სიურპრიზებიც გვაქვს მომზადებული. რადიოს დისკი გამოვიდა და ყველა მოსულ სტუმარს საჩუქრად გადავცემთ.
– ჩემი უცნაური ახალი წელი რომ მომაყოლე, შენ თუ გქონია ასეთი?
– სხვათა შორის, არა. წელს, ალბათ, ყველაზე განსაკუთრებული იყო, რადგან ადრე ყოველთვის სახლში ვხვდებოდი. კონცერტებზე თუ გამოვდიოდი, ვთხოვდი ხოლმე, რომ ცოტა ადრე ჩაესვათ ჩემი ნომერი, რომ მერე სახლში გაქცევა მომესწრო. ამ ტრადიციის დარღვევა ჩემს ქმარს არ უყვარდა არასდროს. ბოლო ორი წელია, რაღაცნაირად შემომეპარა და ქმარსაც შევაპარე, რომ შარშან ქუჩაში შევხვდი და წელს საერთოდ თბილისში არ ვიყავი. ერთი ახალი წელი, რაც განსაკუთრებით მახსენდება, შეიძლება „თბილისელებისთვის” მოყოლილიც მაქვს. ბავშვობაში გაგებული მქონდა, რომ თუ ახალ წელს მაგიდის ქვეშ შეძვრები, იმ წელს გათხოვდებიო. ერთ წელს შევძვერი და იმდენ ხანს დავრჩი, მამაჩემი მიკაკუნებდა, გეყოფა გამოდიო (იცინიან). სხვათა შორის, იმ წელს მართლა გავთხოვდი. წელს უკვე დავაგვიანეთ და მომავალ წელს მარიკა უნდა შევუშვა მაგიდის ქვეშ.