როგორ ხდებოდა მეოცე საუკუნის ფშავში ძმად გაფიცვა და რა ევალებოდათ მათ ტრადიციის თანახმად
წელს ვახუშტი კოტეტიშვილის ბიოგრაფის, ნანა კოტეტიშვილისა და მისი მეუღლის – გიგი ხორნაულის ოჯახი 50 წლის გახდა. ნახევარი საუკუნის წინათ მათ ქორწილი მთაში გადაუხდიათ ფშავური წესით. შეზარხოშებულებს კაფიებით დაუწყიათ პაექრობა: ადგილობრივები და თბილისელი პატარძლის მაყარი ტოლს არ უდებდნენ ერთმანეთს ლექსის ექსპრომტად შეთხზვასა და ენამოსწრებულობაში. ეს დღე იყო სიცილ-ხარხარისა და მხიარულების ზეიმი. ამ დღეს მოიწამლა თავდაპირველად ვახუშტი კოტეტიშვილი კაფიებით... ჩვენი რესპონდენტია ვახუშტი კოტეტიშვილის ბიოგრაფი და მისი ბიძაშვილი ნანა კოტეტიშვილი.
– ჩვენს, კოტეტიშვილების შტოს, „მღვდლიანს“ ეძახდნენ. პაპა, ილია კოტეტიშვილი, დეკანოზი ყოფილა და სხვადასხვა დროს მღვდლად მსახურობდა სვეტიცხოველში, სამებაში, მამადავითში... რაც შეეხება დიდედას, ის ბიძინაშვილის ქალი იყო გორის რაიონ სოფელ კარბიდან. დიდედა ხალხური შემოქმედების კარგი მცოდნე გახლდათ; ჯერ შვილები და შემდეგ შვილიშვილებიც მის მონათხრობებზე იზრდებოდნენ. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: ივლიტა, ვახტანგი (ვახუშტის მამა), გიგო და ლადო (მამაჩემი). შეიძლება ითქვას, ოთხივემ, სვეტიცხოვლის ეზოში გაატარა ბავშვობა. როდესაც თბილისში გადმოვიდნენ, ოჯახი კოტე მესხის ¹18-ში დასახლდა. დღეს იქ გიგოს ქალიშვილები ცხოვრობენ.
– როგორ გრძელდება კოტეტიშვილების ცხოვრება გასაბჭოების შემდეგ?
– ამ დროს ოთხივე კოტეტიშვილი დაოჯახებული გახლდათ. ვახტანგმა შეირთო ნინო (ნუსია) დილევსკა, თბილისელი პოლონელი. ნუსიას დედა ქართველიშვილის ქალი გახლდათ. რადგან ნუსიას დედა ვახსენეთ, გავიხსენებ იმასაც, რომ ეს ქალბატონი ნუსიას დაბადებას გადაჰყოლია, წლების შემდეგ ნუსიამაც დედის ბედი გაიზიარა – ის ისე გარდაიცვალა, რომ ვახუშტის ნახვა ვერ მოასწრო. მომავალში ვახუშტი დაწერს:
„ან რად მინდოდა სიცოცხლე,
დედის სიკვდილად დამჯდარი”...
– სევდიანი ლექსია ამ ამბავივით. ლადომ, მამათქვენმა ვის დაუკავშირა ცხოვრება?
– მამამ შეირთო ნინო მაყაშვილი, მარო მაყაშვილის ალალი ბიძაშვილი, გენერალ-მაიორ სოლომონ მაყაშვილის ასული. მამა გახლდათ ნევროპათოლოგი და ქართული მედიცინის ისტორიის ფუძემდებელი, სამედიცინო კარაბადინების გამომცემი („უსწორო კარაბადინი”, „წიგნი სააქიმოი”, „იადიგარ დაუდი”). დედაც შემთხვევით გაიცნო, როგორც ექიმმა – გამონაყარი ჰქონია ხელზე და იმ კლინიკაში მისულა, სადაც მამა მუშაობდა... სამი ქალიშვილი ვყავდით. გასაბჭოების წლები მძიმედ აისახა ჩვენს ოჯახებზე. 1937 წელს ვახტანგი დახვრიტეს, მამაც დაპატიმრების მოლოდინში გარდაიცვალა. ჩვენ კი, ბიძაშვილებმა, „მტრის შვილების“ სახელით გავაგრძელეთ არსებობა. ამ ტრაგედიის შემდეგ ვახუშტი 2 წლის დარჩა, მეც 6 თვით უმცროსი ვიყავი მასზე. უკაცოდ დარჩენილ ოჯახებს მფარველობდა და ყურადღებას არ აკლებდა სერგი მაკალათია, მამიდაჩემის, ივლიტას მეუღლე. დაობლებულ ბავშვებთან დიდედა გადავიდა საცხოვრებლად, რომელსაც დაუმალეს ვახტანგის სიკვდილის ამბავი და უთხრეს, რომ უფროსი ვაჟი ათი წლით იყო გადასახლებული. დიდედა ელოდა მას, ამბობენ, ამ წლების განმავლობაში გაღიმებული არავის უნახავსო. ათი წლის შემდეგ, როდესაც ვახუშტის მამა არ გამოჩნდა, დიდედა ყველაფერს მიხვდა, საღ-სალამათი ქალი ჩაწვა ლოგინში, უარი თქვა საკვებისა და წყლის მიღებაზე და ერთ თვეში გარდაიცვალა.
შეიძლება ითქვას, მე და ვახუშტი ტყუპებივით ვიზრდებოდით. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მე ცელქი ვიყავი, ვახუშტიც ჩემს დანახვაზე იკლებდა იქაურობას. დიდედას ეს არ მოსწონდა და მაგდებდა ხოლმე სახლიდან. მაგრამ, გამოგდებულს ვახუშტი უკან მომყვებოდა, ორივეს კი დიდედა კივილით მოგვდევდა.
– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრების გზა?
– შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკურად ჩვენში იდო ხალხური შემოქმედებისადმი სიყვარული და ამ სიყვარულმა თავი იჩინა პროფესიის არჩევისას. თითქოს ბედისწერა იყო ჩემი და ვახუშტის საოცარი დაინტერება ხალხური შემოქმედებით, რამაც უფრო დაგვაახლოვა ჩვენი წინაპრების ფესვებთან. სტუდენტობის დროიდან მოყოლებული ფოლკლორულ ექსპედიციებში დავდიოდი. ერთხელ მესხეთში, ხიზაბავრაში მოვხვდი იმ ოჯახში, სადაც ბიძაჩემი ვახტანგი უკვე ნამყოფი იყო. მასპინძელმა ჩემი გვარი რომ გაიგო შეცბა, წამოიყვირა, რა ბედისწერამ მოგიყვანა ჩემთანო. გახარებულმა ათასი ამბავი გაიხსენა.
მოგვიანებით, უმაღლესის დამთავრების შემდეგ, სამთვიან ექსპედიციაში მივიღე მონაწილეობა, კახეთსა და მთა-თუშეთში. ამ ექსპედიციის დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, გიგი ხორნაული, რომელიც ჩემსავით ხალხურ ტრადიციებზე იყო აღზრდილი და შეყვარებული. მამამისი, ვანო ხორნაული, ცნობილი ფოლკლორისტი და ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი პირველი შემკრები გახლდათ.
... ქორწილი გადავიხადეთ მთაში, ფშავური წესით. ვახუშტი იყო ქალის ძმა.
– რას ნიშნავს „ქალის ძმა“?
– ქალის ძმა უნდა იყოს პატარძლის ბიძაშვილი და ქალის მაყრიონის უფროსი. ის მიუძღვის მაყარს წინ ხმლითა და ფარით, რის შემდეგაც იწყება სოფლის დარბევა. დარბევაში იგულისხმება ქათმების ხოცვა. რასაც ისინი დახოცავენ, ის მაყრებს უნდა მოუმზადონ და წასვლისას თან გაატანონ. ვახუშტიმ ძალიან იხალისა ამ ტრადიციაში მონაწილეობით, უზარმაზარი ხმლით ხელში დარბოდა და იქნევდა მთელი ძალით. ერთ-ერთ ოჯახში რომ შევარდა, მოხუცებული ცოლ-ქმარი დახვდა ეზოში სკამზე ჩამომსხდარი. მან მოიბოდიშა და გამობრუნდა. მოხუცებმა კი მოაძახეს: ვერ ვარგებულა ქალის მაყარიო. ეს რომ ვახუშტიმ გაიგო, მიბრუნდა, ახსნა ძროხა და წინ გაიგდო. კარგა ხანს არბენინა და, მერე, რა თქმა უნდა, მიუბრუნა. სხვათა შორის, ამ ქორწილში „მოიწამლა“ ვახუშტი კაფიებით. ისე კი იცოდა მანამდე, გაგონილიც ჰქონდა, მაგრამ, როდესაც მის თვალწინ გაიმართა ექსპრომტად პაექრობა ლექსებით, ისე აღფრთოვანდა, ემოციებს ვერ მალავდა. ბევრ მოკაფიავეს ძმადაც გაეფიცა იქვე.
– როგორ ხდებოდა მეოცე საუკუნის ფშავში ძმად გაფიცვა?
– ქალის მაყრების გადაპატიჟება მოხდა ვაჟის ბიძის ოჯახში, ხინკალზე – ესეც ტრადიციის ნაწილია. იქ ბიძა (სახელია) მარაიძემ, დააძმობილა ვახუშტი და გოგი თურმანაული, ფშავში ცნობილი პიროვნება. მან არყიან თასში ხანჯლის ბუნიდან (ქარქაშის ბოლოდან) ვერცხლი ჩათალა, სანთელი აანთო, ლოცვა წარმოთქვა და რიტუალი შეასრულა. ჯერ ღმერთს შეავედრებენ მათ ძმობას, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხდებიან სისხლით ნათესავები, რაც მეშვიდე მამამდე გრძელდება. რიტუალში ძმად გაფიცულნი წარმოთქვამენ ტექსტებს რიტუალის ჩამტარებელთან ერთად: „შენი დედა – ჩემი დედა, შენი და – ჩემი და, შენი ძმა – ჩემი ძმა”. არყითა და ლექს-კაფიით შეხურებული თბილისელი ქალის მაყრები ყველაფერზე კაფიის ექსპრომტებითა და ენამოსწრებულობით პასუხობდნენ, რაც დიდ მხიარულებას იწვევდა.
ფშაურ ქორწილში პატარძალს გადასცემენ შესაწევარს. შესაწევარში, ბევრ სხვა ნივთსა თუ საგანთან ერთად, არის საგანგებოდ მოქსოვილი ფარდაგები, წინდები და ასე შემდეგ. ჩემს მეგობარს, ერთი წინდა მოსწონებია, ამიტომ, მომიახლოვდა და მითხრა: შენი დედა – ჩემი დედა, შენი და – ჩემი და, შენი ძმა – ჩემი ძმა, შენი წინდა – ჩემი წინდაო. მის ამ გამოსვლას მოჰყვა სიცილ-ხარხარი. ტრადიციის თანახმად, შესაწირს „მყეფარი“ იღებს, წინ უწყობს პატარძალს და თან კომიკურად აფორმებს. მას აჰყვნენ ვახუშტი, დანარჩენი მაყრები და ეს იყო საოცარი ენამოსწრებულობისა და სიცილ ხარხარის ზეიმი. რაც შემდგომში საფუძვლად დაედო ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორულ საღამოებს. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ წლების შემდეგ მაინც, ვახუშტი მიიყვანა ფშაველ-ხევსურთა შვილთან, მზეო გოგოჭურთან.
მართლაც, ძმებივით გაგრძელდა მომავალში გოგისა და ვახუშტის ურთიერთობა. ისინი ფიზიკურადაც ძმებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით გოგის ძმადნაფიცები გახდნენ: ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, როგორც გოგისა და ვახუშტის ძმობა გაგრძელდა, ისე გაგრძელდა მათი პაექრობა კაფიებითაც. გოგი აქტიურად ამარაგებდა ვახუშტის ფოლკლორულ საღამოებს ლექს-კაფიათა მთქმელებით.
– იქნებ, გოგის მიერ ვახუშტისთვის მიწოდებული ერთ-ერთი კაფია გაიხსენოთ?
– კაფიებს შორის განსაკუთრებული თემაა წაწლობა, ამიტომ, მასაც შევეხები და გიამბობთ: გადმოცემის მიხედვით, ლაშარის დღეობაში დაუწესებია წაწლობა ლაშა-გიორგის. ამიტომ, ლაშარობის დღეობაში და, არა მარტო, ვისაც შეუძლია, წაწალთან ჩახუტებული ათევს ხატის ღამეს. ერთხელაც, დღეობაში ასეთი კაფია დაბადებულა:
„წმიდა გიორგის მერჩივნა,
ექ რო ქალმა ჩამაიარა.
– მაშ, მაგ ქალმა გცეს წყალობა,
წმიდა გიორგიმ კი არა!”
ან კიდევ:
„ცოლი სჯობავ თუ წაწალი?
ჯაბანო, შენა გკითხაო”.
– ცოლი სჯობავის წაწალსა,
წაწალ ფეხებზე მკიდავო.
წაწალს ფერობა სჭირდება,
ცოლს კი არასა ვკითხავო.”
– ვახუშტის ბედი ცნობილია, თქვენი ცხოვრება როგორ გრძელდება დღეს?
– დავიწყებ იმით, რომ ზემოთ აღნიშნული ქორწილიდან 50 წელი გავიდა. მე და გიგი დღესაც განვაგრძობთ მუშაობას ფოლკლორისტიკაში, ვადგენთ კრებულებს. წელს გამოვიდა მეშვიდე კრებული „კაფია გალექსებანი”, სადაც ჩავრთეთ ქალაქური ლექსობაც და უკვე მზად გვაქვს გამოსაცემად სამონადირეო ფოლკლორი „ავთანდილმ გადინადირა”. კაფიები და, საერთოდ, ხალხური შემოქმედება, კვლავ ჩვენი ცხოვრების ნაწილად რჩება.