რომელ ამერიკელ მილიარდერს უწოდებენ „სამოქალაქო კოდექსის მეფეს” და რომელი მექსიკელი მილიარდერი ამარაგებს ამერიკის 20 პროცენტს „წამლით“
ისინი მილიარდერები არიან, თუმცა მათი მილიარდიანი კაპიტალი არ უკავშირდება გამდიდრების ყველაზე გავრცელებულ სფეროებს – ნავთობი, ინვესტიციები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები. არც ერთ ამ სფეროსთან მათ არანაირი შეხება არ აქვთ, თუმცა მათი „ფინანსური” იმპერია „ფორბსის” თვალთახედვის არეში მოხვდა. „თბილისელების” ამ ნომერში სწორედ მათ წარმოგიდგენთ.
ხოაკინ გუსმან ლოერა – 1 მილიარდი დოლარი
„ფორბსის” არც ერთ მილიარდერს არ აქვს კრიმინალური მეტსახელი, გარდა მექსიკელი, ხოაკინ გუსმან ლოერასი. სინალოას კარტელის ნარკობარონს „ელ ჩაპოს”, ანუ „მოკლე-ს” უწოდებენ. ამბობენ, რომ კარტელი ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხედს ამარაგებს „წამლით”. ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც „მოკლე” რეიტინგში მოხვდა, ზოგმა მილიარდერმა მისი გვარის ამოღება მოითხოვა, ეს ფაქტი კი მექსიკამ შეურაცხყოფად მიიღო. ლოერა პირველი ნარკობარონი არაა, რომელიც რეიტინგში ფიგურირებს. 1993 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა რეიტინგს მისი კოლუმბიელი კოლეგა, პაბლო ესკობარი ამშვენებდა. სხვადასხვა ვერსიით, საერთო ჯამში, ლოერას კარტელს ჩრდილოეთ ამერიკის „ბაზარზე” 20 მილიარდი დოლარის „საქონელი” აქვს შეტანილი. ამერიკული „ჩიკაგო ტრიბუნის” ცნობით, მშობლიურ ქალაქში ლოერას „რობინ ჰუდს” უწოდებენ. იგი გაჭირვებულებს ეხმარება, თავის მტრებს კი სასტიკად უსწორდება – მჟავით სავსე აბაზანაში ათავსებს, სადაც ისინი ორთქლდებიან.
ოლეგ ბაჰმატიუკი – 1 მილიარდი დოლარი
2007 წელს ოლეგ ბაჰმატიუკმა გაყიდა თავისი წილი „ნაფტოგაზ უკრაინში”, რომელიც პოლიტიკურ კლიმატზე იყო დამოკიდებული, თუმცა უაღრესად მომგებიანი გახლდათ. ახლა ოლეგი თავისი რესურსებით ივანო-ფრანკოვის რაიონში ქათმის კვერცხის ფერმების აღორძინებას შეუდგა. დღესდღეობით მისი კვერცხის იმპერიის განკარგულებაშია 19 ფერმა, 6 ქათმის საკვების მწარმოებელი საწარმო, ფრინველის გაშენების 3 ბაზა, 3 საცავი და დამატებით 19 ფერმა უკრაინის მასშტაბით. მისი ქონება ერთ მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას უკრაინის კვერცხის ბაზრის მეოთხედი უკავია. გარდა ამისა, მისი პროდუქციის 17 პროცენტი უცხოეთში იყიდება და ახლო მომავალში ექსპორტის გაზრდა აზიის და შორეული აღმოსავლეთის რეგიონში იგეგმება.
გი ლალიბერტე – 2,5 მილიარდი დოლარი
კანადელი გი ლალიბერტე 18 წლის ასაკში წავიდა სახლიდან და ევროპაში, ქუჩაში ცხოვრობდა. იგი ცეცხლწაკიდებულ ხმლებს ყლაპავდა, აკორდეონზე თავდაყირა უკრავდა, ოჩოფეხებით გადაადგილდებოდა და სხვადასხვა სახის საცირკო წარმოდგენების დადგმით ირჩენდა თავს. კანადაში დაბრუნების შემდეგ მან დააარსა „მზის ცირკი”, ანუ როგორც მას მსოფლიოში უწოდებენ „ცირკ დუ სოლეი” და მსოფლიოში გაითქვა სახელი. ამან მისი კაპიტალი 2,5 მილიარდი დოლარით გაზარდა.
დევიდ გრინი – 3 მილიარდი დოლარი
„შეუძლებელია წარმატების მიღწევა ღმერთის გარეშე. ჭეშმარიტი წარმატება უნდა იყოს დაკავშირებული მრავალჟამიერებასთან, მრავალჟამიერება კი მხოლოდ ღმერთშია”, – ეს სიტყვები „ფორბსის” მილიარდერთა 316-ე ნომერს, სამი მილიარდი დოლარის კაპიტალის მფლობელ, დევიდ გრინს ეკუთვნის. ის ყველაზე მორწმუნე მილიარდერია პლანეტაზე. გრინს ეკუთვნის გამოყენებითი ხელოვნებისა და შემოქმედების მაღაზიათა ქსელი „ჰობი ლობი” ამერიკის ტერიტორიაზე. ამჟამად ქსელში გაერთიანებულია 378 მაღაზია ამერიკის 29 შტატში. ეს ბიზნესი კი გრინმა 1972 წელს, კრედიტში აღებული 600 დოლარით წამოიწყო.
ში ჯენჟონი – 1 მილიარდი დოლარი
ჩინური კომპანია „სანტექ ფაუერი” მზის ელემენტებისთვის ფოტოელემენტებს აწარმოებს და სწორედ ამ კომპანიის დამფუძნებელია ში ჯენჟონი. ჩინელ მილიარდერს მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული ლაზერულ ფიზიკაში და მეცნიერების დოქტორის ხარისხი ელექტრონულ ინჟინერიაში. მზის ენერგიის ბიზნესი რომ წარმატებულ სფეროდ იქცევა, ამაზე ში ჯენჟონის კაპიტალიც მეტყველებს, რომელიც 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ჯო ჯემელი – 1,5 მილიარდი დოლარი
ამერიკის ყველაზე ცნობილ და ძვირად ღირებულ ადვოკატს, ჯო ჯემელს სამშობლოში „სამოქალაქო კოდექსის მეფეს” უწოდებენ. ძნელად მოიძებნება პლანეტაზე ადვოკატი, რომელსაც ჯემელზე მეტი საქმე აქვს მოგებული სასამართლოში. 1985 წელს მან მსოფლიოში ყველაზე გახმაურებული, ორ ნავთობ კომპანიას შორის მომხდარი სასამართლო დავა მოიგო და „ტექსაკო ოილს” უპრეცენდენტოდ დიდი თანხის, 11 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა „პენზოილის” სასარგებლოდ. ამ საქმიდან ჯემელმა ჰონორარის სახით 335 მილიონი დოლარი მიიღო.
რალფ ზონენბერგი – 1,6 მილიარდი დოლარი
ჰოლანდიელ რალფ ზონენბერგს „ჩრდილების მილიარდერს” უწოდებენ, რადგან მან, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, ჩრდილის საშუალებით შეაგროვა მილიარდიანი კაპიტალი. მამამისმა ჰენრი ზონენბერგმა, ჯერ კიდევ 1919 წელს დააარსა ალუმინის პლასტინების წარმოება ვენეციური ჟალუზებისთვის. დღესდღეობით კომპანია „ჰანტერ დუგლასი” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და ხარისხიანი ჟალუზების მწარმოებელია, რომლის საწარმოები და წარმომადგენლობები მსოფლიოს 100 ქვეყანაშია გახსნილი. სულ ახლახან „ჰანტერ დუგლასმა” ჟალუზებით მოამარაგა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, დუბაის „ბურჯ-ჰალიფა”.
ჰე ჩიაუონი – 1,6 მილიარდი დოლარი
ჩინელი ლანდშაფტური დიზაინერი, რომლის მიერ დაარსებული კომპანია „ბეიჯინგ ორიენტ ლედსკეიპი” მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ფირმადაა მიჩნეული თავის სფეროში. კომპანიაში 400-მდე ლანდშაფტური დიზაინერი მუშაობს და ნებისმიერს შეუძლია, გოლფის მოედანი შესანიშნავ პეიზაჟად აქციოს რომელიმე ფერმწერის ტილოდან. თვითონ ჰე საზოგადოებისგან დაფარულ ცხოვრებას ეწევა და მის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ წვიმაში სეირნობა უყვარს.
ანტი ჰერლინი – 1,9 მილიარდი დოლარი
ნომერ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი, ფინელი მილიარდერი მსოფლიოში, რომელსაც მამისგან მემკვიდრეობით ერგო ლიფტებისა და ექსკალატორების მწარმოებელი ფირმა „კონე”. ფირმა 101 წლის წინ დაარსდა და 1924 წლიდან მისი დიდი ბაბუა ჩაუდგა სათავეში. იგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ „ლიფტიორად” ითვლება და რომ არა ძმასთან და დასთან გაყოფილი ქონება, შესაძლოა, ანტის უფრო მაღალი პოზიცია დაეკავებინა „ფორბსის” რეიტინგში. 2011 წლის მონაცემებით კი იგი მხოლოდ 651-ეა.
ლი შინ ჩენგი – 5 მილიარდი დოლარი
მალაიზიის რიგით მესამე მილიარდერმა ბიზნესი პალმის ზეთის წარმოებით დაიწყო, რომელიც საკვებ, კოსმეტიკურ საშუალებებსა და მეტალურგიულ საწარმოებში გამოიყენება. მოგვიანებით, იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებლად იქცა ამ სფეროში და ბიზნესჯგუფი IOI Group-I ამჟამად მალაიზიაში, ინდონეზიაში, ევროპასა და ამერიკაში დეველოპერული საქმით არის დაკავებული. ჩინელი ქუჩის მევაჭრის შვილი, ლი შინი 11 წლიდან კაუჩუკის პლანტაციაში მუშაობდა. მას საშუალო განათლება ჰქონდა და მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობდა. სწორედ ინგლისურის არცოდნის გამო არ მიიღეს იგი პალმის ზეთის მწარმოებელ კომპანიაში სამუშაოდ, რომელიც მან მოგვიანებით მთლიანად შეისყიდა და ამ ფაქტით იგი დღემდე ამაყობს. საინტერესოა, რომ პალმებს, რომელთა საშუალებითაც ლი მილიარდერი გახდა, იგი მოფერებით „თავის დაქალებს” ეძახის, ჟურნალისტები კი მას „მოფერებით” „ხეების შემლოცველს” უწოდებენ. ბოლო მონაცემებით 71 წლის ჩენგი „ფორბსის” მსოფლიო რეიტინგში 208-ე პოზიციაზეა.