კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მეთოდებით სჯის რუსეთი აფხაზებს დაუმორჩილებლობის გამო და რატომ ჩაუკეტა ფსოუს საზღვარი

 

2008 წლის შემდეგ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებ, თუ რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ლამის სატელეფონო კავშირის დამყარებაც კი შეუძლებელია, თუმცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ზურაბ შენგელია აფხაზეთის ხშირი სტუმარიცაა და აფხაზებთან ერთად, ერთობლივ პროექტებსაც ახორციელებს კარგა ხანია. ამიტომაც სწორედ მას მივმართეთ იმის შესატყობად, თუ რა ხდება ენგურს მიღმა საქართველოში, ანუ აფხაზეთში. 

 

– თქვენ აქტიურად თანამშრომლობთ აფხაზებთან, ხშირადაც ჩადიხართ იქ. ზოგადად როგორი განწყობაა დღეს აფხაზ საზოგადოებაში?

– დავიწყოთ იმით, თუ როგორ შეიცვალა აფხაზი საზოგადოება 2008 წლის შემდეგ. თუ ეს ტრანსფორმაცია ვერ ან არ დავინახეთ, განწყობის შეცვლაზე საუბარი რთული იქნება. პირველი, მოხდა ის, რომ აფხაზმა საზოგადოებამ უსაფრთხოების მეტი გარანტია მიიღო და არ აქვს მნიშვნელობა, ეს საფრთხე რეალურია თუ მითიური. ყოველ შემთხვევაში, ისინი გრძნობენ, რომ ენგურს გამოღმიდან ხიფათი ნაკლებია. მეორე მხრივ, ისინი დაღლილები იყვნენ პროპაგანდით. რუსული მხარე მუდმივად ეწეოდა პროპაგანდას, რომ ქართველები მტრები არიან, რასაც ჩვენც ვუწყობდით ხელს ჩვენი, არცთუ ბოლომდე გააზრებული პოლიტიკით. მაგალითად, მახსოვს სოხუმში ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი, როდესაც „ენ ტე ვემ“ აჩვენა ასეთი სიუჟეტი: ირაკლი ოქრუაშვილმა, მაშინ ის თავდაცვის მინისტრი იყო, განგაში მოუწყო ერთ-ერთ შენაერთს, ისინიც წამოხტნენ და ემზადებოდნენ სიმღერის ფონზე: „ადექი, ბიჭო მალხაზი, კარზე მოგვადგა აფხაზი“. ჩვენმა ტელევიზიამ გაუშვა ეს სიუჟეტი და შემდეგ ამას ატრიალებდა რუსეთის ტელევიზია. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, იქ ვარ და ვამტკიცებ, რომ რუსული პროპაგანდაა ქართველების აგრესიულობა და ამ დროს გადის ასეთი სიუჟეტი.

ანუ მათთვის ჩვენ, ქართველები, ვიყავით მტრები, ეს იყო, ჯერ ერთი, პროპაგანდის შედეგი და, მეორე, ომის შემდგომი აფხაზი საზოგადოების ფსიქიკური მდგომარეობა, რომელსაც აძლირებდა რუსული პროპაგანდა. 2007 წელს ძალიან საინტერესო ინციდენტი მოხდა კოდორში. მე ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ, აფხაზებმა მიამბეს ამის შესახებ. კოდორში გადაისხა დესანტი, რომლებსაც კოდორში მყოფმა ჩვენმა ძალებმა ალყა შემოარტყეს და აფხაზურად მიმართეს აფხაზებს, გადითო. აფხაზები  გავიდნენ და ჩვენებმა ორი რუსი ოფიცერი დახოცეს. ანუ აფხაზებს გაუფრთხილდნენ.

– როგორც ქართველები ყვებიან, აფხაზებიც გაუფრთხილდნენ 2008 წელს ქართველებს?!

– ალბათ, მე უბრალოდ, 2007 წელს მომხდარი ინციდენტის აფხაზურ ვერსიას ვყვები, რომ ასეთი რამ გააკეთეს ქართველებმა. შეიძლება, ეს მითია, მაგრამ ეს აფხაზი საზოგადოების მითია. 2008 წელს, როდესაც რუსები შევიდნენ კოდორში, მათ, ფაქტობრივად, აიფარეს აფხაზები და იმასაც გეტყვით, რომ მაშინვე დამირეკა კოდორიდან აფხაზური ბატალიონის ერთ-ერთმა წევრმა და მითხრა, ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც აფხაზმა საზოგადოებამ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები, მათ სხვა ინტერესებიც გაუჩნდათ. ისეთი შეშინებულები აღარ არიან ომით და უკვე პირისპირ დარჩნენ რუსულ მხარესთან, რომელმაც გაააქტიურა თავისი ქმედებები საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის რუსული ინტერესი და ამაზე აღარ შევჩერდები, ვისაუბრებ იმ გზებზე, რომლებითაც რუსები ცდილობენ ამ თავიანთი ინტერესების რეალიზებას. აფხაზების წინაშე გაჩნდა სამი ძირითადი პრობლემა. რუსეთი იყენებდა ასეთ ლოგიკას: თქვენ ხართ ეროვნებით აფხაზი რუსეთის მოქალაქეები და ყველანაირი უფლებები გაქვთ რუსეთის ტერიტორიაზე. შეგიძლიათ, იყიდოთ მიწა, ააშენოთ სახლი, ჩადოთ ინვესტიცია, აიღოთ სესხი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ რატომ არ გვაძლევთ ამის უფლებას აფხაზეთის ტერიტორიაზეო.

– აფხაზურ მიწას არავის უკანონებენ აფხაზები.

– მეორე პრობლემა ასეთია: სოჭის ოლიმპიადის გამო 50 000-მდე ადამიანის ჩასახლება უნდოდათ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც აფხაზებს ისეთსავე დემოგრაფიულ პრობლემებს უქმნიდა, როგორიც, მათი აზრით, ქართველების ყოფნის დროს ჰქონდათ. მესამე პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ითხოვს სოფელ აიბღას ნახევარს, 16 კვადრატულ კილომეტრს. აი, ამ სამ პრობლემას ძალიან მკაცრად დაუდგა აფხაზი საზოგადოება. უხუცესთა საბჭომ დაიბარა ბაღაფში და მაქსიმ ღვინჯია მოსკოვში წასვლამდე და პირდაპირ თითი დაუქნიეს: თუ ამ სამ პრობლემაზე კომპრომისზე წახვედით, ცოცხლები ვერ ჩამოხვალთ აფხაზეთშიო. აფხაზები დარწმუნებული არიან, რომ ბაღაფში ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, მათი აზრით, ბაღაფშის სიკვდილის მთავარი მიზეზი სწორედ ეს სამი პრობლემა გახდა. თუმცა მე არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს. ამის საპასუხოდ რუსეთმა აფხაზების დასჯა დაიწყო: მათ აღარ აძლევენ რუსეთის მოქალაქეობას, ხოლო, მათ, ვისაც გაუვიდა მოქალაქეობის ვადა, აღარ უგრძელებენ. ეს აფხაზებს მხოლოდ ნიკარაგუაში, ნაურუსა და რუსეთში სიარულის უფლებას აძლევს და, რაც მთავარია, აფხაზებს რუსებმა ჩაუკეტეს ფსოუ, ანუ საქონელი ფსოუზე ვერ გადიოდა, მხოლოდ ნოემბერში გახსნეს. შემდეგ რუსებმა აფხაზებს ასეთი რამ შესთავაზეს: ადლერის ეგრეთ წოდებულ „ციგანსკი რინოკს“, ჩვენი ერგნეთის ბაზრობის მსგავსს, გადმოვიტანთ გაგრასთანო. ნახეთ, რა ეშმაკური ჩანაფიქრი იყო: რუსები ეუბნებოდნენ აფხაზებს, ჩვენ ჩამოვალთ და თქვენგან ვიყიდით, რაც გვინდა და გავიტანთო, მაგრამ ესეც არ გამოვიდა. ანუ რუსებსა და აფხაზებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, იმ მხრივ, რომ აფხაზი საზოგადოება დაუპირისპირდა იმ პოლიტიკას, რასაც რუსეთი ატარებდა. ამან გამოაცოცხლა აფხაზეთის პოლიტიკური ცხოვრება. კაფეები გახდა ერთგვარი პოლიტიკური კლუბები, სადაც იკრიბებიან ოპოზიციონერები და ლაპარაკობენ ყველაფერ იმაზე, რასაც არ ამბობდნენ 2008 წლამდე, რადგან მაშინ მათ ქართველების აგენტობას დააბრალებდნენ. ეს საშიშროება მოიხსნა და მათ დაიწყეს მსჯელობა.

– თქვენ თუ შესწრებიხართ ასეთ მსჯელობებს?

– რა თქმა უნდა, ერთ-ერთ პოლიტიკურ კლუბში აქტიურად დავდიოდი, როდესაც სოხუმში ვიყავი, სადაც, სხვათა შორის, ხაჯიმბაც დადიოდა. იმ პერიოდში, როდესაც იქ ვიყავი, ორი მკვლელობა მოხდა და ორივეს გარჩევას დავესწარი. პლაჟზე 12-13 წლის აფხაზ ბიჭუნებს მთვრალი რუსებისთვის რაღაც უთქვამთ, ისინი გაბრაზებულან და ისე უცემიათ, რომ ნეკნები ჩაუმსხვრევიათ. ბავშვებმა ტვინის შერყევაც მიიღეს. გამოვიდა ვიღაც და მოკლა ერთ-ერთი რუსი. მეორე შემთხვევაში კი აფხაზი ქალი გააუპატიურა რუსმა სამხედრომ. აი, ამ ორი მკვლელობის გარჩევას ვესწრებოდი, ხაჯიმბაც იქ იყო. მსჯელობისას ქვეცნობიერად ადარებდნენ მომხდარს ქართველებთან ურთიერთობას. გაგიგონიათ ოდესმე, რომ ქართველს ცემით მოეკლა აფხაზი ბიჭი ან ქართველს აფხაზი ქალი გაეუპატიურებინოსო. მე ასეთი დასკვნა გავაკეთე: ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ პირველი მტერი აღარ ვართ აფხაზებისთვის, იმიტომ რომ უფრო მეტი საშიშროება დაინახეს და არა იმის გამო, რომ ჩვენზე ამოსდით მზე და მთვარე. უბრალოდ, ხედავენ, რომ ქართველი ამას არ აკეთებდა, რუსი კი აკეთებს. 2010 წელს პირველად გავიგე ასეთი ფრაზა: არძინბამ ხომ გვიანდერძა, ქართველებს დაელაპარაკეთო.

– ვითომ მართლა უანდერძა? პირადად მე, არ მგონია.

–  ყოველ შემთხვევაში, ისინი ასე ამბობენ, არძინბა კი მათთვის გმირია. თვითონ ის ფაქტი, რომ არგუმენტად ეს იქნა მოტანილი, სიახლედ მიმაჩნია.  2007 წლის შემდეგ აფხაზეთში 2010 წელს ვიყავი და ამ სამწლიანმა შუალედმა უფრო მკაფიოდ დამანახვა ტრანსფორმაცია. მაგალითად, 2010 წელს სოხუმში უკვე ქართულად მელაპარაკებოდნენ, ბუნებრივია, ვინც იცოდა, მაშინ, როდესაც მანამდე მხოლოდ სახლში, ჩუმად თუ დაგელაპარაკებოდნენ. 2011 წელს კი, ის ხალხიც კი, რომლებმაც ქართული არ იციან, ქართულ სიტყვებს ჩაურთავდნენ ხოლმე ჩემთან საუბარში.

– ითქვა, რომ ამ ზაფხულს ტურისტული სეზონი თვითონ აფხაზებმა ჩააგდესო. მართალია?

– ოჩამჩირე ტურისტული ზონა არასდროს ყოფილა და ახლაც ასეა. რაც შეეხება სოხუმს: იქ ტურისტებად იყვნენ მხოლოდ რუსი სამხედროები ან ციმბირის ოლქიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შვებულებით ჩამოსული რუსი სამხედროების ოჯახები. იქ რუსი სამხედროები არ ჩანან ქუჩებში. ერთადერთი რამ, რასაც ყოველდღე აკეთებენ, არის ის, რომ დილით ოჩამჩირედან გამოდის ჯავშანტექნიკის კოლონა, გადის ფსოუმდე და შემდეგ ისევ უკან ბრუნდება. მეტი იქ ზაფხულში სამხედროფორმიანი ადამიანი არ მინახავს. სოხუმიდან ზემოთ ტურისტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ისინი ერთდღიანი ტურისტები არიან. სოჭში დგას ავტობუსები, წარწერებით: ერთდღიანი ექსკურსიები ახალ ათონში, რიწის ტბაზე და ასე შემდეგ. ერთი დღით შემოჰყავთ ტურისტები და იმავე საღამოს სოჭში აბრუნებენ, ანუ ტურიზმი არ არის შემოსავლების წყარო, რის იმედიც ჰქონდათ. სოხუმშიც კი ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი კარგი რესტორანი აშენდა, მაგრამ მეპატრონე კლიენტების სიმცირეს უჩიოდა, იმიტომ რომ აფხაზეთში ფულიანი კლიენტი არ არის. ფულიანი რუსი იქ არ ჩადის, რუს სამხედროებს კი ფული არ აქვთ და ისეა, როგორც ადრე იყო: მუშაობს საზოგადოებრივი კვების ობიექტები. გაგრაში მომსახურების მაქსიმუმი ის არის, რომ ავტოფარეხებში უდგათ ოთხი მაგიდა, უფრო შეძლებულებს კი ტენტი აქვთ გადაფარებული ეზოში და რვა მაგიდა უდგათ. ანუ ისიც დაინახა აფხაზმა საზოგადოებამ, რომ მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროში, ტურიზმის განვითარებაში არავინ დებს ფულს.

– ძალიან საინტერესო წიგნი გამოგიციათ აფხაზეთზე ილიას საინტერესო წინასწარმეტყველებით თუ გაფრთხილებით.  გავაცნოთ ჩვენს მკითხველსაც.

– ეს სასაჩუქრე წიგნი ჩვენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, სულ ახლახან გაიმართა პრეზენტაცია. ათიოდე წლის წინათ, აფხაზეთში ჩემი ყოფნის დროს ერთ-ერთ სუფრაზე სინანული გამოითქვა, რომ ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ, ფაქტობრივად, განადგურდა აფხაზური კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ძალიან მთხოვეს, თქვენთან ხომ არ არის დარჩენილი რამე ნიმუშებიო.  დავიწყეთ მუშაობა და მოვიძიეთ უამრავი მასალაა, რომელიც ასახავს მეცხრამეტე საუკუნის აფხაზეთის ყოფას და რომლებიც ეკუთვნის იმ პერიოდის ძალიან ცნობილ ხელოვანებს. ჩვენ ეს შევაგროვეთ სპონსორების დახმარებით. ეს არის ორენოვანი გამოცემა, მხოლოდ ქართულ და აფხაზურ ენებზე. შეკრებილია დოკუმენტები და მითითებულია, სად ინახება, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი იყო იდეოლოგიზაციის თავიდან აცილება. ამ გამოცემაში არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო სურათი, რომელიც 1903 წელსაა გადაღებული შერვაშიძეების მამულში, სადაც სტუმრადაა ილია ჭავაჭავაძე. ეს ის პერიოდია, როდესაც პრინცმა ოლდენბურგელმა დაამთავრა გაგრის აშენება, გახსნაზე დაპატიჟა მოღვაწეები რუსეთიდან და თბილისიდან, მათ შორის, ილია ჭავჭავაძეც. ისე დაემთხვა, რომ იმავე პერიოდში ქართული თეატრალური დასი გასტროლზე იყო სოჭში და შერვაშიძეებმა თავიანთ  მამულში დაპატიჟეს ილია ჭავჭავაძე და თეატრალები. იმ სუფრაზე ილიამ თქვა სადღეგრძელო, მოვიტან ციტატას, რომელიც დაიბეჭდა „ივერიაში“: „ღმერთსა ვთხოვ, გიხსნათ თქვენ იმ საშინელი განსაცდელისგან, რომელიც მე სულთამხუთავსავით თვალს ამეკიდა, როცა აქაურობა დავიარე და დავათვალიერე. დღეს, აქამომდე ამ მშვენიერ აფხაზ-ქართველთა მიწა-წყალს ხმლით ვინახავდით და ასე თუ ისე შევინახეთ კიდეც. დღეს ხმალი ქარქაშში ჩაიგო, დღეს სხვა მტერი მოდის, როგორც ვხედავთ, ისე პირდაპირ და კვალდაკვალ კი არა, როგორც პატიოსანი ხმალი, არამედ ჩუმად, ქურდულად, როგორც მაცდური და მპარავი. იგი მტერი ფული, გაიძვერა და მზარავი, ღიმილით და ალერსით მოგექცევათ და ისე გამოგაცლით ხელიდან ამ ლამაზ, მდიდარ, ტურფა ქვეყანას, რომ პირველ ხანში იქნებ მადლიერნიც გაუხდეთ. კიდევ ვიტყვი, ღმერთმა გიხსნათ ამ საშინელი მაცდურისაგან. ღმერთმა ქნას და თამამ ხმლისგან უძლეველნი არ იძლივნეთ მხდალი და მშიშარა ფულისგან და შეინარჩუნეთ ეს ქართული სისხლით მორწყული მშვენიერი ქვეყანა თქვენდა სადღეგრძელოდ და თქვენთა შვილთა და მახლობელთა სადღეგრძელოთ, საბედნიეროდ და თავმოსაწონებლად.“

ეს 1903 წელს თქვა ილია ჭავჭავაძემ და ძალიან საინტერესოა ამის გაგრძელება: ჩვენი ერთ-ერთი პირველი პროექტი ასეთი იყო. ვთხოვეთ აფხაზ მწერლებს, რომ შეეკრიბათ და მოეწოდებინათ ომის პოეზია, ცხადია, ომის პოეზიის ლიტერატურული ხარისხი მაღალი არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად ასახავს საზოგადოების განწყობას. თან ვთხოვე, არ გაგვიფრთხილდეთ-მეთქი. 80-მდე ლექსი შეაგროვეს და გააკეთეს ქართული და რუსული პწკარედები. ვთხოვე ჩემს მეგობრებს, ჩვენს პოეტებს, გაელექსათ პწკარედები. მოკლედ გეტყვით, ენვერ აჟიბას ერთ-ერთი ლექსის, „რა დამავიწყებს“, შინაარსს: როდესაც იარაღიანი ქართველები შემოვიდნენ, ჩვენ უიარაღოები დავხვდით, მაგრამ შემდეგ შევიარაღდით და, როდესაც ქართველებმა ნახეს, რომ ვერ დაგვისაკუთრებდნენ, ძარცვა-გლეჯა დაიწყეს, ამიტომაც შევაკოწიწეთ წვეთ-წვეთად სისხლი და ამოვიძირკვეთ ქართული ფესვიო. დააკვირდით, რა საინტერესო ლოგიკაა: სანამ პატიოსანი ხმლით ერთმანეთს ებრძოდნენ, მათ ქართული ფესვი არ ამოუძირკვავთ, მაგრამ, როდესაც გაიძვერა, მზარავი და მშიშარა ფული ჩაერია, ანუ  ძარცვა-გლეჯა დაიწყო, მათ დასჭირდათ ქართული ფესვის ამოძირკვა. რაც ილიამ გვითხრა 1903 წელს, ის ინვერსიით დაგვიბრუნდა ენვერ აჟიბას ლექსის სახით. მე მათ არ ვადარებ ერთმანეთს, მაგრამ ილიას იდეამ ერთი საუკუნის შემდეგ იმუშავა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ყველა ლექსი ასეთი შინაარსის არ არის. საინტერესოა ის, რომ ამ კრებულის გამოცემა აფხაზეთის მწერალთა კავშირმა შეურაცხყოფად მიიღო, ჩვენთან ამის გარდა კარგი პოეზია არ არისო? მეორე მხრივ, საქართველოს მწერალთა კავშირმაც ერთი ამბავი ატეხა, ამის დაბეჭდვა როგორ შეიძლებოდაო, მაგრამ, თუ ჭრილობას არ შეხედე და თვალები დახუჭე, როგორ უმკურნალებ? ხომ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება დღეს აფხაზ საზოგადოებაში?!

 

 

 

скачать dle 11.3