რამდენ ქვეყანას აქვს მსოფლიოში კანონიერად და უკანონოდ ბირთვული იარაღი და რას ეფუძნება ვარაუდი, რომ ირანსა და ჩრდილოეთ კორეას უკვე აქვთ „ბინძური ბომბები“
თეირანმა დანარჩენ მსოფლიოს ახალი, 2012 წელი თავისებურად მიულოცა: 2 იანვარს დასრულდა ირანისთვის არნახული მასშტაბის სამხედრო წვრთნები, რომელიც კვირა-ნახევარს გრძელდებოდა. ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ერთდროულად სამი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. ეს ყოველივე კი მოხდა მსოფლიო ნავთობის ექსპორტის სტრატეგიულ ადგილას – ორმუზის სრუტეში. სწორედ იქ, რის გადაკეტვითაც იმუქრება ირანი, თუკი დასავლეთი თავის ზეწოლას არ შეამცირებს. იქნება თუ არა 2012 კოალიცის სამხედრო ძალების ირანში შესვლის წელი, – ამ საკითხის გარკვევას უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტთან, ირაკლი სესიაშვილთან, ერთად შევეცდებით.
– კოალიციის ძალები ერაყიდან სრულად გავიდნენ, ავღანეთიდან გასვლა უკვე გადაწყვეტილია, ანუ მომწიფდა სადღაც შესვლა და ეს სადღაც ირანი იქნება 2012 წელს?
– უპირველესად, ვთქვათ, რომ ირანი ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში. ის ბოლო ათეული წლის განმავლობაში საკმაოდ გაძლიერდა, მას აქვს ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მარაგები.
– და ძალიან ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს.
– დემოგრაფიულად საკმაოდ ძლიერი მოსახლეობა ჰყავს, დაახლოებით, 80 მილიონამდე. თანაც ირანი ამ ემბარგოებში გამოიწრთო და ამ სახელმწიფოს უკვე საკუთარი ძალებით შეუძლია, იარსებოს. ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო რეგიონში და მას მართლაც სერიოზული პრობლემები აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, იმდენად, რამდენადაც გარშემო ჰყავს ოთხი ბირთვული სახელმწიფო.
– ჩამოვთვალოთ.
– ისრაელი, რუსეთი, ინდოეთი და პაკისტანი. ამასთან, ირანი მუსლიმანურ სამყაროში რელიგიის მფარველ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყნად მიიჩნევა. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, როგორც ცნობილი მკვლევრები წერდნენ, ოცდამეერთე საუკუნე იქნება კულტურათა შორის ბრძოლის საუკუნე. ამიტომ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ყოველივეს იმიტომ ვყვები, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება მუდმივად ეკონომიკურ კრიზისში მყოფ მსოფლიოში ასე მარტივად ვეღარ გამოვა. ამიტომ არ მგონია, რომ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღონ, მით უმეტეს, როდესაც ამას აუცილებლად დასჭირდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ვერ მაიღწევს შეერთებული შტატები, ამის სურვილიც რომ ჰქონდეს.
– რატომ ვერ მიაღწევს? გაეროა კეთილგონიერი თუ ისევ რუსეთის გამო?
– ერთი, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს წევრია და მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობს ამ დაძაბულობით, შეიძლება, არც საფრანგეთმა დაუჭიროს მხარი, რადგან ასეთი მასშტაბის კამპანია დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული კონფლიქტი მათ შორის, რაც კი აქამდე არსებობდა, ვგულისხმობ თანამედროვე კონფლიქტებს. მაშინ, როდესაც თანამედროვე ირანს საკმაოდ ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს.
– ტექნოლოგიები საიდან აქვს?
– ირანი თავადაა დაინტერესებული ტექნოლოგიური განვითარებით და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. რა თქმა უნდა, სადაც არის ნავთობი და გაზი, არის ფულიც. ფულით კი ყველანაირი ტექნოლოგიის ყიდვა შეიძლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ ტექნოლოგიურად ირანი ისეთივეა, როგორებიც ევროპა, იაპონია და შეერთებული შტატებია. ამიტომ არ მგონია, ფართომასშტაბიან ომს უნდა ველოდოთ იმ რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს. მით უფრო, რომ ეს შესაძლოა, გადაიზარდოს კულტურათა შორის, რელიგიათა შორის ომში, რაც მოშლის ფრონტის ხაზს და ის შეიძლება, აღარ იყოს პირობითი და ასიმეტრიული გახდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
– ფრონტის ხაზმა გაიაროს ყველგან, სადაც ცხოვრობენ მუსლიმანები?
– ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები აანალიზებენ სავარაუდო საფრთხეებს, რაც შეიძლება, მოჰყვეს ფართომასშტაბიან კონფლიქტს. რაც შეეხება წერტილოვან დარტყმებს: თავისთავად აქ მიდის საკმაოდ ფართო გეოპოლიტიკური ბრძოლა, დასავლეთი ცდილობს, სხვადასხვა ზეწოლით შეაჩერებინოს ირანს ბირთვული პროგრამა, რადგან ირანს უკვე შეიძლება, ჰქონდეს ეგრეთ წოდებული ბინძური ბომბი.
– ანუ?
– ზოგადად, ატომური ბომბი ურანის გამდიდრებით იქმნება, დაჩქარებული წესით ურანის გამდიდრებით შესაძლებელია არასრულყოფილი ბომბის შექმნა, რასაც ექსპერტები „ბინძურ ბომბს“ უწოდებენ. მის მიღებას ურანის გამდიდრებიდან, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადი სჭირდება, ამიტომ, ალბათ, ეს ბომბი უკვე აქვს ირანს და შეიძლება, ჩრდილოეთ კორეასაც.
– მას ისეთივე დამანგრეველი შედეგი აქვს, როგორც სრულყოფილ ატომურ ბომბს?
– არა, მაგრამ, რადგან აქვს რადიაციული გამოსხივება, ის საკმაოდ საშიშია. ამიტომ ირანზე პოლიტიკური ზეწოლა გაგრძელდება, რომ როგორმე შეაჩერებინონ ბირთვული პროგრამა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთს აქვს სურვილი, დაალაგოს ირანთან ურთიერთობა, იმდენად, რამდენადაც ეს ძალიან პოზიტიურად აისახებოდა მსოფლიო ეკონომიკაზე, მაგრამ თავიდანვე ვახსენე კულტურათაშორისი დაპირისპირება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებულად ჩანს: პალესტინის, ირანის, ავღანეთისა თუ ერაყის პრობლემები. ასე რომ, ამ პროცესში სხვა მოთამაშეებიც ერთვებიან. მაგალითად, თურქეთი, რომელიც, ერთი მხრივ, არის „ნატოს“ წევრი და უნდა, რომ ევროკავშირის წევრიც გახდეს, ცდილობს, ბალანსი შეინარჩუნოს მუსლიმანურ სამყაროსა და დასავლეთს შორის და იყოს ერთგვარი მედიატორი. თუმცა, ასეთი ტიპის კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, თურქეთსაც კი გაუჭირდება ისეთი პოზიციის შენარჩუნება, რომელიც ორივე მხარეს მოეწონება. ამიტომ, თუ გამოვრიცხავთ ფართომასშტაბიან კონფლიქტს, უნდა ვიფიქროთ წერტილოვან დარტყმებზე იმ ობიექტების მისამართით, სადაც, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღი მზადდება. ამ შემთხვევაში, მე კიდევ უფრო კრიტიკულად შევაფასებდი არსებულ რისკებს და საფრთხეებს, იმიტომ რომ არ ვიცით, რა რეაქცია ექნება ირანს. შესაძლოა, ირანის ახალგაზრდა პრეზიდენტმა რომელიმე მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაისროლოს.
– რამდენს მისწვდება? ჩვენ ვხვდებით?
– არა მარტო ჩვენ, ევროპაც.
– მე ჩვენი ამბავი უფრო მაინტერესებს. ესე იგი, ამერიკა უფრო უსაფრთხოდაა?
– რა თქმა უნდა, ამიტომ, ალბათ, ექსპერტებს ასჯერ აქვთ ყველაფერი გაზომილ-აწონილი. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ ირანის საკითხი მსოფლიო პოლიტიკური თამაშების ძირითადი პლაცდარმი იქნება და დასავლეთი შეეცდება, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე „დემოკრატიული“ რევოლუციური ტალღების ფარგლებში, იფიქროს ირანთან გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობების დალაგებაზე. ძალისმიერი საშუალებების გამოყენება ამ მასშტაბის მქონე სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ პერიოდში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, იმდენად, რამდენადაც ამერიკას ერაყსა და ავღანეთში გამოყენებულ რესურსზე ათჯერ და ასჯერ მეტი დასჭირდება. ასე რომ, ასეთი მარტივი არ იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, რომ, ზოგადად, ამ ტიპის ქვეყნების მოსახლეობა მიდრეკილია და მზად არის, რელიგიურ ფონზე საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ მტერს.
– გახდა ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო უფრო უსაფრთხო კადაფის და ჰუსეინის გარეშე?
– ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გასაღების პოვნა ადვილი არ არის, რადგან დასავლეთი ცდილობს, აღმოსავლეთს დაუმტკიცოს, რომ დასავლეთის პოლიტიკა, ღირებულებებისადმი მიდგომა, გაცილებით სწორია, ვიდრე ის, რაც მუსლიმანურ სამყაროშია. ეს კი, თავისთავად, კონფლიქტის წინაპირობაა. ის კონფლიქტები, რაც თავის დროზე დაიწყო ამ რეგიონებში, უკვე ინერციით მიექანება კონფლიქტებისკენვე და, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეს, ტუნისსა და ლიბიას რევოლუციურმა ტალღებმა გადაუარეს, ვერ ვიტყვით, იქ დემოკრატიული რეჟიმები დამყარდა. თუნდაც, სირიაში, კიდეც რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ნაკლებად წარმოსადგენია, დემოკრატიული რეჟიმი დამყარდეს. თუმცა ეს პროცესი, საბოლოოდ, ალბათ, მაინც მიგვიყვანს გარკვეულ პოზიტიურ შედეგამდე, ისევ და ისევ, თანამედროვე კომუნიკაციების წყალობით. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, ახალგაზრდა ამ რეგიონებიდან ეცნობა დასავლეთს, თანამედროვე ღირებულებებს და სულ უფრო მეტი და მეტი ხორციელი და სულიერი ინტერესი აქვთ ამ მოვლენების მიმართ. ყველას უნდა თავასუფალი ცხოვრება და, ადრე თუ გვიან, ეს პროცესი შეიძლება, გარდაუვალი იყოს. თუმცა ბოლომდე თავდაჯერებულები მაინც არ უნდა ვიყოთ.
– თუ წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა, ჩვენი ტერიტორია იქნება გამოყენებული?
– ერთს დავამატებ, ირანის წინააღმდეგ, თუნდაც, წერტილოვანი დარტყმების შემთხვევაში, კატასტროფულად გაძვირდება ნავთობი. თუ არ ვცდები, ირანი იძლევა არსებული ნავთობის 20 პროცენტს. ასეთი კონფლიქტი კი მაშინვე მოახდენს ზემოქმედებას ფასებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი მსოფლიო კიდევ უფრო დიდ კრიზისში გადაეშვება.
რაც შეეხება ჩვენთან მიმართებას: მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ირანის წინააღმდეგ რამე ტიპის სამხედრო კამპანიის დაწყება მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. ერთი ის, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა უვიზო რეჟიმი გააფორმა ირანთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანიდან შესაძლოა, გაჩნდნენ ლტოლვილები. თუნდაც, კონფლიქტს ფართომასშტაბიანი ხასიათი არ ჰქონდეს, რაღაც ჯგუფებმა შეიძლება, დატოვონ ირანის ტერიტორია. დღეს ბევრს აქვს ირანში სურვილი, გადაბარგდეს დასავლეთში და ამიტომ შეიძლება, ლტოლვილები მოაწყდნენ საზღვრებს.
– ჩვენ არ გვაქვს საერთო საზღვარი?
– არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა იეშმაკოს და სომხეთის საზღვარზე გადმოატაროს ირანელი ლტოლვილები. ანუ მისცეს დერეფანი საქართველომდე და ლტოლვილები საქართველოში შემოვიდნენ, სადაც უვიზოდ შემოსვლის საშუალება აქვთ. აქ რომ რამდენიმე ათეულ ათასი ირანელი შემოვიდეს, საერთაშორისო კონვენციებით, ვალდებული ვართ, მივიღოთ, ვაჭამოთ, ვასვათ და უზრუნველვყოთ საცხოვრებელი პირობებით, რაც დადგენილია გაეროს ლტოლვილთა შესახებ კანონით. ამან შეიძლება, იმდენად ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღოს, რომ ასეულ ათასიც კი შემოვიდეს, ხოლო დასავლეთმა იმის შიშით, რომ ისინი არ გადავიდნენ ევროპაში, დაიწყოს ჩვენი ფინანსური დახმარება, რაც ნიშნავს, რომ ისინი აქ უნდა დავასახლოთ.
ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამთ, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს პროცესები. მეტიც, თუ მთლიანად ახლო აღმოსავლეთს წაეკიდა ცეცხლი, არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის კონფლიქტიც გაღვივდეს. მით უფრო, რომ პალესტინა ისრაელის კონფლიქტი მუდმივად ცხელია.
– ჩვენი აეროდრომები იქნება გამოყენებული წერტილოვანი დარტყმების განხორციელებისას?
– ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ეს ფართომასშტაბიანი კამპანია იქნება, რასაც მე გამოვრიცხავ, ის დროში გახანგრძლივდება და, რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს ჩვენი ტერიტორია დასჭირდება. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ირანთან ბოლო პერიოდში საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მით უმეტეს, რომ რამდენიმე ასეულ ათასი ფერეიდნელი ცხოვრობს ირანში და ისინი ჩვენ მიმართ საკმაოდ პოზიტიურად არიან განწყობილი. ასე რომ, ესეც ფაქტორია.
– და ხელაღებით მხარე ვერ ვიქნებით?
– არ გვინდა, რომ ვიყოთ.
– რუსეთის როლი და ფაქტორი როგორია?
– რუსეთს ნებისმიერი, ვთქვათ ასე, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ვაჭრობა ხელს აძლევს, რუსეთისთვის არ არის ხელსაყრელი კონფლიქტი. მისთვის სასურველია პოლიტიკური ვაჭრობა გაეროში, სადაც ის სარგებლობს ვეტოს უფლებით. ასევე, მას ირანთანაც აქვს ბიზნესპროექტები და ინტერესები და შეუძლია, ამ მხრივაც ნახოს სარგებელი ამ ვაჭრობაში. რუსეთი უფრო დაინტერესებულია არა კონფლიქტით, არამედ მუდმივი დაძაბულობით.
– რიტორიკული კითხვასავითაა, მაგრამ მაინც, რა უშლის ხელს ირანს და დასავლეთს მეტ-ნაკლებად მოაგვარონ ურთიერთობა?
– ირანი აყენებს, თავისი აზრით, სამართლიან მოთხოვნას. ის ამბობს, ისრაელს აქვს ბირთვული იარაღი, რომელიც შეუძლია, დამიმიზნოს, აქეთ გვყავს პაკისტანი და ინდოეთი, რომლებსაც, ასევე, აქვთ ბირთვული იარაღები. მაშინ, როდესაც მე ერთ-ერთი განვითარებული და წარმატებული ქვეყანა ვარ, მყავს 80-მილიონიანი მოსახლეობა, როგორ დავიცვა თავი. ატომური იარაღი კანონიერად მსოფლიოში აქვს 5 ქვეყანას: ჩინეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, დანარჩენ სამს – პაკისტანს, ისრაელსა და ინდოეთს, აქვს უკანონოდ და ირანი ამბობს, თუკი მათ აქვთ უკანონოდ, მეც უნდა მქონდეს, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შემიძლია თავის დაცვაო.
– მეორე მხრივ, რომ ჰქონდეს ირანს ბირთვული იარაღი, რა მოხდება?
– ირანი არ არის დემოკრატიული ქვეყანა.
– არც პაკისტანია დემოკრატიული ქვეყანა.
– უბრალოდ პაკისტანმა მოასწრო. ირანი დასავლეთისადმი მტრულადაა განწყობილი, იცით, რომ იქ ამერიკის დროშებს წვავენ. ამიტომ, საფრთხეების ანალიზისას, თუ მტრულად განწყობილ ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი, ეს დიდი რისკის შემცველია.