ქსენოფობები – შერჩევით
„სომეხი პრეზიდენტიდან“ – „თათარ ბავშვამდე“
ის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ენაკვიმატია (ოღონდ მხოლოდ უნებლიეთ), ცნობილი ფაქტია, მეორე მხრივ, ვერც ქართული ენის ცოდნაში დავადანაშაულებთ, რაც, ამ ჩვენს გაინგლისურებულ ყოფაში დიდი ვერაფერი მინუსია საქართველოს მოქალაქისთვის, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ხშირად გონების უკიდურესი დაძაბვაა აუცილებელი, რათა გაიგო, რის თქმა უნდა ბ-ნ სიჭინავას. მაგრამ, რაკი ეს არა მხოლოდ ბ-ნი სიჭინავასთვისაა დამახასიათებელი, არც ამის გამო ღირს განგაშის ზარების დარისხება. დღემდე მის ყველაზე კურიოზულ ნააზრევად მაინც შუშანიკისა და შუშაკის აღრევა უნდა ვაღიაროთ (შეგახსენებთ მის გამონათქვამს: „საქართველოს ნაკრებში თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებიც არა მარტო კუპერისა და ტოპმიოლერის დროს იყვნენ ჩამოყვანილი, არამედ შუშანიკის დროსაც კი თამაშობდნენ“).
ოღონდ, თუკი აქამომდე ბ-ნი სიჭინავას აღრევები უწყინარი იყო (თუმცა ისიცაა, სად – შუშანიკი და სად – შუშაკი), წინა წლის მიწურულს მან აშკარად გადაამლაშა, როდესაც საზოგადოებას აუწყა, რომ აჭარაში „შესანიშნავი თათარი ბავშვი“ აღმოაჩინა. ჩვენთვის უცნობია, რა იგულისხმა ბ-ნმა სიჭინავამ „თათარ ბავშვში“, მაგრამ აშკარაა, რომ გამონათქვამი ქსენოფობიურია (რასაკვირველია, „სომეხი პრეზიდენტის“ გარშემო ამტყდარი სახელისუფლო გნიასის გათვალისწინებით), თუმცა ამის გამო კულტურის მინისტრს ის არათუ გაუთავისუფლებია ფედერაციის თავკაცობიდან და არც ის აუხსნია, რატომ არის „სომეხი პრეზიდენტი“ ქსენოფობიური აზროვნების მწვერვალი, „თათარი ბავშვი“ კი – სრულიად ანტიქსენოფობიური განცხადება?!