როგორ დაუდო მილანის ცნობილმა სამოდელო სააგენტომ ნუკი ყარალაშვილს ერთწლიანი კონტრაქტი და რატომ ვერ გაათხოვეს ის დაქალებმა
მხიარული, ენერგიული „ვიცე-მის საქართველო“ – ნუკი ყარალაშვილი, რომელიც საქართველოში საკმაოდ წარმატებული მოდელია, თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში სამოდელო კარიერას უკვე მილანში – მოდის ქალაქში გააგრძელებს.
ნუკი: „იმიჯ ცენტრის“ დირექტორი, ია კიწმარიშვილი ინტენსიურად აგზავნიდა უცხოეთის სამოდელო სააგენტოებში ჩემს პოლაროიდებს. ვიცოდი, რომ იანვრის ბოლოს უნდა წავსულიყავი სინგაპურში. რამდენიმე დღის წინ, კინოში ვიყავი, როცა სააგენტოს მენეჯერმა, მაცაცომ დამირეკა და მითხრა: მილანიდან მოგივიდა მიწვევა და ახლავე უნდა მითხრა პასუხიო. თან, წესიერად არ მესმოდა, რას მეუბნებოდა, ვუთხარი, მერე დამირეკე-მეთქი. ის კი ყვიროდა: მილანი, მილანი, მიწვევა გაქვს, მიწვევაო. მეც აქეთ ვყვიროდი: კი, კი, მთელმა კინოთეატრმა გაიგო ჩემი მილანში წასვლის ამბავი. სინგაპურშიც მინდოდა წასვლა, კარგი კონტრაქტი იყო, კარგი შემოთავაზება. ამიტომ, უარის თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ, რადგან მილანიდან – მოდის ქალაქიდან მოვიდა მოწვევა, არჩევანი ამაზე გავაკეთეთ.
– დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიხარდებოდა ამ ამბის გაგება.
– როდესაც პატარა ვიყავი, ოცნებად მქონდა მილანში წასვლა. ნიუ-იორკში და საერთოდ, ამერიკაში წასვლა, დღემდე ოცნებად მაქვს. როცა გავიზარდე და რეალობას შევხედე, მივხვდი, რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ოცნება არ იყო საკმარისი, ბევრი მუშაობა იყო საჭირო. შესაბამისად, ბევრი მუშაობის შემდეგ ოცნება ავისრულე და ახლა მილანში მივდივარ.
– იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, ყოველთვის ბევრი შრომა გჭირდება, თუ იღბალიც გეხმარება?
– მუშაობა მჭირდება, მაგრამ არც ისე ბევრი, იღბლიანიც ვარ. ბევრი რამ მოულოდნელადაც ხდება. ახლა საერთოდ არ ველოდებოდი მილანში გამგზავრებას, პირიქით, ენის კურსებზე ვაპირებდი ინგლისში ან ევროპის სხვა ქვეყანაში წასვლას. უცებ დამირეკეს და მითხრეს, მოწვევა მოგივიდაო. უნივერსიტეტში გამოცდებზეც ხშირად მეხმარება იღბალი – ზუსტად ის საკითხები მხვდება, რომელიც ნასწავლი მაქვს.
– ადრე, მალაიზიაში იყავი თითქმის ერთი თვის განმავლობაში და როგორც ვიცი, ამან ბევრი რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში.
– როდესაც მალაიზიაში წავედი, 17 წლის ვიყავი, თვითმფრინავშიც პირველად ვიჯექი. სულ მარტო ვიყავი უცხო ქვეყანაში. ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით, დამოუკიდებლად ცხოვრება. რომ ჩამოვედი თბილისში უფრო გაზრდილი და ჩამოყალიბებული მეჩვენებოდა ჩემი თავი. მილანშიც მარტო ვიქნები, საჭმლის მომზადებაც მე მომიწევს და სხვა რაღაცეების გაკეთებაც. უფრო მეტად დამოუკიდებელი გავხდები, ჩემს საქმეებს დედის, მამის დახმარების გარეშე მოვაგვარებ.
– რომელი სააგენტოდან მოგივიდა მიწვევა?
– „ვან მოდელსიდან“, რომელიც ძალიან კარგი სააგენტოა. ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, თუმცა ჯერჯერობით, სამი თვით მივდივარ. მერე დავბრუნდები საქართველოში და ჩემზეა ყველაფერი დამოკიდებული – რას ვიზამ, როგორ მოვიქცევი.
– მილანში სამოდელო სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.
– საქართველოშიც უკვე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და მილანში ხომ საერთოდ, – ძალიან დიდია. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა მაინც მთავარი თვისებაა, რაც ძალიან დამეხმარება.
– თბილისში ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი მოდელი ხარ, ძალიან ბევრ ჩვენებაში, რეკლამაში იღებ მონაწილეობას. რატომ აკეთებენ ისინი შენზე არჩევანს?
– ნებისმიერ ქასთინგზე თავდაჯერებული უნდა იყო, რადგან სწორედ ქასთინგიდან გადიხარ ნებისმიერ ჩვენებაზე, გადაღებაზე, რეკლამაზე. ამიტომ, კარგად უნდა წარმოაჩინო თავი. მე, როგორც კი ქასთინგზე შევდივარ, ბეჭებში ვიმართები, თავს ვწევ და საკუთარ თავს ვეუბნები: ნუკი, ახლა ყველაზე მაგრად უნდა გაიარო. რომ შევდივარ, ჯერ ღიმილით ვამბობ გამარჯობას და მერე გადავდივარ საქმეზე. ეს ძალიან მეხმარება.
– ეს მეთოდი სხვა რაღაცეების მოგვარებაშიც გეხმარება?
– ჰოროსკოპით „სასწორი“ ვარ, ამიტომ როცა რაღაცის გადაჭრა მინდა, ჯერ ვწონი, ვწონი და შემდეგ უცებ ვიღებ გადაწყვეტილებას – არა ან კი. მაგრამ, რა გადაწყვეტილებაც კი მიმიღია, არ შევცვლილვარ, არაფერს ვნანობ. პატარ-პატარა შეცდომებიც კი დამიშვია, მაგრამ დიდი არაფერი. თუმცა, ვცდილობ, ისიც გამოვასწორო. არასდროს მწყინს, თუ რაღაცაზე მიმითითებენ. ნათქვამია – ორი კაცი, რომ გეტყვის, „ჩაინიკი“ ხარ, ბოლი უნდა ამოუშვაო.
– მერე უშვებ ბოლს?
– 5 კაცი რომ იტყვის, შავია ან თეთრია, ვიჯერებ. თან, თუ დედა, მეგობრები, საყვარელი ადამიანები მირჩევენ, მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.
– შენ თქვი, მილანში წავალ და ახლა მარტოს მომიწევს საჭმელების მომზადება, ყველაფრის გაკეთებაო. ამჟამად არაფერს აკეთებ?
– ახლა მე რომ მკითხო, ყველაფრის გაკეთება შემიძლია თეორიულად, მაგრამ პრაქტიკა არ მაქვს, რადგან ფიზიკურად ვერ ვასწრებ: დილით უნივერსიტეტი, შემდეგ გადაღება, მეგობრები, სწავლა. ამიტომ, ოჯახური საქმიანობისთვის, ძირითადად, დრო არ მრჩება. თუმცა, ზოგჯერ გოგონები ვიკრიბებით და ნამცხვრებს ვაცხობთ. მანიკამ იცის ძალიან კარგი ნამცხვრის გამოცხობა, ანუ, ძირითადად, ჩემი გათხოვილი დაქალები აქტიურობენ.
– თითქმის ყველა დაქალი გაგითხოვდა. არ ცდილობენ ისინი შენს გათხოვებასაც?
– ჩემი დაქალების დიდი ნაწილი უკვე გათხოვილია, რამდენიმეს გარდა. კი, ძალიან უნდათ, ჩემი გათხოვება, მაგრამ ვერაფრით გამათხოვეს. უმნიშვნელო მცდელობები იყო – გაცნობის და ასე შემდეგ, მაგრამ არა – სერიოზული. სერიოზული რომ ყოფილიყო, ახლა აქ მარტო არ ვიქნებოდი. რომ გაიგეს, მილანში მივდივარ, გაჩერდნენ. ისედაც არ ვაპირებდი გათხოვებას, მაგრამ ახლა ზუსტად იციან, სამი თვის განმავლობაში მაინც არ გავთხოვდები.
– მათი გემოვნება ემთხვეოდა შენსას?
– არა. მე ძალიან განსხვავებული გემოვნება მაქვს. სხვანაირი ბიჭები მომწონს. ძალიან მომწონს დამოუკიდებელი ბიჭები, ჩამოყალიბებული პიროვნებები, ძლიერი დასაყრდენი რომ იყოს და თან, ცოტა ეჭვიანიც. თუნდაც, როცა საქმე სადმე წასვლას ეხება – რა თქმა უნდა, ბიჭმა არ უნდა აუკრძალოს, მაგრამ არც ის არის სასურველი, რომ ყველგან გაუშვას გოგონა.
– ახლა მილანში მიდიხარ, როგორი რეაქცია გექნებოდა, შენი შეყვარებული ამ ფაქტს მშვიდად რომ შეხვედროდა?
– თუ ბიჭს გოგონა უყვარს, ის დიდი ხნით მილანში წავა თუ ბათუმში, მისთვის ეს არასასიამოვნო უნდა იყოს. პატარა რეაქციები მაინც უნდა ჰქონდეს. თუმცა, არჩევნის წინაშეც არ უნდა დაგაყენოს: ან მე, ან სამსახურიო.
– სულ მეგობრებთან ერთად ხარ, სად და როგორ გიყვართ გართობა, დროის გატარება?
– კი. სულ მეგობრებთან ერთად ვარ, ძირითადად სახლში გვიყვარს ყოფნა: ყველაფერზე ვსაუბრობთ, ვმღერით, ვცეკვავთ, სიგიჟეები და თავზე დამხობები ხდება. ხშირად დავდივართ ბარში და იქაც კარგად ვერთობით. გათხოვილი დაქალების ქმრებიც უკვე ჩვენს ჭკუაზე გადმოვიყვანეთ. ახლა, რომ მივდივარ, საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ სამი თვე მათ ვერ ვნახავ, რადგან შეიძლება, გავგიჟდე. თვითმფრინავის ტრაპთან რომ მივალ, შეიძლება მერე გადმოვყარო ცრემლები.
– ადრე ძალიან გიჟი, გადარეული იყავი. ახლა უფრო მშვიდი, წყნარი ხარ. თუმცა, ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე...
– ბოლო პერიოდში ყველა მეუბნებოდა: ცოტა შეიცვალე, დასერიოზულდიო. მე ვერაფერს ვამჩნევ, ისევ ისეთი ვარ. უბრალოდ, ახლა ეიფორიაში ვარ, ვერ გამოვხატავ, ბევრ რამეზე მიწევს ფიქრი და ალბათ, შორიდან ასე ჩანს, თორემ ისევ ისეთი ნუკი ვარ.