ძილის წამალი, საცვალში ჩადებული ფელამუში და საბედისწერო შეცდომა
ცოტა უზრდელური ისტორია უნდა გიამბოთ და მაპატიეთ, თუ შეიძლება, – მითხრა იმერეთის ერთ ქალაქში ახლობელთან სტუმრად ჩასულს ჩემი მასპინძლის მეგობარმა, როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი (საკმაოდ ნასვამი გახლდით და, ალბათ, ამან მისცა სითამამე), თან, მთხოვა, აუცილებლად დაბეჭდეთ ჩემი ნაამბობიო.
უხამსობისთვის მეც ბოდიშს გიხდით, მაგრამ, რადგან ისტორია მართლაც კურიოზული და სასაცილოა, სიტყვა-სიტყვით ჩავიწერე ნაამბობი და შეუცვლელად გთავაზობთ.
– ჩემს სამეგობროში, მოგეხსენებათ ქართველების ამბავი, – დაიწყო მოყოლა ჩემმა ახალმა ნაცნობმა, – ქეიფი და დალევა ყველას გვიყვარს და ყველა კარგად ვიტანთ სასმელს, ერთი ძმაკაცის გარდა. ის უბედურ დღეზე გაჩენილი, რომ დათვრებოდა, აუცილებლად ისეთ სისულელეს ჩაიდენდა, რომ საჩხუბრად გვიხდიდა საქმეს, მეორე დღეს კი, დანაშაულის გრძნობით დატანჯული, ჩაიკეტებოდა ოთახში და რადგან აღარ ასხოვდა, რა ჩაიდინა, სირცხვილისგან გარეთ ვეღარ გამოდიოდა და ვისაც თვალს მოჰკრავდა, ყველას ბოდიშს უხდიდა.
ერთხელ ყველა ერთად დაგვპატიჟეს ცოტა გაპრანჭულ სუფრაზე. ქეიფის დაწყებამდე ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, გოგიტაზე წინასწარ „გვეზრუნა“, რომ მთვრალს შარი არ აეტეხა. ამიტომ, კარგად რომ შეთვრა, წინასწარ მომარაგებული ძილის წამალი ჩავუყარეთ საჭმელში და დაიწყო თუ არა ყვინთვა, მასპინძელს ვთხოვეთ, ცუდად გახდა ბიჭი და, თუ შეიძლება, ცოტა ხანს დავაწვენთ სადმე, პატარას წაიძინებს და მერე ისევ შემოგვიერთდებაო. ჩვენმა იმერელმა მასპინძელმა თავი მოიქაჩლა, საუკეთესო „სპალნაში“ შეგვიყვანა, გაქათქათებულ „კრუჟავებიან“ ლოგინში ჩააწვინა გოგიტა და კარი გამოიხურა. ჩვენ დავბრუნდით სუფრასთან და დილამდე მოვილხინეთ, თან, შიგადაშიგ შევაკითხავდით ხოლმე ჩვენს „მძინარე მზეთუნახავს“, ხომ არ გაეღვიძაო, მაგრამ, თოთო ბავშვივით ეძინა. თენდებოდა, სუფრა რომ დაიშალა და მასპინძელმა იმავე ოთახში გაგვიშალა ლოგინი სამივეს, სადაც გოგიტას ეძინა. ჩვენს „მაქინაციებს“ რომ არ მიმხვდარიყო და მეორე დღეს სამივესთვის ყბები რომ არ დაემტვრია, გადავწყვიტეთ, რამე მოგვეფიქრებინა. სამივე კარგად გალეწილები ვიყავით, ჭკუა აღარ მოგვეკითხებოდა და, ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი ძმაკაცის „ჭკვიანურ“ წინადადებას ერთხმად დავუჭირეთ მხარი. ლევანმა, რომელსაც ასეთი მაკვარანცხი რამეების მოფიქრებაში ტოლი არ ჰყავდა (თუმცა, სწორედ ამ მაკვარანცხობის წყალობით მოუვიდა იმ დღეს, რაც მოუვიდა), შემოგვთავაზა: მე ახლა გავალ, სუფრიდან ერთ თეფშ ფელამუშს წამოვიღებ და ამოვუსვათ გოგიტას უკანალში, რომ გაეღვიძება, ეგონება, რომ ჩაისვარა, შერცხვება და ჩხუბსაც აღარ დაგვიწყებს, ქეიფიდან რომ „მოვტეხეთო“. ასეც მოვიქეცით. მთელი თეფში ფელამუში ჩავუგლისეთ ქვედა საცვალში, დავაფარეთ საბანი და არხეინად დავწექით დასაძინებლად. დაახლოებით შუადღე იყო, გოგიტას მოთქმამ რომ გაგვაღვიძა. ჩუმად, მაგრამ, გულისამაჩუყებელი კვნესით გვიხმობდა – ბიჭებო, მიშველეთო. ისეთი საცოდავი იყო, ყველას გული მოგვიკვდა. შემოვეხვიეთ, ვაწყნარებთ, ვამშვიდებთ და ბოლოს ვკითხეთ, რა დაგემართაო. ჯერ თქმის ერიდებოდა, მაგრამ, ბოლოს მაინც გაბედა და თავჩაქინდრულმა ჩაიჩურჩულა:
– თავი უნდა მოვიკლა... ეს რომ ვინმემ გაიგოს, ფანჯრიდან გადავხტები!..
– რა მოგივიდა, რატომ იკლავ თავს? – ჩაეკითხა ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ლევანი.
– რაფერ გავამხილო, მარა, ჩავისვარე, ბიჭო... – ისე ამოიკვნესა გოგიტამ, რომ გულიც თან ამოაყოლა და ამხელა კაცმა ტირილი დაიწყო.
– მაგიტომ ტირიხარ, ბიჭო? – გული აუჩვილდა ლევანს და ისე მოეძალა სინდისის ქენჯნა, გადაწყვიტა (ალბათ, გამოფხიზლებული რომ ყოფილიყო, ვერ გარისკავდა ამის გაკეთებას), ეღიარებინა თავისი მაკვარანცხობა – არც შეუხედავს ისე ჩაუყო საცვალში ხელი, გამოუსვა ორი თითი და ეუბნება გოგიტას: – ეს, ბიჭო, ფელამუშია, მე წაგისვი უკანალში, რომ დაიძინე, მაშინ. ჩაისვარე არა, ის კიდე! ფელამუშია-მეთქი, რომ გეუბნები, ა, ნახე თუ არ გჯერა! – და ის ორი თითი პირში იტაკა იმის დასამტკიცებლად, რომ გოგიტა ტყუილად ნერვიულობდა, მაგრამ, უცებ, განწირულმა ბღავილმა კინაღამ მთელი სახლი დაანგრია:
– გამიშვით, უნდა მოვკლა, მართლა ჩაუსვრია ამ კრეტინს!!! – იღრიალა მოულოდნელობისგან ჭკუიდან შეშლილმა ლევანმა და გაოგნებულ გოგიტას თავზე გადააფრქვია წინა ღამით მირთმეული სასმელ-საჭმელი.
მას შემდეგ ყურძენსა და ჩურჩხელას ვეღარ იტანს ვერც ერთი, ერთმანეთს კი, უკვე წლებია, ხმას აღარ სცემენ.