ვინ დაკარგა ღალატის გამო შეყვარებული და ვის ეძებენ თბილისში
24 წლის შორენა გიგლას ასული სიჭინავა ეძებს 25 წლის დიმიტრი ზაქარიას ძე მიქაბერიძეს.
ისტორია: ვეძებ 25 წლის დიმიტრი ზაქარიას ძე მიქაბერიძეს. მე და დიმა ერთმანეთს გასული წლის თებერვალში დავშორდით. მოხდა ისე, რომ დაშორების შემდეგ დიმას ვერ დავუკავშირდი. მეგონა, მას დავივიწყებდი, მაგრამ, ასე არ მოხდა. სამწუხაროდ, მე არ მაქვს დიმას სურათი და არც მისი მისამართი ვიცი. დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით მის პოვნაში. მე ვცხოვრობ ოზურგეთში.
ჟურნალისტის შენიშვნა: რესპონდენტის თხოვნით, მის ფოტოს არ ვაქვეყნებთ. შორენას იმედი აქვს, რომ დიმიტრი მას გამოეხმაურება.
– შორენა, მოგვიყევი შენი ისტორია, სად და როგორ გაიცანი შენი შეყვარებული?
– მე და დიმამ ერთმანეთი თბილისში, 2011 წლის იანვარში გავიცანით. საახალწლოდ თბილისში მამიდასთან სტუმრად ვიყავი ჩამოსული და დიმა სრულიად შემთხვევით დავინახე მარკეტში. პირველი შეხვედრიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი. მან მამიდას სადარბაზომდე მიმაცილა, შემდეგ კი ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მეორე დღეს უკვე პაემანი დამინიშნა და მარჯანიშვილის მეტროსთან შევხვდით. ბევრი ვისეირნეთ, შემდეგ კი კაფეში ჩამოვსხედით. დიმა მიყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. ვიცი, რომ მას ჰყავს და, თუ არ ვცდები, ანა ჰქვია, თავად დიმას კი დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი. სამწუხაროდ, თავისი პროფესიით დიმამ სამსახური ვერ მონახა და დროებით ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა. ის ძალიან კარგი მოსაუბრე და სიმპათიური ახალგაზრდაა და მალევე შემიყვარდა. ბუნებრივია, დიმას ჩემი გრძნობების შესახებ არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ, ის მაინც ყველაფერს ხვდებოდა. როდესაც მოვიდა სოფელში ჩემი დაბრუნების დრო, საშინლად ცუდ ხასიათზე დავდექი. მამიდაჩემი მაშინვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე, დედაჩემს დაურეკა და სთხოვა, ცოტა მეტი ხნით დავეტოვებინე. დედა დასთანხმდა და მეც დრო მომეცა იმისთვის, რომ ჩემს გრძნობებში გავრკვეულიყავი. ერთხელაც, როდესაც დიმას შევხვდი, ვკითხე, ჩემზე რას ფიქრობდა. მანაც პასუხი არ დააყოვნა და მითხრა, რომ ძალიან მოვწონვარ.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი, რამ დაგაშორათ, თუკი ორმხრივი სიმპათია იყო თქვენ შორის?
– საქმე ისაა, რომ ადამიანები ხშირად ვერ ვაფასებთ, რა გაგვაჩნია, სანამ მას არ დავკარგავთ. მეც ასე დამემართა. დიმა მართლაც ძალიან მომწონდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი, მაგრამ თავქარიანი ვიყავი და არც სხვა ბიჭებს ვაკლებდი ყურადღებას. ერთხელ ისიც კი გავბედე, რომ ტელეფონით გაცნობილ ბიჭს პაემანზე დავთანხმდი. დიმამ ეს არ იცოდა. მეგონა, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. ზუსტად 13 თებერვალი იყო და მოუთმენლად ველოდი ვალენტინობის დღეს. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ დიმა რაღაც უფრო სერიოზულს მეტყოდა. იმ ბიჭს, რომელიც ტელეფონით გავიცანი, ლევანი ერქვა. ისე გადამეკიდა, ბოლოს და ბოლოს, 13 თებერვალს მეტრო „რუსთაველთან“ შევხვდი. დავინახე თუ არა, მაშინვე ვინანე, მაგრამ, ეგრევე ვერ წამოვიდოდი. კინოში დამპატიჟა და, იძულებული გავხდი, გავყოლოდი. მხატვრების გამოფენას რომ მივუახლოვდით, პირდაპირ ჩემკენ მომავალი დიმა დავინახე. ძალიან დავიბენი. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და ისე გავწითლდი, თითქოს ვუღალატე. დიმა თვითონ მოვიდა ჩემთან, მასაც სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან ნაწყენი იყო. მკითხა, სად მივდიოდი. მეც ვუპასუხე. შემდეგ მითხრა, ხვალინდელი შეხვედრა აღარ იქნებაო და წავიდა. გავყევი, მაგრამ, აღარ გაჩერდა.
– რა მოხდა შემდეგ, აღარ გინახავს დიმა?
– მთელი საღამო ვურეკავდი. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. რა თქმა უნდა, ლევანთან ერთად აღარ წავედი კინოში. სიცოცხლე აღარ მინდოდა. დიდი შეცდომა დავუშვი და აღარ ვიცოდი, როგორ ან რით გამომესწორებინა. დიმა მას შემდეგ აღარ მინახავს. სოფელშიც მალევე დავბრუნდი. დღემდე ვერ ვივიწყებ დიმას და ძალიან ვნანობ მომხდარზე. მართალია, მე ლევანთან სერიოზული არაფერი მქონია, მაგრამ, დიმას აშკარად გავუტეხე გული. დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, 14 თებერვალს დიმა სიყვარულს ამიხსნიდა. სამწუხაროდ, მისი მხოლოდ ტელეფონი ვიცოდი, რომელიც, აშკარად, შეცვალა. მისი პოვნა თავად არ შემიძლია. ძალიან მინდა, რომ დამიბრუნდეს და ყველაფერი მაპატიოს. სინდისი მქენჯნის და მასთან საუბარი მსურს.
– აღწერე, როგორია დიმა.
– დიმა მაღალი ბიჭია, დაახლოებით 1,76 მეტრი, ცისფერი თვალები აქვს, ხორბლისფერი კანი და შავი თმა. თბილისელია, მაგრამ, მისი მისამართი არ ვიცი. ხასიათით ძალიან კარგი პიროვნებაა: ზომიერი, კეთილი, თბილი... ერთი სიტყვით, ისეთი გარეგნობა აქვს, გულგრილი ვერც ერთი გოგო ვერ დარჩება.
– როგორ ფიქრობ, დიმას თუ ახსოვხარ და მოინდომებს შენთან ურთიერთობის აღდგენას?
– ნამდვილად ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ის ჩემზე გაბრაზებულია და, შეიძლება, ჩემი ნახვა აღარც უნდა, მაგრამ, მე მისთვის იმდენი რამ მაქვს სათქმელი... იმედია, ამის შანსს მაინც მომცემს. არ მინდა, იფიქროს, რომ მე ქარაფშუტა და არასერიოზული პიროვნება ვარ. მინდა იცოდეს, რომ ის დღემდე ძალიან მიყვარს და რომ მე მისი სახით ნამდვილი სიყვარული დავკარგე.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.