სიცოცხლისთვის საუკეთესო ეგზოპლანეტა
ასტრონომებმა კიდევ ერთი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლის პირობები მაქსიმალურადაა მიახლოებული დედამიწისას. ის დედამიწიდან 22 სინათლის წლის მანძილზე, წითელი ჯუჯების სამმაგ სისტემაში – GJ667 მორიელის თანავარსკვლავედში მდებარეობს.
სპეციალისტები ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც შეისწავლეს სპექტოგრაფ HARPS-ის 4-წლიანი დაკვირვების შედეგები სისტემის ერთ-ერთ კომპონენტზე – ვარსკვლავ GJ667C-ზე. ის ჩილეში მდებარე ევროპის სამხრეთ ობსერვატორიაშია 3,6-მეტრულ ტელესკოპზე.
სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ ამ სისტემაში შედის, როგორც მინიმუმ, ერთი ეგზოპლანეტა (მას ჯერ სახელწოდება არ მიუღია), რომლის ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნვის პერიოდი 28 დღეს შეადგენს, ხოლო მასა 4,5-ჯერ მეტია დედამიწის მასაზე.
„ეს პლანეტა საუკეთესო კანდიდატია, სადაც შეიძლება, არსებობდეს წყალი თხევადი სახით და სიცოცხლე, როგორც ეს დედამიწაზეა“, – განაცხადა ვაშინგტონის კარნეგის უნივერსიტეტის თანამშრომელმა გილიომ ანგლადა-ესკუდემ.
მკვლევრებმა შეძლეს, მიეღოთ კიდევ რამდენიმე სიგნალი, რომლებიც ამ სისტემაში კიდევ რამდენიმე პლანეტის არსებობას ადასტურებს. მაგალითად, ერთ-ერთის ბრუნვის პერიოდი ვარსკვლავის ირგვლივ, 75 დღეა, მეორის კი, სავარაუდოდ, გაზური გიგანტის – 10 წელი. 2009 წელს ამავე სისტემაში აღმოჩენილი პლანეტის კანდიდატის პერიოდი სულ რაღაც 7,3 დღეა. ამგვარად, პოტენციური პლანეტების რიცხვი ორმაგ ვარსკვლავურ სისტემაში, ოთხს აღწევს.
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ გასული წლის დეკემბერში „ნასას“ სწავლულებმა შეძლეს, აღმოეჩინათ კიდევ ერთი ეგზოპლანეტა, რომელზეც შესაძლებელია წყლისა და სიცოცხლის არსებობა. ეს ციური სხეული, რომელმაც მიიღო სახელწოდება KEPLER-22B, დედამიწიდან კარგა მოშორებით 600 სინათლის წლის მანძილზე იმყოფება.