მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-6(580)
სხვათა შორის, ლუის კორვალანი, რა თქმა უნდა, გარეგნობაშეცვლილი, მე ჩავიყვანე დანიშნულების ადგილზე, ანუ, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში და ეს ყველაფერი ასე კარგად ამიტომ ვიცი. ოპერაციის შემდეგ კორვალანმა სპეციალური ინსტრუქტაჟი კოჯრის სპეცსკოლაში გაიარა.
შჩუკინმა ლუბიანკაზე დამიბარა თავის კაბინეტში, სადაც მუხინთან ერთად მივედი. შევედით თუ არა, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– კოკი, ძვირფასო, შენ ჩვენი საუკეთესო თანამშრომელი ხარ და ამ დავალებას იმიტომ განდობთ. მართალია, მრავალი ძალიან საშიში ოპერაცია გაქვს ჩატარებული, მაგრამ, ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ჯერ არ მოგვიცია. შენი დავალება ორ ეტაპად იყოფა, ორივე ძალიან საპასუხისმგებლოა და მის შესრულებაზეა დამოკიდებული მრავალი გლობალური, მსოფლიო პროცესი, – შჩუკინი გაჩუმდა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა, შემდეგ ჩემ წინ გაჩერდა და დაამატა: – პირველ ეტაპზე ლუის კორვალანის დანიშნულების ადგილზე მშვიდობიანად ჩაყვანა გევალება, მეორე ეტაპის ამოცანას კი ადგილზე შეგატყობინებს ჩვენი მეკავშირე. და კიდევ, იცოდე, რომ შენი სპეცდავალების საქმის კურსშია ჩვენი თავმჯდომარე და ამ დავალებისთვის შენი კანდიდატურა პირადად მან შეარჩია. ასე რომ, წარმატებას გისურვებ და დიდი იმედი გვაქვს, არც ამჯერად გაგვაწბილებ.
შჩუკინს მხედრულად გამოვეჯგიმე და ვუთხარი, რომ დავალების შესასრულებლად თავს არ დავზოგავდი. მან კი მხარზე ხელი მომითათუნა, ხელი ჩამომართვა და კაბინეტიდან გამომისტუმრა. ჩემთან ერთად მუხინიც გამოვიდა, რომელმაც პირადად მიადევნა თვალი ჩვენს გამგზავრებას ოდესიდან მარსელში საკრუიზო გემით „ადმირალი ნაზიმოვი“. ეს ფეშენებელური ხომალდი ადრე ადოლფ ჰიტლერის კუთვნილება იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კი, ის საბჭოთა სამხედრო ალაფი გახდა.
დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას ორი კვირა დასჭირდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი სპეცდავალების მეორე ნაწილზე ვფიქრობდი. ანუ, ძალიან მაინტერესებდა, ასეთი რა სუპერსაიდუმლო მისია მეკისრებოდა, რომ მის შინაარსს მხოლოდ ჩილეში ჩასვლის შემდეგ გამანდობდნენ.
კორვალანმა არ იცოდა, რომ მისი ვინაობა ვიცოდი. ეს მისთვის წამითაც არ მიგრძნობინებია. არც მან იცოდა, ვინ იყო სინამდვილეში. შეთანხმების მიხედვით, მე და გარეგნობაშეცვლილი კორვალანი ტურისტი მამა-შვილი ვიყავით. პუერტო-მონტის პორტში რომ ჩავედით და საბაჟო სამსახურის ოფიცერს წარვუდექით, მას ფიქრადაც კი არ გაუვლია თავში, რომ მის წინაშე საბჭოთა სპეცაგენტი და ჩილეს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი იდგნენ და უპრობლემოდ ჩაგვირტყა პასპორტებში ბეჭედი. ქალაქში რომ გავედით, კორვალანმა მითხრა:
– აბა, ჩემო ვაჟო, ახლა კი დედაქალაქისკენ გავწიოთ. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!
არ ვიცი, კორვალანს რისი იმედი ჰქონდა და მართლა სჯეროდა თუ არა, რომ ჩილეში არსებული პინოჩეტის რეჟიმს დაამხობდა, მაგრამ, ძალიან მხნედ და იმედიანად გამოიყურებოდა და მის სულიერ მდგომარეობას აშკარად ეტყობოდა „კაგებეს“ იდეოლოგთა რკინის ხელი...
ჩემი „ტვირთი“ დანიშნულების ადგილზე რომ „მივიტანე“, ამით ჩემი მისია კორვალანთან დაკავშირებით ამოიწურა. ამიტომ, გამოვემშვიდობე და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე გავემართე, სადაც საბჭოთა მეკავშირე უნდა მწვეოდა. ჩვენი შეხვედრა დანიშნულ დროს შედგა. მან დაშიფრული წერილი გადმომცა და, სანამ წავიდოდა, მითხრა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, შემეძლო მასთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა.
წერილი რომ გავშიფრე, გავიგე, რომ ადამიანი უნდა მომეკლა. ხოლო ჩემი სამიზნე კი იყო, არც მეტი, არც ნაკლები, ჩილეს დიქტატორი, აუგუსტო პინოჩეტი... მეორე ეტაპის დავალებაში მკაფიოდ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ეწერა, რომ პინოჩეტი ნებისმიერი საშუალების გამოყენებით უნდა მომესპო, თუნდაც ამ დავალების შესრულებას განუსაზღვრელი რაოდენობის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეწირვოდა. იქვე იყო მითითებული ადგილი, სადაც მე ნებისმიერი სახეობის იარაღის მოპოვება შემეძლო. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ ჩილეს დიქტატორის ლიკვიდაცია საბჭოთა მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და ამ მიზნის მისაღწევად საკუთარი სიცოცხლე უნდა გამეწირა. სხვაგვარად ეს საქმე არ გამოვიდოდა, რადგან პინოჩეტს საგულდაგულოდ იცავდნენ „ცეერუს“ მიერ საგანგებოდ გაწვრთნილი „გორილები“.
„უკვე მერამდენედ ვარდები გამოუვალ სიტუაციაში, შე საცოდავო! დადგა შენი აღსასრულის დღე, კოკი?“ – ვუთხარი საკუთარ თავს და მომავალი დავალების განსახორციელებელი გეგმის დეტალურ შემუშავებას შევუდექი.
მართალია, სამხედრო გადატრიალება ჩილეში კარგა ხნის მომხდარი იყო, მაგრამ, როგორც დედაქალაქ სანტიაგოში, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, კომენდანტის საათი მოქმედებდა და საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე სპეციალური საშვის გარეშე ქუჩაში გასვლა აკრძალული იყო. ამის გამო, არალეგალური მუშაობა, მით უმეტეს, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილება, ასმაგად გამიძნელდებოდა. მიუხედავად ამისა, მე სამხედრო კომენდანტის მიერ გამოწერილი ოცდაოთხსაათიანი ორი საშვი მოვიპოვე, რომელთაგან ერთი ჯიბეში მედო, მეორე კი ღიასაბარგულიანი „ფორდის“ საქარე მინაზე მქონდა მიკრული. მათი საშუალებით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემეძლო გადაადგილება. ვეწვიე იარაღის სამალავსაც, სადაც იმ დროისთვის არსებული თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო შენახული. ერთი სიტყვით, ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად მქონდა იარაღი, მთავარი იყო სწორი და ქმედითი გეგმის არჩევა. პინოჩეტის აფეთქება თავიდანვე გამოვრიცხე, რადგან ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და მთლიანად სნაიპერულ გასროლაზე მოვახდინე კონცენტრირება...
ახლოვდებოდა 9 სექტემბერი, სამხედრო გადატრიალების წლისთავი. ცნობილი იყო, რომ ამ დღეს აუგუსტო პინოჩეტი სიტყვით უნდა გამოსულიყო ლა-მანედას აივანზე. ლა-მანედა ჩილეს პრეზიდენტის სასახლე იყო და სწორედ ამ შენობაში მოიკლა თავი პრეზიდენტმა ალიენდემ ფიდელ კასტროს მიერ ნაჩუქარი „კალაშნიკოვის“ ავტომატით, რომელზეც ეწერა: „ძვირფას სალვადორეს – ფიდელისგან“.
9 სექტემბერი ჩემთვის ერთადერთი შანსი იყო, რომ პინოჩეტი მომეკლა, რადგან ის თითქმის არ ჩნდებოდა საჯაროდ. სხვა ვითარებაში მასთან მიახლოებაც კი, თანაც, მოსაკლავად, თეორიულადაც შეუძლებელი იყო. ამიტომ, ის შანსი უნდა გამომეყენებინა და, რადგან იმ დღემდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, ინტენსიურ მზადებას შევუდექი.
ლა-მანედას გასწვრივ, ოთხასიოდე მეტრის მოშორებით, ელიტური საცხოვრებელი სახლი იდგა, სადაც, სხვა ბობოლებთან ერთად ქალაქ სანტ-იაგოს სამხედრო კომენდანტი ცხოვრობდა, რომელსაც მე იქ ჩასვლისთანავე დავუახლოვდი და სპეციალური საშვიც მისი წყალობით მივიღე. და გადავწყვიტე, ბოლომდე გამომეყენებინა ეს პრივილეგია. ამიტომ, მისი ბინის სათადარიგო გასაღები დავამზადე და 7 სექტემბერს, როდესაც მარტოხელა კომენდანტი სამსახურში იმყოფებოდა, მის ბინაში ოპტიკურსამიზნიანი, მაყუჩიანი შაშხანა დავმალე, რომელიც მსხვილკალიბრიან, ფეთქებად ტყვიებს ისროდა. დადგა 9 სექტემბერი. ლა-მანედას ირგვლივ, მთელ პერიმეტრზე, პოლიცია იდგა და პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით მიმავალ ქვეით მოქალაქეებს საგულდაგულოდ ჩხრეკდა. პინოჩეტის გამოსვლა საღამოს 6 საათისთვის იყო დანიშნული. ამ დროისთვის სანტიაგოს კომენდანტის სახლი ცარიელი უნდა ყოფილიყო და იქ ზუსტად 5 საათზე შევიპარე, პოზიცია დავიკავე და ობიექტის გამოჩენას დაველოდე. ზუსტად 6 საათზე, ლა-მანედას აივანზე აუგუსტო პინოჩეტი გამოჩნდა. რომელსაც, ტრადიციულად, გენერლის სამხედრო მუნდირი ეცვა. მან ჯერ მოედანზე შეკრებილ ხალხს გადახედა, შემდეგ კი სიტყვით გამოსვლა დაიწყო. მე ოპტიკურ სამიზნეში გავიხედე და დიქტატორის გული „დავმეტკე“, შემდეგ სასხლეტს დავადე თითი და ნელ-ნელა დავუშვი... „ბუმ!“ – გაისმა ყრუ ხმა, ტყვია დიდი სიჩქარით გაიჭრა ჰაერში, აუგუსტო პინოჩეტს შიგ გულში მოხვდა, აფეთქდა, მკერდში დიდი ღრმული დატოვა და ჩილელი დიქტატორი უკან გაისროლა... მე სასწრაფოდ დავტოვე კომენდანტის ბინა და ერთი კვარტალი ფეხით გავიარე, შემდეგ „პიკაპში“ ჩავჯექი, რომელიც წინასწარ მქონდა მომზადებული და აეროპორტში წავედი, რომ ბუენოს-აირესისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი, რაც დაუბრკოლებლად მოვახერხე. როდესაც არგენტინის დედაქალაქში ჩავფრინდი და აეროპორტის უზარმაზარ ტელევიზორს შევხედე, გავოგნდი: პირდაპირ ეთერში საღ-სალამათი აუგუსტო პინოჩეტი ლაპარაკობდა, რომელიც ამბობდა, რომ ტერორისტის მიერ მისი მისამართით ნასროლი ტყვიისგან ჯავშანჟილეტმა იხსნა... ეს სრული აბსურდი იყო, რადგან ფეთქებადი ტყვია სწორედ ასეთ შემთხვევაზე იყო გათვლილი; თან, საკუთარი თვალით დავინახე, თუ როგორ გაუნგრია ტყვიამ ობიექტს გულ-მკერდი და მივხვდი, რომ მე პინოჩეტის ორეული მოვკალი...
– ყოჩაღ, კოკი, შენი ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულე! აბა, რა იცოდი, ორეულს თუ უმიზნებდი, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მის კაბინეტში გამოვცხადდი, – ეს ყველაფერი ჩვენი საგარეო დაზვერვის ბრალია და დამნაშავეები უკვე დაისაჯნენ, ამ სამსახურის უფროსი კი ჩამოქვეითებულია.
პინოჩეტზე თავდასხმამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში და ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი პირდაპირ საბჭოეთისკენ გამოიშვირა ხელი და ჩვენი ქვეყანა ტერორიზმში დაადანაშაულა, რაზეც ჩვენებმა საპასუხო ბრალდებით უპასუხეს, ხოლო „ცეერუმ“ „კაგებეს“ დახურული არხით, კონფიდენციალურად აცნობა, რომ ყოველი თავდასხმა ჩილელ დიქტატორზე ანალოგიურად დასრულდებოდა და ორეულების ხოცვას აზრი არ ჰქონდა...
პინოჩეტთან დაკავშირებული შემთხვევა საბჭოთა დაზვერვის მარცხი იყო და, სხვათა შორის, კორვალანის მისიაც კრახით დასრულდა – მან არათუ კომუნისტური მოძრაობა ვერ ააღორძინა ჩილეში, არამედ, ჩილელი დიქტატორის ტახტი მცირედაც ვერ შეარყია და, საბოლოო ჯამში, ჩილეს ავანტიურა უარყოფითად შეფასდა.
– რას იზამ, გამარჯვებას ზოგჯერ მარცხიც მოჰყვება ხოლმე. ჩილე პირწმინდად წავაგეთ, რაც ჩვენი გადამეტებული სიჩქარის ბრალი იყო. დაზვერვამ ჩააფლავა საქმე, თორემ, შენ შეუდარებელი იყავი, – გამახსენა ერთხელ პინოჩეტის ამბავი შჩუკინმა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და დაამატა: – მიაფურთხე ამ ამბავს და დაივიწყე, რაც იყო, იყო...
პინოჩეტის ამბავი თითქმის დავიწყებული მქონდა, მაგრამ, ამ რამდენიმე წლის წინ კუნძულ პალმა და მალიორკაზე ვიმყოფებოდი, იქ ერთ კაცს შევხვდი და ეს ისტორია კვლავ ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში.
ერთ ფეშენებელურ ბარში ვიჯექი და ახალგაზრდა, მომხიბვლელ იტალიელ ქალბატონთან ერთად კონიაკს ვსვამდი და ხელოვნებაზე ველაპარაკებოდი.
– ბოდიშს გიხდით, სენიორ, თუ ნებას დამრთავთ, ერთ კითხვას დაგისვამთ, – მომესმა მარცხნიდან. შევტრიალდი და სამოცდაათიოდე წლის ჭაღარათმიან მამაკაცს მოვკარი თვალი, რომელიც უმალ ვიცანი, მან კი გამიღიმა და დაამატა: – რა თქმა უნდა, ბოდიშს ვიხდი სენიორა სილვასთანაც.
– დაბრძანდით, სენიორ. რას მიირთმევთ? – სკამზე მივუთითე მამაკაცს, – ჯერ დავლიოთ და შემდეგ მკითხეთ, რაც გენებოთ.
– გმადლობთ. მე ამ ბარის მეპატრონე ვარ და, თუ შეიძლება, მე გიმასპინძლდებით, – მითხრა და ბარმენს ხელით რაღაც ანიშნა, მან კი სამი კოქტეილი მოგვიტანა და, უკან რომ გაბრუნდა, ჭაღარამ მითხრა: – ეს საუკეთესო ვარდის ნაყენია, ალკოჰოლთან შეზავებული და მას მხოლოდ ძალიან ძვირფას სტუმრებს ვასმევთ.
– მართლაც გამორჩეული სასმელია, – ერთხმად ვთქვით მე და იტალიელმა სენიორამ, მე კი დავამატე:
– გისმენთ, სენიორ...
– გუსტავო, – შემეშველა ბარის მეპატრონე.
– გისმენთ, სენიორ გუსტავო, რისი კითხვა გსურდათ?
– როგორ მოგმართოთ? – მკითხა გუსტავომ.
– ანტონიო ფლორესი, – ასე გავეცანი ბარის მეპატრონეს, რადგან, სწორედ ამ სახელითა და გვარით ვიყავი რეგისტრირებული კუნძულზე.
– სახელი არ ემთხვევა, – თქვა იმედგაცრუებულმა გუსტავომ და გამიღიმა, – და მაინც, გკითხავთ, სენიორ ანტონიო, ოდესმე ჩილეში, კერძოდ კი დედაქალაქ სანტიაგოში ხომ არ ყოფილხართ?
– სამწუხაროდ, არა, – მივუგე ბარის მეპატრონეს და მეტი რომ არაფერი ეკითხა იტალიელი სინიორას თანდასწრებით, გუსტავოს ბოდიში მოვუხადე, შემდეგ კი ქალს ხელზე ვეამბორე და ვუთხარი:
– თქვენი გარუჯვის დროა, სილვა. მე კი ოდნავ მოგვიანებით შემოგიერთდებით.
სილვა პლაჟისკენ გაემართა, მე კი გუსტავოს მივუბრუნდი, რომელიც ყურადღებით მათვალიერებდა და ღიმილით ვკითხე:
– ალბათ, ვიღაცაში შეგეშალეთ, სენიორ გუსტავო.
– დიახ, თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთ კაცს, რომელსაც მრავალი წლის წინ სანტიაგოში შევხვდი და ვის გამოც დიდი ტანჯვა-წამება განვიცადე.
– კიდევ კარგი, რომ მხოლოდ ვგავარ იმ თქვენს მტანჯველს და ის არ ვარ, თორემ, ისეთი განრისხებული თვალები გქონდათ, რომ კარგს არაფერს დამმართებდით, – ღიმილით ვუთხარი გუსტავოს.
– ჰო, რაც მართალია, მართალია, იმ კაცის გამო ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. ბოდიში, ჩემო კარგო, რომ თქვენი მყუდროება დავარღვიე, – მითხრა ბარის მეპატრონემ და წამოდგომა დააპირა, მაგრამ, შევაჩერე:
– სენიორ გუსტავო, თუ ძალიან არ გეჩქარებათ და საიდუმლო არ არის, იქნებ, მომიყვეთ, რა შეგემთხვათ?
– კარგი. თუ თავს არ მოგაბეზრებთ, გიამბობთ, – გამიღიმა გუსტავომ, – მე, სანტიაგოს ყოფილი კომენდანტი ვარ. ერთხელ, ერთი მკვლელი, სავარაუდოდ – რუსი, დამიახლოვდა და ჩემი ნდობა მოიპოვა. შემდეგ კი ჩემი სახლის ფანჯრიდან აუგუსტო პინოჩეტს შიგ გულში მოარტყა. ფეთქებადი ტყვია. მე კი ამის გამო პინოჩეტმა დამაპატიმრა, ყველაზე საშინელ ჯურღმულში ჩამაგდო და ხუთი წლის განმავლობაში სასტიკად მაწამებდნენ. კიდევ კარგი, ჩემმა ესპანელმა მეგობრებმა მიშველეს და პინოჩეტს ჩემი თავი გამოჰგლიჯეს. მას მერე აქ ვცხოვრობ და, მართალია, მრავალი წელი გავიდა, მაგრამ, ის ჯოჯოხეთი და ის კაცი დღემდე მახსოვს. ჯერ კიდევ იმ ჯურღმულში დავიფიცე, რომ, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი და ის კაცი სადმე შემხვდებოდა, აუცილებლად ავუგებდი ანდერძს. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შეწუხებისთვის.
– სენიორ გუსტავო, – ვუთხარი ბარის მეპატრონეს, – ცოტა არ იყოს, გაუგებარია. თუკი იმ მკვლელმა პინოჩეტს ესროლა გულში ფეთქებადი ტყვია, მაშინ, ცოცხალი როგორ გადარჩა, პინოჩეტი ხომ სულ ახლახან გარდაიცვალა?
– ის პინოჩეტის ორეული იყო, ასეთი ორეულები კი მას არაერთი ჰყავდა.
– ახლა კი ყველაფერი გასაგებია, – გავუღიმე გუსტავოს, – იმედია, ერთმანეთს ისევ შევხვდებით. ახლა კი უნდა მაპატიოთ, სილვა მელოდება და წასასვლელი ვარ.
„სანტიაგოს ყოფილი კომენდანტიღა მაკლდა“, – გავიფიქრე, როდესაც ბარის მეპატრონეს დავემშვიდობე და სილვასკენ გავემართე.
მართალია, პინოჩეტის ორეულის მკვლელობიდან მრავალი წელი იყო გასული და გარეგნულადაც შევიცვალე, მაგრამ, გუსტავო მაინც არასასურველი მოწმე იყო, თანაც, შევატყვე, რომ მას ჩემს სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა და, რომ არ გავეშიფრე, მისი ლიკვიდაცია იყო საჭირო.
„ჩემთვის ხომ დასვენება არ არსებობს, ალბათ, მთვარეზე რომ ავიდე, იქაც ვინმეს მოკვლა მომიწევს“, – სინანულით გავიფიქრე, სილვას გვერდით მივუწექი და ვკითხე:
– ხომ არ მოიწყინე, ძვირფასო?
– ანტონიო, რა უნდოდა სენიორ გუსტავოს?
– შერეკილი მოხუცია, ვიღაც გიჟს მიმამსგავსა. ეტყობა, სკლეროზი აქვს, – ვუთხარი სილვას, ხელი ჩავიქნიე და თემის შეცვლა დავაპირე, მაგრამ, სილვამ მითხრა:
– რის სკლეროზი, მაგას რომ მეხსიერება აქვს, ბევრს არც კი დაესიზმრება. საკმარისია, ვინმეს ან რამეს მოჰკრას თვალი, რომ აუცილებლად დაამახსოვრდება და, ასი წელიც რომ გავიდეს, მაინც ყველაფერს ზუსტად გაიხსენებს.
სილვას სიტყვები ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა და მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა. ამიტომ, ვკითხე:
– შენ რა იცი?
– საკუთარ თავზე გამოვცადე.
– როგორ?
– მამაჩემი დიპლომატი იყო. 10 წლის ვიყავი, როდესაც ის ჩილეში გაგზავნეს სამუშაოდ კონსულად. მე და დედაც თან ვახლდით. ერთხელ რაღაც წვეულებაზე დაგვპატიჟეს, სადაც უამრავი ხალხი იმყოფებოდა. იქ იყო სენიორ გუსტავოც. მაშინ ის სანტიაგოს სამხედრო კომენდანტი იყო. ის ჩვენ იმ წვეულებაზე მამამ გაგვაცნო და შარშან, როდესაც პირველად ჩამოვედი დასასვენებლად ამ კუნძულზე, სენიორ გუსტავომ დამინახა თუ არა, მიცნო. შენ წარმოიდგინე, ჩემი და დედაჩემის სახელებიც ახსოვდა და ისიც, თუ რა გვეცვა, არადა, მას მერე იმდენად ბევრი წელი გავიდა, ლამის დავბერდი, მას კი ყველა დეტალი ზუსტად ახსოვდა. ამიტომ, მას არც შენ შეეშლებოდი ვინმეში, – მითხრა სილვამ და გამიღიმა, – ასე რომ, გამოტყდი, სად გნახა სენიორ გუსტავომ.
„ესეც მეორე არასასურველი მოწმე“, – გავიფიქრე გუნებაში, სილვას ხელში ხელი ჩავავლე, წყლისკენ წავიყვანე და ვუთხარი:
– წამოდი, კლდეებისკენ გავცუროთ.
პატარა ზომის კლდეები, ნაპირიდან ასი, ას ორმოცდაათი მეტრის მოშორებით მდებარეობდა და იქამდე გაცურვას ყველა როდი ბედავდა. ჩემი არ იყოს, სილვაც კარგად ცურავდა და ჩვენ არაერთხელ ავსულვართ კლდეებზე. ამიტომ სილვა დიდი ხალისით შემომყვა წყალში. კლდეებამდე რომ მივედი და ქვებზე ავედით, მან თმის გაწურვა დაიწყო. მე კლდეების სიღრმეებში შევედი, იქაურობა გულდასმით დავათვალიერე და, რომ დავრწმუნდი, აქ ჩვენ მეტი არავინ იყო, ქვებზე დავჯექი და შეწუხებული ხმით სილვას ვუხმე.
– რა დაგემართა, ანტონიო? – მკითხა სილვამ, როდესაც ჩემთან მოირბინა.
– ფეხი გადამიბრუნდა და ძალიან მტკივა.
– აბა, მაჩვენე, სად? – სილვა ჩემკენ დაიხარა. მე კი მას თავში მოვკიდე ხელი, კისერი მოვტეხე და იქვე დავაწვინე. შემდეგ საბანაო კოსტიუმი გავაძრე და დავგრიხე, დაგრეხილი კოსტიუმის საშუალებით ფეხებზე ორი უზარმაზარი ქვა მივაბი და კლდეების შუაგულში მდებარე ღრმულში ჩავუშვი. ქალის გვამი უმალვე ჩაიძირა. მას სულ რამდენიმე საათში გამოუყვანდნენ თევზები წირვას, მე კი ცურვით დავბრუნდი უკან, წყლიდან ამოვედი, უკაცრიელი პლაჟი მშვიდად გავიარე და ჩემი სასტუმროსკენ ავიღე გეზი. შესასვლელთან სენიორ გუსტავო შემხვდა. მან ნაძალადევად გამიღიმა და მკითხა:
– მარტო ხართ, სენიორ ანტონიო? თქვენი მომხიბვლელი ქალბატონი სად არის?
– ქალაქში გავიდა მაღაზიებში სახეტიალოდ. მე კი ეს საქმიანობა არ მიტაცებს, მირჩევნია ვისკი ვწრუპო. ხომ არ შემომიერთდებით, სენიორ გუსტავო?
– დიდი სიამოვნებით, – უმალვე დამთანხმდა სანტიაგოს ყოფილი სამხედრო კომენდანტი. ჩვენ ჩემს ნომერში ავედით და ვისკი დავლიეთ, რომელშიც მოხუცს ნელმოქმედი შხამი ჩავუყარე და ის სამი საათის შემდეგ გულის მწვავე შეტევით გარდაიცვალა თავის ბარში... შხამი კი წინასწარ მქონდა მომარაგებული, რადგან კუნძულიდან ბარსელონაში უნდა გავმგზავრებულიყავი ერთი შეკვეთის შესასრულებლად...
რა თქმა უნდა, სილვაც შემეცოდა და მოხუცი გუსტავოც, მაგრამ, მათ რომ ასეთი აქტიურობა არ გამოეჩინათ, ორივე ცოცხალი დარჩებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მათ თვითონვე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი.
მე, რა თქმა უნდა, შემეძლო, უბრალოდ კუნძულიდან გავმგზავრებულიყავი და ასე გადამეწყვიტა ეს პრობლემა. მაგრამ ეს იქნებოდა ნახევარზომა, ხოლო ჩვენი საქმე კი ნახევარზომებს ვერ იტანს – კვალი ბოლომდე უნდა გააქრო. სწორედ ამიტომ არ ვუღალატე პროფესიულ პრინციპებს და არასასურველი მოწმეები თავიდან მოვიშორე.
კვალის გაქრობა, დამალვა, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა და საიდუმლო აგენტი სულ რომ ტყვიას ტყვიაშიც აჯენდეს, თუკი მას უჩინრად მოქმედება არ შეუძლია, კაპიკიც არაა მისი ფასი...
– აბა, კოკი, თუ მეტყვი, რით განსხვავდება საუკეთესო შემსრულებელი თავისი ასი სუპერმენი კოლეგისგან? – მკითხა ერთ-ერთმა ჩემმა ინსტრუქტორმა და თავადვე მიპასუხა, – რით და, კვალის დაფარვის, გაქრობის უნარით, გასაგებია?
– დიახ, გასაგებია, – მივუგე ინსტრუქტორს, მას კი გაეცინა და მკითხა:
– რა არის გასაგები?
– რა და, საუკეთესო შემსრულებელს კვალის დაფარვა უნდა შეეძლოს.
– კარგი, ჩემო ბატონო, – ინსტრუქტორს ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან, – მაინც, როგორ წარმოგიდგენია შენ ეს საქმე?
მე დინჯად, ყოველგვარი ემოციების გარეშე ჩამოვუთვალე ინსტრუქტორს კვალის გაქრობის ყველა ათვისებული მეთოდი.
მან ბოლომდე მომისმინა და მითხრა:
– შენ მთავარი არ იცი, ჩემო კარგო. გასაგებია, რომ, რაც ჩამომითვალე, კარგად გაქვს ათვისებული, მაგრამ, სიცრუის დეტექტორს თუ მოატყუებ?
იმ დროს სიცრუის დეტექტორი ახალი გამოგონებული იყო, მასზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. ამიტომ, ინსტრუქტორს ვკითხე:
– ეგ რა არის?
– ოო, ჩემო მეგობარო, ესაა ადამიანის საწური, ტვინის, გულისა და სულის სარკე, დიადი მეცნიერული მიღწევა და ჯაშუშების აღმოსაჩენი საშუალება – აი, რა არის სიცრუის დეტექტორი, – მითხრა ინსტრუქტორმა და, რომ დაინახა, მშვიდად ვუსმენდი და არაფერს ვეკითხებოდი განაგრძო: – ამ მოწყობილობას ადამიანს უერთებენ, კითხვებს უსვამენ და მისი ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოების რეაქციის შედეგად ადგენენ, ტყუის თუ სიმართლეს ლაპარაკობს. აი, მაგალითად, შენ რომ სიცრუის დეტექტორზე იყო შეერთებული და კითხვაზე ვინ ხარ, უპასუხო – ნაპოლეონიო, დეტექტორი აუცილებლად გაგშიფრავს და ტყუილში გამოგიჭერს. მე რომ კვალის დაფარვაზე გელაპარაკებოდი, ამაში დეტექტორის მოტყუებას ვგულისხმობდი. შენ იმდენად მაგარი უნდა იყო, რომ დეტექტორის მოტყუება შეძლო, ანუ როგორც საკუთარი პიროვნების, ისე სხვა დანარჩენის დამალვა უნდა შეგეძლოს. ამისთვის კი შენი ორგანიზმისა და სულის მართვა უნდა შეძლო და სწორედ ამაზე დავიწყებთ დღეიდან მუშაობას.
და მართლაც, ისე დავხელოვნდი საკუთარი სხეულის მართვაში, რომ სიცრუის დეტექტორს ვატყუებდი და მრავალსაათიანი, მომქანცველი დაკითხვის შემდეგაც კი არ ვიშიფრებოდი. საბოლოო ტესტირება რომ ჩამიტარეს, დეტექტორზე რვა საათის განმავლობაში ვიყავი შეერთებული, განუწყვეტლად მკითხავდნენ და ერთხელაც არ ჩავჭრილვარ. ყველაფერი რომ დასრულდა და აპარატიდან მომხსნეს, ჩემმა ინსტრუქტორმა სიამაყით წამოიძახა:
– ფანტასტიკურია! ყოჩაღ, კოკი! დღეიდან შენ შეგიძლია თქვა ნებისმიერი ტყუილი და ამას მსოფლიოში ვერც ერთი დეტექტორი ვერ აღმოაჩენს.
ჩემი ინსტრუქტორი აბსოლუტურად მართალი იყო. მას მერე, ეს თითქმის შეუმცდარი მოწყობილობა ათასგზის გააუმჯობესეს და კიდევ მრავალი ტესტირება გავიარე, მაგრამ მან ჩემი ერთი ტყუილი პასუხიც ვერ დააფიქსირა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც თანამედროვე დეტექტორები გამშიფრავენ. თუმცა, ჩვენს პროფესიაში უფრო მნიშვნელოვანია, საქმე სიცრუის დეტექტორამდე არ მიიყვანო. მაგრამ, შეიძლება, ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე, რომ პირდაპირ დეტექტორზე არ შეგაერთონ, ფარული შემოწმება ჩაგიტარონ და არც ასეთ მომენტში უნდა მოდუნდე.
ერთხელ ერთი უმნიშვნელოვანესი დავალება უნდა შემესრულებინა.
აღმოსავლეთ ბერლინში, საბჭოთა დაზვერვამ მალიკ ჰალასი აიყვანა, რომელიც დასავლეთ ბერლინიდან გადმოვიდა და სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში „ჩეკისტებს“. ჰალასი წარმოშობით იორდანიიდან იყო და ზესაიდუმლო ორგანიზაცია „მწვანე ძმების კომიტეტის“ გამგეობის წევრი გახლდათ... ეს ორგანიზაცია ორთოდოქს ისლამისტებს აერთიანებდა და მისი მთავარი და ერთადერთი სამიზნე საბჭოთა კავშირი იყო. ამ სხვადასხვა ეროვნების ფანატიკოს ადამიანებს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებდა და იარაღით ამარაგებდა. ფინანსური ნაკადი კი იმ ტერორისტებთან მდიდარი შეიხი მაგნატების მეშვეობით მიდიოდა. „მწვანე ძმების“ საქმიანობაში ყველაზე საშიში და მთავარი ის იყო, რომ ისინი მრავალრიცხოვანი თვითმკვლელი-მებრძოლებისგან შემდგარ ჯგუფებს ქმნიდნენ და თავის ჭკუაზე მართავდნენ. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როდესაც რომელიმე მშვიდობიან ქალაქში, ადამიანთა თავშეყრის ადგილას, ბომბებშებმული ფანატიკოსი აიფეთქებს თავს. სწორედ ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ არჩეული ამერიკელების მიერ წაქეზებულ ისლამისტებს და შემთხვევით არ არის, რომ ეს ძალა მათვე დაუბრუნდათ უკან და დღესდღეობით ისინი იმავე პრობლემების წინაშე დგანან, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა მრავალი წლის წინ...
„მწვანე ძმების კომიტეტის“ წევრებზე „კაგებე“ აქტიურად ნადირობდა და მათი სამი წევრის ლიკვიდაცია მოხერხდა. ერთი ხელში ჩავიგდეთ, მალიკ ჰალასი კი მეორე მოხელთებული იყო. ტყვეების აქტიური დაკითხვების შედეგად შევიტყვეთ, რომ „მწვანე“ ტერორისტები რაღაც დიდ, სისხლიან აქციას ამზადებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მაგრამ, არც მისი დეტალები, არც დრო და არც ადგილი დაკითხულებმა არ იცოდნენ.
მალიკ ჰალასი რომ დააკავეს, იმავე დღეს, იქვე, ბერლინში, დამოკრატიულ გერმანიის უშიშროების სამსახურის – „შტაზის“ შტაბ-ბინაში დაკითხეს და რამდენიმე საათში რეაქტიული თვითმფრინავით მოსკოვში გადმოაფრინეს. ზაფხული იდგა, ცოლ-შვილთან ერთად იალტაში ვისვენებდი და მეკავშირე პირდაპირ იქ მეწვია. ეს შეხვედრა კურიოზულ სიტუაციაში მოხდა. მე წყალში ვიყავი შესული და ნაპირიდან სამასიოდე მეტრის დაშორებით ვიმყოფებოდი. ამ დროს ჩემთან სამაშველო კატერი მოცურდა, რომელზეც ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ჩემდა გასაკვირად, მან მე პაროლი მითხრა და პასუხი რომ გავეცი, მამცნო:
– სასწრაფოდ აეროპორტში უნდა წახვიდეთ და დანარჩენს იქ გეტყვიან. ახლა კი ნაპირამდე მიგიყვანთ.
მერის ვუთხარი, რომ მოსკოვში მიბარებდნენ, რადგან ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია იყო ჩამოსული და მათთვის გიდობა უნდა გამეწია.
– რამდენი ხნით გვტოვებ, საყვარელო? – მკითხა მერიმ.
– წარმოდგენა არ მაქვს. ყველაფერს ადგილზე შევიტყობ და საღამოს დაგირეკავ, – მივუგე მერის და მართალი ვიყავი, რადგან არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, რისთვის და რამდენი ხნით მიბარებდნენ ლუბიანკაზე.
აეროპორტში რომ მივედი, რეაქტიულ სამხედრო თვითმფრინავში ჩამსვეს და მოსკოვში სულ რაღაც ოცდაექვს წუთში ჩავფრინდი, კიდევ თორმეტი წუთის შემდეგ კი უკვე ლუბიანკაზე ვიმყოფებოდი. შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, სადაც მუხინიც იმყოფებოდა, ვიქტორ იაკოვლევიჩმა საათს დახედა და მითხრა:
– ზუსტად ერთი საათი დაგჭირდა იალტიდან აქამდე მოსვლაში. ოპერატიულად მოქმედებ. ახლა კი დაჯექი და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენთ, ამხანაგო გენერალო! – ვუთხარი შჩუკინს.
– მალიკ ჰალასსა და „მწვანე ძმების კომიტეტზე“ თუ გსმენია რამე? – მკითხა შჩუკინმა.
– არაფერი, – მოკლედ მივუგე გენერალს.
– „მწვანეები“, ჭირს წაუღია მათი თავი, საბჭოეთის თავგამოდებული მტრები არიან და თვითმკვლელ ტერორისტთა მთელი არმია ჰყავთ. ისინი რაღაც საშინელებას გვიმზადებენ, მაგრამ, რას, სად და როდის – არ ვიცით. მალიკ ჰალასი მათი ერთ-ერთი ლიდერია. გუშინ ის ბერლინში ავიყვანეთ, დავკითხეთ და შევიტყვეთ, რომ ორი კვირის შემდეგ „მწვანე ძმების კომიტეტის“ შეკრებაზე უნდა მივიდეს, სადაც ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების დაწვრილებით გეგმას განიხილავენ. შენ კი იმიტომ გამოგიძახეთ ასე სასწრაფოდ, რომ მალიკ ჰალასი შეცვალო და შეკრებაზე მის მაგივრად გაემგზავრო.
– სად იმართება ეს შეკრება?
– არ ვიცით, – მომიგო შჩუკინმა.
– ჰალასი ვერ გამოტეხეთ?
– არც მან იცის.
– აბა, შეკრებაზე როგორ უნდა მივიდეს?
– ორი კვირის შემდეგ ის ბრანდენბურგის კართან უნდა შეხვდეს მეკავშირეს, რომელიც მას პაროლით გამოეცნაურება და შეხვედრაზე წაიყვანს.
– როგორც კურტ შტაინერის შემთხვევაში, – გამეცინა მე და ჩემი პირველი საქმე გამახსენდა, როდესაც „ესესელ“ ჯალათს ლონდონში, ვატერლოოს ხიდთან შევხვდი და ის მოსკოვში ჩამოვიყვანე.
– თითქმის, – დამიდასტურა შჩუკინმა, – ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მაშინდელი დავალების არსი ფულის დაბრუნებაში მდგომარეობდა, ახლა კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე დევს სასწორზე და საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ერთი სიტყვით, ოპერაციის ძირითადი გეგმა უკვე მოფიქრებულია, დეტალებიღა უნდა დავაზუსტოთ. ასე რომ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
– მე რა უნდა გავაკეთო?
– მალიკ ჰალასად უნდა გადაიქცე. ის ახლა ჩვენს ჯურღმულშია გამომწყვდეული, განახვებთ, გაგაცნობთ და მისი ორეულობა ზუსტად უნდა შეითავსო.
– გასაგებია, ვიქტორ იაკოვლევიჩ, გარდასახვის ხელოვნებას ურიგოდ არ ვფლობ და არც ამჯერად გაგაწბილებთ, – ვუთხარი შჩუკინს, მან კი თავი გააქნია და მომიგო:
– ამჯერად გრიმი და მაკიაჟი არ გამოგვადგება, პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთო.
– პლასტიკური ოპერაცია? – შეცბუნებულმა ვკითხე შჩუკინს.
– დარდი ნუ გაქვს, კოკი. როგორც გადაგაწყობენ, ისევე გადმოგაწყობენ. ეს საქმე ჩვენთან მაღალ დონეზეა დაყენებული, მთავარი პრობლემა ეს არ არის. მთავარი ისაა, როგორ შეძლებ ჰალასის ჩვევების, მოძრაობების, ლაპარაკის მანერისა და ყველაფერ ამის ათვისებას, თანაც, ძალიან მოკლე დროში და ისე, რომ არ გაიშიფრო. ამისთვის შენ სულ რაღაც ცამეტი დღე გაქვს დარჩენილი.
– ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გავაკეთებ და, თუ საჭირო გახდა, სიცოცხლესაც გავწირავ, – გამოვეჯგიმე შჩუკინს. მან კი გამიღიმა და მითხრა:
– იმედია, რომ აქამდე არ მივა საქმე. ახლა კი წამოდი, მალიკ ჰალასს გაგაცნობთ.
მე, შჩუკინი და მუხინი ლუბიანკის მინუს მეცხრე სართულზე ჩავედით ლიფტით და ჯურღმულში მოთავსებულ, კარგად მოწყობილ საკანში ვეწვიეთ ჰალასს. აღნაგობა ერთნაირი გვქონდა და, როგორც შჩუკინი დამპირდა, ოპერაციის შემდეგ მას ტყუპისცალივით დავემსგავსებოდი. მალიკი, როგორც შევიტყვე, წინასწარ იყო გაფრთხილებული ჩემი ვიზიტის შესახებ და ისიც იცოდა, რა ოპერაციას გეგმავდა საბჭოთა დაზვერვა. ის ყურადღებით მომაჩერდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შჩუკინს ინგლისურად უთხრა:
– შეძლებს კი ეს ყმაწვილი ჩემი მაგივრობის გაწევას?
– თუ არაფერს დაუმალავ და ყველაფერს გაუმხელ, შეძლებს. იცოდე, ჩვენი ოპერაცია რომ ჩაფლავდეს, ყველაფერი შენ დაგბრალდება და ისეთ საშინელ დღეში ჩაგაგდებთ, სიკვდილი მოგენატრება, მაგრამ, არ მოგკლავთ, – მიუგო შჩუკინმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში