კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹6(580) 

 

ქეთიმ თვალები გაახილა. მაღვიძარას დარეკვამდე კიდევ თხუთმეტი წუთი იყო დარჩენილი. საათი მექანიკურად მომართა, ადრე ადგომას შეჩვეული იყო. იმის ფუფუნება არასდროს ჰქონია, დილის ძილით დამტკბარიყო ან ლოგინში გვიანობამდე ენებივრა. საქმეც რომ არ ჰქონოდა, მაინც ადრე უნდა ამდგარიყო. თუმცა, არც ახსოვს ისეთი დღე, საქმე არ ჰქონოდა... ქალბატონი ლელი იშვიათ უნარს იჩენდა, მაშინაც კი ეპოვა რამე განსაკუთრებული და გოგოსთვის მოსვენების საშუალება არ მიეცა. ქეთის სულ ჩაესმოდა მისი პრეტენზიული, მბრძანებლური ტონი. გამოცდილებით იცოდა, შეკამათებას ან უკმაყოფილების გამოხატვას აზრი არ ჰქონდა – ქალი მაშინვე ასწევდა წარბს და... ქეთის შეაჟრჟოლა. ლელი მის ბავშვურ წარმოსახვაში საშინელ ურჩხულს ჰგავდა და ეს სტერეოტიპი ასაკის მატებამაც არ დაანგრია, პირიქით, უფრო „სრულყოფილი“ სახე მიიღო და განსხეულდა კიდეც, თანაც, შემაშფოთებელ პარამეტრებში. იმდენად შემაშფოთებელში, რომ დათრგუნა ყველაფერი ნათელი, რაც ქეთის მეხსიერებამ დალექა და შემოინახა. მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, ფრთხილად და სათუთად ეფერებოდა შორეულ აჩრდილს ერთადერთი საყვარელი არსებისას, რომელმაც დიდი ხნის წინ მიატოვა...

ბიჭმა მორიდებით, ოდნავ შეაღო კარი და ხმადაბლა დაიძახა...

– ქეთი...

– შემოდი, არ მძინავს...

– სკოლაში მივდივარ და, ვიფიქრე, ვნახავ-მეთქი.

– ჰო, აბა რა, მოდი, – ქეთიმ საწოლზე, თავის გვერდით საბანი შეასწორა, ხელით დატკეპნა და ძმა თითით იხმო, – სკოლაში კი მიდიხარ, მაგრამ, მშიერი? ახლავე ავდგები და ჩაის მაინც დაგალევინებ.

– არ მინდა. იქ შევჭამ რამეს, ბუფეტში. შენი მოცემული ფულიდან ცოტა კიდევ მაქვს...

– ეგ ფული შეინახე, თუ არ გაგვიანდება, ათ წუთში გასაუზმებ.

– არ მინდა, რა... – ყელი გამოიწია ორი თითით გიომ, – ხომ იცი, როცა ის იქ არის და ყავას სვამს, თვალებში ვეჩხირები და მერე ისევ შენ გეჩხუბება. აუ, ქეთი, – ერთხელაც, გავბრაზდები, გავმწარდები და თავზე გადავამტვრევ იმ ყავის ფინჯანს. ისევ პატარა კი აღარ ვარ.

– გიო, გიო, აბა, რას ამბობ?! ეგ აღარ გაიმეორო, თორემ, გული გამისკდება. ხომ არ გინდა, გული გამისკდეს? ჰოდა, გაჩერდი!

ბიჭმა დას წყენით შეხედა.

– აუ, ქეთ... კიდევ შენ მაჩერებ? ეგენი, იცი რისი ღირსები არიან? არა უშავს, ცოტა დამრჩა და მერე ვნახოთ...

– გიო, გეყოფა! წადი, თორემ, სკოლაში დაგაგვიანდება.

– ახლა დამაგვიანდება? წეღან საუზმეს არ მთავაზობდი?! – გიომ ამოიოხრა.

– გეხვეწები, ასე არ წახვიდე. მოდი, ჩამეხუტე და გამიცინე, თორემ, სამსახურში მთელი დღე „დაგრუზული“ ვიქნები.

– ჰო, მართლა, სამსახურზეც მინდოდა მეკითხა, მაგრამ მართლა დამაგვიანდება. საღამოს ველაპარაკოთ, კარგი?

– აუცილებლად. იმედია, დღეს მაინც აღარ მომიწყობენ დაკითხვას და შენთან დალაპარაკების საშუალებას მომცემენ.

– ოხხ!.. – კბილები გააღრჭიალა გიომ. ხელი ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა.

ქეთისთვის ძმა ყველაფერს ნიშნავდა. სანამ პატარა იყო, ცდილობდა, თავისი წილი სასუსნავი, თუკი ლელი ზოგჯერ მაინც გაიმეტებდა მისთვის, გიოსთვის შემოენახა. როგორც შეეძლო, ანებივრებდა და ეფერებოდა. დედის მაგივრობა როგორ უნდა გაეწია, მაგრამ, გიოსთვის ნამდვილად იყო დედაც, დაც და მთელი სამყაროც...

***

სალომემ რამდენჯერმე მაგრად დააბრახუნა სააბაზანოს კარზე და ბოლოს მუშტებიც კი დაუშინა:

– რას აკეთებ მანდ ამდენ ხანს, სამსახურში არ მიეთრევი? გამოდი, რა! დედა! აღარ შემიძლია, ხომ არ ჩავიფსამ!.. სპეციალურად არ გამოდის, დარწმუნებული ვარ!

– სალი, რა გაყვირებს? – ლელიმ სამზარეულოდან გააგონა შვილს, – დილით ყავის დალევა მშვიდ გარემოში მიყვარს, თქვენ კი ყველაფერს აკეთებთ, რომ ნერვები მომიშალოთ!

– მე?! მე ვაკეთებ ყველაფერს?! აბაზანაში ჩაიკეტა და სპეციალურად არ გამოდის. ამ სახლში ცხოვრება სულ უფრო აუტანელი ხდება ამ და-ძმის გადამკიდე!

სალიმ სააბაზანოდან გამოსულ ქეთის შეუბღვირა, შიგნით შევარდა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. 

ქეთის სამზარეულოში შესვლას ყველაფერი ერჩივნა, მაგრამ, ჩაი ხომ მაინც უნდა დაელია სამსახურში წასვლამდე. ლელიმ მის დანახვაზე წარბი ასწია და ქეთი მიხვდა, რომ კარგი არაფერი ელოდა...

– ამჯერად თავს შევიკავებ და არაფერს გეტყვი. ვიცი, თავის გამართლებას შეეცდები და ნერვებს უარესად მომიშლი. მე არ მოვითხოვ, რომ სალომე გიყვარდეს, თუმცა, რადგან შენი დაა, ამის ვალდებულებას ნათესაური კავშირი გაკისრებს. მაგრამ, აშკარა ომს ვერ ავიტან. როგორც გინდა, ისე მოახერხე და სიძულვილს ნუ ავლენ, თორემ, ერთხელაც, ვეღარ მოვითმენ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი და, ნუ მაიძულებ, შენ და შენი ძმა სახლიდან გაგყაროთ.

ქეთი ისე გაწითლდა, სიმხურვალემ ლოყები აუწვა. თვალები ცრემლებით აევსო და, რომ არ ატირებულიყო, ტუჩს მაგრად მოუჭირა კბილები.

– თქვენ ვერ გააკეთებთ ამას.

– ჰო?! ვითომ რატომ? ვინ დამიშლის, შენ! გეკითხები, ვისი იმედი გაქვს? იქნებ, მამაშენის? ის შორს არის და, ახლოსაც რომ იყოს, დამიჯერე, არაფერი შეიცვლებოდა.

– ვიცი, – ქეთიმ ქალს სახე მოარიდა.

– ჰოდა, თუ იცი, დასკვნებიც გააკეთე და ის ვაჟბატონიც გააფრთხილე, ცოტა ჭკუას მოუხმოს, ამ ბოლო დროს უხეირო მამლაყინწასავით რომ მიყურებს.

– გიო არაფერ შუაშია, გიოს თავი დაანებეთ, – ძმის უფლებების დასაცავად გამოიდო თავი ქეთიმ.

– მე უკვე გაგაფრთხილე და ახლა შენ იცი. მით უმეტეს, თუ ძმაზე ასე შეგტკივა გული, ეცადე, ქუჩაში არ აღმოჩნდეს... და, კიდევ: საღამოს ზუსტად უნდა ვიცოდე, რამდენი გვექნება ხელფასი. შენ იცი, ასეთ საქმეში უზუსტობები არ მიყვარს. ანგარიში – ანგარიშია. თანაც, ოჯახს ბევრი სჭირდება. მშივრები რომ არ ხართ, ეს ჩემი დამსახურებაა. ან, იქნებ, გგონია, მამაშენი იმდენ ფულს გზავნის, რომ ფუფუნებაში გვაცხოვრებს?! რაც აქ იყო არაფრის გამკეთებელი და უქნარა, ისეა იქაც. მისი გამოგზავნილი გროშები პურის ფულად ძლივს გვყოფნის. ასე რომ, კეთილი ინებე და იმუშავე. მოსწავლეებთანაც მოახერხებ გაკვეთილების ჩატარებას. შაბათს და კვირას რა უნდა გააკეთო?! ან – საღამოობით?!.. ერთი სიტყვით, შენი პრობლემაა, დროს როგორ გაანაწილებ, მე შედეგი მაინტერესებს. სალის სწავლის ფულია გადასახდელი... ერთი სიტყვით, ისედაც იცი და რაღას მალაპარაკებ!

– დედა! – პირსახოცშემოხვეული სალომე სამზარეულოში შემოვიდა და სკამზე ფეხმორთხმით შემოჯდა, – მშია, რამე გააკეთე, მაგალითად, ყიყლიყო შემიწვი. ყავაც მინდა. ეს რას დასკუპებულა აქ, საქმე არა აქვს? სამსახურში წასვლამდე ლოგინები არ უნდა გაასწოროს ან სახლი არ უნდა მიალაგოს? მე, ხომ იცით, რომ არ მცალია, სამეცადინო მაქვს.

– იმეცადინე, დედიკო, იმეცადინე... – ლელის მომენტალურად შეეცვალა სახის გამომეტყველებაც და ხმის ტემბრიც, – ჩემი ლამაზი გოგო...

– შენს ლამაზ გოგოს ახალი ჩექმა სჭირდება, – შეიფერა სალომემ, – ახალი ქურთუკიც არ მაწყენდა. ისეთი ქურთუკით დავდივარ, გოგოების მრცხვენია. ხომ დამპირდი, გიყიდიო?..

– აი, შენი უქნარა და ხელფასს მოიტანს და აუცილებლად გიყიდი.

– ხელფასს რომ ავიღებ, მობილურის ყიდვა მინდოდა, ახლა სამსახურში დამჭირდება... გიოს კი კედები არა აქვს... ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქეთიმ. 

სალომემ დამცინავად გახედა, მერე დედას გადაულაპარაკა:

– შეხედე? გაიგონე, რა თქვა? მობილური ტელეფონი ნდომებია. ამან ხმა ამოიღო, ხომ იცი?! ეტყობა, ბევრს უხდიან.

– ვის რა სჭირდება და ვინ რა უნდა იყიდოს, ამას ამ სახლში მე ვწყვეტ! – მკაცრად თქვა ლელიმ და მეტი დამაჯერებლობისთვის მაგიდის ზედაპირს გაშლილი ხელი დაარტყა...

 

***

კიდევ რა შეიძლებოდა ენატრა დიმიტრი ასათიანს, უფრო სწორად, დიმიტრი ასათიან-უმცროსს? – ასე მას ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები მოიხსენიებდნენ მამამისის გულის მოსაგებად, რომელსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა იმის შეხსენება, რომ, სხვა თუ არაფერი, გვარით მაინც უკვე იყო გამორჩეული... ოღონდ, არ თქვათ, რომ ნატვრას განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს და, თუ ფანტაზია არ გღალატობს და, მატერიალური შესაძლებლობებიც სათანადოდ გაქვს, პრობლემა იმისა, რომ ხვალ სანატრელი არაფერი გექნება, არ იარსებებს. ნატვრასთან ხომ მილიარდებიც არაფერ შუაშია... თუმცა, თემას ნუ გადავუხვევთ და დიმიტრი ასათიანს დავუბრუნდეთ. საინტერესოა, რაზე იწყებს ფიქრს მამაკაცი, რომელიც პრაქტიკამ უკვე დაარწმუნა იმაში, რომ, ნებისმიერი ქალი, რომელსაც კი ხელს დაადებს (ან – ხელს გაუწვდის; პრინციპში, სულერთია) მისი იქნება. თუმცა, დიმიტრი ასათიანი-უმცროსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თანამშრომლებთან არასდროს გაუბამს რომანი. შეიძლება, იმიტომ, რომ მათ ოჯახში ამის ტრადიცია არ არსებობდა; ან, იმიტომ, რომ ასათიანებს არ სჩვეოდათ „ქვეშევრდომებთან“ ფლირტი და, ბოლოს (იქნებ, სწორედ ეს იყო რეალური ვერსია) – იქნებ, არ გამოჩნდა ისეთი ქალი მის სუპერთანამედროვე ოფისში, რომელიც თავის ყველა პრინციპზე უარს ათქმევინებდა?!

 

***

მაგდამ სელექტორს თითი დააჭირა და მოზეიმე ხმით გამოაცხადა:

– შეფს ყავა უნდა. აბა, რომელს გაქვთ სურვილი, თავი გამოიჩინოთ?

ოთახში ჩოჩქოლი ატყდა. გოგოებმა თავი მიანებეს სამუშაოს და ჩანთებში „შეყუჟულ“ სარკეებს მიაშურეს. მარიკომ  ქორივით გადახედა თანამშრომლებს:

– სულ ტყუილად აგიციმციმდათ თვალები, ჩემო ძვირფასებო, არ გირჩევთ ინიციატივის გამოჩენას! ყავას მე მოვამზადებ და თვითონვე მივუტან შეფს...

– შენ ვინ შეგეცილება? – დამცინავად შეხედა ნათიამ, – პრინციპში, კარგად მოერგე მაგ როლს, მიმტანობა მშვენივრად გამოგდის. საერთოდაც, მაგ პროფესიით ხომ არ გემუშავა? ოფიციანტებს, მით უფრო, შენნაირ მონდომებულებს, საკმაოდ კარგადაც უხდიან.

მარიკომ ირონიულად ჩაიცინა.

– რატომ იგესლები, საყვარელო? გულზე სკდები, ჩემი უფროსი რომ არ ხარ და ვერაფერს მიბრძანებ? ან, იქნებ, იმიტომ სკდები გულზე, რომ ჩემსავით გრძელი ფეხები არ გაქვს და არც ასეთი მკერდი და ტუჩები...

– ეე... გეყოფა, თორემ, ყავა გაცივდება. ვნახოთ, რაში გამოიყენებ მაგ შენს სიმდიდრეებს. მე ქმარი მყავს, რომელსაც ზუსტად ისეთი მოვწონვარ და ვუნდივარ, როგორიც ვარ. ასე რომ, გულზე სკდებიო – ეს ფრაზა მე არ მეკუთვნის და ვერც მივიღებ, მიუხედავად ჩემი შენდამი პატივისცემისა.

მარიკომ თვალები მოწკურა. აშკარად აპირებდა მისთვის პასუხის გაცემას, მაგრამ, ბოლო წუთს გადაიფიქრა.

– მართლა, ყავა გაცივდება! – თქვა და თეძოების მომხიბვლელი რხევით ოთახიდან გავიდა.

– რატომ არის ეს ქალი ასეთი შტერი და რატომ ჰგონია, რომ ბატონი დიმიტრი როდისმე თავისი ყურადღების ღირსად გახდის? – მხრები აიჩეჩა ნათიამ. მერე ახალ თანამშრომელს გახედა, რომელსაც საერთოდ არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს ოთახში ატეხილი აჟიოტაჟის მიმართ. თავიც არ აუწევია, ისე იჯდა და მუშაობდა. ნათიამ კმაყოფილმა გაიღიმა. არჩევანში არ შევმცდარვარო, გაიფიქრა, ხმამაღლა კი სულ სხვა რამე თქვა:

– ქეთი, შესვენება რომ გექნება, კადრების განყოფილებაში ჩადი და კონტრაქტს მოაწერე ხელი.

– აუცილებლად, გმადლობთ.

– შენი მადლობა ის იქნება, შენი საქმე აკეთო, თანაც, კეთილსინდისიერად. დამიჯერე, თუ ამათ არ აჰყვები, მხოლოდ მოიგებ.

– დიახ. აუცილებლად...

ნინი ადგა და კარისკენ გაემართა.

– სად მიბრძანდები, ქალბატონო? – გასძახა ნათიამ.

– სიგარეტი უნდა მოვწიო. ერთი ღერი სიგარეტის მოწევის უფლება ხომ მაქვს?

– მხოლოდ შესვენებაზე.

ნინიმ მხოლოდ გაიღიმა და გავიდა. ნათია უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა:

– სულ თავს გავიდა ეს გოგო! იმით სარგებლობს, რომ მამამისი ასათიანი-უფროსის მეგობარია. 

ქეთის ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. თავისი არჩევნით აშკარად კმაყოფილი ნათია შორიდან ადევნებდა თვალს...

ქეთიმ ძალიან დიდი ხნის წინ აუკრძალა საკუთარ თავს წუწუნი – ეს მისთვის ფუფუნება იყო, თანაც, სრულიად უსარგებლო და ზედმეტი ფუფუნება. მარტოდ დარჩენილი, ყოველთვის ფიქრობდა ამაზე, რატომ შემოინახა მისმა მეხსიერებამ მხოლოდ ნეგატიური, უარყოფითი ინფორმაცია, ნუთუ მის ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ისეთი, რისი გახსენებაც ნაცრისფერ აწმყოს გაუფერადებდა?! საკუთარი თავით მუდმივი უკმაყოფილებაც იმ ნეგატიური ინფორმაციის შედეგი იყო. რატომ ვერ შესძლო, რამე შეეცვალა იმ მოვლენებში, რომლებიც მის თვალწინ განვითარდა. იქნებ, მას, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვს, შეეძლო ამ მოვლენათა „კორექცია“ და ეს ვერ მოახერხა, ან, უბრალოდ, გამჭრიახობა არ ეყო?!

ნინი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და ქეთის მიაშტერდა:

– შენ რა, არასდროს არ ლაპარაკობ? თუ, ნათიამ აგიკრძალა ჩვენთან ურთიერთობა? შენს სასიკეთოდ გეუბნები, არ დაუჯერო, დიდი ბოროტი ვინმეა. ვერ იტანს, როცა თანამშრომლები ერთმანეთთან კარგად არიან. რატომღაც, ჰგონია, რომ აქ ყველა მისი მტერია. სასაცილოა, არა?

ქეთიმ მხოლოდ შეხედა და არაფერი უთქვამს. ნინიმ გაიცინა.

– შენ, ალბათ, სიგარეტსაც არ ეწევი. პრინციპში, კარგია. აი, მე უშო სულ მეჩხუბება, თავი დაანებეო, მაგრამ, არ ვუჯერებ. მართალია, ამბობენ, სახის კანს აბერებსო, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა გავერთო?! საინტერესოდ გაცვია... უცებ შეცვალა თემა ნინიმ.

ქეთიმ გაუღიმა. არ იცოდა, როგორ უნდა მოეშორებინა თავიდან ძალად მოსაუბრე. თან, მართლა არ უნდოდა, ნათიასგან შენიშვნა მიეღო. ნინი მიუხვდა.

– ნუ გეშინია, სადღაც გავიდა. შენ შესახებ არაფერს მომიყვები? უბრალოდ, მაინტერესებს – ასეთი ვარ, ცნობისმოყვარე.

– მოსაყოლი არაფერია, მართლა. საკმაოდ უინტერესო ცხოვრება მაქვს, ჩვეულებრივი.

– მართლა? როგორია ეგ უინტერესო და ჩვეულებრივი ცხოვრება, არ მეტყვი? 

– რა ვიცი. არც გათხოვილი ვარ, არც განათხოვარი... არც საყვარელი მყავს და არც შეყვარებული. არ ვეწევი. ღამის კლუბშიც არასდროს ვყოფილვარ.

– ვაი?! – ნინიმ გულწრფელი თანაგრძნობით დაახამხამა წამწამები, – ეგ როგორ?! მართლა არავინ გყოლია? არასდროს? ნუ, კაცს ვგულისხმობ, თაყვანისმცემელს ან რამეს ეგეთ პონტში. რომ არ ეწევი, ეგ კარგია, – თითქოს ანუგეშა ქეთი და ამით გაამხნევა კიდეც, – შენ არ იდარდო. ჩემი თაყვანისმცემლებიდან დაგითმობ რომელიმეს, მე მაინც ბევრი მყავს.

ქეთი თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ გაუჩნდა ამის თქმის სურვილი, მაგრამ, გარკვევით გაიგონა საკუთარი სიტყვები:

– დიდი მადლობა, მაინც რომელს დამითმობ? ალბათ, იმას მოწევას რომ გიშლის... უშოს... უშო ჰქვია, ხო? არ მეშლება?

ნინიმ თვალები მოჭუტა:

– ოჰო, არც ისეთი გულუბრყვილო ყოფილხარ, როგორც მეგონა... პრინციპში, მომწონს ეს, რაღაც გამოგვივა. ყოველ შემთხვევაში, აქაურ ერთფეროვნებაში დისონანსი ნამდვილად შემოიტანე.

ქეთი შეცბა:

– იცი, არ მინდოდა, ვერც კი ვხვდები, ეს რატომ ვთქვი.

ნინიმ გადაიკისკისა:

– მოიცა, რა! პირიქით, ხომ გითხარი, აქაურ ერთფეროვნებაში კარგად ჩაჯექი-მეთქი... და... – ნინი უცებ გაჩუმდა და ოთახში დაბრუნებული მარიკოსკენ გაქანდა:

– ეე, რა ქენი? რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის, ყავა არ მოეწონა?

– ისე მეკითხები, თითქოს ვიცოდე. მაგიდაზე დავდგი და გამოვბრუნდი. მორჩა, სულ ეს იყო ნამდვილი ტირანია. ტელეფონზე ლაპარაკობდა და ჩემთვის არც შემოუხედავს. მგონი, მართლა სულელი ვარ. აღარ უნდა ვიფიქრო მასზე, ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, – მარიკომ საათს შეხედა.

– დროზე მაინც მოვიდოდეს ექვსი საათი, რომ მოვცილდე აქაურობას და ცოტა დავისვენო. ისეთი გუნებამოშხამული ვარ, ვფიქრობ, ჩინურ რესტორანში ხომ არ წავიდე... არ გინდა? შენც წამოდი. რა გეგმები გაქვს?

ნინიმ მხრები აიჩეჩა:

– პრინციპში, არც არაფერი... მერე, ბავშვი? ბაღიდან არ უნდა გამოიყვანო?

– ბავშვი დედაჩემს ჰყავს. დავურეკავ და ვეტყვი, რომ დამაგვიანდება.

– კარგი, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ვგიჟდები ჩინურ სამზარეულოზე.

მარიკო აღარ უსმენდა. უკვე დედამისს ელაპარაკებოდა მობილურით:

– დედა, მე, ალბათ, დამაგვიანდება... სად ვიქნები, სამსახურში ვარ. შენ წარმოიდგინე, ჯერ კიდევ ვმუშაობ. რა ვქნა, ისე არ არის, შენ რომ გგონია... მეტყვიან, გვიანობამდე უნდა იმუშაოო და მეც ვმუშაობ... ვიცი, ვიცი, რომ შენ და ნატალია ერთად დროს შესანიშნავად ატარებთ. ბევრი „პეჩენია“ არ აჭამო... ვის ჰგავს? მამაჩემს? განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცას გთხოვს და ხვეწნით გიყურებს?... – მარიკომ ნინის შეხედა, საჩვენებელი თითი შუბლზე მიიკაკუნა და ამოიოხრა, თითქოს ეუბნებოდა, ხომ ხედავ, რა დღეში ვარო... – კარგი, დედა... მაცდენ ახლა, სამუშაო მაქვს. კარგი, ვეცდები, მალე მოვიდე... არა, არ დამავიწყდება... – მარიკომ მობილური გათიშა და მაგიდაზე დადო, – რა დღეში ვარ... არ გეცოდები? ეს დედაჩემი ჭკუიდან მშლის – ისევ იქ არის ჩარჩენილი, წინა ცხოვრებაში, მამაჩემთან ერთად, როცა ყველაფერი ლანგარზე დადებული მიერთმეოდა, თითის გაუნძრევლად. ამიტომ, ვერ წარმოუდგენია, რამდენი წვალება უწევს ქალს ამ მგლებით სავსე საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად. დღემდე იმასაც ვერ ვაგებინებ, რატომ დავშორდი ნატალიას მამას. 

ნინიმ გაიღიმა:

– გულახდილად რომ გითხრა, მაგას ბოლომდე ვერც მე ვხვდები.

– აუ, კარგი რა, ნინი... რაში გჭირდება კაცი, რომელსაც ვერსაჩე უცხოური კერძის სახელი ჰგონია, დოლჩე გაბანა კი – ერთი ქალის, ხომ გესმის, ერთი ქალის სახელი და გვარი... ჩხუბობს იმაზე, რომ ბევრ ფულს ხარჯავ კოსმეტიკაში და იდეალური ცოლის მაგალითად მოჰყავს დედამისი, რომელიც არასოდეს წასულა სილამაზის სალონში, თმას ყოველთვის თვითონ იღებავდა, რომ ოჯახის ბიუჯეტისთვის ზარალი არ მიეყენებინა... შენ აიტანდი ასეთ ქმარს?

ნინიმ ტუჩები გაბუშტა:

– მე საერთოდ ვერ ავიტან ქმარს, ვერანაირს. რატომღაც, ახლა ასე მგონია და მერე რა იქნება, არ ვიცი.

– მერე ის იქნება, რომ ყურებს აგიწევ და კუთხეში დაგაყენებ, – თქვა ოთახში მოულოდნელად შემოსულმა მაღალმა, ცისფერთვალება ბიჭმა, ნინისთან მივიდა და თმა მოუჩეჩა, – არ იშლი ხომ, შენსას?

– უშო?! აქ რა გინდა? რატომ ამოხვედი? დაცვამ როგორ გამოგატარა? დაგერეკა და მე თვითონ ჩამოვიდოდი...

 – ნინი, რა გჭირს? უკვე ამოვედი. როგორ და რანაირად, ეს ჩემი პრობლემაა. მით უმეტეს, იცოდი რომ, უნდა მოვსულიყავი – ხომ შეგპირდი, მაგარი ტოლმის საჭმელად წაგიყვან-მეთქი...

– უი! – შეიცხადა ნინიმ, – დამავიწყდა... მარიკოს რომ დავპირდი, ჩინურში წასვლას?!

– მე ტოლმა არ მიყვარს, – ცხვირი აიბზუა მარიკომ, – არც ეცადოთ, დამარწმუნოთ. მირჩევნია, სახლში წავიდე და დედაჩემთან ერთად მალინიანი ჩაი დავლიო.

უშომ თავდახრილ ქეთის შეხედა და დას ანიშნა, ეს ვინ არისო. – მენეჯერი, – ჩუმად უპასუხა და ანიშნა, მოგვიანებით მოგიყვებიო.

– მაშინ, მეც მომხრე ვარ, გადავდო ტოლმა და წავიდეთ იმ თქვენს ჩინურში, ოღონდ, მე პური მომიტანონ, თორემ, მშიერი ვრჩები ხოლმე.

– აი, ასეთია, რა, ჯერ ვერ გამოვიყვანე. ქართული გემოვნება აქვს – ორი შოთი თუ არ შეჭამა სადილზე, წუწუნებს, მშიერი ვრჩებიო, – ყასიდად გაბრაზდა ნინი, – თავს მჭრის და მარცხვენს.

– უშო, ყველას გვეპატიჟები თუ მხოლოდ მაგ ოთახის სასტავს? – შემოფრთხიალდა მაგდა, – ჩინური სამზარეულო მეც მიყვარს.

უშომ გაიცინა:

– გიყვარს თუ მოდას ხარ აყოლილი? ვითომ ახლა შენ ხინკალი არ გირჩევნია ხვლიკებსა და ბალახ-ბულახს? მიდი, მიდი, გამოტყდი!

მაგდამ წამწამები დაახამხამა:

– მე რატომ მეკითხები? აგერ, ნინიმ გიპასუხოს.

– ნინის ამბავი გარკვეულია, მე თქვენი გემოვნების საკითხით ვარ დაინტერესებული, – ბიჭმა მარიკოსკენ და მაგდასკენ გაიშვირა თითი.

– ნუ, ახლა, ხინკალი ძალიან ბანალურია... – გაინაზა მაგდა.

– ოჰ, თქვენ რა გითხარით... ჯანდაბას, დღეს ძალიან კეთილი და დამყოლი ვარ. ყველას დაგპატიჟებთ, თანაც, იქ, სადაც მიბრძანებთ. ოღონდ, ეს გოგოც უნდა წამოვიდეს.

ნინიმ მუჯლუგუნი წაარტყა ბიჭს და მარიკოს ისე გახედა, აშკარად დახმარებას სთხოვდა. მაგრამ მარიკომ არ ინება უშოს იდეის გაპროტესტება, ან, უბრალოდ, ვერ მიხვდა. შეფთან განცდილი მარცხის გამო, ჯერაც არ ჰქონდა განწყობა გამოკეთებული. ნინიმ ისევ საკუთარ თავზე აიღო სიტუაციის მართვის „სიმძიმე“:

– ქეთის ბევრი საქმე აქვს, თან, მეეჭვება, ჩინური სამზარეულოს ფანი იყოს.

ქეთიმ თავი ასწია და დაინახა, რომ ბიჭი მას უყურებდა. მისი მზერა ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით იყო სავსე, ისეთი დაუფარავი ცნობისმოყვარეობით, რომ უხერხულობაც კი იგრძნო.

– ნინი მართალია. საქმე მართლა ძალიან ბევრი მაქვს, თან, არც ჩინური სამზარეულო მიყვარს. გულახდილად რომ გითხრათ, არც კი გამისინჯავს და, შეიძლება, ხინკლის მოყვარულთა სიაში უფრო ადვილად აღმოვჩნდე.

უშომ ხმამაღლა გაიცინა. კიდევ უნდოდა ქეთისთვის რაღაცის თქმა, მაგრამ, ნინიმ აღარ აცადა, მკლავზე ჩამოეკონწიალა და ოთახიდან თითქმის ძალით გაიყვანა.

– მოკლედ, შენ ახლა ქვემოთ დაგველოდე, თხუთმეტი წუთია დარჩენილი სამუშაო დღის დამთავრებამდე და ნუ აგვაყეფებინებ ნათიას. მე, მაგდა და მარიკო ერთად ჩამოვალთ.

– ის გოგო... ახალია?

– მერე, მერე... მანქანაში ვილაპარაკოთ მაგაზე.

– რა იყო, ნინი, როდის აქეთ გეშინია ნათიასი? დამალაპარაკე რა, ამ ხალხთან.

– მაგდასთან და მარიკოსთან მერეც შესანიშნავად მოახერხებ ლაპარაკს, ქეთი კი არაფრით დაგაინტერესებს, დამიჯერე. თანაც, მეეჭვება, შენთან საუბრის სურვილი ჰქონდეს. თავს ნუ მოაბეზრებ, რა!

– ჰო, კარგი, არ მოვაბეზრებ, – უშომ მხრები აიჩეჩა. ერთხელ კიდევ გაიხედა მინის კარისკენ, რომლის მიღმაც გარკვევით ჩანდა მაგიდაზე თავდახრილი ქეთი  და ლიფტში შევიდა...

ქეთის ყურადღება აღარ მიუქცევია აჩურჩულებული თანამშრომლებისთვის. სამუშაო დღეც დამთავრდა და გადასცდა კიდეც ექვსს მთელი თხუთმეტი წუთი, მაგრამ, ადგომა და სახლში წასვლა არც უფიქრია. ნათიამ სათვალე მოიხსნა და ახალ თანამშრომელს მიაშტერდა.

– შენ რა, აქ აპირებ დარჩენას?

– მე? – დაიბნა ქეთი, – რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ბარემ დავამთავრებდი. თუ რამე პრობლემაა და აუცილებლად ზუსტად ექვსზე უნდა წავიდე, წავალ...

– არა, არა, არანაირი პრობლემა, უბრალოდ... – ნათიას აღარ დაუმთავრებია ფრაზა, თუმცა ქეთის ერთხანს კიდევ უყურა და თავი უცნაურად გადააქნია. ქეთი ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ქალს ამით...

 

***

ლელის ყვირილი მანამდე გაიგონა, სანამ კარს გააღებდა და გული უსიამოვნოდ მოეწურა. ამ ქალის ცივი, მკივანა ხმა, მაშინაც კი, როცა ლელი მას არ ეჩხუბებოდა, მასზე საშინლად მოქმედებდა. შეეცადა, უხმაუროდ შესულიყო სახლში და როგორმე თავის ოთახამდე მიეღწია. თან, ისიც უნდა გაერკვია, ვინ იყო ამჯერად მისი რისხვის „ობიექტი“. „ოღონდ გიო არა... ოღონდ გიო არა“... –ინატრა გულში, ძმასთან დილანდელი საუბარი მოაგონდა და მთელი სხეულით აკანკალდა...

ლელის ხმა სასტუმრო ოთახიდან ისმოდა. ის, ვინც, სავარაუდოდ, მასთან ერთად იყო ოთახში, აშკარად დუმდა და რაღაც მომენტში ქეთიმ ისიც კი იფიქრა, ნეტავი მარტო ხომ არ არის და ისე ხომ არ ჩხუბობს, ან, ტელეფონით ხომ არ ლანძღავს ვინმესო. ცნობისმოყვარეობამ სძლია და კარი ოდნავ შეაღო...

– როდის ექნება დასასრული შენს უზნეობას, გეკითხები, როდის? – მთელი ხმით ყვიროდა ლელი, – მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ! ეგოისტი ხარ და თანაც – უსინდისო. საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე არც სალიზე და ყველაფერს ისე აკეთებ, რაც შეიძლება მეტი „მიითალო“ შენკენ. ნაგავი ხარ... ზოგჯერ ვერც ვიჯერებ, რომ ჩემი შვილი ხარ...

„შვილიო?!” ამის გაგონებაზე ქეთის გულზე მოეშვა. გიო გამოირიცხა, თუმცა ის, ვისაც ლელიმ ,,შვილი” უწოდა, არანაკლებ გამაღიზიანებლად მოქმედებდა მის ნერვულ სისტემაზე. ინანა, იმ ვიღაც უშოს მიპატიჟება რომ არ მიიღო და ჩინურ რესტორანში არ „აეკიდა“ თავის თანამშრომლებს. მარიკოსა და ნინის ირონიული ღიმილის ყურება ერჩივნა მიხოს გულისამრევ კომპლიმენტებს.

– გეყოფა, რა, რა გაღრიალებს?  არაფერი გიჭირს საიმისო, საკუთარ, ერთადერთ ვაჟიშვილს ზოგჯერ მაინც გაუწოდო დახმარების ხელი.

– ზოგჯერ? ამბობ, ზოგჯერო? საერთოდ არ გრცხვენია? მარტო ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენი ფული მოგეცი?!

– კარგი რა, ნუ წუწუნებ. ფულის მეტი რა გაქვს? არ ვიცოდე მაინც... 

– მიხო, უკანასკნელად გაფრთხილებ...

– შეგიძლია, აღარ გააგრძელო. არ ვაპირებ შენი მითითებებითა და პრინციპებით ვიცხოვრო. მე ჩემი გზა მაქვს! – უხეშად გააწყვეტინა მიხომ.

– საინტერესოა, რომელ გზაზე ლაპარაკობ? ის გოგო რიღასთვის მოათრიე, საერთოდ რაში გჭირდებოდა? ოღონდ, არ მითხრა, რომ გიყვარს ან უყვარხარ. სასაცილოა, – იქედნურად გაიცინა ლელიმ.

– მერე, იცინე, ვინ გიშლის, ყვირილს მაინც ჯობია! მოკლედ, ამდენი დრო არ მაქვს. მაძლევ ფულს თუ არა?

– არა!

– დედა, არ გინდა... ხომ იცი, ჩემსას მაინც ავიღებ და შეუთავსე სასიამოვნო სასარგებლოს, მოდუნდი და სიამოვნებას მაინც მიიღებ.

– რა ნაგლი ხარ! დამცინი კიდეც? მაგდენს მაინც არ მოგცემ.

– მომცემ...

– არ მაქვს, დეგენერატო, არ მაქვს! ხომ იცი, არ ვმუშაობ!

– ჰა, ჰა, ჰა! ახლა უკვე მე მაცინებ. შენ რაში გჭირდება მუშაობა, ამისთვის სხვები გყავს.

– შენი საქმე არ არის, მე ვინ რისთვის მყავს და ხმა ჩაიწყვიტე!

– ჰო, არ არის ჩემი საქმე. ფული მომეცი და, გპირდები, ხმას აუცილებლად ჩავიწყვეტ, ყოველ შემთხვევაში, ერთი კვირით მაინც.

– საზიზღარო! სულ იმ კრეტინ მამაშენს ჰგავხარ, მასავით უსაქმური წურბელა ხარ!

ოთახში წამით სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ქეთიმ სკამის იატაკზე დავარდნის ხმა გაიგონა, რასაც მიხოს ხრინწიანი ყვირილი მოჰყვა:

– მამაჩემზე სიტყვა აღარ დაგცდეს, გესმის? გინდა რჩევად ჩათვალე, გინდა – გაფრთხილებად, თორემ, დავივიწყებ, რომ დედაჩემი ხარ!...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში 

 

 

скачать dle 11.3