საგამომცემლო პრაქტიკაში მიღებული იყო ნაბეჭდი პროდუქციის ყდის გარეშე გაყიდვა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ცნობილ ადამიანთა პირადი კოლექციები, ძველი და იშვიათი წიგნებია დაცული. რა კრიტერიუმების მიხედვით ხვდება ესა თუ ის წიგნი იშვიათ გამოცემათა ფონდში და რა ისტორია შეიძლება ჰქონდეს თითოეულ მათგანს, – ამას ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ლიზა ცავა გვიამბობს.
– ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდი მრავალმხრივაა საინტერესო. გარდა გამოჩენილ ადამიანთა პირადი ბიბლიოთეკებისა, აქ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით იშვიათობად აღიარებულ წიგნთა კოლექციებია დაცული. ამ განყოფილების წიგნებს განსაკუთრებულ მონაცემთა მიხედვით, განესაზღვრება წიგნისთვის იშვიათობის მინიჭების სტატუსი. მხედველობაში მიიღება ქრონოლოგიური ფაქტორი, გამოცემის ისტორიულ-დოკუმენტური ხასიათი, რომელიც საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს; სხვადასხვა მიზეზით განპირობებული მცირე ტირაჟი, გამოცემის პოლიგრაფიული ხარისხი, წიგნის გაფორმება, ილუსტრაციების, გრავიურების ხარისხი, შრიფტის სილამაზე, მფლობელის ვინაობა. გარდა ამისა, წიგნი თავისი არსებობის განმავლობაში იძენს სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა: მინაწერები, სასაჩუქრე წარწერები, ექსლიბრისები, წიგნის აკინძვისა და ყდაში ჩასმის ოსტატთა სახელოსნოების მარკები, ბუკინისტურ მაღაზიათა ეტიკეტები, ამით წიგნი თავის შესახებ დამატებით ცნობებს გვაწვდის და წიგნმცოდნეობითი თვალსაზრისით, ამა თუ იმ ნიშნით გამორჩეულ „ინდივიდს“, საინტერესო კვლევით ობიექტად აქცევს. ის ისტორიულ-კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ რეალიებს ასახავს.
– როგორ ხვდება ასეთი წიგნები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში?
– ბიბლიოთეკაში ასეთი წიგნების შემოსვლის წყარო სხვადასხვაა – ვიძენთ კერძო პირისგან, ბუკინისტური მაღაზიიდან, ასევე, ბიბლიოთეკის ძირითადი საცავიდან გამოვლენილი წიგნების მეშვეობით, შემოწირულობებითა და სხვა.
მაგრამ ზოგჯერ, შემთხვევითობა განაპირობებს ასეთი წიგნის მისთვის შესატყვის ადგილზე მოხვედრას. ერთი ასეთი წიგნის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში შემოსვლა სწორედ შემთხვევითობამ განაპირობა – ყველაფერი მკითხველთა კატალოგში არასწორად მოხვედრილ ბარათს მოჰყვა...
– ეს როგორ?
– ჩემმა კოლეგამ ყურადღება მიმაქცევინა, წიგნის აღწერილობის იმ მონაცემზე, რომლის მიხედვითაც წიგნი რარიტეტის, ანუ იშვიათ გამოცემათა ფონდს უნდა მიკუთვნებოდა – ეს იყო გამოცემის წელი – 1835, რაც უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ. თვალში მოგვხვდა სათაურში ჩართული სიტყვა ჯðჭâþðჭ- ეს კი „საქმის აღძვრის“ ერთ-ერთი საბაბი გახდა შემდგომ... საერთო წიგნსაცავის ეგზემპლარი – თâჭí ეåëჭêðîჭ, გñåìèðíჭÿ ïჭíîðჭìჭ èëè ჯჭëåðåÿ ïðèâëåêჭòåëüíåéøèõ âèჰîâ, ëჭíჰøჭôòîâ, ïჭìÿòíèêîâ è ðჭçâჭëèí ñíÿòûõ ñ íჭòóðû è ჯðჭâèðîâჭííûõ íჭ ñòჭëè èñêóñíåéøèìè õóჰîæíèêჭìè” თავისი პარამეტრებით მისთვის იშვიათი წიგნის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას იძლეოდა.
ბიბლიოთეკაში, 1986 წელს კერძო პირისაგან შეძენილ ამ წიგნში თაიგულადაა შეკრული იშვიათი ეგზემპლარის სტატუსის მინიჭებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი მრავალი მონაცემი. ეგზემპლარი რამდენიმე ასპექტითაა საინტერესო...
– კერძოდ?
– ალბომის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი ყდაა. ყურადღებას იქცევს როგორც მხატვრული, ისე ტექნიკური მახასიათებლები: ყდა განსხვავებული მასალების შეხამებითაა დამზადებული. ტყავითა და ნაცრისფრად დაფერილი ქაღალდით. ყუაზე ტარსიკონის, ანუ თხის მაღალხარისხოვანი ყავისფერი ტყავია გადაჭიმული და მოიცავს ფრთების ნაწილსა და კუთხეებს. ტყავის ყუაზე ავტორისა და სათაურის ოქროსფრად ამოტვიფრული წარწერა წვრილი და მკაფიოა.
ყდის ოსტატმა წიგნის აკინძვის რელიეფური ადგილები, ეგრეთ წოდებული ბინტები, ყუის მთავარ სილამაზედ აქცია. ნამუშევარში შერწყმულია მაღალი ოსტატობა და გემოვნება.
საგამომცემლო საქმის ისტორიიდან ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ამ დარგის განვითარებამ და საგამომცემლო ყდების ფართო გავრცელებამ, შეცვალა დამოკიდებულება ყდის მიმართ. არასაგამომცემლო, მფლობელისეულ ყდებზე წიგნის ყდის ცნობილმა ოსტატებმა საკუთარი გვარის მითითება დაიწყეს. სწორედ ამ მოვლენას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დელაკრუას წიგნში ავანტიტულის ზედა კიდეში წითელშრიფტიან დამღაზე ვკითხულობთ: ა. ქíåëü ჟïხ. ის გახლავთ საიმპერატორო კარის დაკვეთების ოფიციალური შემსრულებელი პეტერბურგში, მეოცე საუკუნის დასაწყისის ყდების დამზადების ყველაზე ძვირად ღირებული ოსტატი, რომელიც ხელოსნური წესით ამზადებდა არასაგამომცემლო, მფლობელისეულ, განსაკუთრებით მდიდრულ და მაღალმხატვრულ ყდებს. სახელოსნოს მუშაობის პერიოდი 1885-1916 წლებს განეკუთვნება. გამოცემის წელსა (1835) და ალბომის ყდით შემოსვის თარიღებს შორის სხვაობა შემდეგით აიხსნება: საგამომცემლო პრაქტიკაში მიღებული იყო ნაბეჭდი პროდუქციის ყდის გარეშე გაყიდვა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.
– მაინც რა მიზეზი?
– ზოგჯერ სტამბის მიერ ამა თუ იმ კონკრეტული გამოცემის ყდებით შემოსვის შესაძლებლობა მკვეთრად ჩამორჩებოდა ამ გამოცემათა ტირაჟს. თავის მხრივ ეს გარემოება ხშირად მიმზიდველი ფაქტორიც გახლდათ წიგნის მომავალი მფლობელებისთვის. ეს მათ საშუალებას აძლევდა, საკუთარი გემოვნებით და ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით, დაეკვეთათ ყდა მათთვის ძვირფასი წიგნისთვის. ასე რომ, წიგნთან ურთიერთობა სულიერი საზრდოს მიღების გარდა, ესთეტიკური სიამოვნების მოთხოვნილებაც იყო და ზოგადად, წიგნისადმი დამოკიდებულებაზეც მეტყველებდა, რაც სხვა, ამ საქმის ხელსაყრელ გარემოებებთან ერთად, ამ ხელობის განვითარება-აყვავებას განაპირობებდა. შესაძლოა, ხელოსნების მიერ წიგნების ყდაში ჩასმის ოსტატობამაც წარმოშვა მოთხოვნილება მათ ნამუშევარზე, როგორც ხელოვნების ნიმუშზე.
ალბომის ავტორი, ივან დელაკრუა ბელგიელი აზნაურის, ავსტრიელთა სამსახურში მყოფი პორუჩიკის შვილი გახლდათ. გარკვეული პერიოდი ის პეტერბურგშიც მუშაობდა. ავტორის მიერ გამოცემული ალბომის გარდა, მსგავსი ილუსტრირებული ჟურნალები, რომლებიც მკითხველთა შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა, უკვე ცნობილი იყო დასავლეთ ევროპაში და მათი გავრცელება რუსეთის იმპერიაშიც დაიწყო. ალბომის შესავალში დელაკრუა აღნიშნავს, რომ დიდძალი თანხა გაიღო ფოლადზე გრავირებული ესტამპების შესაძენად, რათა კიდევ ერთი ილუსტრირებული ალბომი შეემატებინა რუსი განსწავლული საზოგადოებისთვის.
როგორც ვიცით, ფოტოგრაფიის გამოგონებამდე სწორედ გრავიურის ტექნიკა იძლეოდა ტირაჟირების საშუალებას და წიგნების საილუსტრაციოდ გამოიყენებოდა. ეს შემეცნებითი ხასიათის ალბომი, სადაც ვიზუალური მასალა ტექსტთან ერთადაა მოცემული, შეიცავს პეიზაჟებს, სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებს, ჟანრული ხასიათის სიუჟეტებს. გრავიურების შესრულების ტექნიკა დახვეწილია, დეტალები ზედმიწევნით დამუშავებული.
წიგნის მფლობელის, საბჭოთა პერიოდის ლიტერატორისა და კრიტიკოსის, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, კარინიანის (1886 – 1982) გვარს წიგნის ფორზაცზე დაკრული ექლიბრისის წარწერიდან ვიგებთ. მას 1910 წელს დაუმთავრებია პეტერბურგის უნივერსიტეტი, უმუშავია მრავალ პარტიულ თანამდებობაზე, მათ შორის, 1932-1933 წლებში თბილისში ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის (ბოლშევიკთა) საკავშირო კომუნისტური პარტიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.
ექსლიბრისის ავტორი რუსი მხატვარი-გრაფიკოსი პაველ შილინგოვსკია (1881 – 1942).
– რა ვიცით შილინგოვსკის შესახებ?
– სწავლობდა ოდესის სამხატვრო სასწავლებელში, შემდეგ – 1901-1904 წლებში პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. ლენინგრადში, 1966 წელს გამოცემულ წიგნში, „თññêóñòâî êíèæíîჯî çíჭêჭ“ ექსლიბრისების მკვლევარი, ივენსკი სხვა მხატვარ-გრაფიკოსთა ნამუშევრებს შორის, შილინგოვსკის მიერ შესრულებულ კარინიანის ექსლიბრისსაც გვაცნობს.
შილინგოვსკის ნამუშევრებს მონაწილეობა მიუღიათ მოსკოვში, 1928 წელს გამართულ გამოფენაზე, სადაც კერძო კოლექციებიდან წარმოდგენილ ნამუშევრებში, კარინიანის ცნობილი ექსლიბრისიც იყო.
სიუჟეტურ ექსლიბრისზე, მთაგორიანი პეიზაჟისა და თაღოვანი კედლის ნანგრევების ფონზე, ხელოვნებისა და ლიტერატურის სხვადასხვა სიმბოლოა გამოსახული. ცენტრში, ბერძნულ ლარნაკზე დეკორივითაა ჩაქსოვილი მხატვრის ინიციალები და ნამუშევრის შესრულების თარიღი. ექსლიბრისის კომპოზიციის ქვედა კიდეში წარწერაა ლათინურად Carinian [კარინიანი]. მხატვარმა, ექსლიბრისზე გამოსახული სიმბოლოების მეშვეობით, გამოხატა წიგნის მფლობელის ინტერესების სფერო.
ასეთია, ეგზემპლარის ისტორია – წიგნის ავტორის იდეიდან მის გამოცემამდე. შემდეგ მან იპოვა თავისი მფლობელი და საქმის მცოდნე ოსტატმა ის სიყვარულით შემოსა ყდით. წიგნზე დაკრული ექსლიბრისის მეშვეობით, მის მფლობელს საშუალება მიეცა, პიროვნება დაეხასიათებინა, მხატვარ გრაფიკოსს კი თავისი ხელოვნება გაეცნო საზოგადოებისთვის. ბიბლიოთეკამ წიგნი შეიძინა. საბოლოოდ კი, თავისი ადგილი იშვიათ გამოცემათა ფონდში დაიმკვიდრა.
ასეთია ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ კოლექციაში დაცული ერთ-ერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და იშვიათი ნიმუშის ისტორია.