ვინ ეძებს ციხიდან თავის ბიოლოგიურ დედას და რისი იმედი აქვს ციხეში მყოფ შვილს
25 წლის ნოდარ გოგიტიშვილი ეძებს დაახლოებით 74 წლის ევგენიას (გვარი უცნობია).
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს. სამწუხაროდ, მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში გამაშვილა გოგიტიშვილების ოჯახში. ძალიან მინდა დედის პოვნა და ნახვა. იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით. სამწუხაროდ, მე თვითონ ამჟამად ამას ვერანაირად ვერ მოვახერხებ, რადგან პატიმარი ვარ. იმედია, გულგრილად არ დატოვებთ ჩემს თხოვნას.
ჟურნალისტის შენიშვნა: ნოდარი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მას ძალიან უნდა თავისი ბიოლოგიური დედის პოვნა. ვუსურვებთ, მალე გამოსულიყოს ციხიდან. იმედი მაქვს, მკითხველი გამოიჩენს გულისხმიერებას და თუკი ვინმემ რაიმე ინფორმაცია იცის ამ ისტორიასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდება.
– როგორ გაიგე, რომ ნაშვილები ხარ და როდის გადაწყვიტე მშობელი დედის მოძებნა?
– ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ დედას ევგენია ჰქვია. როგორც გავიგე, მან, პატარა რომ ვიყავი, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში გამაშვილა. დედის პოვნა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეძებნა. ძალიან გამიხარდა, როდესაც თქვენი რუბრიკა აღმოვაჩინე, არც კი მეგონა, თუ ასეთ რამეს ვინმე აკეთებდა. თქვენი დიდი იმედი მაქვს. მართალია, ვხვდები, რომ ჩემი ინფორმაცია არასაკმარისია, მაგრამ, ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია და მეც მინდა, ვცადო. ამჟამად სასჯელს ვიხდი რუსთავის ¹6 ციხეში, მისჯილი მაქვს წლები და, სანამ მე გამოვალ, მინდა, დედის შესახებ რაიმე ინფორმაცია მაინც გავიგო, რაც მის პოვნაში დამეხმარება. მინდა, დედა ვიპოვო და აქ იმ იმედით ვიყო, რომ, როდესაც გამოვალ, მას შევხვდები, ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახავ.
– აქამდე თუ გიცდია მოძებნა, ან, შენი აზრით, სად შეიძლება იყოს დედაშენი ამჟამად, საქართველოში გგონია თუ მის ფარგლებს გარეთ?
– სამწუხაროდ, არ ვიცი, სად შეიძლება იყოს ამჟამად დედაჩემი. როდესაც გამაშვილა, საჩხერის რაიონში იყო. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ის საქართველოშიც არის, მაგრამ არც მის საზღვრებს გარეთ ყოფნას გამოვრიცხავ – მაგალითად, შეიძლება რუსეთშიც კი იყოს. ევგენია (ჟენია) რუსული სახელია და, ამით თუ ვივარაუდებთ, შეიძლება, იგი რუსიც კი იყო და ისევ რუსეთში წავიდა.
– შენი ისტორია, სამწუხაროდ, უიმედოა, მაგრამ, ხომ შეიძლება, მოხდეს სასწაული და დედა გაპოვნინოთ. პირადად შენ რისი იმედი გაქვს?
– დიდი იმედი მაქვს თქვენი ჟურნალის მკითხველის. ხომ შეიძლება, ეს სტატია იმ ადამიანმა წაიკითხოს, ვინც იცნობს დედაჩემს და მისი ადგილსამყოფელიც იცის? მაშინ ეს ნამდვილად სასწაული იქნება. თქვენ გარდა ამ ისტორიას ნამდვილად არავინ მოჰკიდებდა ხელს, რადგან ინფორმაციულად ძალიან მწირია, მაგრამ, თუკი ეს სასწაული მოხდება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება მსოფლიოში.
– როგორ ფიქრობ, აპატიე დედაშენს შენი გაშვილება? ან, შენს აღმზრდელ მშობლებს რა რეაქცია ექნებათ, როდესაც გაიგებენ, რომ შენ შენს ბიოლოგიურ დედას ეძებ?
– ჩემი აღმზრდელების დიდი მადლობელი ვარ, რადგან აღმზარდეს, მაგრამ მშობელი დედის ნახვა, თუნდაც ცხოვრებაში ერთხელ, ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს. დედაზე ნაწყენი არ ვარ, თუმცა, თავიდან, როდესაც ჩემი ისტორია გავიგე, რაღაც წყენა მქონდა, მაგრამ ახლა გამიარა. შეიძლება, მას მართლაც ჰქონდა რამე მიზეზი, რომლის გამოც ასე მოიქცა. გამოგიტყდებით და, ისიც მიფიქრია, რომ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად აეწყობოდა, დედა რომ გვერდში მყოლოდა. თუმცა ამაზე ფიქრს ახლა აზრი არ აქვს. ალბათ, ისე მოხდა ყველაფერი, როგორც უნდა მომხდარიყო.
როგორ გგონია, დედაშენი თუ გეძებდა? არ გიფიქრია იმაზე, რომ, შეიძლება, მას არ მოუნდეს შენთან შეხვედრა?
– ამის შესახებაც ბევრი მიფიქრია. არც ერთი დედა, ვფიქრობ, არ იტყვის უარს შვილის ნახვაზე. ჩემთვის უცნობია, ჩემი გაშვილების მიზეზი, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ მოინდომებს ჩემს ნახვასა და გაცნობას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის მე მეძებდა. ყოველ შემთხვევაში, მან ხომ არ იცის, ალბათ, რომ მე გავიგე სიმართლე და უკვე ვიცი, რომ აყვანილი ვარ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში, ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.