სილამაზის დიეტა
თუ ამ დიეტას ერთი კვირა გაუძლებთ, თვალდათვალ გალამაზდებით: გაგიქრებათ ნაოჭები, ლოყები ნაზ ვარდისფრად შეგეფაკლებათ, თმა კი საოცარ ბზინვარებას შეიძენს.
რჩევა: თუ თქვენს მენიუს შეავსებთ მიწის თხილით, ინდაურის უცხიმო ხორცით, პარკოსნებითა და თევზეულით, ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგიგვარდებათ.
დიეტის თავისებურება: რაციონში A, B, C, E ვიტამინებისა და რკინის შემცველი პროდუქტების ჩართვა.
მოქმედების პრინციპი: ეს არის ბალანსირებული რაციონი, რომელიც „მუშაობს“ კანის, თმის, ფრჩხილებისა და კბილების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
მოსალოდნელი შედეგი: ერთი კვირის განმავლობაში დაიკლებთ 2-დან 4 კილოგრამამდე.
საუზმისთვის შეარჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და ცვალეთ 7 დღის განმავლობაში: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონში არეული 1 სადილის კოვზი „ჰერკულესი“; 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი (უშაქრო); უცხიმო რძეზე მოხარშული „ჰერკულესის“ ფაფა (2 ჩაის ჭიქა რძე და 1 სადილის კოვზი „ჰერკულესი“); 2 ნაჭერი ორცხობილა და 1 ჭიქა მწვანე ჩაი; 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის ჭიქა ვაშლისა და ქლიავის ჩირი (ან კურაგა) და 50 გრამი დაჭრილი ნიგოზი.
სადილი უნდა იყოს მსუბუქი, წვნიანის გარეშე. ამ შემთხვევაშიც შეარჩიეთ თითო ვარიანტი თითო დღისთვის, ერთი კვირის განმავლობაში: 200 გრამი მოხარშული ქათმის (ან ინდაურის) ფილე და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი; მოშუშული ან „გრილზე“ მომზადებული ბოსტნეული (200 გრამი); 200 გრამი მოშუშული მჭლე საქონლის ხორცი და 100 გრამი ბოსტნეული (უმი – სალათის სახით, ან – მოშუშული); 200 გრამი მოხარშული თევზი და 100 გრამი ისპანახის ფხალი; 200 გრამი მოხარშული წიწიბურა და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო რძე; 200 გრამი მოხარშული მაკარონი და 1 ჩაის ჭიქა ჩაი; „გრილზე“ დამზადებული 200 გრამი თევზი და 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
სამხარი უნდა მიირთვათ სადილობიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ – ეს წესი მკაცრად დაიცავით. მენიუ შეარჩიეთ და გადაანაწილეთ 7 დღეზე: აირღუმელში გამომცხვარი ვაშლი ან კომში 1 ჩაის კოვზი თაფლით; 100 გრამი უცხიმო ხაჭო (თუ გიყვართ, შეგიძლიათ, პიტნა შეურიოთ); 150 გრამი უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა მწვანილებით; კიტრისა და პომიდვრის სალათა ხახვითა და მწვანილით (200 გრამი); 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი ან იოგურტი; 200-300 გრამი ნებისმიერი ხილი; 1 ჩაის ჭიქა ნაკლებად ტკბილი კისელი.
ვახშამი მიირთვით არაუგვიანეს საღამოს 7 საათისა.
მენიუ: 200 გრამი მოშუშული ყვავილოვანი კომბოსტო გახეხილი ყველით; 100 გრამი მოხარშული ბრინჯი (სასურველია, რუხი ბრინჯი იყიდოთ) 1 ჩაის კოვზი თაფლით; 200 გრამი მოშუშული ბროკოლი მაწვნით; 2 ფირფიტა „ხლებცი“ და 2 ნაჭერი უცხიმო ყველი პიტნის ან მწვანე ჩაისთან ერთად (1 ჩაის კოვზი თაფლით დაატკბეთ); 100 გრამი მოხარშული ვერმიშელი ბოსტნეულთან ერთად; 100 გრამი კრაბიანი სალათა.