„ჯილ სანდერის“ კლასიკური ქალი სათხილამურო სამოსის გავლენით შეიქმნა
გასული წლის გაზაფხულზე რაფ სიმონსმა ზამთრის კოლექცია წარმოადგინა. კოლექციაში სრულყოფილად იქნა სინთეზირებული ოტ-კუტიურისა და სათხილამურო სამოსის დეტალები, რომელიც არქტიკული ქარების ხმის ფონზე, იდეალურმა მოდელებმა აჩვენეს მილანის მოდის კვირეულზე. გასულ წელს რაფ სიმონსმა აქცენტი გრძელ ქვედაკაბებზე გააკეთა. წელს კი მან გადაწყვიტა, უფრო მოქნილი სამოსი შეეთავაზებინა მოდის მიმდევრებისთვის, რომლითაც მოძრაობაც ძალიან იოლია. მოდის სახლ „ჯილ სანდერის” კრეატიულმა დირექტორმა, რაფ სიმონსმა კოლექციის ინსპირაცია მეოცე საუკუნის შუა წლებში მომუშავე, ცნობილი ფოტოგრაფის, ლუი დალ-ვულფის ფოტოებიდან მიიღო, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ფოტოსესიები აქვს სათხილამურო კურორტებზე. რაფ სიმონსისთვის ეს იყო ნამდვილი „ევრიკა“. კოლექციაზე გავლენა დაიან არბუსმაც მოახდინა, რომელიც მოდის გულანთებული მიმდევარი გახლდათ და უყვარდა მხოლოდ ის სამოსი, რათაც მოძრაობა კომფორტული იყო. ერთი სიტყვით, გავლენა თვალშისაცემია. თუმცა, ამის აღიარებისგან თავს არც თავად დიზაინერი იკავებდა. „ჯილ სანდერისთვის“ შექმნილი კოლექცია გამოვიდა ერთმანეთში შერეული კრისტობალ ბალენსიაგას მოტივებითა და დაუნჰილის ქუჩის მრბოლელების სხეულზე შემოტმასნილი სამოსის ელემენტებით. ალბათ, ძალიან ცოტას თუ შეუძლია დედამიწაზე ამ ორი მიმართულების ისე ეფექტურად გაერთიანება, როგორც ეს ახალგაზრდა რაფ სიმონსმა შეძლო, „ჯილ სანდერისთვის“ – მოდის სახლისთვის, რომელიც გამორჩეულია სისადავით, მკაცრი და ზომიერი ხაზებით.
სიმონსს ყოველთვის უყვარდა ექსტრემსა და კლასიკას შორის გადებულ ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ, ამ კოლექციაში მან ისეთ უცნაურ სინთეზთა გამოტანა გარისკა, როგორიცაა ოტ-კუტიურის სტილში შექმნილი აბრეშუმის კლასიკური, ყვავილებიანი, ულამაზესი პალტო და ტანზე მომდგარი, „ელასტიკის“ ტიპის დრაპირებული შარვალი. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მორგებული სპორტული შარვლები ქალურობას არ უკარგავდა მოდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელეგანტურობის კვალს „ჯილ სანდერი“ არ შლის. ფეხსაცმელები, რაც ჟაკ ადნეს შთაგონებით შეიქმნა, გახლდათ დეკორატორის, რომელიც ძალიან ცნობილი იყო შუა საუკუნეების ელიტურ მოდურ წრეებში. რაც შეეხება ყვავილებიან ქსოვილებს, ეს იყო ლეგენდარული ქსოვილების სახლის, „ბუკოლის”, ერთგვარი რეინკარნაცია, რომელიც წარსულში დღეს უკვე ცნობილი მოდის გიგანტებისთვის ქმნიდა ქსოვილებს.
ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაინც კოლექციის პირველი ნაწილია. კლასიკურობისა და ელეგანტურობის კვალი შედარებით გაფერმკრთალდა მას შემდეგ, რაც პოდიუმზე ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ზედგამოჭრილი სვიტერები გამოჩნდა. თუმცა, ამ სვიტერებშიც კი შეძლო რაფ სიმონსმა ქალბატონებისთვის ქალურობის შენარჩუნება.
„ჯილ სანდერის“ ახალი კოლექცია ყინვიან თბილისსა და ასე მომრავლებულ ზამთრის კურორტებზე აუცილებლად გამოგადგებათ. ფერადი ლამაზი სვიტერები, ლამაზი და თან თბილი ყვავილებიანი პალტოები კომფორტსაც შეგიქმნით და თქვენს მოდურობაზე გარშემო ყველა მოთხილამურე ილაპარაკებს.