იგავი ფარისეველსა და მეზვერეზე
„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი – ფარისეველი და მეორე – მეზვერე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ღმერთო, გმადლობ შენ, რომ არა ვარ სხვებივით მძარცველი, უსამართლო და მრუში, აი თუნდაც, ის მეზვერე, როგორიც არის. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედსაც გაძლევ ჩემი ქონებიდან.
ხოლო მეზვერე მოშორებით იდგა და ვერ ბედავდა, ზეცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“.
ლუკა 18,10-13
შენ როგორ ლოცულობ?
კარგად მივუგდოთ ყური ამ ორ მლოცველს. ფარისეველი (წარჩინებული იუდეველი) ტაძარში ცალკე დგას, გამოსაჩენ ადგილზე, თან იქვე მყოფ ცოდვილ მეზვერეს (მებაჟეს) არიდებს თავს. „გმადლობ შენ, ღმერთო“ – ასე იწყებს ლოცვას ფარისეველი და თავიდან გულწრფელი მლოცველის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებს. მაგრამ ის თავს იმით იწონებს, რომ არ არის ცოდვილი – არც მძარცველია და არც უსამართლო. ერთი წმიდა მამა ამგვარ მლოცველს ეკითხება: „შენ აქ სალოცავად მოხვედი თუ თავის საქებრად? ეს ლოცვა კი არა – მილოცვაა საკუთარი თავისადმი, და ეს შენი მადლიერება – უმადურის მადლიერებაა!“
ფარისეველი ლოცვისას სხვას განიკითხავს: გმადლობ, ღმერთო, რომ ამ მეზვერეს არ ვგავარო. ღმერთის წინაშე იმით მოაქვს თავი, რომ მასზე უარესები დადიან ქვეყანაზე. სხვისი განკითხვა უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ ლოცვის დროს ეს ცოდვა უფრო მძიმდება. ამას სხვა ცოდვაც ემატება – უსიყვარულობა. დიახ, რაკი განიკითხავ, ესე იგი, არ გიყვარს.
მლოცველი ფარისეველი მარტო საკუთარი თავის მაქებელია, თურმე, ორჯერ მარხულობს და ქონების მეათედსაც იხდის – სულ ეს არის მისი სათნოების თავი და ბოლო! იუდეველები წელიწადში ერთ დღეს მარხულობდნენ (განწმენდის დიდ დღეს), შესაწირს კი შემოსავლისა და საქონლის მეათედს იხდიდნენ. ესე იგი, ფარისეველი ღმერთს იმასაც ამადლის, რომ სხვებზე ხშირად მარხულობს და მეტსაც გასცემს.
ახლა მლოცველ მეზვერეს დავაკვირდეთ. ეს მლოცველი მოშორებით, მოწიწებით დგას ღვთის წინაშე, იმდენად აქვს შეგნებული თავისი ცოდვიანობა, რომ თვალის ზეაპყრობასაც კი ვერ ბედავს, მარტო თავისი გულის სიღრმეში იმზირება, იმ გულს იქოლავს, რომელმაც ის ცოდვის მონად აქცია. მეზვერე საკუთარ თავს განიკითხავს და თავდახრილი მხოლოდ მშვიდობას სთხოვს ღმერთს, მისგან ელის გამართლებას, საკუთარი თავის იმედი არა აქვს და ზეციურ მსაჯულს ევედრება: „ღმერთო, მალხინე ცოდვილსა ამას“!
იგავის დასასრულ უფალი ამბობს, რომ ამ ორ მლოცველს შორის მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, რით გამართლდა მეზვერე ღვთის წინაშე – თავისი თავმდაბლობითა და სინანულით.