კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შედეგი მოაქვს ცოლის „მშვიდობიან“ რეაქციას ქმრის პირველ ღალატზე

ღალატის თემა, სამწუხაროდ, ისევ აქტუალურია. ისევ არსებობენ მოღალატეებიც და, ისინიც, ვისაც ღალატობენ. შეიძლება, ღალატის კოდი ყველა ადამიანში დაბადებიდანვეა ჩადებული, შესაფერის ნიადაგში მოხვედრისას კი „ღვივდება“ და „იფურჩქნება“. არსებობს კი ღალატის პრევენცია? თეორიულად, არსებობს, მაგრამ, თეორია ერთია, რეალობა – სულ სხვაა. ორი ადამიანის ურთიერთობა ის სფეროა, სადაც არ არსებობს სტერეოტიპები, ნორმები, აკრძალვები და რჩევები, რომლებიც ყველაზე ერთნაირად ჭრის. მაინც, როგორ უნდა მოიქცე, როცა გღალატობენ?! უნდა აპატიო და თავი ისე მოაჩვენო, თითქოს არაფერი მომხდარა, რომ ამით მოღალატეს სინდისის ხმა გაუღვიძო, თუ, ერთი დიდი სკანდალი მოაწყო, რითაც ყველაფერს დაუსვამ წერტილს?! ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს... პასუხი, ალბათ, გულმა უნდა გიკარნახოს...

 

მანჩო (31 წლის): ალბათ განსაკუთრებულს ვერაფერს მოისმენთ ჩემგან. ჩვეულებრივი, ბანალური ისტორიაა ქალისა, რომელსაც იმედი გაუცრუა მამაკაცმა. არ ვიტყვი, რომ ყველა მამაკაცი ერთნაირია, ამისთვის ყველა მამაკაცს უნდა იცნობდე... მე არ მაქვს ამისი პრეტენზია, თუმცა, იმის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, რომ ნდობა ყველა მამაკაცის მიმართ დავკარგე. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია. სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, იქნებ, ჩემთვის თავზე ასე უცერემონიოდ არ გადაევლოთ. საშინლად ვარ შეურაცხყოფილი და გულიც საშინლად მტკივა. მარტო გული კი არა, ყველაფერი მტკივა.

– გეთანხმებით, ღალატი სერიოზული სტრესია.

– უსაშინლესი და უმძიმესი. არავის ვუსურვებ ამის განცდას. არავინ მემეტება ამ ტანჯვისა და ტკივილისთვის. როცა ვფიქრობ, რომ ისინიც ქალები არიან, ვინც წყვილებს შორის დგებიან, გული კიდევ უფრო მტკივა.

– ფიქრობთ, რომ ის ქალებიც არიან დამნაშავენი კაცის ღალატში?

– ძალიან გულუბრყვილო შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ქალებს რომ მეტი სოლიდარობა გაგვაჩნდეს ერთმანეთის მიმართ და არ ვიყოთ ბოროტი მტაცებლები, გაცილებით წესიერი მამაკაცები გვეყოლებოდა გვერდით.

– ანუ, მამაკაცების პატიოსნება ქალების ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის ხარისხზეა დამოკიდებული?

– მე ასე მიმაჩნია. რა ვქნა, შეიძლება, მცდარი აზრია, მაგრამ როცა ვფიქრობ იმაზე, რაც ჩემს თავს დატრიალდა, სხვა მოსაზრება უბრალოდ არ მიჩნდება. მამაკაცისთვის იმ მოთხოვნის წაყენება, რომ თავი შეიკავოს, როცა ქალი ზედ ახტება, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურია. ასიდან ერთი მამაკაცი ან შეძლებს ამას, ან – არა. ისიც, ისეთი, რომელსაც მართლაც ბრმად და არანორმალურად უყვარს ცოლი. რა შევამჩნიე, იცით? ასეთი ცოლები იქით არიან მოღალატეები. ყველაზე არ ვიტყვი ამას, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ასე ხდება. თუ კაცს ცოტა ნორმალური შემოსავალი აქვს, მასზე კონკურსი აქვთ გამოცხადებული მტაცებელ ქალებს. ისინი სწორედ ისეთი სულელი მამაკაცების ხარჯზე ცხოვრობენ, თანაც, საკმაოდ ხშირად, როგორიც ჩემი ქმარია. იცით, როგორი მამაკაცის გვერდით ვცხოვრობდი?! თავმოყვარეობის ნასახი რომ არ გააჩნიათ; ნათქვამი რომ არის, მთელი ტვინი გენიტალიებში აქვთ მოქცეულიო, ისეთის. სამწუხარო ის არის, რომ იმას ტყუილების ფრქვევა არ ეზარებოდა, მე კი ამ ტყუილებს ვიჯერებდი. ადამიანს შეიძლება აპატიო ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ უკვე საშუალებას აძლევ, კიდევ და კიდევ მოგატყუოს. როცა ქმარმა პირველად მიღალატა – ყურით მოთრეულ ამბავზე არ ვლაპარაკობ, საკუთარი თვალით ვნახე თავის საყვარელთან ინტიმურ პოზაში, როგორ და რანაირად, აღარ დავაკონკრეტებ. თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით  რა მძიმედ გადავიტანე თავად ეს ფაქტი. არ მოვყვები, რამდენი ხანი ვიტირე და ვილანძღე. წარმოდგენა არ მაქვს ამით გულს ვიოხებდი თუ რას ვაკეთებდი. მიკვირს, გული როგორ არ გამისკდა. იმ წუთში, პირველი, რაც საკუთარ თავს ვუთხარი იყო: – არ აპატიო ამ ნაძირალას, ჩაულაგე თავისი ნივთები და გააგდე სახლიდან-მეთქი. ვერ წარმომედგინა, რანაირად უნდა შემეხედა მისთვის ამ ყველაფრის შემდეგ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. სახლში მისული საძინებელში ჩავიკეტე და დილამდე არ გამოვსულვარ იქიდან. კიდევ კარგი, რომ წყნარი შვილები მყავს და არ შევუწუხებივარ. მესმოდა, როგორ მობრძანდა ჩემი ქმარი სახლში, როგორ ელაპარაკებოდა ბავშვებს... ივახშმა კიდეც. ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ერთი შეხედვით, უიმედო სიტუაცია იყო. ერთი მხრივ, არ შემეძლო პატიება, მაგრამ, მეორე მხრივ, რა უნდა მეთქვა შვილებისთვის? მათთვის ჩემი მოღალატე ქმარი მართლა ძალიან კარგი მამა იყო. ბიჭები მასზე გიჟდებოდნენ. გამეფუჭებინა მათთვის ბედნიერი ბავშვობა? არადა, რამდენი რამე შევქმენით ერთად! ბიზნესიც კი საერთო გვქონდა, აღარაფერს ვამბობ სახლზე, რომლის მოწყობამ ჩემი ნერვებისა და დროის უდიდესი ნაწილი შეიწირა.  ვერ გადავწყვიტე, რანაირად უნდა მომეხერხებინა ხელის ერთი მოსმით ყველაფრის შეცვლა.

– თქვენ ამ ყველაფერზე ფიქრი შეძელით?

– თქვენ წარმოიდგინეთ, შევძელი. ბევრი, ძალიან ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი, რომ შემეძლო, მეპატიებინა იმ ნაძირლისთვის.

– სიყვარული არაფერ შუაში იყო?

– როგორ არა. თორმეტი წელი როგორ იცხოვრებ  ერთ კაცთან, თუ მის მიმართ გრძნობა არ გაქვს? თან, როცა ცხოვრება ერთად შექმენით, ბევრი ფაქტორი მოქმედებს, შეჩვევის მექანიზმიც ერთვება... ხვდებით, ხომ? ერთი სიტყვით, ვაპატიე... მეორე დილითვე არა, მაგრამ ორ-სამდღიანი მონანიების შემდეგ, დავთმე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი ბოდიში მომიხადა და მეფიცებოდა, რომ მისი ერთადერთი სიყვარული ვარ. რა მექნა? ისე იქცეოდა, პირდაპირ შემომთავაზა საკუთარი თავი. ფაქტობრივად, მომახტა და თავი ვერ შევიკავე. კაცები ასე ვართო... ერთი სიტყვით, ვაპატიე, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ ეს შეცდომა იყო; თუმცა, ვფიქრობ, ერთი შანსი რომ არ მიმეცა, მაშინაც დავიტანჯებოდი.

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ ერთხელ პატიება აუცილებელია?

– არ ვიცი. მტკივნეულია პატიებაც და არპატიებაც. ეს, ალბათ, ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა. ვერავინ ვერავის ექსპერტად და მრჩევლად ვერ გამოდგება. უბრალოდ, მე ვყვები იმაზე, რასაც მივხვდი და რაც გადავიტანე და, თუ ეს ვინმეს გაკვეთილად გამოადგება, მხოლოდ გამიხარდება. ალბათ, გონების თვალით უნდა შეაფასო სიტუაცია – რა გიღირს, რა არ გიღირს... ჩემსავით, ბევრ ქალს ჰგონია, რომ განქორწინებით ცხოვრება მთავრდება, რომ ეს სამყაროს აღსასრულია და, მარტო, ქმრის გარეშე, დაიღუპება. ეს ქალები ძლიერად უნდა შეაჯანჯღაროს ვინმემ და რეალობა დაანახვოს. ყველაფერი გვარდება. ყველაფრიდან არის გამოსავალი, მთავარია, ღირსება არ დაკარგო და დროზე მიხვდე ამას. „მარტო შენ მიყვარხარ, რაც მოხდა, საშინელი შეცდომა იყო“... – ამას რომ კაცი გეტყვის და ისევ გიღალატებს, იდიოტი უნდა იყო, რომ კიდევ აპატიო, მე კი ეს გავაკეთე. ოღონდ, ამჯერად, მესიჯები წავიკითხე, შემთხვევით. პირველი ღალატის შემდეგ შევეცადე, ამაზე აღარ მეფიქრა და ქმრის მიმართ ნდობა შემენარჩუნებინა, თუმცა, ესეც თავის მოტყუება იყო. შემთხვევით-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ, როცა ვაპატიე, მისი მონანიების გულწრფელობაში ეჭვი აღარ შემიტანია და აღარ გადამიმოწმებია. უბრალოდ, შემთხვევით მაგიდაზე დარჩა მობილური, რამდენიმე მესიჯი ზედიზედ მოვიდა და დავინტერესდი. ერთიც საკმარისი იქნებოდა, მივმხვდარიყავი, რომ ქმარი ისევ მღალატობდა. ისეთი ტექსტები იყო, აშკარად რომანი ჰქონდა. სახლში მის მოსვლას ვერ დაველოდე და სამსახურში მივუვარდი. იმპულსურად ვმოქმედებდი, შიშველი ემოციით. მობილური თავზე დავაფშვენი – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და გამოვიქეცი. გამომყვა. არ უყვირია, რომ ისევ „დანებდა“ ქალს, რომელიც „ზედ შეახტა“. ანუ, ახალი ზღაპარი შეთხზა, ნიანგის ცრემლები დაღვარა. მეც ისევ ვერ წარმოვიდგინე, როგორ ვიცხოვრებდი ოჯახის გარეშე და ჩემმა ქმარმა ისევ „შეირგო“ დანაშაული. რაღა თქმა უნდა,  ეს ჩემი ბრალი იყო.

– მეორე შემთხვევა უფრო მძიმედ გადაიტანეთ თუ იყო რამე სხვაობა პირველსა და მეორე პატიებას შორის?

– კი, სხვაობა იყო. მეორედ უფრო მეტად გამიჭირდა. სახლიდანაც კი ვაპირებდი წასვლას ბავშვებიანად. ჩემს ქმარსაც დამატებითი „ატრიბუტიკა“ დასჭირდა ჩემს დასამშვიდებლად და შესარიგებლად – ვგულისხმობ საჩუქრებს, ყვავილებს... ისეთი ალერსიანი და ყურადღებიანი გახდა, როგორც არასდროს. მაგრამ, ვერც ამჯერად ვერ გავრისკე, განქორწინებით გამენადგურებინა ყველაფერი ის, რასაც „ჩვენ“ ერქვა და გავწირე საკუთარი თავი. ასე მარტივი ხომ არ არის ყოველი ასეთი ტკივილის გადაყლაპვა? შემდეგ, თანდათან, ჩემში რაღაც კვდებოდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ცივი ომი ჩემსა და ქმარს შორის მთელი შემოდგომა გაგრძელდა. თუ პირველი ღალატის პატიების შემდეგ სიტყვაც არ დამიძრავს იმაზე, რაც ვნახე, მეორე შემთხვევამ დამანგრია, ყველგან ღალატი მელანდებოდა: ქმრის ტანსაცმლის ჯიბეებს ვამოწმებდი და ვსუნავდი; მობილურში ყველაფერს ვნახულობდი; ელექტრონულ ფოსტაში ვძვრებოდი. როცა რამეს მეუბნებოდა, მექანიკურად ვიწყებდი იმაზე ფიქრს, ნეტავი ახლა რას მატყუებს-მეთქი. ეს საშინელებაა. არავის ვუსურვებ ეჭვებში ცხოვრებას. მაგრამ, როგორც ყველა უბედურებას, ამასაც აქვს ერთი პლუსი – სიფრთხილის გრძნობას გიმძაფრებს, ძალიან დაკვირვებული ხდები, თუმცა ეს ჩასაფრება მოქმედებს სიყვარულზე, აქრობს მას და უკვე იმაზე იწყებ ფიქრს, გიღირს კი საერთოდ რამედ ეს მამაკაცი?! სამწუხაროდ, ჩემმა ქმარმა  არ მოიშალა თავისი და ის მოხდა, რასაც შინაგანად ველოდი – ისევ მიღალატა. თანაც, რომ იტყვიან, ცხვირწინ. ვითომ რომანტიკული „უიქენდი“ მომიწყო, მთაში წამიყვანა სამი დღით, თხილამურებით სასრიალოდ და იქ, სასტუმროში, ვიღაც „ნაშასთან“ მიღალატა. აღარ დამიწყია იმის გამოძიება, შემთხვევით მოხდა ეს ამბავი, ის „ნაშა“ წინასწარ ჰყავდა წამოყვანილი და იმის „უიქენდსაც“ ეს აფინანსებდა თუ „შეახტა“ და თავი ვეღარ შეიკავა. მთელი ღამე ურთიერთობას ვარკვევდით. ვუსმენდი, როგორ იფიცებოდა, შენ მეტი არავინ მიყვარს, ჩემი ერთადერთი ქალი ხარ და ეს ყველაფერი არასერიოზულიაო. ვუსმენდი, ვუსმენდი და უცებ მივხვდი: ეს კაცი მე ყოველთვის მატყუებდა, ყოველთვის, თანაც, უსინდისოდ და ურცხვად. ერთხელ გაუვიდა და დარწმუნდა, რომ მუდმივად „გადამაყლაპებდა“ ტყუილს მწარე კანფეტივით. ჩემი მდგომარეობა პირველად შევაფასე გონებით, ემოციების გარეშე, მშვიდად ავწონ-დავწონე ყველაფერი და მივხვდი: ოჯახი, ბავშვები, სახლი... – კი, ერთი შეხედვით, მართლაც ფასეულობებია, მაგრამ, თუ ასე უტვინოდ შეეწირები ამ ფასეულობებს, არანაირად არ ღირს. მივხვდი იმასაც, რომ ძალიან მალე გადავიქცეოდი ნევრასთენიკ-ფსიქოპატ ქალად,  დავკარგავდი საკუთარი თავის პატივისცემას. ვფიქრობდი იმას, რომ, ალბათ, არაფრად არ ვღირვარ-მეთქი. არ ვიყავი იმ ასაკის, რომ ჩემი ქალობისთვის ხაზი გადამესვა. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება: ქმარს თავი ისე მოვაჩვენე, რომ ისევ ვაპატიე. წარმოუდგენელი  ძალა ვიპოვე ჩემში, არაადამიანური ძალა. სიმშვიდის შენარჩუნება ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის. ცხოვრებაში პირველად მივიღე ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება მშვიდად და უემოციოდ, გათვლით. ჩემი ქმარი ისე იყო გახარებული, სახლიდან რომ  არ გავისროლე, ყველაფერზე მოაწერდა ხელს. ამიტომ, როცა ვუთხარი, უკვე ასე ადვილად აღარ დავიჯერებ შენს ფიცს, თუ გიყვარვარ, სახლი ჩემზე გააფორმე და ბიზნესშიც სრულუფლებიან მეწილედ გამხადე-მეთქი, მაშინვე დამთანხმდა. ეტყობა, დარწმუნებული იყო, რომ მუჭში ვყავდი გამომწყვდეული. რომ მაინც არსად წავიდოდი მისგან. მერე ვუთხარი, ანაბარზე რომ ფული გვაქვს, იქნებ, ერთი ბინა გვეყიდა. მაინც უძრავი ქონებაა, თან, ბავშვებს მერე მაინც დასჭირდებათ. მანამდე კი გავაქირავებთ-მეთქი. ჭკვიანი გოგო მყავხარო, შემაქო. მშვენიერი ბინა ვიყიდე და ჩემს სახელზე გავაფორმე ისიც და, აი, უკვე ამის მერე გამოვუცხადე – განქორწინება მინდა-მეთქი. თან, წინასწარ ადვოკატებს მოველაპარაკე, ავიყვანე კიდეც კარგი ადვოკატი. უნდა გენახათ ჩემი ქმრის სახე, როცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვამცნე. ლამის გაგიჟდა. ისტერიკა დაემართა. არა. შენ ამას არ გააკეთებო. აუცილებლად გავაკეთებ-მეთქი. ლამის ხელებში ჩამაკვდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავს მოვიკლავო, – დამემუქრა. სიცილი ამიტყდა. უკვე სულ სხვანაირად ვუყურებდი მის საქციელს და ფრაზებსაც სხვანაირად აღვიქვამდი. ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების გადაშლილი ფურცელი იყო. აღარც ვტიროდი და აღარც ვნერვიულობდი.

– უკვე დაშორდით?

– დიახ, თითქმის. მე და ბავშვები ახალ ბინაში გადავედით, სახლს კი აუცილებლად გავაყიდვინებ და წილს წამოვიღებ. იყიდოს თავისთვის ბინა და ირბინოს „ნაშებში“. მუხლებზე ხოხავს, რომ ეს არ გავაკეთო, მაგრამ, უკვე ვიცი, რომ მისი ნდობა არ შეიძლება.

 

 

скачать dle 11.3