კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ცოლთან ყველაფერში დამნაშავე ვარ

იმ ასაკში აღარ ვარ, ჟურნალში გამოსაქვეყნებელი წერილები ვწერო, თანაც, პირად ცხოვრებაზე, მაგრამ, უსაქმურობა რას არ გააკეთებინებს კაცს. უსაქმურობაში კი იმას ვგულისხმობ, რომ, ორი წელია, არსად აღარ ვმუშაობ – ჩვენს სამსახურში ახალი დირექტორი მოვიდა და, როგორც ხდება ხოლმე, ძველი და გამოცდილი თანამშრომლები იძულებით პენსიაზე გაგვიშვა (თუმცა ერთი რვა წელი მაინც მაკლია საპენსიო ასაკამდე) და ჩვენ ნაცვლად თავისი მეგობარ-ნათესავები მიიღო. მაგრამ, ახლა ამაზე არ გწერთ. ეს, უბრალოდ, იმიტომ გავიხსენე, რომ ამის გამო აღმოვჩნდი სახლში, უფუნქციოდ. მართალია, ცოცხალ კაცს საქმეს რა გამოულევს, მაგრამ, ხომ იცით, კაცი მაშინ აღარ არის ოჯახის უფროსი, როცა ოჯახს აღარ (თუ ვეღარ) არჩენს. ამიტომ, თავისუფალი დრო საკმაოზე მეტი მრჩება და, ხშირად, როცა მარტო ვარ, ვზივარ ბუხართან და ჩემს აწმყოსა და წარსულზე ვფიქრობ (მომავალზე ფიქრს აზრი აღარ აქვს; ყოველ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში რომ არანაირ მომავალს აღარ ველი, ეს ზუსტად ვიცი). არ გაგეცინოთ და, ჩემი ფიქრები ძირითადად ისევ ქალებს დასტრიალებს, ოღონდ, იმ ქალებს, ვისაც ჩემი სიჭაბუკიდან დღემდე, რაღაც კვალი (დადებითი ან უარყოფითი) დაუტოვებიათ ჩემს ცხოვრებაში.

ამჟამად ცოლიც მყავს, შვილებიც და შვილიშვილებიც, მაგრამ, მაინც მარტოსულად ვგრძნობ თავს, რადგან, შვილები გათხოვდნენ და ცალკე ცხოვრობენ, შვილიშვილებს თვეში ერთხელ თუ გავახსენდები, ცოლი კი დილიდან საღამომდე მუშაობს და ისეთი დაღლილი მოდის სახლში, ლაპარაკის თავიც აღარ აქვს. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ, ჩემთან ლაპარაკის, თორემ, თუ რომელიმე დაქალმა დაურეკა, საათობით ქაქანებს ტელეფონზე. მე კი, რაზეც არ უნდა ჩამოვუგდო სიტყვა, მარტო „ჰო“ და „არა“ ემეტება ჩემთვის. ამას წინათ ვუსაყვედურე კიდეც – სახლში რომ არ დაგხვდე, ალბათ, ამასაც ვერ შეამჩნევ. მე მთელი დღე გელოდები, რომ რაღაც ვუთხრათ ერთმანეთს, აზრები გავუზიაროთ, შენ კი კეთროვანივით გამირბიხარ. მეც ადამიანი ვარ, დავიღალე მარტო ყოფნით, საუბარი, თანაგრძნობა, თანადგომა და ზრუნვა მჭირდება-მეთქი. ამ სიტყვების გაგონებაზე ცოლმა ირონიულად გადმომხედა და ნიშნის მოგებით მიპასუხა: აბა, გაიხსენე, რამდენი წელი გელოდებოდი დილიდან საღამომდე; რამდენი წელი გეხვეწებოდი საუბარს, ზრუნვას, თანადგომას; რამდენჯერ მითხოვია, თუნდაც კვირაში ერთხელ, ნახევარი საათი მაინც დაგეთმო ჩემთვის, ან, თუნდაც, ელემენტარული ყურადღება გამოგეჩინა, სადმე ერთად წავსულიყავით, ან, ერთხელ მაინც შეგექე, რამით გაგეხარებინე... მაგრამ, შენ ყველა ის წელი, რაც შენი ცოლი ვარ, მარტოობაში გამატარებინე და მეც შევეჩვიე, რომ სიკვდილამდე სულ მარტო უნდა ვიყო. ამიტომ, ნუ გიკვირს, აღარც კი ვიცი, ელემენტარული საუბრის გაბმა, როგორ ხდება. რაც შემიძლია, გემსახურები: გაჭმევ, გასმევ, გაცმევ, გახურავ, გირეცხავ, გიუთოებ და, ახლა, გამრთობის როლსაც ნუღარ შემათავსებინებ, მაინც არ გამომივაო.

საშინლად გავბრაზდი და ისე ვეჩხუბე, მერე თვითონვე დავლიე ვალერიანის წვეთები, მაგრამ, ცოტა რომ დავწყნარდი და მისი სიტყვები გავაანალიზე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ყველაფერი მართალი მითხრა და, ახლა ასე მარტო რომ ვაგდივარ კუნძივით, ჩემი ბრალია. სულ მეგობრებს, ძმაკაცებს, ქალებს ვიყავი გადაყოლილი, ცოლისთვის მართლაც არასდროს მეცალა. ისიც გამახსენდა, რომ ორივე ფეხმძიმობის დროს ექიმმა დილა-საღამოს ფეხით სიარული გამოუწერა და მე ვერც ერთხელ ვერ მოვიცალე, გავყოლოდი. საწყალი, მარტო სეირნობდა ხოლმე ამხელა მუცლით, საღამოობით კი ჩუმად ტიროდა. მე ვხვდებოდი, რა იყო მისი ტირილის მიზეზი, მაგრამ, არ ვიმჩნევდი, ის კი არა, იქით ვუტევდი – ტვინი ნუ წაიღე შენი წკმუტუნით-მეთქი. თავი მაგარ კაცად მიმაჩნდა, ცოლს სურვილებს რომ არ ვუსრულებდი. მეგონა, თავიდანვე უნდა შეჩვეოდა იმას, რომ მე ჩემი ცხოვრება მქონდა, რომელშიც არავის ჩავრევდი, მას კი მორჩილი ცოლის როლში ბედნიერ ქალად უნდა ეგრძნო თავი.

კიდევ ბევრი მსგავსი რაღაც გამახსენდა და ისე შემძულდა საკუთარი თავი, მზად ვიყავი, ფანჯრიდან გადავმხტარიყავი. მერე წარმოვიდგინე, ვაითუ, ჩემს გოგოებსაც ასე ექცევიან ქმრები და შვილები მე არ მიმხელენ-მეთქი. ამის გაფიქრებაზე ისე გადავირიე, კინაღამ სახლში მივუვარდი სიძეებს.

ერთი სიტყვით, ძალიან დიდხანს და ბევრს ვფიქრობდი ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, ჩემს დამოკიდებულებაზე ცოლ-შვილის მიმართ და საოცრად შემეცოდა ჩემი ცოლი, რომელიც ოჯახსაც არჩენდა, ჩვენც გვივლიდა, ჩემს ხუშტურებსაც უძლებდა და ჩემს უყურადღებობასაც იტანდა, თანაც ისე, ერთხელაც არაფერი წამოსცდენია არც თავის მშობლებთან, არც დაქალებთან, არც მეზობლებთან. ის კი არა, ისე მაქებდა ყველგან და ისეთ ლეგენდებს თხზავდა ჩემს კარგ ქმრობაზე, ყველას რომეო და ჯულიეტა ვეგონეთ.

ეს ყველაფერი რომ გამახსენდა, გადავწყვიტე, ბოდიში მომეხადა მისთვის, მომენანიებინა ყველაფერი და რამე კარგი საჩუქრით გამომესყიდა ჩემი დანაშაული, მაგრამ, მან არც ჩემი ბოდიში მიიღო, არც მონანიება დაიჯერა და საჩუქარიც უკან დამიბრუნა – მე ეს მაშინ გამიხარდებოდა, როცა მიყვარდი და თვალებში შემოგციცინებდი; როცა შენი ყურადღებისა და ზრუნვის ნატვრაში ამომდიოდა სული, ახლა კი მოსმენაც მაღიზიანებს. სიმართლე გითხრა, უკვე აბსოლუტურად სულერთია, გიყვარვარ თუ გძულვარ, ნანობ თუ არა. ამდენი წელია, გათხოვილი ვარ და, ისიც კი არ ვიცი, კაცი რა არისო.

მაშ, რატომ არ გამეყარე-მეთქი, – ვკითხე გაწბილებულმა. იმიტომ, რომ ბავშვებს არ უნდოდათ. მითხრეს, მამა სულ მთლად „გაბრადიაგდება“ და ისევ ჩვენი სირცხვილიაო (მაშინ ძალიან ბევრს ვსვამდი, თითქმის ყოველდღე გატიალებული მივდიოდი სახლში და სკანდალსაც ვაწყობდი).

აი, ასე, ჩემო კარგებო. ახალგაზრდობაში, მაპატიეთ, მაგრამ, ცოლი ფეხებზე დავიკიდე და სიბერეში მივიღე პასუხი, თანაც, ისეთი, რომ ბოლომდე ჩამიწიხლა ჩემი მამაკაცური თავმოყვარეობა. მაგრამ, ვერაფერი ვუპასუხე, რადგან აბსოლუტურად მტყუანი ვიყავი მის წინაშე და ხმა არ ამომეღებოდა.

ალე, 57 წლის.

 

ბედნიერი ვარ, რომ ეშმაკს ვძლიე

ღმერთმა ისე ინება, რომ საკმაოდ შეუხედავი დავიბადე. არა, მახინჯი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, სკოლაშიც და სტუდენტობის პერიოდშიც, ისეთი გარეგნობა მქონდა, რომ ჩემით არც ერთი ბიჭი არ დაინტერესებულა. ბიჭი კი არა, გოგონებიც არ მემეგობრებოდნენ. უნდა ითქვას, რომ კლასშიც და კურსზეც ცოტა გაპრანჭულ გოგოებს თავიანთ „სასტავში“ ჩემზე გაცილებით შეუხედავებიც ჰყავდათ „გაწევრიანებული“, მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფულიანი ან თანამდებობიანი მამიკოები ჰყავდათ და მაგრადაც სარგებლობდნენ ამით. ჩემით კი რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ?! ფულიანი კი არა, უფულო მამაც კი არ მყავდა – 5 წლის რომ ვიყავი, ავარიაში დამეღუპა და დედა მარტო გვზრდიდა სამ შვილს. ხანდახან მშივრებსაც კი დაგვიძინია, ისე გვიჭირდა. სკოლა ისე დავამთავრეთ სამივემ, სულ ვიღაცის გამონაცვალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვეცვა. ბანკეტზეც კი ვერ წავედი იმის გამო, რომ ჩასაცმელი არაფერი მქონდა.

დაახლოებით მერვე კლასში მივხვდი, რომ ერთადერთი გამოსავალი მქონდა – ძალიან კარგად უნდა მესწავლა, რომ, თუკი გათხოვება მეღირსებოდა, ჩემს შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. ცუდი მოსწავლე არც მანამდე ვყოფილვარ. მაგრამ, მთლიანად გადავეშვი სწავლაში და მალე კლასში კი არა, მთელ სკოლაში პირველი გავხდი. მოულოდნელად ხატვის ნიჭიც აღმომაჩნდა და სრულიად შემთხვევით ჩემი ნამუშევარი ერთმა მხატვარმა ნახა, რომელიც ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა და გამოფენებში მიმაღებინა მონაწილეობა. ერთ-ერთ გამოფენაზე კი ვიღაც ფრანგმა საკმაოდ ძვირად იყიდა ჩემი ორი ნახატი, თავისთან დამპატიჟა პარიზში და მითხრა, თუ ჩემთან ჩამოხვალ, შენს სწავლას დავაფინანსებ. დიდი მომავალი გაქვს და შენს ნიჭს ნუ დაღუპავო. იმ დროს უკვე სტუდენტი ვიყავი, მაგრამ, მაინც უარის თქმა მომიწია, რადგან დედა იყო მძიმედ ავად და ვერ დავტოვებდი. მაშინ იმ ფრანგმა ქალმა მითხრა, მუშაობა არ შეწყვიტო, დააგროვე შენი ნახატები და გამომიგზავნე ხოლმე, მე ვიცი, რასაც ვიზამო. მართლაც ასე ვაკეთებდი და ის ღვთისნიერი ადამიანი ისე ძვირად ყიდდა იქ ჩემს ნახატებს, რომ ერთ წელიწადში ჩვენმა ოჯახმა ამოისუნთქა. მთავარი პრობლემები რომ მოვაგვარე (დედას ვუმკურნალე, და-ძმა ფეხზე დავაყენე, ვალები გავისტუმრე), გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვისაც მიმეხედა და ბავშვობის ოცნება ამეხდინა. ასეც მოვიქეცი: გავიკეთე ცხვირის ოპერაცია, შევიცვალე ვარცხნილობა, ვიყიდე მანქანა და სპა-სალონების ხშირი სტუმარი გავხდი. ერთი სიტყვით, ხალხში გამოვედი რაც მთავარია, წამოვიწყე ჩემი ბიზნესი, რომელშიც მხოლოდ დედა და და-ძმა ჩავრთე, მოკლედ, ცხოვრება ავაწყვეთ. საქმე ისე კარგად წაგვივიდა, რომ ბიზნესი გავაფართოვე და უკვე ორმოცდაათამდე ადამიანი მყავდა დასაქმებული, თან, გასაუბრების გარეშე არავის ვიღებდი, რადგან პროფესიონალები მჭირდებოდა. ჩემმა ფირმამ საკმაოდ გაითქვა სახელი და ჩემთან მოსახვედრად საკმაოდ დიდი კონკურსი იყო ხოლმე. მყავდა სანდო ადამიანები, მაგრამ, თანამშრომლებს, დამლაგებელსაც კი, თვითონ ვარჩევდი.

ერთ-ერთი ასეთი საკონკურსო შერჩევის დროს, როცა ორი ახალგაზრდა ქალი გასაუბრებისას დავიწუნე, ერთ-ერთი წინ წამოდგა, მთელი სახით გამიღიმა და აღტაცებული ხმით იყვირა:

– ვაიმე, შენ ნინუცა არ ხარ? ვერ მიცანი? ასე უნდა, ბავშვობის მეგობრის დავიწყება? მაცაცო ვარ, აღარ გახსოვარ?

რომ დავაკვირდი, ძლივს ვიცანი ჩემი თანაკლასელი მაცაცო, ყველაზე პოპულარული და ყველაზე ამპარტავანი გოგო სკოლაში. მერე ისიც გამახსენდა, როგორ დამამცირა მთელი კლასის წინაშე: ერთხელ გაკვეთილი გაგვიცდა და ბავშვები სკოლის ეზოში ჩავედით. მაცაცო თავისი „ნაზირ-ვეზირებიანად“ სკამზე იჯდა, მე კი ოდნავ მოშორებით ვიდექი მორიდებით.

– ნინო! – დამიძახა მაცაცომ, – გინდა, ჩემს „კუტოკში“ მიგიღო?

მე სულელს გამიხარდა, მისი ყურადღების ღირსი რომ გავხდი და სიხარულით დავუქნიე თავი.

– მაშინ, სადაც წავალ, ყველგან თან უნდა მახლდე, ჩემი ჩანთა ატარო და, როცა დამჭირდება, ფეხსაცმელი გამიწმინდო! – გამომიცხადა მაცაცომ და დამცინავად გადმომხედა. მერე თავის ამქარს გახედა – ხომ მაგარი ვარო და, იმათაც, ერთგულების დასამტკიცებლად, ისეთი ხარხარი ატეხეს, მიწა რომ გამსკდომოდა, ის მერჩივნა.

აი, სწორედ ის მაცაცო იდგა ჩემ წინ და ჩვენს ბავშვობისდროინდელ „მეგობრობას“ მახსენებდა, სინამდვილეში კი ამით სამსახურს მთხოვდა. მისი გარეგნობიდან ჩანდა, რომ ძალიან უჭირდა: შეუღებავი თმა, გამხდარი და დანაოჭებული სახე, გახუნებული ტანსაცმელი და გადაბრეცილქუსლებიანი ჩექმა აშკარად მეტყველებდა მის მატერიალურ მდგომარეობაზე. გამოგიტყდებით, რომ რაღაც მომენტში ეშმაკმა იმძლავრა ჩემში და სურვილი გამიჩნდა, მეც ისევე დამემცირებინა ამდენი ხალხის წინაშე, როგორც ერთხელ მან დამამცირა და მეთქვა, რომ მხოლოდ ტუალეტების დამლაგებლის ადგილი მქონდა, მაგრამ, დროზე მოვეგე გონს და უარით შემოვიფარგლები –  შენი შესაფერისი ვაკანსია არ მაქვს-მეთქი, მაგრამ, უცებ, იმდენი ხალხის წინაშე, ჩემ წინ მუხლებზე დაეცა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი და ვედრება: „ვიცი, რომ დამნაშავე ვარ შენ წინაშე და არანაირ თანაგრძნობას არ ვიმსახურებ, მაგრამ, აი, მუხლმოყრილი გევედრები. მიშველე, რამე ადგილი გამომიძებნე, თორემ, სახლის პატრონი ბინიდან გამოგვყრის მე და ჩემს შვილს, რომელსაც ტუბერკულოზი აქვს და, წამალი კი არა, საჭმელი ვერ მიყიდია მისთვისო. საშინელი მომენტი იყო. სანამ რამეს მოვიფიქრებდი და პასუხს გავცემდი, ისევ ყველას გასაგონად მთხოვდა – არანაირ სამუშაოს არ ვითაკილებ, დამლაგებლადაც სიხარულით ვიმუშავებ, ოღონდ უარი არ მითხრაო. ეს უკვე მეტისმეტი იყო. მაშინვე წამოვაყენე და ჩემს კაბინეტში გავიყვანე. მივხვდი, რომ მშიერი იყო და ჩემს მენეჯერს ჯერ ხაჭაპური მოვატანინე, მერე – ყავა და ნამცხვარი. საუბრისას გავიგე, რომ მშობლები გარდაცვლოდა, მის ქმარს, რომელიც „იგროკი“ აღმოჩნდა, მაცაცოს მშობლების ბინაც, მანქანაც და აგარაკიც კაზინოში წაუგია, ცოლ-შვილი ქუჩაში დაუტოვებია და თვითონ სადღაც გადაკარგულა. ბავშვს კი ფილტვების სისუსტე ჰქონია და უჭმელობისა და უპირობობის გამო, ძალიან გართულებია მდგომარეობა. თავად მაცაცოს რაღაც ინსტიტუტი კი დაუმთავრებია, მაგრამ, ცხოვრებაში ერთი დღეც  არსად უმუშავია და ახლა ყველანაირ სამუშაოზე იყო თანახმა, ოღონდ კი შვილისთვის ორი ლუკმა საჭმელი ეყიდა და ბინის ქირა გადაეხადა.

მაცაცოს შესაფერისი ვაკანსია მართლა არ მქონდა, ვერც დამლაგებლობას ვაკადრებდი. ამიტომ, შევპირდი, რამეს გიშოვი-მეთქი და ფულითა და პროდუქტებით დატვირთული გავუშვი სახლში. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჩემს ახლობელთან მივიყვანე ძიძად. მერე დავითანხმე, ბინაც იმ ოჯახის მეზობლად, გვერდითა სადარბაზოში ექირავა, რომ ბავშვისთვისაც უკეთ მიეხედა და გზის ფულიც არ დაეხარჯა ზედმეტად. მისი შვილი კი ერთად წავიყვანეთ საუკეთესო ექიმთან, მერე საავადმყოფოშიც დავაწვინეთ და ბოლომდე ვუმკურნალეთ.

დღეს მაცაცო და მისი ბიჭი ნორმალურად არიან. ის ოჯახი ხელფასსაც კარგად უხდის და ათას რამეშიც ეხმარება; რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, არც მე ვაკლებ რამეს. 

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ მთავარი გითხრათ: ვერ აგიწერთ, როგორი ბედნიერი ვარ, მაშინ ის წუთიერი სისუსტე რომ დავძლიე და სამაგიერო არ გადავუხადე მაცაცოს. მეც რომ ისე მოვქცეოდი, როგორც ის მომექცა ბავშვობისას, დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება დავიტანჯებოდი, შეცდომას კი ვეღარ გამოვასწორებდი.

ნინო, 33 წლის.

 

ალბათ, ეს ტკივილიც გამივლის

თქვენი რუბრიკა ძალიან მომწონს და ყოველთვის ვკითხულობ. ერთხელ ჩემი ისტორიის მსგავსი ამბავი წავიკითხე და გადავწყვიტე, მეც მომეწერა:

ამ რამდენიმე ხნის წინ ვიყიდე მობილურის ნომერი. შემდეგ გვიან აღმოვაჩინე, რომ ეს ნომერი ადრე სხვას ჰქონია და მერე ოფისს გაუყიდია. ის გოგო, ვისაც ჩემამდე ეს ნომერი ჰქონდა, ჩემი აზრით, პატიოსნებაზე ვერ დადებს თავს, რადგან, უამრავმა ბიჭმა დაიწყო ჩემთან რეკვა, ელენეს კითხულობდნენ და საკმაოდ არასასიამოვნო რაღაცეებს ამბობდნენ, მაგრამ, როცა რწმუნდებოდნენ, რომ მე ელენე არ ვიყავი, მერე ჩემი გაცნობის სურვილს გამოთქვამდნენ.

გავიდა დრო და დამირეკა ვიღაც ბიჭმა. მასაც ჩემი გაცნობა უნდოდა, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მან ჩემი სახელიც იცოდა და ისიც, სად ვცხოვრობდი. ამ ამბავმა დამაინტრიგა – დავინტერესდი, ვინ იყო და საიდან იცოდა ჩემი სახელი და მისამართი. ამიტომ, ზოგჯერ ვპასუხობდი ხოლმე მის ზარებს. ეტყობა, ამან გაათამამა და ბოლოს 24 საათის განმავლობაში რეკავდა, სიყვარულს მეფიცებოდა და მიმტკიცებდა, რომ უჩემოდ გაძლება აღარ შეეძლო. როდესაც არ ვპასუხობდი, მწერდა, ვენებს გადავიჭრი და ყველაფერში მხოლოდ შენ იქნები დამნაშავეო. მეც შევეჩვიე მის ზარებს, თან, ძალიან მოხიბლული ვიყავი მისი ხმით და, მივხვდი, რომ მეც ვეღარ ვძლებდი მის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მატყუებდა და მე ამას ვხვდებოდი. ერთხელ ისეთი დიდი და არარსებული ტყუილი მითხრა, წესით, მაშინვე უნდა შემეწყვიტა მასთან ურთიერთობა, მაგრამ, რატომღაც, ეს არ გავაკეთე. ნიკამ მითხრა, ვითომ ის და მისი ტყუპისცალი ძმა მის გამო მოყვნენ ავარიაში და ძმა დაეღუპა, რაშიც ნიკა თავს იდანაშაულებდა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ტყუოდა, მაინც ვცდილობდი, გამემხნევებინა და ეს მძიმე ტვირთი შემემსუბუქებინა. ერთხელ კი ვთხოვე, „ოდნოზე“ ჩემი ფოტო ენახა, რადგან, მინდოდა, სცოდნოდა, ვიზუალურად როგორი ვიყავი. ამას გარდა, მჯეროდა, რომ თავს დამანებებდა, რადგან გრძელფეხება ქერათმიანი ლამაზმანი ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ამან არ გაამართლა – ჩვენ ისევ განვაგრძობდით ურთიერთობას ტელეფონით და ძალიან ხშირად ვკამათობდით მისი ტყუილების გამო, ერთხელ კი მეც მოვატყუე.

ეს კი აღარ მოეწონა და მითხრა, ვითომ შეყვარებული ჰყავდა, აქამდე ნაჩხუბრები იყვნენ, ახლა კი შერიგდნენ და ჩემი ნახვა და ჩემთან ურთიერთობა აღარ უნდოდა. მიზეზად კი ის დაასახელა, არ მინდა, შეგიყვარდე და ამიტომ თავი დამანებეო. უკვე აღარ ვიცოდი, ისევ მატყუებდა თუ მართალს მეუბნებოდა, მაგრამ, მასთან დაშორება ნამდვილად აღარ მინდოდა, ამიტომ, თავი დავიმცირე და ურთიერთობის გაგრძელება ვთხოვე. ასე, ძირითადად, იმიტომ მოვიქეცი, რომ, მეგონა, სულიერი და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებოდა, რისი გაკეთებაც მხოლოდ მე შემეძლო.

ამის შემდეგ ხშირად ვკამათობდით და მისგან ისევ უამრავ ტყუილს ვისმენდი, მაგრამ, სულ უფრო ხშირად მეუბნებოდა, რომ აღარ სურდა ჩემთან ურთიერთობა, მე კი კვლავ თავს ვიმცირებდი. ბოლოს მეც ვნახე მისი ფოტო „ოდნოზე“, რის შემდეგაც მხოლოდ რამდენჯერმე ვილაპარაკეთ და მას მერე აღარ მეხმიანება. სხვათა შორის, მას ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლოც გავანდე, რაც მან არაფრად ჩააგდო. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს დღემდე ვნანობ და, ვიცი, კარგა ხანს გამყვება სინანულის გრძნობა, რადგან ეს შეცდომა ჩემი გულუბრყვილობით დავუშვი და, კიდევ იმიტომ, რომ მანამდე  არასდროს მყვარებია.

გული კი ერთი რამის გამო მტკივა: ნამდვილი არარაობის დახმარება ვცადე და, საბოლოოდ, მე თვითონ გამოვჩნდი მის თვალში არარაობად. მაგრამ, არა უშავს, ალბათ, ეს ტკივილიც გაივლის. ყველა ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

ნათია, 18 წლის.

 

გადავწყვიტე, ჩემი შეყვარებული დავივიწყო

დიდი ხანია, „თბილისელებს“ ვკითხულობ, განსაკუთრებით კი თქვენი რუბრიკა მაინტერესებს – სულ ვეძებ, იქნებ, ჩემი ისტორიის მსგავსი რამ ამოვიკითხო, იქნებ კიდევ ვინმეს გადახადა თავს ჩემნაირი ამბავი, თუმცა, არავის ვუსურვებ იმ ტრაგედიებს, რაც მე გადავიტანე.

არც მანამდე მქონდა დალხენილი ცხოვრება, მაგრამ, აგვისტოში დედა გარდამეცვალა და ისეთ შოკში ჩავვარდი, თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა. პრაქტიკულად, მარტო დავრჩი პატარა შვილით ხელში. მამას მიტოვებული ვყავდით და არც მანამდე გვაქცევდა ყურადღებას, ქმართანაც გაყრილი ვარ – არ გამიმართლა, ნარკომანი გამოდგა.

დედის გარდაცვალების შემდეგ გავიცანი ბიჭი და ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. ხუთი თვე თითქმის სულ ერთად ვცხოვრობდით, ერთი წუთითაც არ მტოვებდა მარტოს. მაღმერთებდა, უჩემოდ ვერ ძლებდა, ყველგან ერთად დავდიოდით. სახლშიც სულ ერთად ვიყავით. ისე მექცეოდა, საეჭვიანო ვერაფერი შევამჩნიე. შემდეგ დავფეხმძიმდი. გაუხარდა და მითხრა, ბავშვს თუ მოიშორებ, დაგკარგავო და ამიტომ გაჩენა გადავწყვიტე. მალე უცხოეთში წავედი და იქ გავიგე, რომ ჩემი ყოფილი დაქალის დაქალს ხვდებოდა. ალბათ, ეგონა, რომ ვერ გავიგებდი. მერე ისე მოხდა, რომ მუცელი მომეშალა და ისიც ისე გაქრა, წარმოდგენა არ მაქვს, სად არის. არც მწერს და არც მეხმიანება, არადა, მისი ძმაკაცები დღემდე მკითხულობენ, იგებენ, სად ვარ, როგორ ვარ. მე კი ძალიან ვიტანჯები, რადგან, საოცრად მენატრება. არც კი მეგონა, ასე თუ მიყვარდა, მაგრამ, უნდა ვძლიო ჩემს გრძნობებს და როგორმე დავივიწყო – უკვე გადავწყვიტე, რომ მასთან ყველაფერს მოვრჩი.

თათა, 20 წლის.

 

скачать dle 11.3