კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოცნება აისრულა ნუკი კოშკელიშვილმა და როდის არის ბექა ელბაქიძე არანორმალური და არაადეკვატური

„იმედის დილა” ამ ორ ადამიანთან ერთად ყველაზე საინტერესო და გიჟურია. ფერადოვნება, სტიქიური იუმორი, მხიარულება ყოველ დილას ეთერიდან თუ ბექას ჩართვებიდან მდინარესავით მოედინება. ერთმანეთთან ინტერვიუს დროს კი საკმაოდ ოფიციალურები აღმოჩნდნენ.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ბექა ელბაქიძე

– ესე იგი, დაბრუნდი „იმედის დილაში“. როგორია?

– ძალიან კარგია. მით უმეტეს, რომ აქედან დავიწყე – „იმედის დილაში„ გამოვჩნდი პირველად და, სულ ვფიქრობდი, რომ სრულად ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობების გამოყენება. პატარა და გამოუცდელი ვიყავი. ახლა კიდევ მომეცა შანსი, რომ დავამტკიცო, რა შემიძლია; ვაჩვენო მაყურებელს, გავიზარდე თუ არა, როგორც პროფესიონალი. მომწონს ეს დაბრუნება. ჩემთვის ყოველთვის ახლოს იყო მსგავსი ტიპის გადაცემა, რომელიც მოიცავს ყველაფერს, სპორტს, სამზარეულოს, კარგ იუმორს... „დილა“ მაინც არხის სახეა – როგორც იწყება არხი დილიდანვე, იმით გრძელდება მთელი დღის განმავლობაში.

– ზოგს ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს დილის გადაცემების მიმართ.

– კი, ხშირად ამბობენ ამას, მაგრამ, ჩემთვის ასე არ არის. დილა ძალიან ბევრს წყვეტს. როდესაც ოჯახიდან ზოგი სამსახურში მიდის, ზოგი – სკოლაში, ასაკოვანი ადამიანები ტელევიზორთან რჩებიან; ყველა თუ არ უყურებს, უსმენს მაინც და დილითვე უკვე საჭირო ინფორმაციას იღებს.

– ყველაზე საპასუხისმგებლო სეგმენტი სწორედ ბავშვებია. პარტნიორებზე რას იტყვი? იყო გოგიჩა, კოტიკო…

– გადაცემების შეცვლის ხიბლი ისიც არის, რომ უნდა შეითვისო და შეისწავლო ახალი პარტნიორი. კარგად შევეწყვე ლევანს და სოსოს. ისინი განსხვავებულები არიან და გარკვეულ როლებს ითავსებენ. სოსოსთან ზუსტად ვიცი, რომ, შემიძლია, გავჩუმდე კიდეც და ის იტყვის ჩემს სათქმელს, ძალიან დალაგებული და გაწონასწორებულია; ლევანთან კი შემიძლია, გაუთავებლად ვილაპარაკო, მანაც ილაპარაკოს, მყვება გიჟობაში, ცეკვაში. სხვათა შორის, გოგიჩასთან ეს პრობლემა მქონდა – არასდროს მეცეკვებოდა. ნიკა დვალიძეც ცეკვავს ჩემთან ერთად. აი, შენ ჩართვებზე ხარ, თორემ, შენც აგაცეკვებდი. 

– მეც იქიდან არ ვცეკვავ, აბა რას ვშვრები?! აი, ახლა ვიღაც იტყვის, ესენი ტელევიზორში ჩანან, რა ენაღვლებათ, მთელი დღე ცეკვა-თამაშში არიანო (იცინიან). დილის გადაცემის გარდა კიდევ რამე შემოთავაზება ხომ არ გაქვს?

– ჯერჯერობით არაფერი. ერთადერთი, ზუსტად ვიცი, რომ სერიალს დავიწყებთ და სექტემბრიდან უკვე „იმედის” არხზე გავა ეთერში. ეს არის ლიტვურ-ქართული პროექტი. უკვე  დამტკიცებული ვარ როლზე, მაგრამ, დეტალები ჯერ არ უთქვამთ. ერთადერთი, ის ვიცი, რომ კომედიური სერიალია.

– რაღაც დაბრუნდა, ხომ, შენს ცხოვრებაში: „დილა“ და მერე – სერიალი. „კლინიკას” ვგულისხმობ.

– კი, კი. მერე იქნება მეორე „ყოფილი ცოლები” (იცინიან). „კლინიკაზე” ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი პირველი როლი. ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი ყველა ნიუანსს, რომელიც უნდა გამეკეთებინა, რადგან ძალიან მაგარი მსახიობების გვერდით ვმუშაობდი. დიდი პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. გამიმართლა რეჟისორშიც. ახლაც სულ იმას ვკითხულობ, რამდენად ზუსტად მიმითითებს და ამიხსნის რეჟისორი, რა უნდა ჩემგან, რადგან, გიორგი ლიფონავას შემთხვევაში, ზუსტ ამოცანებს ვიღებდი, ის თვითონ გაჩვენებს, რა უნდა, თვითონ გათამაშებს. მე პატარა ნიუანსს თუ დავუმატებდი, რომელიც ერთგვარ ხიბლს სძენდა პერსონაჟს. ხომ ხედავ, მომეცა შანსი,  „დილაშიც“ დავამტკიცო, რა შემიძლია და სერიალშიც. 

– როგორია ხალხის დამოკიდებულება შენს მიმართ?

– ძალიან ბევრმა მითხრა, გაგვიხარდა „დილაში“ შენი ხელახლა გამოჩენა, ეს ბევრად უფრო გიხდებაო. რასთან შედარებით მეუბნებიან ამას, არ ვიცი. ზოგადად ნუკის როგორ აფასებენ, ეს ჩემთვის ცოტა უცნაური თემაა. არა მგონია, პირში ვინმემ მითხრას, ძალიან ცუდი ხარო, ამიტომ, მხოლოდ დადებითს ვისმენ. 

– ნუკი, ამ საღამოს, მინუს შვიდ გრადუს სიცივეში, ასეთი ბრჭყვიალა, ფერადი და თხელი სამოსით ხარ. არაჩვეულებრივად გამოიყურები, მაგრამ, ასე აუცილებელია პოპულარობის გამო მსხვერპლზე, კომპრომისებზე წასვლა, რაღაცეებისთვის ანგარიშის გაწევა? 

– ალბათ, არსებობს რაღაცეები, რასაც ანგარიშს ვუწევ...

– მაგალითად, პურზე ჩუსტებით ჩახვიდოდი?

– რატომაც არა, რატომ არ შეიძლება ასე მოხდეს?!

– რატომ არ უნდა გქონდეს მაღაზიაში ვალი?! (იცინიან). დილით დენდივით გამოწყობილი გამოვდივარ, ცილინდრის მოხდით ვესალმები ხალხს, მაღაზიაში შევირბენ და ვეუბნები,  ნონა, ხუთი ლარი მომეცი-მეთქი; მერე ტაქსიში ჩავჯდები და მივდივარ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ცხოვრებაა და ჩვენც ასე ვცხოვრობთ.

– დარწმუნებული ვარ, მაყურებელს უფრო ეყვარება ბექა ელბაქიძე, რომელსაც მაღაზიაში ვალი აქვს, ვიდრე ყოვლისშემძლე, თავში ავარდნილი ბექა.

– „აუ, მე „მარშუტკით” როგორ წამოვალ“?! 

– მსგავს ფრაზებს ვერ ვიტან. ძალიან ხშირად მისეირნია ავტობუსით. განმარტოვდები შენ თავთან, მოუსმენ მუსიკას, დააკვირდები ადამიანებს, ქუჩებს და იფიქრებ.

– ჩარლი ჩაპლინი სწერდა ჯერალდინას, თავის შვილს, ხშირად ჩადი მეტროში უბრალო ხალხთანო. აი, მეტრო კი დიდად არ მიყვარს.

– მე მიყვარს, ზაფხულში ყველაზე კარგი ტრანსპორტია.

– ზაფხულში თავმოხდილი ავტობუსებით დავდივარ, წრეებს ვარტყამ. 

– გაირკვა, რომ ჩვენი პოპულარობა მსხვერპლს არ მოითხოვს. დღეს ინტერვიუ და ფოტოგადაღება რომ არ გვქონოდა, ალბათ, მაინც ასე ჩაცმული ვიქნებოდი. ხასიათს გააჩნია. თუ განწყობაზე ვარ, ჩვეულებრივ დღესაც კი შემიძლია, სადღესასწაულოდ გამოვიყურებოდე, მაგრამ შეიძლება, დაბადების დღეზე მივდიოდე და ისე უხასიათოდ ვიყო, რომ მართლა „ჩუსტებით” მომინდეს წასვლა.

– ტელევიზიამ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?

– უამრავი რამ. ჯერ ერთი, გავიზარდე. როდესაც სამსახურს იწყებ, ვითარდები და სწავლობ რაღაცას. ეს ზრდის ტემპი განსაკუთრებით საგრძნობი ტელევიზიაშია. ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. ოცნებად მქონდა ტელევიზია და ეს ჩემთვის ერთგვარი ოცნების ასრულებაა.

– გაგიჭირდება, ხომ, მის გარეშე?

– საშინლად. არც კი მინდა წარმოვიდგინო, მის გარეშე როგორ ვიქნები. სიყვარულიც არის, მიჩვევაც... – ალბათ, ნარკოტიკივითაა  საშინელი და ამავდროულად ძალიან, ძალიან კარგი შეგრძნებაა, ეკრანზე რომ ხარ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნუკი კოშკელიშვილი

– როდესაც გიყვარს სცენა, ეკრანი და მას გართმევენ, ამან, შეიძლება, სერიოზულ დეპრესიაში ჩაგაგდოს. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე? 

– დიახ, ზოგადად, ძალიან მგრძნობიარე ხალხი ვართ. ყველაზე დიდი პაუზა, რაც ეკრანზე არ გამოვჩენილვარ, ექვსი თვე იყო, მაგრამ, იმ პერიოდში კინოში ვთამაშობდი, შესაძლოა, იმან შეავსო ეს სიცარიელე და ამიტომ არ მიგრძნია თავი ცუდად.

– წარმოიდგინე, რომ ისიც არ იყოს.

– ვერ წარმოვიდგენ. ალბათ, დეპრესია დამემართება. რა მჭირდა, იცი, ერთი პერიოდი?! სულ სტუდიაში ვიყავი, გადაღებებზე გასვლა არ მიწევდა და ძალიან მენატრებოდა მიკროფონით გადაღებაზე წასვლა, იმდენად მქონდა აქტიური ჟურნალისტიკის უკმარისობა. 

– წარმოიდგინე, რომ მაღალ პოზიციაზე მუშაობ, ვთქვათ, ბანკში, კარგი ხელფასი გაქვს და თავს მშვენივრად გრძნობ. ამას გაუძლებ?

– მქონდა კარგი სამსახურები მაღალი ხელფასით, მაგრამ, არ არსებობს, ოფისში ვერ ვიმუშავებ. თუ არ ვმოძრაობ ვერცხლისწყალივით, ისე ცხოვრება არ შემიძლია. 

– როგორია შენთვის „იმედის დილა”?

– მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ტელევიზიაში ვარ, სულ სხვადასხვა ტიპის გადაცემა მიმყავდა. აქამდე მეუბნებოდნენ, ყველაზე კარგი მაინც „ჟურნალისტის დღიურში” იყავიო; მერე იმავეს ამბობდნენ „მზის კინოკლუბზე”. ახლა უკვე ძალიან ბევრი მეუბნება, რომ ზუსტად ისეთი ხარ, როგორსაც დილის გადაცემაში გხედავთო – მხიარული ბიჭი. არ ვთამაშობ, მართლა ეგ ვარ: ხუმრობა მომინდება – ვიხუმრებ, ცეკვა მომინდება – ვიცეკვებ, სიმღერა მომინდება და, მიუხედავად იმისა, რომ „ყრუ“ ვარ, მაინც ვმღერი. „ქალაქურის შეხვედრებში” კი სერიოზული ვარ. 

– ერთ გადაცემაში ორი იმიჯი მოირგე: „ქალაქურის შეხვედრები” გაქვს, სადაც ნორმალური, ადეკვატური ადამიანი ხარ, ჩართვებზე კი – სრულიად არანორმალური და არაადეკვატური. ეთერში სრული გნიასი და ქაოსია ამ დროს. ამასთან, ვიცი, რომ უკვე მეორე რომანზე მუშაობ.

– კი, კარგი ამბები მაქვს. ერთი რომანი, „ნაპოლეონი”, „ცისკარში” იბეჭდება, რომელიც ახლა მწერალთა კავშირის კონკურსზეა გასული, თუ რამე ადგილს აიღებს, ვნახოთ. გარდა ამისა, ლაგოდეხის კულტურის ცენტრიდან დამირეკეს და მითხრეს, მისი პიესად გაკეთება, დადგმა და „დურუჯზე” გატანა გვინდაო. ამასობაში დავამთავრე მეორე რომანიც, რომელიც უფრო ავტობიოგრაფიულია. 

– მართლა?!

– კი, „ბიჭი სულელების ყუთიდან”. ჯერ კიდევ ორმოცდაათიან წლებში თქვეს ეს ძმებმა ტრუგაცკებმა. შიში იყო, რომ ის მთლიანად ჩაანაცვლებდა კინოსა და თეატრს მაგრამ, ასე არ მოხდა. სულელების ყუთია, აბა რა, ოცდაოთხი საათი ზის ადამიანი და მხოლოდ მასში გამოსახულ კადრებს უყურებს.

– მაშინ, რატომ იღებ სისულელის კეთებაში მონაწილეობას? თან, გრცხვენია?

– არაფრის არ მრცხვენია, თვითონ სულელი ვარ და რისი უნდა შემრცხვეს? მოდი, ჯერ წავიკითხოთ და მერე ვიმსჯელოთ.

– როდის გაგიჩნდა წერის სურვილი?

– სულ ვწერ. იყო კინოსცენარები, პიესები, ლექსები, მაგრამ, ისინი არ დამიბეჭდავს. ასე ნელ-ნელა მივედი პირველ რომანამდე. 

– ბაკურიანში რა ხდებოდა? ასეთი გიჟური გადაცემა არ მინახავს.

– აი, ბაკურიანში სრულიად არაადვეკატურები ვიყავით. წარმოიდგინე, თაფლის არაყზე რომ ხარ გამოუფხიზლებლად, თან, რომ სრიალებ და რეპორტაჟებს აკეთებ. ისეთი მუღამი ჰქონია სიმთვრალისას რეპორტაჟის გადაღებას, ვერ წარმოიდგენთ. 

– მეოცე საუკუნის დასაწყისიდან გადმოსულ ადამიანს რატომ ჰგავხარ? შენს იმიჯს ვგულისხმობ.

– ასე ვარ. არ ვიცი, ყველაზე მეტად მომწონს ის ეპოქა  და მინდა იქ ცხოვრება. არ მინდა ეს ტექნოლოგიების, ინფორმაციის, სასწაული სისწრაფით მოძრავი საუკუნე. „შუაღამე პარიზში” იყო იდეალური ფილმი – ტიპმა ყველა ოცნება აისრულა. სიამოვნებით გავივლი იმავე გზას და რეალური დროიდან გადავიდოდი გასული საუკუნის დასაწყისის პარიზში. როგორი მაგარია, ჰემინგუეის რომ ხვდება... სხვათა შორის, დავიჯერე დროის მანქანის არსებობის. ჩვენთან იქნება რეპორტაჟი მაგაზე. აღმოჩნდა ვიდეოები, სადაც ძველ დროში, სმოკინგებიან და ცილინდრებიან ტიპებთან თანამედროვედ ჩაცმული ტიპები აღმოჩნდებიან, „ნიკონის” ახალი ფოტოაპარატით, ერთი ვიდეო არსებობს მობილურზეც კი ლაპარაკობს.

– შენ გინახავს ჩაპლინის ერთ-ერთ ფილმში ტელეფონზე ლაპარაკით რომ გაივლის ტიპი?!

– კი, „ბიჭუნაში” და ესეც იქნება სიუჟეტში. 

– ნანახი მაქვს მეჩვიდმეტე საუკუნის ფოტო, სადაც ნიკოლას ქეიჯია გამოსახული. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილი ფოტოა, არ არის მონტაჟი. ვიღაც იმდროინდელ ტიპთან ერთად დგას ქეიჯი. „იდენტიფიქეიშენ დისქავერიზე” იყო. 

– მოკლედ, სიამოვნებით ვიმოგზაურებდით დროში.

– ვისი გაცნობა გინდა ყველაზე მეტად? ერთი ადამიანი მითხარი.

– ერთი რატომ?! დავიწყებ, რა! სიამოვნებით ჩავხტებოდი ჰერტრუდა სტაინის სალონში, სადაც ყველა იკრიბებოდა – მოდილიანი, პიკასო, ჰემინგუეი, ფიცჯერალდი, დალი... მთელი საგიჟეთი იყო. აი იქ ჩავვარდებოდი სიამოვნებით.

– ერთი პიროვნება არ არსებობს ისეთი, ვისზეც ნანობ, რომ ეპოქებში აცდით?

– არა, ერთი არ არის, ბევრია. საერთოდ, ვამბობდი, რომ სამი საოცნებო ინტერვიუ მაქვს- მეთქი, საიდანაც ერთი ამისრულდა – ტონინო გუერა ჩავწერე. დამრჩა მარკესი და ბერტოლუჩი. იქნებ, მალე გამომივიდეს, რადგან, ორივე საკმაოდ შეუძლოდ გრძნობს თავს. ერთი დღე დავჯდებოდი და ვუყურებდი, ტიპი როგორ წერს, როგორ ფიქრობს. შენ ვის ნახავდი სიამოვნებით?

– ოსკარ უაილდსა და ბერნარდ შოუს. როგორც ტიპაჟები, ისე მომწონს. არა იმდენად მათი ნაწარმოებები, მათი პიროვნება ბევრად უფრო საინტერესოა. აფორიზმები, შეხედულებები, იუმორი – უმაღლეს დონეზე. ვიცი, რომ ცოტა შავბნელი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ, მაინც სიამოვნებით გავესაუბრებოდი.

– მოკლედ, მივდივართ: მე – მეოცე საუკუნის დასაწყისში, შენ – კიდევ უფრო უკან (იცინიან). პირდაპირ „იმედის დილიდან”. 

 

 

скачать dle 11.3