რა დაიბარა ვახტანგ მეექვსემ და რატომ მიაჩნია დავით გურამიშვილს, რომ მისი ანდერძი უგულვებელყვეს
ფეოდალური ხანის საქართველოს უდიდესი პოეტის, დავით გურამიშვილის ბიოგრაფია ჯერაც ბურუსით არის მოცული. ასე მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, რომელიც ამჯერად ლეკების ტყვეობიდან თავდაღწეული დევნილის სამშობლოში არდაბრუნების მიზეზებზე ისაუბრებს:
მეთვრამეტე საუკუნის ოციან წლებში, „ქვეყნის წახდენის მიზეზით” ახალგაზრდა კახელი თავადი – დავით გურამიშვილი ქსნის ხეობას, ლამისყანას შეეხიზნა. მას, ალბათ, ხუთიოდე წელი უნდა დაეყო იქ... აქედან გატაცებული, ლეკურ სოფელში მიიყვანეს და გაყიდვა დაუპირეს. ერთხელ გაქცევა მოახერხა, მაგრამ დაიჭირეს, პანღურებიც უთავაზეს და უკანვე დააბრუნეს. ტყვეობაში დავითმა სიზმარი ნახა...
– ბატონო გელა, ძველი თაობის მკვლევრები, დარწმუნებული ვარ – სიზმრის ეპიზოდს არაჯეროვნად, აგდებულად მოეკიდებოდნენ, მარქსისტული იდეოლოგიის პოზიციებიდან... მაინც რა ნახა ტყვემ სიზმარში?
– საბჭოთა ფსიქოლოგიის დამოკიდებულება სიზმრის ფენომენისადმი სხვა დროს გავარჩიოთ...
სიზმარში დავითს ხმა ჩაესმა: „აქ რას უწევხარ საძილოდ, რატომ არ წახვალ შინაო”, „რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?” „ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!”
მძინარეს ასე ეგონა – ვიღაც სხვა ტყვე მოუყვანიათ ჩემსავით პატიმრადო და უპასუხა: თუ რამე შეგიძლია, შენს თავს მოეხმარე, რადგან არ გეშინია და გზა იცი, შენ თვითონ გაიპარე, მე კი თავი დამანებე! ჩემი სათხოვარი უფალს შევავედრე და ქრისტე ღმერთი იზრუნებს ჩემზე, შენ კი ვერ გენდობი, რა ვიცი ვინა ხარ! უჩინარმა ხმამ მიუგო, რომ „ვისაც შენ ამბობ”, სწორედ მისი დავალებით ვმოქმედებო და დაამატა: „გზას გაძლევს ცრემლი მოყვასთა, უკან ძმისა და წინ დისა”. ჩემი, როგორც ფსიქოლოგის კითხვა ასეთია – რას ნიშნავს ფრაზა – „უკან ძმისა და წინ დისა”? აქვე, უნდა განვაცხადო, რომ ასეთი შეკითხვა ჩემამდე არავის დაუსვამს.
– მეცხრამეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან, მარი ბროსედან დაწყებული, გურამიშვილის შემოქმედებას და ბიოგრაფიას ათეულობით მკვლევარი იკვლევდა... და სულ არავის? იქნებ, შეკითხვა ან პასუხი, ან ორივე ერთად – ღირებულებით ინფორმაციას არ შეიცავს? თუმცა, დაე, მკითხველმა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც კითხვაზე პასუხისას თქვენეულ ვერსიას გაეცნობა.
– „დავითიანის” ქვაკუთხედია: 1. სამშობლო (შინააშლილობითა და გარეშე მტრებით გავერანებული ქართლ-კახეთი), 2. სარწმუნოება (მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული ზნეობით), 3. საკუთარი „მე” (უშვილობისა და ნოსტალგიის მძაფრი განცდები).
ვისაც სამშობლოს მონატრება გამოუცდია, ის მეტად მიიტანს გულთან პოეტის სტრიქონებს: „აქ საკვდავად რად მოგყვანდი, თუ მუნ ცოცხალს წამიყვანდი?” დავითი გულწრფელად ნანობდა, რომ სამშობლოში არ დაბრუნდა, ხშირად ჰკიცხავდა საკუთარ თავს ამის გამო. თავის საქციელს შეცდომად მიიჩნევდა: „შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდათ ძოვნასა”.
მას ორი რეალური ვარიანტი ჰქონდა სამშობლოში დასაბრუნებლად. ოღონდ, პირველ ჯერზე ამბის დაწვრილებით მოყოლას თავს არიდებს; ჯერ დიდი მადლიერებით იგონებს იმ ყაზახს, რომელსაც იგი – ტყვეობაგამოვლილი ძალზე შეებრალა და მამასავით მოუარა; შემდეგ კი, როცა მანვე თარჯიმნად ფხოვლელი იანვარა იხმო და იქაურ სამდივნოში იკითხეს, თუ: „ვინა ხარ, სად მიხვალ, რად იყავ ლამისყანესო?” – დავითი ასე აგრძელებს თავის თხრობას – „შევამოკლო, აწ რა მერგო, რაც ვიუბენ ამდენ ხანსა”. აშკარაა, რაღაც უარყოფითი ემოციის გამო, აღარ ისურვა გადახდენილი ამბის ჩვენთვის განდობა.
– პოეტი ხომ ძალზე გულახდილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. განა რა მოხდა ისეთი, რასაც მკითხველს ვერ გაანდობდა? იქნებ მართლა თხრობა შეამოკლა?
– საეჭვოა. რაღა კრიტიკულ ვითარებაში შეამოკლა თხრობა?! რასაკვირველია, არ დავასახელებ იმ მკვლევართა გვარებს, რომლებიც ამ შეუსაბამობას „ვერ ამჩნევენ”. ვინმე არ გამომრჩეს, ეწყინებათ... ისე გამოჰყავთ, რომ დავითის შემდგომი ნაბიჯები – ჯერ სოლაღს ჩასვლა, შემდეგ ასტრახანს, ბოლოს კი მოსკოვს – ლოგიკური აუცილებლობა იყო, რადგანაც „რუსული ორიენტაციის” ვახტანგ მეექვსეს ერთი თანამოაზრით მეტი ეყოლებოდა! ვითომ?! იმედია, ცუდად არ გამიგებთ, მეც შევამოკლებ ჩემს მსჯელობას და შეკითხვითვე გიპასუხებთ – ლეკები ვალდებულნი იყვნენ დავითი ტყვედ წამოეყვანათ? სხვანაირად ის ხომ მოსკოვში ვერ მოხვდებოდა?
ახლა კი, მოდი, გავხსნათ კვანძი: ძაღლის თავი იმ ფრაზაშია დამარხული, რომელიც დავითმა ტყვედ ყოფნისას სიზმარში გაიგონა – „გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა, უკან ძმისა და წინ დისა”. მაგრამ, სანამ ჩემი მოსაზრების გადმოცემას შევუდგებოდე, უპრიანი იქნება, გავიხსენოთ, თუ რა მიზეზით არ დაბრუნდა სამშობლოში დავითი, როცა მეორე შანსი მიეცა.
1737 წელს, ვახტანგ მეექვსეს გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის სამეფო კარმა ქართული ამალის წევრებს განუცხადა: არჩევანი გააკეთეთო: „ან წადით, ანუ დადექით, თავს ნუ მიეცით ღონება”. ვახტანგს ანდერძად ჰქონდა დატოვებული – ბაქარის უკითხავად გადაწყვეტილება არ მიიღოთო. დავითს მიაჩნია, რომ ანდერძს პატივი არ მიაგეს – „წინ წაუარეს ბაქარსა, საქმე ქნეს თავის ნებაო”.
ბაქარისგან საპირისპიროდ, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების პოზიცია ეკავა, გავლენიანი თავადები სხვა გზას დაადგნენ. მათ რაღაც თათბირის მსგავსი მოუწვევიათ, სადაც მთავარი ლაიტმოტივი ყოფილა – „ჩვენში არ იყოს შურია”... ცხოვრება გვაქვნდეს ძმურია”. ჯერ ისევ ახალგაზრდა კაცი – დავითი ამ დროს 32 წლისაა – ისე მოხიბლულა ამ ლოზუნგებით, თვითონაც მათ წრეში გარეულა. „მეც გავერივე, მეკეთა, რაკი მას მოვკარ ყურია”. შურის უარმყოფლებმა რუსეთში დარჩენა დაასკვნეს... თავის საქციელს, მოგვიანებით, დავითი ძალიან მწარედ ნანობდა... საკუთარ თავს ვერ აპატია ეს ნაბიჯი... ფსიქოლოგიური კუთხით, ძალზე საყურადღებო ზმნაა „გავერივე”. საკუთარ თავზე, ქმედებებზე გაბოროტებული პოეტი, ცდილობს, ოდნავ მაინც შეარბილოს საკუთარი პერსონისადმი მიმართული აგრესია. თითქოს თავს გვაბრალებს – არჩევანი სხვებმა გააკეთეს, გადაწყვეტილება უჩემოდ მიიღეს, მე მხოლოდ „გავერივე”.
– სამშობლოში დაბრუნების სხვა შანსი აღარასოდეს მისცემია დავითს?
– თვითონ არაფერს ამბობს და არც სხვისი ვარაუდი ჩანს ამის თაობაზე. ჩვენ არაფერი ვიცით დავითისა და მირიან ბატონიშვილის 1787 წელს კრემენჩუგში გამართული დიალოგის შესახებ... ვინ იცის, იქნება 82 წლის მოხუცი სამშობლოში დაბრუნებასაც გეგმავდა...
დავუბრუნდეთ ფრაზას: „გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა, უკან ძმისა და წინ დისა”. ლეკეთიდან, დაღესტნიდან – „წინ” – საქართველოა, „უკან” – რუსეთი...
– დავითი ქართლიდან გაიტაცეს ტყვედ. ის ცდილობს, გამოიპაროს, უკან დაბრუნდეს! იქნებ სიტყვა „უკან” საქართველოს მიუთითებს? რატომ უნდა დავიჯერო, რომ „უკან” აუცილებლად რუსეთს ნიშნავს?
– დავითს ზუსტად რამდენი დედმამიშვილი ჰყავდა ცნობილი არაა. დაც რომ ჰყავდა და ძმაც, არავინ დავობს. მინდა, მისი ძმის – იღუმენ ქრისტეფორესკენ მივაპყრო თქვენი ყურადღება.
პირველად მისი ღვაწლი წარმოაჩინა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ თედო ჟორდანიამ. მაგრამ, ჟურნალ „ივერიაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში პატარა უზუსტობა გაეპარა – ქრისტეფორეს რუსეთში გადასვლის თარიღად ჯერ 1724 წელი უჩვენა, რამდენიმე აბზაცს ქვემოთ კი – 1731 წელი. სამეცნიერო წრეებში, დაბნეულობის ფაქტი არცთუ იშვიათი შემთხვევაა, ვინ არ შემცდარა გადაღლისა, თუ ასაკის გამო... თუმცა, მკვლევარი მაშინ მხოლოდ 30 წლის იყო.
მოგვიანებით, გამოჩენილმა მეცნიერმა კორნელი კეკელიძემ ჭეშმარიტებად 1731 წელი მიიჩნია, რაც ბევრმა გაიზიარა, თუმცა – ყველამ არა. მან 1724 წლის ვახტანგის ამალის სია გადაამოწმა, რომელშიც ქრისტეფორე ვერ აღმოაჩინა... არც უნდა ყოფილიყო. ვახტანგი ზაფხულში დაიძრა რუსეთის მიმართულებით რაჭის გზით, ქრისტეფორემ კი იმავე წლის შემოდგომაზე მიაშურა რუსეთს ანანურისა და დარიალის გავლით... სრულიად დასაშვებია, რომ იმ მკვლევრებმა, რომლებმაც იგნორირება გაუკეთეს სიტყვებს – „უკან ძმისა”, არც შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ ქრისტეფორეს რუსეთში ყოფნა. ისინი იზიარებდნენ ავტორიტეტულ მოსაზრებას – ქრისტეფორე მხოლოდ 1731 წელს გამოჩნდა რუსეთში, დავითის ჩასვლის შემდეგ...
– დავუშვათ, დავითს თავისი ძმა მოსკოვში ეგულება და ტყვეობიდან გამოქცეულმა თვითონაც მასთან გადაწყვიტა ჩასვლა. ნუთუ ძნელი იყო ამ ფაქტის დაფიქსირება „დავითიანში”?
– ალბათ, არსებობდა სხვა მიზეზებიც... ფაქტი ის არის, დავითი სწორედ ამ ადგილზე იღებს გადაწყვეტილებას თხრობის შემოკლების თაობაზე.
– შესაძლოა, დავითი მართლა რაღაცის თქმას გაურბოდა... ოცდამეერთე საუკუნიდან ამის დადგენა ძნელია... ნათქვამია, რომ ბოლომდე გულახდილები, ყველაზე ალალი ადამიანებიც არ არიან... მაგრამ თქვენ ხომ ჩემს გვერდით ზიხართ, რატომღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ არც თქვენ ხართ ბოლომდე გულახდილი, დავიჯერო მეჩვენება?
– (იცინის) კეთილი, გამოვტყდები... როგორც ჩანს, დავითს პირველ ცოლთანაც ჰქონდა პრობლემები... მეორე ცოლთან – თინათინ ავალიშვილთან რომ ჰქონდა, საყოველთაოდ ცნობილია.