როგორ ცდილობდა თეა თუთბერიძე თავისი შვილის მამის გადარჩენას და რას ნანობს ის
მისი ცხოვრება წლების წინ ხმაურიანი და სკანდალური იყო, ასეთივე აღმოჩნდა თეა თუთბერიძის გახმაურებული პირადი ისტორიაც – ახალგაზრდა დიჯეისთან, გუგა ჟღენტთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. მასთან თეას წლისა და სამი თვის შვილი, დათი აკავშირებს. დღეს თეა შვილს მარტო, მამის გარეშე ზრდის, მარტოხელა დედის როლი არ აშინებს. ამბობს, რომ ახლა მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი, სწორედ შვილს ეკუთვნის.
თეა თუთბერიძე: ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიდის, ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდი – ძირითად დროს ვუთმობ ლექციებს ილიას უნივერსიტეტში. ამას ემატება ჩემი საქმიანობა სკოლის დირექტორთა ასოციაციაში, მაგრამ იქ ბევრი არაფერი ხდება – სრული სტაგნაციაა. სამსახურის შემდეგ დარჩენილი დროის უმეტესი ნაწილი ჩემს შვილს ეკუთვნის, რომელსაც უნდა, რომ დედა გვერდით ჰყავდეს. მაგრამ, ეს ხშირად არ გამოგვდის. დათი წლის და სამი თვისაა და უკვე „გამოხატავს”, როგორ უნდა დედასთან ერთად ყოფნა. საბედნიეროდ, ძალიან გამიმართლა, რთული გასაზრდელი ბავშვი არაა და პრობლემებსაც არ მიქმნის. ხასიათით ჯერჯერობით დედას არ ჰგავს, მერე რა იქნება, ვნახოთ (იცინის).
– დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ტრაგიკულად დაიღუპა შენი შვილის მამა, ცნობილი დიჯეი – გუგა ჟღენტი. როგორც ვიცი, სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით იყავი და არ მიგიტოვებია.
– ეს მხოლოდ ჩემზე არ ითქმის. ჩვენ ყველა, ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე ვიდექით მომაკვდავი გუგას გვერდით. ადამიანურად, ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის, ჩემს ადგილას, ალბათ, ყველა ასე მტკივნეულად გადაიტანდა ამ ამბავს. სიკვდილიც არის და სიკვდილიც, გუგამ გარდაცვალებამდე ძალიან ბევრი იწვალა. ამას, ალბათ, ჯობდა, შემთხვევის ადგილზე დაღუპულიყო. ბოლო პერიოდში ჩვენ არ გვქონდა ახლო ურთიერთობა. თითქმის თვე-ნახევარი, ერთმანეთს არ ვხვდებოდით. ადამიანებს ბევრი სისულელის გაკეთება გვიწევს ცხოვრებაში, რასაც მერე ვნანობთ. სამწუხაროდ, მე ერთ-ერთმა პირველმა გავიგე, რომ გუგა ავტოკატასტროფაში მოჰყვა. მე მისმა მამიდაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ტელეფონით შეატყობინეს, მისი ავტომობილი, რომელიც გუგას ათხოვა, სანაპიროზე, ავტოკატასტროფაში მოყვაო და მან სიტუაციაში გარკვევა მთხოვა. შემთხვევის ადგილიდან გუგა უკვე დამწვრობის ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი. პირდაპირ იქ წავედი. გუგა საშინელ მდგომარეობაში დამხვდა. გონება დაკარგული არ ჰქონდა, მაგრამ თვალებიდან ვერ იხედებოდა, ძალიან რთული დამწვრობა ჰქონდა. სასუნთქი გზები, ფილტვები თითქმის სულ დამწვარი ჰქონდა. ცოცხალი რომ დავინახე, ვიფიქრე, ვუშველიდით და გადარჩებოდა. ჩემი ხმა რომ გაიგონა, თავი გვერდზე გადმოწია. დავამშვიდე: ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, მაგრამ გუგა მეშვიდე დღეს დაიღუპა. მოგვიანებით გავიგე, რაც გადაიტანა. როდესაც ავტომანქანა ხეს დაეჯახა, მისი მეგობარი დარტყმის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, გუგა კი ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან ცდილობდა გადმოსვლას. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ანგრევდა ცეცხლმოკიდებულ მანქანას და შველას ითხოვდა, მაგრამ ჩაკეტილი მანქანიდან ვერ გადმოჰყავდათ.
– ვნანობო, – თქვი. რას ნანობ გუგასთან დაკავშირებით?
– ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ, ხშირ შემთხვევებში, სწორად არ ვიქცეოდი – შეიძლებოდა დამეხუჭა თვალი რაღაცეებზე, არ მიმექცია ყურადღება იმისთვის, რაც არ იყო მნიშვნელოვანი. ახლა ამის გარჩევას აზრი არ აქვს, გუგა ჩემი შვილის მამა იყო და ასე დარჩება ყოველთვის. ჩვენს ურთიერთობაში ბევრი რთული პერიოდიც იყო. ვინც არ იცოდა, რა ხდებოდა ჩვენს – ორ ადამიანს შორის, ათასნაირ დასკვნებს აკეთებდნენ. მე ვერიდებოდი ამ ურთიერთობის გახმაურებას. ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები. გუგას პრობლემები ჰქონდა თავის ყოფილ ცოლთან. მას არ უნდოდა, რომ გუგას ურთიერთობა ჰქონოდა თავის მესამე შვილთან. მე ამას ვითვალისწინებდი. ვითვალისწინებდი იმასაც, რომ გუგას ძალიან უყვარდა თავისი შვილი, რომელიც იმ ქორწინებიდან ჰყავდა და არ მინდოდა, ჩვენ გამო, შვილთან ურთიერთობა არეოდა და მისთვის არ ეჩვენებინათ. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ანგარიშს ვუწევდი, თუმცა ვცდილობდი, მისთვის ცხოვრება არ გამერთულებინა.
– როგორი იყო მისი დამოკიდებულება თქვენს შვილთან?
– გუგა იყო არაჩვეულებრივი მამა სამივე შვილთან. ვერც ერთი მისი შვილის დედა ვერ იტყვის, რომ ის ცუდი მამა იყო. იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში ბევრი სისულელე იწერებოდა ჩვენს ურთიერთობაზე, მე ახლა თამადად შემიძლია ვთქვა, რომ გუგას არც ერთი დღე არ მიუტოვებია ჩემი შვილი. სანამ ბავშვს ძიძას ავუყვანდი, სულ გუგას ვუტოვებდი. მარტოს შეეძლო მოევლო – ეჭმია, დაებანა, საფენები გამოეცვალა, დაეძინებინა. შეძლებისდაგვარად, არც ფინანსურ დახმარებას აკლებდა ბავშვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეცოცხლა, კარგ მამობას გაუწევდა ჩემს შვილს. ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა იმ ბავშვების მიმართ, ვისაც დედა ან მამა არ ჰყავდა. ახლა ჩემი შვილი გაიზრდება ობლად, მამის გარეშე. თუმცა, საბოლოოდ, მასაც ეშველება. ზოგის მამა ცოცხალია, მაგრამ ჰყავს თუ არა, თავადაც არ იცის. ბავშვმა, თავისი მცირე ასაკის მიუხედავად, ძალიან რთულად გადაიტანა გუგას სიკვდილი, სულ მეგონა, რადგან პატარაა, ამას ვერ გაიგებდა. ძიძას ვთხოვდი, რომ პანაშვიდებზე მოეყვანა. გუგას აუხდენელი ოცნება იყო, რომ მის შვილებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონოდათ და რაღაცნაირად მომინდა, მისთვის ეს სურვილი ამესრულებინა. იმ დღეებში ბავშვს ვაჩვენებდი იმ ვიდეოებს, სადაც მამასთან ერთად იყო გადაღებული. ამან, ეტყობა, გავლენა მოახდინა ბავშვზე, ჭირვეული გახდა, ხასიათი შეეცვალა. ნევროპათოლოგს ვაჩვენე, რომელმაც მირჩია, რომ უკეთესია, თუ ბავშვს მამის სურათს აღარ ვაჩვენებ, მამის სახელის ხსენებაც კი ამიკრძალა ბავშვთან – ნუ გაახსენებთ იმას, რაც სტკივა. წლები რომ გავა, მამის შესახებ მაშინ დაელაპარაკეთო.
– როგორ გრძელდება გუგა დღეს თქვენს ცხოვრებაში?
– მივდივარ ხოლმე მის საფლავზე და მივდივარ მაშინ, როცა მინდა – არც არავის გასაგებად და არც არავის დასანახად. გუგას გარდაცვალების შემდეგ, ბავშვს უფრო თამამად ვეძახი დათის. დავითი გუგას მამის სახელია. გუგას ბებიის სურვილი იყო, რომ ბავშვს გუგას მამის სახელი რქმეოდა და ამ სახელით მოვნათლეთ. თუმცა, როცა დაიბადა, გეგა დავარქვით, ახლა ზოგი გეგას ეძახის, ზოგიც დათის (იცინის) დათის უკვე ეტყობა, რომ მამა ენატრება, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ მამა დროებით დავავიწყოთ. როცა გაიზრდება, მერე მოვუყვებით მის შესახებ. დათი მაინც წყნარი ბავშვია, წყნარი არც მე ვყოფილვარ და არც გუგა იყო. ვნახოთ, ალბათ, მასაც შეეცვლება ხასიათი.
– ამ ბოლო დროს, აღარც შენ გამოირჩევი ხმაურითა და სკანდალებით, რითაც ძალიან აღიზიანებდი ადამიანებს. წარსულს ჩაბარდა შენი ძველი ეპატაჟი?
– ეს ეპატაჟი არ იყო. მე ასეთი ვარ. იმის ფონზე, რაც იყო 7-8 წლის წინ, ახლა ბევრად მშვიდი ცხოვრება მაქვს. საერთოდ, არ მაინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება ჩემ მიმართ – მე მომწონს ის დამოკიდებულება, რაც აქვთ, სხვაგვარად რომ იყოს საქმე და ვიღაც-ვიღაცეებს მოვწონდე, ალბათ, საკუთარ ღირებულებებში ეჭვი შემეპარება. (იცინის).
– ადამიანებთან ურთიერთობის მკაცრი სტანდარტები გექნება შენი იმიჯიდან გამომდინარე, შენთან ურთიერობას იოლად იწყებენ? თუნდაც მამაკაცები...
– არ ვიცი, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს იმათ უნდა ჰკითხოთ. არა მგონია, ასე ვაშინებდე ვინმეს (იცინის). ზოგადად, ადამიანების მიმართ მკაცრი სტანდარტები, ალბათ, მაქვს. მაგრამ, ყველაფერი იცვლება – ასე, არც გუგა ჯდებოდა ამ სტანდარტებში. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟები ვიყავით ერთმანეთისგან, რაც ალბათ, გარკვეულ სირთულეებს იწვევდა. მაგრამ ვინაიდან სხვადასხვა ინტერესები გვქონდა, რაღაც თემებზე ნამდვილად არ გვიწევდა კამათი, რაც ჩემთვის ძალიან კომფორტულიც კი იყო.
– „კომპრომატებით” ომი არ გქონდათ?
– არა, არ გვქონდა. ბევრი რამ იცვლება ცხოვრებაში. ცოტა მეც შევიცვალე, ცოტა გუგაც. ის, რის მიმართაც დღემდე არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება, ბევრი თემაა, მათ შორის, დაოჯახება. არ მინდა, ზედმეტი ვალდებულებები მქონდეს ადამიანების მიმართ. როცა ცოლი გქვია, ბევრი რამ უკვე ვალდებულებად იქცევა. მე ნამდვილად არ მინდა, ამით ცხოვრება გავირთულო. ამ თემაზე მე და გუგასაც ბევრჯერ გვქონია საუბარი, მაგრამ მე არ ვიყავი თანახმა, ჩვენ გვეცხოვრა როგორც ოჯახს. მე მაკმაყოფილებდა ის ურთიერთობა, რაც ამ ადამიანთან მქონდა, გუგასთან ურთიერთობაშიც ზედმეტ ვალდებულებებს ავარიდე თავი. მე მასთან არ დამიწყია ურთიერთობა იმის გამო, რომ ცოლად გავყოლოდი, ან ბავშვი გამეჩინა. სამწუხაროდ, როცა საქართველოში ადამიანებს რაღაც მოთხოვნილებები უჩნდებათ – ან ცოლი მოჰყავთ, ან თხოვდებიან. მე არ ვფიქრობ, რომ ადამიანთა ურთიერთობა, აუცილებლად, ხელის მოწერით და ჯვრისწერით უნდა დაიწყოს. ბევრი ქალისგან განსხვავებით, ჩემთვის მთავარი ოჯახი და ვალდებულებები არაა. ჩემს შვილსაც ისე გავზრდი, რომ ზედმეტად არ ჩავერიო მის ცხოვრებაში. თავად ისწავლოს თავისი ცხოვრების გაძღოლა. ჯერჯერობით, პატარაა და ყველაფრით ჩემზეა დამოკიდებული. ახლა ბაკურიანში მივდივართ ერთად. აქ ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ბავშვს სჭირდება ჰაერის შეცვლა და უნდა წავიდე. მართალია, მე, ზამთრის კურორტს ზაფხულის კურორტზე დასვენება, ზღვა და რუჯი ბევრად მირჩევნია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვის გამო, ვერც ზამთრის დასვენებაზე ვიტყვი უარს. წყნარად, მშვიდ ადგილზე ყოფნა, სადაც არაა ხმაურიანი მუსიკა და არც ბევრი ხალხი, ახლა ძალიან მომიხდება.