როდისთვის ემუქრება კაცობრიობას მამონტებივით გადაშენება და რა მოვლენები მიანიშნებს, რომ დედამიწაზე გამყინვარების პროცესი დაიწყო
ის, რომ ფანჯრებს მიღმა ყინვაა, ერთი დისკომფორტია, მაგრამ უარეს დისკომფორტს გრძნობ, როდესაც გახსენდება, რომ ეს აცივება კლიმატური ცვლილებების ლოგიკური გამოვლინებაა და, ბუნებრივია, სულაც არ გინდა, რომ დინოზავრებივით გადაშენდნენ ადამიანები. ამასობაში, შავი ზღვის ევროპული ნაწილი გაიყინა, მალიორკაზე მოთოვა, ისევე, როგორც აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. ჩილეში გვალვაა, ევროპაში კი კვლავ უჩვეულო ყინვებს უჩივიან. რას გვიმზადებს გლობალური დათბობა და როგორ აისახება ეს მეტად უსიამოვნო პროცესი კონკრეტულად საქართველოზე? – თემაზე ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.
– უკვე ვართ იმ ფაზაში, როდესაც გლობალური დათბობის შედეგი აშკარაა?
– ზოგადად, იყო პროგნოზი, რომ ეს მოვლენები 2050 წლიდან დაიწყებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოცდამეერთე საუკუნის დაწყებისთანავე, მოვლენები გახშირდა. პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. თუმცა ყველა ცდილობს, მაგრამ ზუსტად ვერ საზღვრავენ, რა პერიოდის განმავლობაში იქნება დათბობა, ანუ მაღალი ტემპერატურა და შემდეგ როგორ დაიწყება აცივება, ანუ გამყინვარება.
– გამყინვარების დაწყების მაჩვენებელია მაღალი ტემპერატურები?
– დიახ და თუ ამან მიიღო სისტემატური ხასიათი, რის გამოვლინებაცაა დაბალი ტემპერატურები ევროპაში; იქ, სადაც არ არის ჩვეული, უკვე უნდა ვთქვათ, რომ აცივება დაიწყო და დაიწყო ძალიან აქტიურად. ყოველ შემთხვევაში, დღეს არის ამის ნიშნები. კლიმატის ცვლილება ნამდვილად უფრო სწრაფად დაიწყო, ვიდრე ვარაუდობდნენ.
– რატომ? მეცნიერებმა ცუდად გათვალეს თუ რამე დამატებითმა ფაქტორებმა დააჩქარა მოვლენები?
– დაჩქარებას აბრალებენ მოსახლეობის აქტივობას, სათბური გაზების ემისიების მომატებას. საერთოდ, დედამიწას ციკლურობა ისედაც ახასიათებს, მაგრამ აჩქარებას უკავშირებენ დამატებით ფაქტორებს.
– ციკლურობა, ანუ?
– გარკვეულ პერიოდში დედამიწა რაღაც ფაზაში შედის, რაც გამოიხატება დათბობისა და გამყინვარების პერიოდებით. იცით, რომ ცხოვრობდნენ მამონტები, შემდეგ – დინოზავრები. ამ ციკლურობის შედეგად ჩამოყალიბდა კონტინენტები...
– მამონტები ვერაფერს გააფრქვევდნენ ისეთს, რომ დედამიწაზე გამყინვარება გამოეწვიათ?
– ეს არავინ იცის. დედამიწაზე იყო აფეთქებები, ვულკანების მნიშვნელოვანი გამოფრქვევები. ჩვენთვის ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. მართალია, ციკლურობა ახასიათებს დედამიწას, მაგრამ, როდესაც ეს სისტემაში ჯდება, ამ შემთხვევაში, უკვე შეიძლება, ვთქვათ, რომ გამყინვარება დაიწყო, მაგრამ პროცესი დაჩქარდა ადამიანის ზემოქმედების შედეგად.
– და შედეგად მივიღეთ, რომ, სადაც ციოდა – დაცხა, ხოლო, სადაც ცხელოდა – აცივდა?
– პირველი ნიშანი სეზონების არევაა. ასევე, ერთ-ერთ ნიშნად მიიჩნევა მყინვარების ინტენსიური დნობა, მყინვარების ფენის შემცირება, ნალექების არასისტემური მატება. ანუ ერთ დღეში შეიძლება, მოვიდეს ნალექების ის რაოდენობა, რომელიც სეზონისთვის იყო ზოგადად დამახასიათებელი და გამოიწვიოს არასეზონური ტიპის წყალდიდობები და წარღვნა. ამას მოჰყვება ტენიანობის მატება, ანუ აორთქლების პროცენტის გაზრდა, რაც იწვევს უფრო მეტ სიცივეს სიცივეში და უფრო მეტ სიცხეს – სიცხეში. ამიტომ თითქმის ყველა მეტეოსამსახური არა მარტო ტემპერატურულ რეჟიმს აცხადებს, არამედ ტენიანობასაც, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– კავკასიაში რა ცვლილებებია?
– კავკასიისთვის სხვა ქვეყნების ფონზე ნაკლებადაა დამახასიათებელი კლიმატური ცვლილებები. ჩვენ გვიცავს კავკასიონი, მაგრამ ეს მაინც არ არის დაწყნარების საფუძველი, რადგან გარკვეული ცვლილებები ჩვენთანაც ხდება. იმას, რომ სეზონურობა დარღვეულია, ყველა ვხედავთ. ბოლო ათი-ოცი წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ გაზაფხული გაზაფხულს აღარ ჰგავს, შემოდგომა – შემოდგომას. წლევანდელი შემოდგომა გამოკვეთილი იყო სიცივით. შემდეგ უცბად დაიწყო გვალვა: აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა არ მოდიოდა, დასავლეთ საქართველო კი წყალს მიჰქონდა. სეზონურობა არეულია გაზაფხულის პერიოდში – ისეთი წვიმები იყო შარშან-შარშანწინ, რომ ხვნა-თესვა შეჩერდა. ბევრი ჩიოდა, რომ დათესა და მოსავალი არ მოვიდა. ანუ აგროვადებია შეცვლილი. სწორედ აგროვადების შეცვლა იწვევს ამ უმოსავლობას. ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ეს იგრძნობა ყველგან და ამიტომ ყველამ დაიწყო რაღაც კონკრეტული ქმედებები. მთელი ინსტიტუტები მუშაობენ იმაზე, რომ თავიდან დადგინდეს აგროვადები და ეს მოსახლეობისთვის იყოს ცნობილი. ჩვენთან, სამწუხაროდ, საკითხი ასე არ დგას, იმიტომ რომ ჩვენი სამეცნიერო ინსტიტუტები, რომლებიც ამას უნდა ითვლიდნენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამას ვერ გააკეთებს ვერც ჩინოვნიკი და ვერც არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს უნდა გააკეთოს კვლევითმა ინსტიტუტმა, ანუ უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამა. ამას დაემატა ის, რომ გაიზარდა მცენარეთა მავნებლების რაოდენობა, რაც, ასევე, აწუხებს მოსახლეობას და ესეც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება.
– მავნებლებს მოუხდათ აცივება და კლიმატის ცვლილება?
– ნაწილს უხდება, ნაწილს – არა. კიდევ ვიმეორებ, ამას სჭირდება მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები. დღეს მთელი მსოფლიო გადასულია მცირე სამეცნიერო ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება იმისთვის, რომ დადგინდეს აგროვადები – როდის რა რეჟიმი უნდა იყოს დაცული, როგორი უნდა იყოს რწყვის რეჟიმი.
– თესლები?
– სადღაც გამოყვანილმა თესლმა შეიძლება, არ იმუშაოს ჩვენს ზონაში და არც იმუშავა. ამიტომ საჭიროა, სათესლე ჯგუფების აღდგენა. ჩვენ გვაქვს უნიკალური ჯიშები, რომელთა ადაპტირება უფრო მარტივია, უბრალოდ, აგროვადა უნდა იყოს დაცული. მაგრამ აი, ეს აგროვადა არ იცის გლეხმა. ასეთი მაგალითი გვქონდა დედოფლისწყაროში: მოსახლეობას, ტრადიციულად, აქვს წარმოდგენა, რომ გადაწვავს გარკვეულ ფართობს და კარგი მოსავალი მოვა. გადაწვა მართლაც მოახერხეს, მაგრამ გადაწვეს ის მცენარეები, რომლებიც ეფემერებია და იმ მიწაზე აღარაფერი მოვიდა, – აგროვადა შეიცვალა და უფრო ადრე გაიღვიძა ბუნებამ. ამიტომ ასეთი მეთოდების გამოყენებამ და ტრადიციებზე დაყრდნობამ შეიძლება, უარყოფითი შედეგი მოიტანოს. ასე რომ, პრობლემატური საკითხია არა მარტო მოსახლეობის თვითშეგნების გაზრდა, არამედ იმის დადგენაც, თუ რა ხდება სინამდვილეში. საქართველოში ძალიან ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ კლიმატი არ იცვლება და ეს გამოგონილია. ჩვენ ვამბობთ, რომ კლიმატი იცვლება და ამას ადასტურებს ყველაფერი. მაგალითად, აშკარაა, რომ მდინარეებში ჩამონადენის რაოდენობა შემცირდება.
– აბა, დიდი ჰესები რაში გვჭირდება?
– დიახ, რაში გვჭირდება დიდი ჰესების მშენებლობა, თუ წყალი არ გვექნა? მაშინ რატომ უნდა ავაგოთ ბეტონის კონსტრუქციები და ხეობა გავაფუჭოთ?! დღეს ყველა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ არსებული რეალობის გათვალისწინებით. ჩვენ ვცდილობთ, დამოუკიდებლად გავაკეთოთ ხუდონჰესის ექსპერტიზა. წინასწარი განხილვის დროს დავაყენეთ ასეთი საკითხი, რა მოხდება კლიმატის ცვლილების შემთხვევაში? რამდენი იქნება ჩამონადენი წყალი? გვჭირდება 220-მეტრიანი კაშხალი, რომელიც შეიძლება, ვერ გავავსოთ, იმიტომ რომ მოსალოდნელია, წყლის რაოდენობა კატასტროფულად შემცირდეს?! ეს ყველაფერი დასათვლელია და, საბოლოოდ, შეიძლება, ეს პროექტი უფრო ძვირად დაგვიჯდეს. ან მან შეიძლება, ეფექტი მისცეს ინვესტიციის შემომტანს, იმიტომ რომ ყველა ეს კონტრაქტი უცნაურადაა დადებული. ინვესტორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის მოგებას ნახავს, მაგრამ იმ პერიოდისთვის, როდესაც ჰესი უნდა გადმოეცეს სახელმწიფოს, წყალი აღარ იქნება და გვრჩება არაფერი: დანგრეული სოფლის მეურნეობა, შეცვლილი დემოგრაფიული ვითარება და განადგურებული ეკოსისტემა, რომელიც უკვე ბუნებრივად ვეღარ შეძლებს ადაპტირებას კლიმატურ ცვლილებებთან. ეს პრობლემაა და ამიტომ, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა გადაისინჯოს არსებული რეალობის გათვალისწინებით. როდესაც არის პირველადი პროგნოზი, რომ წყლის რაოდენობა შემცირდება, ყველა პროგრამა უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ დღეს სხვა რეალობაა.
– გასაგებია, რომ გამყინვარების დაწყება არღვევს აგროვადებს, მაგრამ არის კი შესაძლებელი ისეთი ჯიშების გამოყვანა, რომლებიც ასეთ არეულ კლიმატს შეეგუება?
– რა თქმა უნდა, არის. იმიტომ რომ მცენარეს ახასიათებს ძალიან დიდი ტოლერანტობა შეგუების თვალსაზრისით და ვადების დაცვის შემთხვევაში, ეფექტიანი მოსავალი მიიღება.
– მზე თუ არ იქნა?
– მზე არსად წავა, არსებობს გამოყვანილი სახეობებიც და ახლის გამოყვანაცაა შესაძლებელი. ეს ის მომენტია, როდესაც თავიდან უნდა დავთვალოთ ყველაფერი. უნდა შევისწავლოთ ნიადაგის მდგომარეობა, იმიტომ რომ ტემპერატურის ცვლილება, რომელსაც ვაკვირდებოდით ზაფხულის პერიოდში, ფიტავს ნიადაგს. ზაფხულში ძალიან მაღალი სიცხეები იყო, შემდეგ უცებ ეცემოდა ტემპერატურა, რაც იწვევს ნიადაგის გამოფიტვას. ის არ მუშაობს და არ გაძლევს მოსავალს. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია, მით უმეტეს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია სამეცნიერო პოტენციალი, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფები და შესაბამისი დაფინანსებით, რეალური სურათი ინახოს.
– ჩვენი ნიადაგები, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ისედაც გამოფიტულია მოუვლელობის გამო.
– ეს ყველაფერი ერთიან კომპლექსში უნდა იყოს განხილული, როდესაც დიდი პროგრამის განხორციელებას ვიწყებთ. მაგალითად, სიმინდის პროგრამა ითხოვდა ასეთი აგროვადების დაცვას. გლეხმა, რომელმაც იყიდა თესლი, არც კი იცოდა, რა აგროვადებზე იყო ლაპარაკი. მან იცოდა, პაპამისი როდის თესავდა, ეს ახალი თესლი კი სულ სხვა ვადას ითხოვდა. ამიტომაცაა აუცილებელი ნებისმიერ ახალშემოტანილ თესლთან საცდელი მუშაობა. ყველა პროგრამას, რასაც სახელმწიფო აკეთებს, მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება. მესმის, რომ ჩქარა გვინდა ყველაფერი, მაგრამ ეს სიჩქარე ხშირად შემაფერხებელია.
– მოჩქარეს მოუგვიანდესო?
– დიახ, ეს ვარიანტია.
– ჩამონადენი ნალექები მცირდება, მაგრამ, იმავდროულად, იმატებს შავი ზღვის და არა მხოლოდ მისი დონე. ეს როგორ ხდება?
– ერთ-ერთი პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ზღვის დონე მატულობს, აღმოსავლეთ საქართველოში კი წყლის ნაკლებობა გვექნება.
– მიწის ქვეშ რომ გვაქვს?
– როდესაც ზედაპირული წყალი იკლებს, წყლის მიწისქვეშა ჰორიზონტები ქვემოთ იწევს, ანუ ამას სჭირდება მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის სისტემის აღდგენა.
– ვიცით კი ზუსტად, რა გვაქვს მიწის ქვეშ?
– ვიცით, მაგრამ 20-30 წლის წინანდელი კვლევის შედეგად, რასაც სჭირდება მონიტორინგი, რომ ვნახოთ, რა მდგომარეობაა ახლა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედაპირული და მიწისქვეშა წყალი ერთმანეთთან კავშირშია. ეს ერთიანი სისტემაა და, როდესაც ზედაპირული წყლები არ გვაქვს, ჰორიზონტალური წყლებიც უფრო ქვემოთ მიდის.
– შავი ზღვა რამდენად შეიძლება, წამოვიდეს წინ?
– შავ ზღვას ორი პრობლემა აქვს: ერთია, რომ ზოგადად წყალი შეიძლება, წამოვიდეს წინ და, მეორე, თუ ოკეანის დონემ აიწია, სხვადასხვა პროგნოზით, 10, 20, 50 ან 100 სანტიმეტრით, აიწევს შავი ზღვის დონეც. მაგრამ ჩვენი სანაპიროსთვის ისედაცაა დამახასიათებელი ნაპირების აბრაზია: ინერტული მასალების შემცირება უკვე აშენებული ჰიდროელექტროსადგურების შედეგად. ერთ-ერთი პრობლემა აღმოჩნდა გასული საუკუნის 50-იან წლებში კოლხეთის ჭაობების დაშრობა, რის გამოც ნახევარი ფოთი უკვე წყლის ქვეშაა და ეს ვითარება გამწვავდება, თუ განვაგრძობთ ჭაობების დაშრობის პოლიტიკას. საინტერესოა, რომ დამშრალი ჭაობებისგანაც ვერ მივიღეთ დამშრალი მიწები, იმიტომ რომ მეორადი დაჭაობება დაიწყო დასავლეთ საქართველოში და გამოვიდა, რომ უბრალოდ დავკარგეთ მიწები, საძოვრებადაც ვერ ვხმარობთ, იმიტომ რომ, როგორც ამბობენ, მიწა ლპება. ის უკვე აღარც ჭაობია, აღარც საძოვარი, რაღაც ჭარბტენიანი ადგილია.
– ამას მოხერხება ნამდვილად უნდოდა.
– აი, ასეთებს ვახერხებთ, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
– ეს შავი ზღვა რამ გაყინა ევროპულ ნაწილში?
– მტკვარიც გაიყინა რაღაც მონაკვეთში.
– ადრეც გაყინულა, როგორც ამბობენ?
– როდესაც ტემპერატურა მინუს 14-მდე ეცემოდა. ეს არის თბილისისთვის მაქსიმალური ყინვა ჯერჯერობით. შავი ზღვა გაიყინა იმავე მოვლენების გამო, რაც ევროპაშია: უჩვეულო ყინვებს ვგულისხმობ. არის მეორე მომენტიც: შემცირებულია წყლის რაოდენობა, რაც აადვილებს გაყინვას.
– ჩვენს წილ შავ ზღვასაც ემუქრება გაყინვა? რა ტემპერატურაზეა ეს მოსალოდნელი?
– სხვადასხვანაირი პროგნოზია: შეიძლება, მინუს 10-ზე გაყინოს.
– საბედნიეროდ, დასავლეთ საქართველოში ასეთი ყინვების პერსპექტივა არ არის.
– ყინვები უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია.
– კავკასიონი გვიცავს, მაგრამ ზღვიდან რომ გაშლილი სივრცეა?
– ამინდი, ძირითადად, ფორმირდება ჩრდილოეთიდან წამოსული ჰაერის მასებით, რისგანაც გვიცავს ცენტრალური და მცირე კავკასიონიც. ამიტომ არ შეიძლება ხელის ხლება მთებისთვის, მათი მოჭრა თუ გადაკეთება. ბუნება მაშინვე იწყებს შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებას, როგორც კი ხელს ახლებ.