კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიახლეები ელით აბიტურიენტებს 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რატომ ითქვა უარი პასტითა და ფურცლით რეგისტრაციაზე

 

მიუხედავად პოლიტიკური თუ კლიმატური რყევებისა, საქართველოს აბიტურიენტები თებერვლიდან სულ სხვა საქმით არიან გართულნი. უკვე დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შარშანდლისგან ტექნიკურადაც განსხვავდება და სულ ოდნავ –  შინაარსობრივადაც. იმას, თუ რა სიახლეები ელით წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი განათლების  მიღების მსურველებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განგვიმარტავს.  

– ჩვენ უკვე გავაცანით ჩვენს მკითხველს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სიახლეები, კერძოდ, ის, რომ ამ საგნის ტესტი შეიცვალა საატესტატო გამოცდების გამო, გამოაკლდა მარტივი დავალებები და მასში, ძირითადად, წერით დავალებებზე იქნება აქცენტი. სხვა საგნებში რა ხდება? 

– ძირითადად, ეს ქართულ ენასა და ლიტერატურას ეხება და მიზეზი საკმაოდ ლოგიკურია: ვეცადეთ, არ გაგვემეორებინა ის, რასაც ვაკეთებთ გამოსაშვებ გამოცდებზე ეს ტესტური დავალებები ნამდვილად ნაცნობია ჩვენი აბიტურიენტებისთვის. არანაირი ახალი ტიპის დავალება არ შემოუღიათ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯუფის წევრებს, უბრალოდ, გაიზარდა მარტივი ტიპის დავალების წილი, რომელიც ყველაზე სახალისო იყო ჩვენი აბიტურიენტებისთვის –  ესაა შეცდომების გასწორება და, დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებით კიდევ უფრო გავუიოლეთ ცხოვრება ჩვენს აბიტურიენტებს. რაც მთავარია, საგამოცდო დრო იგივეა.

– არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვისაც იგივე ტესტია ქართულ ენასა და ლიტერატურაში?

– დიახ. 2006 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი ერთია და ის ორიენტირებულია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში შეირჩნენ საუკეთესო აბიტურიენტები. ახალგაზრდამ უნდა მოახერხოს ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელება, ამისთვის კი ის სათანადო დონეზე უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას, რომელზეც მიმდინარეობს სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში.

– დარჩა ის პრინციპი, როდესაც არაქართულენოვან აბიტურიენტებს რიცხავდნენ სპეციალურ ჯგუფებში, რომ მათ ერთი წლის განმავლობაში სრულყოფილად შეესწავლათ ქართული ენა?

– ეს პრინციპი რჩება და ასეთ ჯგუფებში ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე ხდება აბიტურიენტების ჩარიცხვა, ოღონდ, აუცილებლად აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე უნდა ჩააბარონ ზოგადი უნარების ტესტი ან აფხაზური ენა და ლიტერატურა. ასეთ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, ისწავლონ ერთი წლის განმავლობაში და, თუ წარმატებით დაძლევენ პროგრამას და შესაბამის კრედიტებს დააგროვებენ, ამის შემდეგ განაგრძობენ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში.

– იმუშავა ამ მიდგომამ?

– ვერ გეტყვით, რომ მაქსიმალურად ივსება ის ადგილები, რომლებიც ამ მიზნითაა გამოყოფილი უმაღლესი სასწავლებლების მიერ, მაგრამ, ის კონტინგენტი, რომელიც ამ პროგრამაში ხვდება, რამდენადაც ვიცი, წარმატებით ართმევს თავს პროგრამას.

– სხვა საგნების ტესტებში შეიცვალა რამე?

– მინიმალური ცვლილებაა მათემატიკის ტესტში, მარტივი დავალებების წილი გაიზარდა –  დაემატა ოთხი მარტივი დავალება.

– წლიდან წლამდე მცირდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. რატომ?

– ამას არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ კომპეტენციის ზღვარი მცირდება მაქსიმალური ქულის პარალელურად.

– კომპეტენციაც მცირდება?

– რა თქმა უნდა, არ მცირდება, რადგან, მაგალითად, როდესაც 100-ქულიანი ტესტი გვქონდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, აბიტურიენტს მინიმუმ 26 ქულა უნდა აეღო, 80-ქულიანი ტესტის შემთხვევაში კი უნდა აიღოს 21 ქულა, მაგრამ, სამაგიეროდ, ნაკლები რაოდენობის დავალებების გაკეთება მოუწევს.

– რაც შეეხება პროცედურულ ცვლილებებს: შეიცვალა რეგისტრაციის წესი და გაიზარდა სასურველი ფაკულტეტების ჩამონათვალი?

– რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული აბიტურიენტის არჩევანზე, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, სწორედ ამის მიხედვით ხდება როგორც ჩარიცხვა, ისე გრანტების განაწილება. წელს მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოახერხებს აბიტურიენტი რეგისტრაციის გავლას, ქაღალდითა და პასტით რეგისტრაცია აღარ გვაქვს. მე პირადად, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ეფექტიანი იქნება, უპირველესად, აბიტურიენტებისთვის, რადგან, ის პროგრამა, რომელიც შეიქმნა ეროვნულ ცენტრში, აბიტურიენტს არ აძლევს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას –  პროგრამა წარმატებით არ გაატარებს რეგისტრაციას, თუ აბიტურიენტი სწორად არ შეავსებს განაცხადის ფორმას. ადრე ძალიან  ბევრი პრობლემა იყო. მაგალითად, თქვენ იცით, რომ ჩვენთან შესაძლებელია უნარების ოთხ ენაზე ჩაბარება, დანარჩენი საგნების კი –  ქართულად ან რუსულად და, თუ აბიტურიენტი შემთხვევით მონიშნავდა მათემატიკის გამოცდის ენად რუსულს, რუსულად კი ორი სიტყვა არ იცოდა, ამას აღმოაჩენდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საგამოცდო ბარათი მიუვიდოდა და იყო ერთი ვაი-უშველებელი –  შემიცვალეთ ენაო, მაგრამ, ვერ ვუცვლიდით. იყო შემთხვევები, როდესაც ეშლებოდათ კოდის შეყვანა. მაგალითად, აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება უნდოდა ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ, შეცდომით შეჰყავდა კოდი. ხოლო, თუ კოდს შეცდომით შეიყვან, ეს შედის მონაცემთა ბაზაში და სულ სხვა ფაკულტეტი ჯდება. არც ამ შეცდომის გამოსწორების საშუალება იყო.

– ახლაც ხომ შეიძლება, კოდი შეეშალოს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ, როდესაც კოდს შეიყვანს, ავტომატურად იწერება არჩეული უმაღლესი სასწავლებელი და ფაკულტეტი და აბიტურიენტი მაშინვე ხედავს, რომ შეეშალა. ამას გარდა, თუ შემეშალა  და ისეთი ფაკულტეტი ავირჩიე, რომელიც ითხოვს არჩევით საგნად მათემატიკას, მე კი ისტორია მაქვს არჩეული, პროგრამა აუცილებლად მიმანიშნებს, რომ ის გამოცდა არ მაქვს არჩეული, რომელიც ამ ფაკულტეტისთვისაა აუცილებელი. ქაღალდით რეგისტრაციის დროს, თუ მეოთხე გამოცდად ავირჩევდი მათემატიკას და შემდეგ ვირჩევდი ფაკულტეტს, სადაც მათემატიკის ნაცვლად ისტორია მომეთხოვებოდა, მონაცემების ბაზაში შეყვანისას ასეთ ფაკულტეტებს ვუყრიდით არჩევნიდან და ისეც ხდებოდა, რომ აბიტურიენტს მხოლოდ ერთი არჩევანი რჩებოდა. ახლა, როგორც კი შეიყვანს უმაღლესი სასწავლებლის კოდს, ავტომატურად იწერება უმაღლესი სასწავლებლის სახელწოდება, ხოლო, თუ ისეთი ფაკულტეტი შეიყვანა, რომლის შესაბამისი საგანი არ აქვს არჩეული, პროგრამა ეტყვის, რომ ამ ფაკულტეტის არჩევა არ შეუძლია. აი, ასეთი ტიპის შეცდომებისგან არიან დაცული აბიტურიენტები მაქსიმალურად. რაც ყველაზე მთავარია,  რეგისტრაციის პროცესი 23 მარტის ჩათვლით გრძელდება და აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ დაუბრუნდეს თავის რეგისტრაციას და შეცვალოს საკუთარი არჩევანი. ანუ, შესაძლოა, დღეს ასეთი არჩევანი გავაკეთე, შემდეგ დავფიქრდი და, თუ გადავიფიქრე, შემიძლია, დავბრუნდე და შევცვალო 23 მარტამდე. ამას გარდა, სავალდებულო ველია ელექტრონული ფოსტა. თუ არ აქვს აბიტურიენტს, უნდა შექმნას, რადგან, სწორედ ელექტრონულ ფოსტაზე მისდის შეტყობინება, წარმატებით  გაიარა თუ არა რეგისტრაცია და რა არჩევანი აქვს მითითებული. აბიტურიენტი კიდევ ერთხელ წაიკითხავს და გადახედავს, რამე ხომ არ შეეშალა.

– ასე მძიმედაა საქმე, რომ შეცდომებისგან დამცავი პროგრამის შექმნა გახდა აუცილებელი?

– მაქსიმალურად ვუმარტივებთ საქმეს. რაც შეეხება ფაკულტეტების ჩამონათვლის გაზრდას, ეს უკავშირდება მეორადი ჩარიცხვების გაუქმებას.  ჩარიცხვის შემდეგ ვიღაცეები გარეთ რჩებოდნენ, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს კი ვაკანტური ადგილები რჩებოდა. ჩვენ ამ ვაკანტურ ადგილებს კიდევ ერთხელ ვაცხადებდით და მათ, ვინც ვერ ჩაირიცხა პირველადი ჩარიცხვით, უფლება ჰქონდათ, შემოეტანათ განაცხადი ამ ვაკანტურ ადგილებზე ჩასარიცხავად. მაგრამ, აქ იყო შეზღუდვა: თუ მათემატიკა მქონდა ჩაბარებული არჩევით საგნად, იქ კი იყო ფაკულტეტი, სადაც ისტორია იყო არჩევითი საგანი, მე იქ განაცხადს ვერ გავაკეთებდი. ამით, უპირველესად, უმაღლეს სასწავლებლებს ვუწყობდით ხელს, რომ ნაკლები ვაკანტური ადგილი დარჩენოდათ და, მეორე მხრივ, იმ აბიტურიენტებს ვაძლევდით შესაძლებლობას, ვისაც სტუდენტობა უნდოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ჩააბარებდნენ. მაგრამ, ამას ჰქონდა დიდი მინუსი –  ეს პროცესი ძალიან დიდხანს იწელებოდა. ივლისი მთლიანად დაკავებული იყო გამოცდებით, შემდეგ ნამუშევრები სწორდებოდა და აგვისტოს 20-დან ვაცხადებდით პირველად შედეგებს. ამის შემდეგ იწყებოდა აპელაციები, შემდეგ ცხადდებოდა საბოლოო შედეგები, შემდეგ იწყებოდა მეორადი ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია, შემდეგ მათი ჩარიცხვა და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცხადებდით საგრანტო კონკურსის შედეგებს. ანუ ჩარიცხულმა სტუდენტმა არ იცოდა, მოიპოვა თუ არა გრანტი და ეს პროცესი 15 სექტემბრამდე იწელებოდა. მეორე მხრივ, უმაღლესი სასწავლებელი ვერ ახერხებდა, ეფექტიანად დაეგეგმა სასწავლო პროცესი უკვე სექტემბრის დასაწყისიდანვე. თუმცა, თუ მე მკითხავთ პერსონალურად, 20 ფაკულტეტი ძალიან ბევრია.

– არის 20 ისეთი ფაკულტეტი, რომლებზე მოსახვედრად ერთი და იმავე ოთხი გამოცდის ჩაბარებაა საკმარისი?

– ჩვენ გვყავდა აბიტურიენტები, რომლებიც არათუ ოთხს, არამედ ექვს და შვიდ  გამოცდას აბარებდნენ, იმისდა მიხედვით, რა ფაკულტეტი ჰქონდათ არჩეული. 

– ანუ, ეს პრაქტიკა ახლაც გაგრძელდება?

– მეორადი ჩარიცხვების დროს ათი არჩევნის უფლება ჰქონდა აბიტურიენტს, მაგრამ, იმ ათშიც ვერ მოახვედრებდით ისეთ ფაკულტეტს, რომ ყველა საგანი ჩაბარებული ჰქონოდა. სამაგიეროდ, ამას აქვს ძალიან დიდი პლუსი:  20-დან 25-აგვისტომდე ჩვენ გამოვაცხადებთ ყველაფერს –  ჩარიცხვებსაც და საგრანტო კონკურსის შედეგებსაც. შესაბამისად, აბიტურიენტებსაც დროულად ეცოდინებათ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა და უმაღლეს სასწავლებლებსაც დროულად შეეძლებათ სასწავლო პროცესის დაგეგმვა.

– გრანტების განაწილების ახლებურმა სისტემამ, რომელიც შარშან შემოიღეს, რითაც თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ზუსტი და საბუნებისმეტყველო სპეციალობების მსურველებს, მოიტანა მოსალოდნელი შედეგი?

– მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომლებზეც მხოლოდ და მხოლოდ 100-პროცენტიანი დაფინანსება გაიცემა: საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალმცოდნეობა, ჯანდაცვა, ბიზნესი და მენეჯმენტი, დანარჩენ სპეციალობებზე ყველგან ისევ მოქმედებს თანადაფინანსების პრინციპი.

– შეამცირა ამან ამ სპეციალობების დაუფლების მსურველთა რაოდენობა?

– თუ შარშანდელ მონაცემებს გადავხედავთ, კონკურსი ამ მიმართულებებზე ისევ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 100-პროცენტიანი დაფინანსების მოპოვება შეიძლებოდა. მაგრამ, ვითარება სხვა მხრივ გამოიცვალა და, ჩემი აზრით, ეს ნამდვილად სასიხარულოა, რადგან, კონკურსი გაჩნდა საინჟინრო მიმართულებაზე, საბუნებისმეტყველო მიმართულებაზეც კი, სადაც კონკურსი არასდროს ყოფილა და ადგილების რაოდენობა მსურველების რაოდენობას ყოველთვის აჭარბებდა, მსურველების რაოდენობამ გადააჭარბა ადგილების რაოდენობას. ყოველ შემთხვევაში, მსურველების რაოდენობის გაზრდა საინჟინრო სპეციალობებზე, თან, პირველადი არჩევნით –  პირველ ნომრად კი ვუთითებ, სადაც მართლაც მინდა სწავლის გაგრძელება, ჩემი აზრით, არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის შედეგი, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალგაზრდებისთვის, ჩემი აზრით, ჰქონდა იმას, რომ მათ დასაქმების რაღაც პერსპექტივა დაინახეს. თორემ, ბოლოს და ბოლოს, კარგად მოვემზადები და მოვიპოვებ იმ 100-პროცენტიან დაფინანსებას სამართალმცოდნეობაზე, ან, ოთხი წელი გაიჭირვებს ჩემი ოჯახი და გადამიხდის სწავლის საფასურს. მე მაინც მგონია, რომ ამ სპეციალობებით დასაქმების პერსპექტივა დაინახეს, ალბათ, მშენებლობის კუთხით, ყოველ შემთხვევაში, დაინტერესებაა საინჟინრო მიმართულებით. საერთო ჯამში, 120 პროცენტით მოიმატა მსურველების რაოდენობამ ამ მიმართულებაზე, თუმცა, სამართალმცოდნეობის,  ბიზნესისა თუ ზემოთ ჩამოთვლილ მიმართულებებზე კონკურსი, ფაქტობრივად, იგივეა, რაც წინა წლებში იყო.

– სხვა რამე სიახლე ხომ არ არის?

– ერთი ის არის, რომ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზარდა სამართალმცოდნეობისა და ჯანდაცვის მიმართულებაზე და, თუ სხვაგან აბიტურიენტს მოეთხოვება  ქულების 25 პროცენტისა და მეტის დაგროვება ყველა გამოცდაში, 20 პროცენტისა  კი –  უცხო ენაში, ამ ფაკულტეტებზე მოეთხოვება 35 პროცენტი და მეტი ყველა გამოცდაში და 30 პროცენტი და მეტი –  უცხო ენაში. ეს სამინისტროს გადაწყვეტილება იყო.

– და არა უმაღლეს სასწავლებლების?

– ეს სავალდებულოა ყველა იმ უმაღლესი სასწავლებლისთვის, სადაც ეს ფაკულტეტებია. ამას გარდა, თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია  თავისი ზღვრის დადგენა. ამას უკვე მესამე წელია, აკეთებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საკმაოდ მაღალი ზღვარი აქვს –  50 პროცენტამდეც კი ადის ზოგიერთ ფაკულტეტზე.

 

 

скачать dle 11.3