უპატრონო
„მუშა მიწყივ მუშაკობდეს,
მეომარი გულოვნობდეს“
ლამის ნახევარ მსოფლიოს ვასწავლით (და მერე რა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ პოსტსაბჭოთა ტერიტორიასა და, ძირითადად, აღმოსავლეთში), თუ როგორ უნდა მართონ ქვეყანა და ააშენონ დემოკრატია, მეორე მხრივ, ეს უკანასკნელი, სახელდობრ, იმაზე უკეთესიც კი გვაქვს, ვიდრე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას, ერთად აღებულს (მეტი არაა ჩემი მტერი!). თუმცა ამ ორომტრიალში ისე ხდება, რომ შოთა რუსთაველის ერთადერთი ფრესკის პატრონობაც ვერ მოგვიხერხებია (თუმცა, მაგალითად, ავღანეთში დემოკრატიას მთელი სულითა და გულით ვპატრონობთ).
ჰოდა, ალბათ, რაკი, ვერ მოგვიხერხებია, 7 თებერვლის ღამეს ისრაელის მემარჯვენე ექსტრემისტებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს. კერძოდ, სამონასტრო კომპლექსის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს. ლიბერალური ღირებულებების მთელ მსოფლიოში დამცველმა ქართულმა მხარემ ისიც ვერ გაარკვია, დაზიანდა თუ არა შოთა რუსთაველის ფრესკა, რომელსაც პირვანდელი სახე ისედაც დაკარგული აქვს.
მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 2004 წელს, დაუდგენელმა პირებმა შოთა რუსთაველის ფრესკას სახე გადაუფხიკეს (ისრაელი და დაუდგენელი პირები?!), რის შემდეგაც მონასტრის მიმდებარე რუსთაველის ქუჩაზე მწერლის ბარელიეფი დაიდგა, ოღონდ, 2010 წელს ეს მემორიალიც დააზიანეს (ჩვეულებისამებრ, დაუდგენელმა პირებმა).
თავად დაზიანებულ ფრესკას, მოგეხსენებათ, ქართველი სპეციალისტები არ მიაკარეს, ის ებრაელმა რესტავრატორმა აღადგინა და საკმაოდ უხეიროდ. ბუნებრივია, გულსატკენია, რომ ებრაულ სახელმწიფოს დამნაშავეები დღემდე არ დაუსჯია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ცხოვრების ჩვენებურ წესს შოთა რუსთაველის შეგონების გავლენა წამლადაც არ ეტყობა, ისიც საკითხავია, რა უფრო დიდი ტრაგედიაა: მონასტრის კედლიდან ფრესკის გადაფხეკა თუ ჩვენი სულებიდან შოთას გაქრობა?!