„ი ტებია ვილეჩემ“
ანუ, „ჯერ არშექმნილს, ჯერ არგაგონილს“
ჯერაც ვერ მოუნელებია მომხმარებელს, რომ ჯერ არშექმნილი სამსახურის – 112-ის – დასაფინანსებლად ნებისმიერი ტელეფონიდან, რაც გააჩნია, 20-20-თეთრს აჭრიან (რაღა ვერ მოუნელებია, როდესაც ლეიბორისტებმა უკვე აფრინეს სარჩელი, თუმცა, თუ ქართული სასამართლოს ტრადიციას გავიხსენებთ, ნაკლებად სავარაუდოა, გადასახადი გააუქმოს).
მაგრამ, შესაძლოა, იმიტომ, რომ, როცა კარი იხურება, ფანჯარა იღება, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ უამინდობის გამო დაზარალებულ ადამიანებს მკურნალობას დედაქალაქის მერის ფონდი დაუფინანსებს. ოღონდ, ბუნებრივია, მხოლოდ მათ, ვისაც დაზღვევა არ აქვს (დაზღვეულებმა ან ლაზათიანად იარეთ, ან დაზღვევის საკუთარი პოლისები გამოიყენეთო).
მეორე მხრივ, უამინდობა კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი გახდა საიმისოდ, რომ ეს ჩვენი ჩინოვნიკები ტელევიზიითაც უფრო ხშირად გამოჩენილიყვნენ და, რაც შეიძლება მეტი შემართებით დავერწმუნებინეთ მათი საქმიანობის ეფექტიანობაში. ოღონდ, ისიცაა, რომ ეფექტიანობის ყველაზე უტყუარი დასტური მოყინულ ტროტუარზე დაშავებული მოქალაქეების რაოდენობაა, თუმცა, გასული კვირის მიწურულს იმასაც დაგვპირდნენ, რომ ფეხით მოსიარულეთათვის მარილს სპეცურიკებით დაყრიან, რომლებიც სახელდახელოდ შეუძენიათ (შესაძლოა, დაითვალეს და მიხვდნენ, რომ ურიკების ყიდვა დაზარალებულთა მკურნალობაზე ნაკლები დაუჯდებოდათ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს).
გვიან თუ ადრე, თუ 112-ის გამოცდილებას გავიხსენებთ, ამ ლოგიკით, უამინდობის გამო დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები ან, დაზღვეული მოქალაქეებისთვის უნდა დაეკისრებინათ, ან, იმ ზემოხსენებული 20-20 თეთრისთვის უამინდობის პერიოდში 5-5 თეთრიც წაემატებინათ, რა თქმა უნდა, მოცურებულთა მკურნალობის დაფინანსების მიზნით.