რით „აცდუნა“ ბუბა კიკაბიძემ სამხედრო გენერალი კონფლიქტის ზონაში და ვის უზომავს ის ფეხებს ახალ წელს
ათეული წლებია, სცენაზე დგას, მაგრამ იმას, რაც მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი განცდაა, დღემდე ვერ მოუძებნა ზუსტი სახელი. თავისი რიტუალები აქვს, რომელთაც წლებია, არ ღალატობს და ყველა კონცერტის წინ, მხოლოდ მას, ბუბა კიკაბიძეს ეკუთვნის – არც ასაკს უშინდება და არც ექიმთა „მოძღვრებას”, ბოლომდე იხარჯება ყველგან, სადაც არის – სცენაზეც და მის მიღმაც. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ის შარმი, რაც მხოლოდ მას აქვს, ისეთი მაცდურია, ვინც მას ერთხელ მაინც შეხვედრია, გულგრილს არავის ტოვებს.
ბუბა კიკაბიძე: გასული წელიც საკმაოდ აქტიური იყო, ძალიან ბევრი კონცერტი ჩავატარე უცხოეთში. მე მგონი, პროფესიონალიზმიც ეგ არის – მიჩვეული ვარ ასეთ რეჟიმს. ცუდად მაშინ ვარ, როცა საქმე არ მაქვს. რომ გაჩერდე, შეიძლება ვეღარც ადგე. იშვიათად ხდება, როცა იმას აკეთებ, რაც მოგწონს. საბედნიეროდ, მე იმ საქმეს ვაკეთებ, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ერთმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა მითხრა: ხანდახან ღამე ძილში ფეხს ვიქნევო, მეც მგონი, ასე ვარ. პროფესიონალი, რა ასაკშიც არ უნდა იყო, სცენას სამუშაოდ არ აღიქვამ, ეს სხვა რამეა, მაგრამ მისი ახსნა სიტყვებით არ შემიძლია. კონცერტამდე საათ-ნახევრით ადრე მივდივარ. სანამ კონცერტი დაიწყება, ყველაფერს ხელი უნდა მოვკიდო – დავდივარ, სცენას ვნახულობ, ფარდას... რა ვიცი, ყველაფერს. მე ხომ მარტო ვდგავარ სცენაზე, არც კონფერანსიე მყავს, არც მოცეკვავეები, არც ბოლი მაქვს, არც საყურე მიკეთია, მაინც შემიძლია რვა საათი გავაჩერო ხალხი. ამას რაღაცა ჰქვია, არ ვიცი, რა. ეს სცენაზე, თორემ მეგობრებთან პირს ვერ ვაღებ, სიმღერას ვერ ვბედავ. მაგიდასთან პურმარილში ყველანი ისე კარგად მღერიან, ჩუმად შეიძლება, ბანი მივცე, ან წავიღიღინო ხოლმე ჩემთვის (იცინის).
– გასულ წელს თქვენი ყველაზე ცნობილი როლის ქანდაკებაც დაიდგა თბილისში, მოგეწონათ „ავლაბრელი მიმინო”?
– უცხოეთში ასეთი ქანდაკებები არსებობს, ჩვენთან პირველად დაიდგა. ხომ იცი, ჩვენი ამბავი, ყველაფერს ცუდი მხარე უნდა მოვუძებნოთ. ვიღაცეები მირეკავდნენ მეშჩანურად: თქვენი ძეგლი რომ დადგეს, როგორ მოგწონთო. მე ვუთხარი იმ ხალხს: მე ლენინი კი არ ვარ, ჩემი ძეგლი რომ დაედგათ, ეს პერსონაჟების ძეგლია-მეთქი. გახსნაზე მეც მივედი, იქ რომ ვიდექი, უცნაური გრძნობა მქონდა – ხალხი იყო მოსული, ეს ქანდაკებები კი დგას. ლეონოვი ცოცხალი არაა, არც მკრტჩიანი, შუაში მე ვარ და ვფიქრობ: ეტყობა, ახლა მეც უნდა მოვკვდე-მეთქი (იცინის). იმის მერე ავლაბარში გავლის მრცხვენია, თვალს ვარიდებ ხოლმე. დიდად ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მაინც, თან ჩემი პერსონაჟი ცოტა მემძიმება, კარგად უნდა დავაკვირდე. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, ეს ფილმი რომ დღემდე ასე პოპულარულია. მოსკოველმა დილერებმა მითხრეს: „მიმინოს” დისკები დღემდე ბევრი იყიდებაო. ამას წინათ „მარიოტში” ვიყავი შეხვედრაზე, ჩემს აზერბაიჯანელ სტუმრებს ერთი უცხოელი ახლდათ. გამაცნეს: „ბოინგის” ვიცე-პრეზიდენტიაო. იმ კაცს ჩემზე უთხრეს: ეს კინომსახიობია, „ლიოტჩიკის” როლი ითამაშაო. უცებ ის კაცი თავის ნომერში გაიქცა, კომპიუტერი ჩამოიტანა და „მიმინო”, „მიმინოო,” იძახა გაოცებული სახით. ნომერიც დამიტოვა თავისი, მაგრამ რად მინდა, მეც ახლა არ წავიდე და არ დავურეკო (იცინის).
– რა იცით, რა ხდება. თქვენ და დიდი ავიაცია ხომ ძალიან მეგობრობთ, ახლაც არღვევთ მთავარ წესს თვითმფრინავში?
– სიგარეტზე მეკითხებით? კი, ვეწევი. ჩუმად ვეკითხები ხოლმე და მერე მეძახიან. რამდენჯერმე უარი ვთქვი ამერიკაში წასვლაზე – ცხრა საათი უნდა ვიფრინო, რომ არ მოვწიო, შეიძლება, მოვკვდე. ჩემმა ბიჭმა მითხრა: კიევის რეისით გაფრინდი, გიცნობენ და სიგარეტს მოგაწევინებენო. დავუჯერე ჩემს ბიჭს, დამიძახეს „ლიოტჩიკებმა“, იმათ ეგონათ, ერთ სიგარეტს მოვწევდი და გავიდოდი, დავრჩი კაბინაში. ცხრა საათი გავაყვითლე ეს ბიჭები, მაგრამ ამას ფინალი ჰქონდა უფრო მაგარი. ორი თვის მერე, უკან მოვფრინავ და ისევ ამათთან არ მოვხვდი, რომ დამინახეს, კივილი დაიწყეს. მე ვუთხარი: უნდა წამიყვანოთ, აქ ვერ დავრჩები-მეთქი (იცინის). საერთოდ „ლიოტჩიკები” ძალიან მაგარი ხალხია, მათ საოცრად საპატიო პროფესია აქვთ. ცოცხალ ადამიანებს რომ ატარებ, ამაზე საპასუხისმგებლო რა არის? ქარხანა ხომ არაა, რამე „ბრაკი” გამოუშვა?! მე ძალიან ბევრი მაქვს ნაფრენი, ისეთი შემთხვევებიც მქონია, როცა მიფიქრია: „ვსიო“, მორჩა, ახლა ვერ გადავრჩებით-მეთქი.
– როცა „მიმინოს” იღებდით, ვერტმფრენის მართვა ცოტა მაინც ვერ ისწავლეთ?
– ვერტმფრენის მართვა ძალიან ძნელია. ერთი ღილაკია, იმას თუ თითი აგიცდა, ვერტმფრენი ტრიალს იწყებს. მე დავფრინავდი ვერტმფრენით, რომელსაც ორმაგი მოწყობილობა ჰქონდა, როგორც „უჩებნი” მანქანებს აქვს. ისიც სასწავლო ვერტმფრენი იყო, გვერდით ნამდვილი პილოტი მეჯდა ხოლმე, იმასაც ვალიკო ერქვა, მაგრამ ის ვალიკო კადრში არ ჩანდა. მე და ვალიკო პატარ-პატარა ხრიკებს ჩავდიოდით, გადაღებების დროს შინაქოში ვცხოვრობდით, სულ ოთხი-ხუთი სახლი იდგა. აზერბაიჯანში საზამთროების სეზონი იყო, მე და ვალიკო დილით ჩუმად ჩავჯდებოდით ხოლმე ვერტმფრენში, გაფრენის უფლება თუ არ მოგცა ნავიგაციამ და ისე იფრინე, დაგიჭერენ. მე და ვალიკო 15 წუთში ჩავფრინდებოდით ხოლმე მოპარული ვერტმფრენით აზერბაიჯანში, იქ საზამთროებს მოვიპარავდით და ჩამოგვქონდა ომალოში. მთელი სოფელი გველოდებოდა (იცინის). არაა, ჩემი საქმე თორემ, ისეთი კაცი ვარ, რომ დამჭირდეს, ორი თვე ვივარჯიშებ და „სლესარობას” ვისწავლი, თან ამისი გამოცდილებაც მაქვს. მე და ჩემი ძმაკაცები ენგელსის ქუჩაზე, რუსული სკოლის მშენებლობაზე ორი თვე ვმუშაობდით, რომ ფული მოგვეგროვებინა და ზღვაზე წავსულიყავით, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები ვიყავით. რამე ხომ უნდა მესწავლა და სკოლა რომ დავამთავრე, კინოსტუდიაში მულტიპლიკაციაში დავიწყე მუშაობა. ცოტა მეხერხებოდა ხატვა, დღესაც რაღაცეებს ვხატავ ხოლმე, მაგრამ იქ მუშაობა არ მომეწონა და წამოვედი. არ ვიყავი იმის კაცი, მთელი დღე ნათურის ქვეშ რაღაც „მეჩიჩქნა”. არის რაღაც საქმე, რაც შენია და რაღაც, რასაც ვერასდროს გააკეთებ. როცა ერთი საქმე „გექაჩება“, მეორე არ არსებობს შენთვის. პირველად მიკროფონთან რომ ვიმღერე, იმის მერე ქუჩაში არავის აღარ ვუნახივარ, არადა 24 საათი ბიჭებთან ერთად ძერჟინსკის ქუჩაზე ვიდექი. ერთხელ უცხო ენების ინსტიტუტში ვიმღერე გამოსაშვებ საღამოზე, გელა ჩარკვიანმა წამიყვანა. რექტორი დაინტერესებულა ჩემი ვინაობით, როცა უთქვამთ, არსად არ სწავლობს, ახლა დაამთავრა სკოლაო, თვითონ შემოუთავაზებია, მოიყვანეთ, ჩააბაროსო. ჩემს ცხოვრებაში არ მქონდა ნაფიქრი უცხო ენებში ჩაბარებაზე, მაგრამ მითხრეს, ჩაგაბარებინებთო. ქალბატონ ნელი გიგაურს მიმაბარეს, რამდენიმე თვე მამზადა. გამოცდაზე მივედი, ვიცი, რომ უნდა ჩამრიცხონ. პირველი გამოცდა ისტორიაში მქონდა, აუდიტორიაში რომ შევედი, ნერვიულობისგან ფეხები წამერთვა. ოცი გოგო იყო და მე – მარტოკა. ზის კაცი-გამომცდელი წითელი ცხვირით, ეტყობა, მაგარ „პახმელიაზეა“. ისე ცხელოდა, ის კაცი მგელივით იყო, მეც ფერზე შემატყო, რომ სიტუაცია არ მომეწონა. ახლოს მიმიხმო და მითხრა: წადი ახლა. ორ საათში სამი ცივი ლუდი მომიტანე და ისე მოდიო. მივედი ორ საათში და ბოლო გოგოც გავიდა, დავრჩით მე და გამომცდელი. არც კი დამელაპარაკა, ისე მოიყუდა ლუდის ბოთლი და თან მიყვება: კაცო, გუშინ დღეობაზე ვიყავი და ბევრი დავლიეო. მე ვუთხარი: მეც დაბადების დღეზე ვიყავი გუშინ-მეთქი. რა საჭმელები ჰქონდათო, დაინტერესდა. ჩამოვუთვალე: ეს იყო, ის იყო-მეთქი. გოჭი იყოვო, ჩამეკითხა. კი-მეთქი, – ვუპასუხე. „ხრენით“ იყოო? მე ვიცოდი, რომ რუსულად ეს ცუდი სიტყვა იყო და ვუთხარი: არა, „ხრენი“, ეტყობა, სუფრაზე გამოტანის წინ მოაჭრეს-მეთქი. მოკვდა კაცი სიცილით, ოთხიანი გაწყობსო? – „შემითანხმდა” და ეგრევე ჩამრიცხეს. როგორც თქვენ არ გინახავთ ჩემი ჯგუფი, ისე არ მივსულვარ მე იქ მას შემდეგ. ჩემით ერთი-ორი ღერი ინგლისური მერე ვისწავლე (იცინის). ძალიან მიყვარს თევზაობა, მეთევზე კაცი ვარ. სულ მიკვირს, ვიღაცეებს თევზაობა რომ არ მოსწონთ, ამას ვერ ვიგებ. სათევზაოდ რომ მივდივარ, ღამე ვერ ვიძინებ, სულ ვბორგავ, მინდა, დროზე გათენდეს და სათევზაოდ წავიდე.
– თქვენ ვისი წყალობით გახდით ასე ცნობილი „მეთევზე”. ამის გამო თქვენზე საოცარ ისტორიებს ყვებიან.
– ბავშვობაში დავიწყე თევზაობა. ერთი ქურთი ძმაკაცი მყავდა, ყარამანა, ერთად დავდიოდით ხოლმე ლისის ტბაზე. 12-13 წლისები ვიყავით, მაშინ ასეთი ტექნოლოგიები არ იყო. ავტობუსში რომ ავიდოდი, ყარამანა ბამბუკის ჯოხ ებს ფანჯრიდან მომაწვდიდა ხოლმე. ავტობუსში ვერ ავიტანდით ანკესს, გრძელი იყო, გარედან გვეჭირა. ადამიანი თუ იმას აკეთებს, რაც მოსწონს, არ იღლება. ასე ვარ სცენაზეც და თევზაობისასაც, წყალი ჩემთვის ყველაფერია. ცურვაც კარგი ვიცი. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეგობარი გურამ მელიავა, აზერბაიჯანისკენ წავედით სათევზაოდ. გვიან ღამით გავედით თბილისიდან, წითელი ხიდი რომ გადავკვეთეთ, ვნახეთ, საზღვართან ტანკები დგას. მოგვცვივდა ავტომატიანი ხალხი, რა ხდება, კაცო, – ვიკითხეთ მე და გურამამ, დოკუმენტები მივაწოდეთ. პატრულმა დახედა ჩემს პასპორტს, სადღაც წავიდა და იქიდან გენერალთან ერთად დაბრუნდა. იმ გენერალმა მიცნო: ვახტანგ კონსტანტინოვიჩ, იქ ომი დაიწყოო, – მითხრა, თან დააყოლა, ჩემს სიდედრს ძალიან უყვარხართ და ავტოგრაფს ხომ არ მომცემთ მისთვისო. მე ვუთხარი: თუ გამიშვებთ, მოგცემთ-მეთქი. ნორმალური კაცი იქ სათევზაოდ წასვლას გადაიფიქრებდა. მე მივეცი გენერალს ავტოგრაფი, იმათაც გაგვიშვეს. მივედით ტბაზე მე და გურამი. ის ტბა ჩაღრმავებულ ადგილზეა, ერთი მხარე აზერბაიჯანისაა, მეორე სომხეთის, იქაურ წყალში კარგი ხრამული იცის. გადავედით მანქანიდან, აქეთ-იქით და გავემზადეთ. მე ჩქარა ჩავედი წყალზე და ეს ჩემი ძმაკაცი ვერ მხედავს. ამ დროს რაღაც ხმაურია, მაღლა „ვერტალიოტი“ გამოჩნდა, რაღაცეებს ბომბავს. უცებ გურამს ჩემი ხმა ესმის: მიშველე, მიშველეო. ისიც ჩუმად მოხოხდა და ხედავს, დიდი თევზი მყავს დაჭერილი და ვერ ამომყავს. ბომბი ვის ახსოვდა, იმ თევზს შევაკვდებოდით (იცინის).
ძალიან ბევრ ადგილას მითევზავია. სადაც დავდივარ, თუ წყალია, ყველგან ვთევზაობ. მეგობრებმა მთელი ოჯახით ამერიკაში დამპატიჟეს. ერთი კვირის მერე კი მექსიკაში წამიყვანეს. იქ ერთი ცნობილი ქალაქია, კორტეზის ზღვასთან, სადაც თევზს იჭერენ, რომელზეც ჰემინგუეის აქვს დაწერილი „მოხუცი და ზღვა“. ძალიან დიდი თევზია, 400 კილოგრამამდე და მერლინი ჰქვია. მოკლედ, გავედით მე და ჩემი მეგობარი სათევზაოდ, მე ჩემი შვილიშვილი – გიორგი მახლავს თან, ჩემს მეგობარს კი – თავისი ბიჭი. ნაპირიდან 20 კილომეტრში ვთევზაობდით. თან, კატერს კი ვერ გააჩერებ, უნდა იმოძრაო, რომ თევზი მოჰყვეს. უცებ დაიწყო ღელვა – ორი ბალი, სამი ბალი... ვხედავ, ჩემს შვილიშვილს ფერი აღარ ადევს. უცებ დაარტყა კატერს, 55 წუთი მაინც ვიჭერდით ძუას, ხან მე, ხან – ჩემი მეგობარი. თევზის დაჭერას აღარ ვჩიოდით, დავინახოთ მაინც-მეთქი ვამბობდი. ერთი-ორჯერ ამოხტა წყლიდან ეს ამხელა თევზი, ვეებერთელა იყო. ვერ დავიჭირეთ, ისე გამოვედით. ნაპირზე მე და ჩემმა მეგობარმა – ორმა სამი ბოთლი არაყი დავლიეთ, ისეთი ნანერვიულები ვიყავით, არ მოგვეკიდა.
ერთხელ ასე გადავურჩი ჯანდარის ტბას, იქაც მე და ჩემი მეგობარი ვიყავით. ქარბუქი ამოვარდა და წყალმა გამიტაცა, ნავი ისე წაიღო, ვერაფერს ვშველოდი. ნავის დაკარგვა არ მინდოდა, ფეხით მეჭირა, „კამიშამდე“ ძლივს მივათრიე. იქვე, სვანების დასახლებაა, ვიღაცამ დამინახა, თოკს ქვა მოაბეს, რაღაცნაირად მომაწოდეს და ასე ძლივძლივობით გამოვედი.
– ნადავლს თავად მიირთმევთ ხოლმე?
– არა, ვარიგებ. სახლშიც მომაქვს, მაგრამ გაწმენდა ეზარებათ. თევზი მიყვარს, მაგრამ ჩვენი ცოცხალი და ლოქო მირჩევნია, ეგზოტიკურ ზღვის თევზს. სუნი აქვს და არ მიყვარს. ჩემთვის მთავარი ნადავლი არაა, თევზაობა არის რიტუალი, მნიშვნელოვანი და მაგარი.
– საახალწლო რიტუალებს იცავთ ხოლმე?
– მეკვლეობა მიყვარს. აი, ტკბილეულს რომ შეყრი, ეგაა მაგარი. გოზინაყს რომ აკეთებენ და ნაძვის ხეს დგამენ, ესეც კარგია. მე ხშირად დავდიოდი ხოლმე მეკვლედ. ამბობდნენ, კარგი ფეხი გაქვსო. ჩემი ბიჭი – კოკა პატარა იყო, ახალ წელს ძალიან ელოდებოდა თოვლის ბაბუას, ავდექი და ჩავიცვი თოვლის ბაბუის ტანსაცმელი, კართან დავდექი, ცოლმა უთხრა: მიდი, გააღეო. ისეთი ტირილი ატეხა კოკამ, ისე შეეშინდა, მოვიგლიჯე წვერი, მაგრამ ვერ ვაჯერებდი, რომ მე ვიყავი.
– კოკასთან არ ჩადიხართ ხოლმე საახალწლოდ კანადაში?
– არა, ვცდილობ, რომ ახალ წელს სახლში ვიყო. კანადა შორსაა, სხვა მამა შეიძლება ჩავიდეს იქ და საერთოდ აღარც ჩამოვიდეს, მაგრამ მე თბილისში ყოფნა მიყვარს. კოკა უფრო თვითონ ჩამოდის აქეთ. ძალიან მიყვარს, როცა ის აქაა – ხინკალზე გავძვრებით ხოლმე, კუპატზე და ღომზე. ერთის მხრივ კარგია, როცა იცი, რომ შვილი სადღაც კარგად და წყნარად არის, მაგრამ მეორე მხრივ, ცოლი მეცოდება სახლში. შვილია და უჭირს მის გარეშე. მით უფრო ასეთ დღეებში, თუმცა მარტოები არასდროს ვართ. ახლახან შვილთაშვილი შეგვეძინა, კარგი გოგოა, ალექსანდრა დაარქვეს. ძირითადად, მაინც ჩემი შვილიშვილები არიან ხოლმე მეკვლეები. ისეც ყოფილა, ჩუმად გამიხედავს გარეთ, როცა ვინმე პირველად მოსულა ახალ წელს და მიკითხავს: რა ზომა ფეხი გაქვს-მეთქი. „სოროკდვასპალავინოი” მაინც უნდა ჰქონდეს, ამაზე „ნაკლებფეხიანს” მეკვლედ ვერ შემოვუშვებ (იცინის).